
ბოლო ერთი თვეა მსოფლიოს თითოეული სახელმწიფოს მთავარ დღის წესრიგს ახალ კორონავირუსთან (Covid-19) ბრძოლა წარმოადგენს. უკანასკნელი მონაცემებით, ვირუსით მსოფლიოში 786 000 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილია 37 000-ზე მეტი. დღესდღეობით განსაკუთრებით რთული მდგომარეობა რამდენიმე ქვეყანაშია. იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 000 ადამიანს გადააჭარბა (დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10 %-ზე მეტი). უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ეპიდსიტუაცია მკვეთრად გაუარესდა ესპანეთშიც, სადაც ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7700-ს მიაღწია. რაც შეეხება ჩინეთს, აღმოსავლეთ აზიურმა გიგანტმა პანდემიის შეჩერება საკმაოდ ეფექტურად მოახერხა. აგრესიული ტესტირების მეთოდმა, ქვეყნის შიდა და გარე საზღვრების სრულად ჩაკეტვამ, საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამ და კომუნისტური ხელისუფლების მიერ გატარებულმა სხვა ზომებმა ერთი შეხედვით სრულიად უტოპიური ამოცანა – პანდემიის კონტროლქვეშ აყვანა, შესაძლებელ პერსპექტივად გარდაქმნა. ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 81 000 ადამიანიდან 3300 გარდაიცვალა. უკანასკნელ დღეებში ინფიცირების შემთხვევებიც მნიშვნელოვნად შემცირდა (მაგ. 30 მარტს ჩინეთში ვირუსის გავრცელების მხოლოდ 35 შემთხვევა დაფიქსირდა (34 მათგანი კი იმპორტირებული იყო).
გასული კვირის დასაწყისიდან მოყოლებული ეპიდსიტუაცია ყველაზე მკვეთრად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუარესდა. ერთი კვირის მანძილზე ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა და 30 მარტის მონაცემებით, 165 000 ადამიანი შეადგინა (გარდაიცვალა – 3170). შესაბამისად, ლეტალობის მაჩვენებელი 1.9 %-ია, რაც საგანგაშო რიცხვი ნამდვილად არაა, თუმცა, პანდემია ელვის სისწრაფით ვრცელდება, რაც, ბუნებრივია, ამერიკელი მოქალაქეების განწყობებზეც აისახება. აშშ-ის წამყვანი ეპიდემიოლოგის, პრეზიდენტის მრჩევლის, ენტონი ფაუჩის გათვლებით, უახლოესი კვირების მანძილზე ვირუსით აშშ-ის სრული მოსახლეობის დაახლოებით 1/10 დაინფიცირდება და გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლოა სულ მალე 100 000-ს გადააჭარბოს. ფაუჩის ვარაუდით, ვირუსის გავრცელების პიკს შეერთებული შტატები 2 კვირაში მიაღწევს. მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კორონავირუსთან საბრძოლველად რამდენიმე მნიშვნელოვან ზომას მიმართა, მათ შორის იყო საგანგებო მდგომარეობის 28 აპრილამდე გაგრძელების გადაწყვეტილება.
ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა კრიზისი, ტრამპის ადმინისტრაციისთვის ახალი კორონავირუსის გავრცელებაც მომავალი არჩევნების წინ პოლიტიკური ქულების დაწერისა და პოპულარობის გაზრდის კარგი შანსია. როგორც წესი, კრიზისულ პერიოდში ქვეყნის ლიდერის რეიტინგი მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან ორი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა – ჯორჯ ბუშ უმცროსმა ტერორიზმთან გლობალური ომი გამოაცხადა, მისმა რეიტინგმა რეკორდულ ნიშნულს – 90%-ს მიაღწია. იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა ობამას მმართველობის პირველ თვეებში, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის მეთაურობით ქვეყანამ მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაძლევა მოახერხა. 2009 წლის იანვარში ობამას რეიტინგი 70 %-ს შეადგენდა. ზემოხსენებული ლიდერებისგან განსხვავებით, თეთრი სახლის დაკავების შემდეგ მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოპულარობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 43 % იყო, რაც აშშ-ის ისტორიაში აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მიერ დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, უკანასკნელ კვირაში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვები ცხადყოფს, რომ კორონაკრიზის ფონზე ტრამპის რეიტინგიც გაიზარდა. Washingon Post/ABC გამოკითხვით, ტრამპის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 49%, ხოლო უარყოფითად 47% აფასებს. Monmouth University-ს გამოკითხვით, ეს რიცხვები, შესაბამისად, 48 %-სა და 45 %-ს შეადგენს. საინტერესოა, რა ფაქტორებმა გამოიწვია ტრამპის რეიტინგის ასეთი უეცარი ზრდა.
