იან ბრემერი თავისი წიგნის “ყველა ერი საკუთარი თავისთვის“ დასაწყისში აღწერს რა 2009 წელს ჩატარებულ კოპენჰაგენის სამიტს, რომელიც მიზნად ისახავდა გარემოს „კიოტოს პროტოკოლის“ ჩანაცვლებას (საუბარია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორებიცაა: ნახშირორჟანგის ემისია, სათბური გაზების ემისიის შემცირება და ა.შ.). დაასკვნის, რომ შეხვედრამ ფიასკო განიცადა ორი მიზეზის გამო, პირველი – კონსესუსი ვერ შედგა, ვინაიდან მონაწილეებმა ვერ გამონახეს საერთო ენა და მეორე – არც ერთი ალიანსი თუ ქვეყანა არ გახლდათ საკმარისად ძლიერი, რომ სხვებისთვის თავისი თამაშის წესები მოეხვია თავს. საბოლოოდ ავტორი დაასკვნის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ე.წ. „ G-Zero“ სამყაროში, სადაც არცერთ სახელმწიფოს შეუძლია გლობალური პასუხისმგებლობის აღება. პირველ რიგში, ამ წინადადების ადრესატი ამერიკის შეერთებული შტატებია. დღევანდელი სიტუაციაც ამის დასტური გახლავთ. კორონავირუსმა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა, უკვე 16,328 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამწუხაროდ, ჰორიზონტზე არ ჩანს ვაქცინა და ასევე, არ ჩანს გამოკვეთილად ლიდერი სახელმწიფო. ბოლო იმედის სახელმწიფო, რომელსაც ევროპისთვის საუკუნეების მანძილზე დიდი ბრიტანეთი წარმოადგენდა და მეორე მსოფლიოს შემდეგ ამერიკით ჩანაცვლდა, დღეს მულტიპოლარულ სამყაროში ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის. პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ არა მარტო საერთაშორისო არენაზე, არამედ შტატების შიგნით დონალდ ტრამპი ვერ ახერხებს წარმოაჩინოს თავი ისეთ პრეზიდენტად, რომლის გამოც მოსახლეობა ირწმუნებს საკუთარ შესაძლებლობას და პოზიტიურად განეწყობა. მსგავსი იმპოტენცია გენერირდება გლობალური მასშტაბითაც, სადაც კორონავირუსამდე ჩვენ ვადევნებდით თვალს ამერიკასა და მის ტრადიციულ მოკავშირეებს შორის წარმოქმნილ პერიოდულ კრიზისებს. მართალია, მსგავსი საკითხები ამჟამად უკანა პლანზეა გადაწეული, მაგრამ როგორც კი კორონავირუსი წარსულის ნაწილი გახდება, სახელმწიფოებს კვლავ მოუწევთ იმ რეალობების პირისპირ დგომა, რომელსაც წარმოქმნის საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა. მოკლედ რომ გავუკეთოთ ფორმულირება – გეოპოლიტიკა არასდროს დაკარგავს აქტუალურობას, სანამ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა ანარქიულია.
როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ? ეს გახლავთ კითხვა, რომელზეც ექსპერტების კატეგორია ორ ბანაკად იყოფა. მაგალითისთვის, ისეთი გამოკვეთილი ექსპერტები, როგორებიც არიან სტეფან ვოლტი და რობინ ნიბლეტი,წინასწარმეტყველებენ გლობალიზაციის დასასრულს. მათი მთავარი პროგნოზი ეფუძნება ნაციონალიზმის ახალი ტალღის გაღვივებას, რომელიც გამოიწვევს თავისუფალი გლობალური ბაზრის ჩანაცვლებას უფრო მეტად ადგილობრივზე კონცენტრირებით, რაც ნაკლები მოგების საწინდარი გახდება. მათი წარმოდგენები გარკვეულწილად პესიმისტურია და დიად ცვლილებას მოასწავებს მაშინ, როდესაც კიშორ მაჰბუბანის აზრით, გლობალიზაციის კონცეპტს საფრთხე არ ემუქრება, უბრალოდ გრავიტაციის ცენტრი ჩინეთისკენ გადაიწევს. მოკლედ რომ ვთქვათ, გაგრძელდება ტენდენცია, რომელიც კორონავირუსამდე არსებობდა და ჩინეთის პოზიციების გაძლიერებას უნდა ველოდოთ. ჯონ იკენბერი, თავის მხრივ, იზიარებს მაჰბუბანის მოსაზრებას გლობალიზაციის მომავალთან დაკავშირებით, თუმცა მისი პროგნოზი ისტორიული გაკვეთილის განმეორებას ეფუძნება. ის იხსენებს მოვლენას, როდესაც ეკონომიკურმა ინტეგრაციამ უოლ სტრიტის კრახი არა ლოკალურ, არამედ გლობალურ ფინანსურ კატასტროფად აქცია. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინანსური სამყარო უფრო დაცული, ინსტიტუციონალიზებული და ეფექტიანი გახდა. მოკლედ რომ ვთქვათ, იკენბერის აზრით, დემოკრატიები ისევ იპოვნიან გამოსავალს.
