იტალია – კორონავირუსთან ბრძოლის გადამწყვეტი 8 დღე

გუშინ, იტალიაში ე.წ. “იტალიის დერბი”, იუვენტუსი-ინტერი გაიმართა. იტალიისათვის გამორჩეული ეს უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენა პოსტაპოკალიპტურ სანახაობას უფრო წააგავდა, ვიდრე უდიდესი დატვირთვის მქონე საფეხბურთო მატჩს. ამ ყველაფრის მიზეზი არა გუნდების ცუდი თამაში, არამედ “ალიანც სტედიუმის” დაცარიელებული ტრიბუნები იყო.

როგორც მოგეხსენებათ, იტალიაში კორონავირუსის სწრაფმა გავრცელებამ უკვე ყოველდღიურ ცხოვრებასა და იტალიელთა ადათ-წესებსაც კი დაასვა უდიდესი დაღი: დაიხურა რესტორნები, კაფეები, საცურაო აუზები, თეატრები, სკოლები, უნივერსიტეტები, სპორტული დარბაზები, სილამაზის სალონები, მაღაზიები, ოფისები. მუშაობის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა არაერთი სახელმწიფო უწყება. ყველაა მასობრივი სპორტული ღონისძიება უმაყურებლოდ – porte chiuse ფორმატში – ჩატარდება. ე.წ. “კარანტინში” მოექცა ლომბარდიის რეგიონი და 10-ზე მეტი პროვინცია. მთლიანობაში, ე.წ. “წითელ ზონაში” 16 მილიონზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა, რაც იტალიის მოსახლეობის თითქმის მეოთხედს წარმოადგენს.

გარდა იმისა, რომ კორონავირუსმა, ყველაზე მოკრძალებული გათვლებით, უკვე 25 მილიარდ ევროზე მეტი ზარალი მოუტანა იტალიას, კიდევ უფრო მძიმე დარტყმა ქვეყნის იმიჯს მიაყენა. კრიზისის მიმდინარეობისას არაერთხელ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მთავრობისა და სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის გადაწყვეტილებას პრეფექტები არ დაემორჩილნენ. ხშირად იცვლებოდა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები – ჯერ მხოლოდ Serie A-ს კალენდარი და ჩაშლა-არჩაშლის საკითხი 4-ჯერ გადაიხედა. გაჟონა საიდუმლო ინფორმაციამ და ა.შ.

ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა, პაოლო რიჩარდიმ კატეგორიული განცხადება გააკეთა: “იტალიელებო დარჩით სახლებში!” მისი კატეგორიულობის მიზეზი კი სტატისტიკა იყო, რომლის თანახმადაც, მხოლოდ გუშინ 1326 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 133 – გარდაიცვალა.

გაზეთ La Stampa-ს მოსაზრებით, თუკი ვირუსი წინააღმდეგობას ან პრევენციულ ზომებს არ წააწყდება, ვაქცინის შექმნამდე იტალიის მოსახლეობის 60%-ის ინფიცირება და 1 მილიონის დაღუპვაა შესაძლებელი, თუმცა ეს ყველაზე პესიმისტური პროგნოზია. თუმცა მსგავსი აპოკალიპტური სცენარი თავიდან მარტივად იქნება აცილებული თუკი მომდევნო დღეების განმავლობაში ხალხი საკარანტინო წესებს დაიცავს (სხვათა შორის, 35 წლამდე ახალგაზრდებს ყველაზე ნაკლებად ეხებათ აღნიშნული რეკომენდაციები, რადგან ისინი ნაკლებად მოწყვლადები არიან ვირუსთან მიმართებაში).

სამეცნიერო კომისიის პროგნოზით, უახლოეს 1 კვირაში იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება და პიკს ზუსტად 8 დღეში მიაღწევს, რის შემდეგაც ექსპერტთა მოსაზრებით, ეპიდემია კლებას დაიწყებს!

ერთი სიტყვით, კრიზისმა და განსაკუთრებით პანიკამ იტალიაში ყველაფერი შეცვალა: ხალხი ჩრდილოეთიდან სამხრეთში გარბის, ბარებში დილით ყავას აღარავინ სვამს, პოლიტიკაზე არავინ კამათობს, უკანასკნელ ტურში კი საქართველოს ჩემპიონატმა დასწრების მაჩვენებლით Serie A-ს გადაასწრო.

რა თქმა უნდა, იტალია აუცილებლად დაამარცხებს კორონავირუსს და კვლავ დაუბრუნდება ჩვეულ, მიმზიდველ ცხოვრების სტილს. ახლა კი მას ყველაზე მეტად სიმტკიცე და ძალა სჭირდება – Forza, Italia!

გადამწყვეტი 8 დღე დაიწყო.

გრიგოლ ჯულუხიძე
უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s