ქვემოთ გამოვყოფ ორ ძირითად ფაქტორს, რომელიც მეტ-ნაკლებად ლოგიკურად ხსნის ტრამპის პოპულარობის უეცარ ზრდას: 1. კორონავირუსის გავრცელების შეკავება – ამერიკელი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვირუსის გავრცელების პოტენციურ საფრთხეს კარგად უმკლავდება. მოქმედი პრეზიდენტის სასარგებლოდ მოქმედებს ის ფაქტიც, რომ აშშ-ში ვირუსით ინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 1.9 %-ია, რაც, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ვაშინგტონმა ანტიკრიზული სტრატეგიის ფარგლებში, მრავალ ქვეყანასთან შედარებით, სწრაფად მიიღო პრევენციული ზომები, რამდენიმე შტატი (მათ შორის: ნიუ-იორკი, ლუიზიანა და კონექტიკუტი) სრულად ჩაკეტა და მათში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, სახეზეა პანდემიის უკონტროლო გავრცელება. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების პიკს დაახლოებით ორ კვირაში ელოდებიან, სავარაუდოა, რომ დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი დროთა განმავლობაში საგრძნობლად გაიზრდება. კრიზისმა აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის ნაკლოვანი მხარეებიც გამოავლინა. მრავალ შტატს არ აქვს საკმარისი რაოდენობის სასუნთქი აპარატები. სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემის ცნობებით, საავადმყოფოების უმრავლესობა 7 აპრილისთვის გადაივსება, რაც არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
2. ეკონომიკური ზიანის მინიმიზება – ტრამპის გუნდმა, Covid-19-ისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის მაქსიმალურად შესამცირებლად, ეკონომიკის სტიმულირების აქამდე უპრეცენდენტო პაკეტი შეიმუშავა, რომლის ღირებულებამ 2.2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა (შედარებისთვის, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ფედერალური ხელისუფლების მასტიმულირებელი პროგრამის ჯამური ღირებულება 800 მილიარდი დოლარი იყო). პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვან გეგმას ითვალისწინებს: 1. ნებისმიერი ინდივიდი, რომლის შემოსავალი წლიურად 75 000 დოლარზე ნაკლებია, ერთჯერადად ხელისუფლებისგან 1200 დოლარის დახმარებას მიიღებს. წყვილებზე ეს თანხა 2400 დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ოჯახები 17 წლამდე ასაკის თითოეულ შვილზე დამატებით 500 დოლარის დახმარებას მიიღებენ; 2. ბიზნესებს, რომელთაც პანდემიისგან ყველაზე დიდი ზარალი ნახეს, ფედერალური ხელისუფლება 500 მილიარდის სესხებს გამოუყოფს, რომლის დაფარვასაც მომავალში შეძლებენ; 3. უმუშევართა სოციალურ შემწეობაზე ვაშინგტონმა 350 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. ეს თანხა მოხმარდება იმ მოქალაქეთა საჭიროებებს, რომელთაც ვირუსის გავრცელების გამო სამსახურები დაკარგეს (მხოლოდ ბოლო კვირაში სამსახური 5.5 მილიონმა ადამიანმა დაკარგა); 4. ჯანდაცვის სისტემა Covid-19-თან საბრძოლველად დამატებით 100 მილიარდ დოლარს მიიღებს. ეს თანხა ახალი საავადმყოფოების აშენებასა და საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის (მათ შორის სწრაფი ტესტებისა და სასუნთქი აპარატების) შესყიდვას მოხმარდება; 5. სტიმულირების პაკეტი თითოეულ შტატს საკუთარი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება. ადგილობრივი ხელისუფლებები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 200 მილიარდ დოლარს მიიღებენ. ეკონომიკური სტიმულირების ეს პაკეტი თავისი არსითა და მასშტაბებით სრულიად უპრეცენდენტოა. ამ რეფორმამ ტრამპის პოპულარობა განსაკუთრებით გაზარდა, რადგან პაკეტი ამერიკელ მოქალაქეებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს და კრიზისიდან გამოსვლაში მაქსიმალურად დაეხმარება.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატები ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ეპიცენტრში მოექცა. საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ კრიზისმა დონალდ ტრამპის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაზარდა. მიუხედავად ხელისუფლებისადმი ამერიკელი მოქალაქეების ნდობისა, კრიზისმა აშშ-ის ჯანდაცვის სისტემური ხარვეზები გამოავლინა, რომლის გამოსასწორებლად კონგრესმა აქამდე უპრეცენდენტო, 2.2 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა, რამაც, თავის მხრივ, ტრამპის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. ამერიკაში საარჩევნო წელია და მისი შედეგები დიდწილად ტრამპის ადმინისტრაციის ეფექტურობაზეა დამოკიდებული. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ფრონტის ხაზი დონალდ ტრამპისთვის ორ კონკრეტულ შედეგზე გადის: 1. ვირუსის შემდგომი გავრცელების შეჩერება და ლეტალობის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება; 2. ეკონომიკური კრიზისისგან გამოწვეული ზარალის მინიმიზაცია. თუ მოქმედი პრეზიდენტი ზემოხსენებული მიზნების განხორციელებას შეძლებს, უდიდესი ალბათობით, ნოემბერში თეთრი სახლის ბინადარი არ შეიცვლება.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი