აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები – ძია ჯოს შეუჩერებელი სვლა დემოკრატიული პარტიის ნომინაციისკენ

უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე კაცობრიობის მთავარი დღის წესრიგი ახალ კორონავირუსთან (Covid-19) ბრძოლა გახდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გლობალურ პანდემიად გამოცხადებულმა დაავადებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე 7000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ახალი კორონავირუსი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გავრცელდა, სადაც მარტის დასაწყისიდან მოყოლებული, ვირუსით დაინფიცირების 5000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ტრამპის ადმინისტრაციამ პანდემიასთან ბრძოლისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 800 მილიარდი აშშ დოლარი  გამოყო.  თანხა  დამცავი პირბადეების, ვირუსის დამდგენი ტესტებისა და სანიტარული საშუალებების შეძენას მოხმარდება. Covid-19-ის გავრცელებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობაზეც. იმის გათვალისწინებით, რომ ერთ კონკრეტულ სივრცეში 50-ზე მეტი ადამიანის თავმოყრა  არაა რეკომენდირებული, ზოგიერთმა შტატმა მასში გასამართი კოკუსებისა და პრაიმერიზების რამდენიმე თვით გადადების ინიციატივა გააჟღერა. დაგეგმილი პრაიმერიზები გადაიდო რამდენიმე შტატში, მათ შორის-ჯორჯიაში, კენტუკიში, მერილენდში, ლუიზიანასა და ოჰაიოში.

„სუპერ სამშაბათი” II – 2020 წლის 3 მარტს ჩატარებული „სუპერ სამშაბათის“ შემდეგ პრაიმერიზები ამერიკის კიდევ 6 შტატში გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, მისისიპისა და მისურიში, ძირითადად, აფროამერიკელი მოსახლეობის მხარდაჭერის ხარჯზე, ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა – ჯო ბაიდენმა დამაჯერებლად გაიმარჯვა (მისისიპი – 81%, მისური – 60%). ბაიდენმა ასევე აიდაჰოში, ვაშინგტონსა და მიჩიგანში გაიმარჯვა, სანდერსმა კი პირველ ადგილზე გასვლა მხოლოდ ჩრდ. დაკოტაში მოახერხა. პრაიმერიზების ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე, საზოგადოებრივი გამოკითხვებით,  მიჩიგანში მცირედი სხვაობით ბაიდენი, ხოლო ვაშინგტონში – სანდერსი ლიდერობდა. ეს უკანასკნელი იმედოვნებდა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვან „გადაუწყვეტელ“ შტატ (Swing State) მიჩიგანში 2016 წლის შედეგის გამეორებას შეძლებდა, როდესაც მან დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში მოულოდნელად მისი მთავარი მეტოქე – ჰილარი კლინტონი ხმების 20%-იანი სხვაობით დაამარცხა. სანდერსი სატელევიზიო გამოსვლებში მუდმივად ხაზს უსვამდა მიჩიგანის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სამრეწველო ცენტრის, მნიშვნელობას და ადგილობრივ მუშათა კლასს მისი არჩევის შემთხვევაში ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური პაკეტების გაუმჯობესებას ჰპირდებოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამჯერად სანდერსმა ვეღარ მოახერხა შტატის ერთგული ელექტორატის მობილიზება, რამაც მისი სამომავლო საარჩევნო პერსპექტივა მკვეთრად გააუარესა.

“სუპერ სამშაბათი” III – საპრეზიდენტო პრაიმერიზების მომდევნო ტური 17 მარტს აშშ-ის სამ შტატში: ფლორიდაში, არიზონასა და ილინოისში გაიმართა. სამივე შტატში ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა – ჯო ბაიდენმა დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა. ამგვარი შედეგი რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა: 1. ილინოისში ბაიდენის გამარჯვების მთავარი მიზეზი აფროამერიკელი ელექტორატის მხარდაჭერა გახდა. შავკანიანი ამომრჩეველი შტატის სრული მოსახლეობის 15%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია, ბაიდენი კი განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ აფროამერიკელ მოქალაქეებში სარგებლობს; 2. ფლორიდაში ბაიდენის გამარჯვებას ბიძგი სანდერსის არაპოპულარულმა განცხადებებმა მისცა. მზიანი შტატის ესპანურენოვანმა მოსახლეობამ სანდერსს კუბის ყოფილი ავტორიტარი მმართველის – ფიდელ კასტროს საგანმანათლებლო პროგრამის მიმართ გამოხატული სიმპათია არ აპატია; 3. რაც შეეხება არიზონას, წინა ორი შტატისგან განსხვავებით, აქ, წესით და რიგით, ბერნი სანდერსს უკეთესი შედეგები უნდა დაეფიქსირებინა, რადგან შტატის სრული მოსახლეობის 18%-ზე მეტს ლათინოსი მოსახლეობა შეადგენს, სანდერსი კი ამერიკული საზოგადოების ამ სეგმენტში საკმაოდ პოპულარულია. მიუხედავად ამისა, ბაიდენმა ვერმონტის სენატორის დამარცხება ძირითადად 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის მხარდაჭერის ხარჯზე შეძლო. შედეგად, დღეისათვის არსებული მდგომარეობით, ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო მარათონში აშკარად დაწინაურდა – მას 1100-ზე მეტი დელეგატის მხარდაჭერა აქვს მაშინ, როდესაც სანდერსის შემთხვევაში ეს რიცხვი 900-ს არ აღემატება.