პესიმისტების ბანაკის გათვლებით, რომლებიც მემარჯვენე ძალების გააქტიურებას წინასწარმეტყველებენ, აუცილებლად მოყვება მსოფლიო გლობალური წესრიგის რღვევა, ვინაიდან თუ სახელმწიფოები ჩაიკეტებიან საკუთარ საზღვრებში უფრო მეტად, ეტაპობრივად შემცირდება ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება და მეორე მხრივ, ლიბერალური პრინციპების ეროზიას, რაც საერთო ჯამში გაზრდის პოტენციური კონფლიქტების გაჩაღების საშიშროებას. თუმცა, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ულტრამემარჯვენე ძალები, რომლებიც პოპულიზმით გამოირჩევიან, რეალურად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვერ უმკლავდებიან მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს. შესაძლოა, მათი პროგნოზი გამართლდეს, თუმცა სახელმწიფოების მერკანტილისტური ლოგიკა დიდი ხნით არ დაუშვებს მსგავს პრეცენდენტს.
რაც შეეხება დემოკრატიების ფენიქსურ ნიშან-თვისებებს, რომ ისინი კრიზისების შემდეგ უფრო ეფექტიან პოლიტიკას ატარებენ G-Zero სამყაროში, ვფიქრობ,არავალიდურია, ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებული შტატების შესაძლებლობაცა და სურვილიც ემთხვეოდა ერთმანეთს. მათ რეალურად შეეძლოთ და სურდათ კიდეც, ომის შემდგომი მსოფლიოს არქიტექტურული რეკონსტრუქცია. დღეს დონალდ ტრამპი იზოლაციონისტს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე ინტერნაციონალისტს, თუმცა, უფრო გარკვევით – ის უფრო მეტად ბიზნესმენია, ვიდრე სახელმწიფო წინამძღოლი. საერთო ჯამში, კონსოლიდაციისა და გამოკვეთილი ლიდერის არარსებობა იკენბერის არგუმენტის აქილევსის ქუსლად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
გამოთქმული ვარაუდები ჩინეთის ეკონომიკურ კოლაფსზე არ გამართლდა. დღეს დისკურსი შეიცვალა და ტაივანის, სამხრეთ კორეის შემდეგ ჩინეთს მოვიხსენიებთ იმ სახელმწიფოთა რიგში, რომლებმაც კორონავირუსის ნაწილობრივი პარალიზება შეძლეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კომუნისტური სახელმწიფო უფრო იღებს გლობალური ლიდერის პასუხისმგებლობას, ვიდრე დემოკრატიული ამერიკა. ჩინეთმა უკვე დაეხმარა კამბოჯას, იტალიასა და საფრანგეთს. ჩინელი ექიმები უკვე ოპერირებენ ერაყსა და ირანში. სატელეფონო საუბარში იტალიის პრემიერთან სი ძიპინმა ახსენა უსაფრთხო აბრეშუმის გზა, როგორც ერთი გზა, ერთი ინიციატივის ნაწილი.
ჩინეთი იგებს რბილი ძალის რბოლას. მაშინ, როდესაც მსოფლიო არენაზე ვაკუუმი ჩნდება, ის ყოველთვის ივსება რომელიმე ძალით. გუშინ თუ ჩინეთის მთავრობის არაკომპენტურობაზე ვსაუბრობდით, დღეს უკვე უნდა დავსვათ შეკითხვა, თუ ვინ გაუძღვება მსოფლიოს კორონავირუსის შემდეგ. ტენდენციები ნათელია, თუმცა დავიტოვოთ იმედი, შეერთებულ შტატებს გამოუჩნდება ახალი რუზველტი, რომელიც ადეკვატურად შეაფასებს პროცესებს და კვლავ გაუძღვება საკუთარ ერს დიდებისკენ, ასე რომ, ამერიკის შემდეგ პრეზიდენტს რისიც შეეშინდება, თავად შიში იქნება. წინ საინტერესო ისტორიული ეპოქა გველის.
შოთა მგელაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი
აღნიშნულ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის საბჭოს ხედვებს.