შედეგების ანალიზი – რა ფაქტორებმა განაპირობა ბაიდენის ამგვარი წარმატება? ყოფილი ვიცეპრეზიდენტი 3 მარტს გასამართ „სუპერ სამშაბათამდე“ მარათონის ერთ-ერთ აუტსაიდერად ითვლებოდა, თუმცა, მას შემდეგ ვიცეპრეზიდენტმა 23-დან 19 პრაიმერიზის მოგება მოახერხა და დროთა განმავლობაში პარტიის ნომინაციის მოპოვების მთავარი კანდიდატი გახდა. როგორ მოახერხა ბაიდენმა ამგვარი შედეგების დაფიქსირება მაშინ, როდესაც მოგებული 19 შტატიდან 10-ში მას კამპანია საერთოდ არ უწარმოებია? რეალურად, ბაიდენის ამგვარი პოპულარობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: 1. ბაიდენის სასარგებლოდ დემოკრატიული პარტიის ისთებლიშმენთის გაერთიანება – ჯერ კიდევ „სუპერ სამშაბათამდე“ ბაიდენს მხარდაჭერა სამხრეთ კაროლინელმა გავლენიანმა კონგრესმენმა – ჯიმ კლაიბერნმა გამოუცხადა, რასაც მალევე მოჰყვა დემოკრატიული პარტიის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატების – პიტ ბუტიჯიჯის, ემი კლობუჩარის, ბეტო ო’რურკის, კამალა ჰარისისა და მაიკლ ბლუმბერგის მხარდამჭერი განცხადებები, რამაც დემოკრატიული პარტიის  ისთებლიშმენთის ბაიდენის ირგვლივ კონსოლიდაცია გამოიწვია. ამას დაემატა ისიც, რომ საპრეზიდენტო მარათონს გამოთიშულმა ელიზაბეთ უორენმა ბერნი სანდერსს ზურგი აქცია, რამაც პარტიის პროგრესული ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის არა სანდერსთან, არამედ ბაიდენთან პორტირება გამოიწვია. 2. დიდი ეროვნული კოალიცია – ბაიდენმა უკანასკნელი 3 კვირის მანძილზე დიდი ეროვნული კოალიცია შექმნა. მან შეძლო ის, რაც 2016 წელს ჰილარი კლინტონმა ვერ მოახერხა. ძია ჯოს ელექტორატის ძირითადი ბაზისი შავკანიანი მოსახლეობა, უმაღლესი განათლების არმქონე, დიდი ქალაქების გარეუბანში მცხოვრები თეთრკანიანი მოქალაქეები და 45 წელს გადაცილებული, კონსერვატიული შეხედულებების მქონე ადამიანები არიან. ჯამში, ზემოხსენებული სეგმენტი ამერიკული საზოგადოების უმრავლესობას შეადგენს.

სამომავლო პროგნოზი – რა მოხდება შემდეგ? არსებული შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ  ბაიდენსა და სანდერსს შორის დელეგატების რაოდენობაში მნიშვნელოვანი სხვაობა გამოიკვეთა. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენმა, დემოკრატიული პარტიის ნომინაცია ფაქტობრივად გაინაღდა. სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში არსებული სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ  აპრილში პრაიმერიზები გაიმართება იმ შტატებში, სადაც, საზოგადოებრივი გამოკითხვებით, ბაიდენს კიდევ უფრო სერიოზული უპირატესობა აქვს (ალასკა, ჰავაი, ვაიომინგი, ვისკონსინი, ნიუ-იორკი, პენსილვანია და მისი მშობლიური დელავერი). ზემოხსენებულ შტატებში ბაიდენის გამარჯვება სანდერსზე წნეხს კიდევ უფრო მეტად გაზრდის, რამაც შესაძლოა ვერმონტის სენატორი  კანდიდატურის მოხსნაზე დააფიქროს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო მარათონს ნელ-ნელა აზრი ეკარგება – ბაიდენისა და სანდერსის დელეგატებს შორის არსებული სხვაობა იზრდება და შესაძლოა, მალე ბერნი სანდერსს მისი აღმოფხვრის მათემატიკური შანსიც აღარ დარჩეს.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s