
საერთაშორისო ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 2020 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ნოემბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებია. თუმცა, 3 ნოემბრის არჩევნებამდე დემოკრატიულმა და რესპუბლიკურმა პარტიებმა თითოეულ შტატში, კოკუსებისა და პრაიმერიზების მეშვეობით, საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა აირჩიონ. უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ რესპუბლიკური პარტიის ნომინაციას მოქმედი პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი მიიღებს. რესპუბლიკური პარტიისგან განსხვავებით, დემოკრატიულ პარტიაში დაძაბული და საინტერესო საპრეზიდენტო რბოლა მიმდინარეობს. 2019 წლის მარტისთვის დემოკრატიული პარტიიდან არჩევნებში 20-ზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა, თუმცა, დროთა განმავლობაში მათი უმრავლესობა ბრძოლას გამოეთიშა. დღესდღეობით, საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მხოლოდ 4 დემოკრატი პოლიტიკოსი იბრძვის. ესენია: 1. ვერმონტის სენატორი – ბერნი სანდერსი; 2. მასაჩუსეტსის სენატორი – ელიზაბეთ უორენი; 3. აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი – ჯო ბაიდენი; 4. ქალაქ ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მულტიმილიარდელი – მაიკლ ბლუმბერგი.
საარჩევნო პროცესში განსაკუთრებით საინტერესო გასულ კვირას განვითარებული მოვლენები აღმოჩნდა. 22 თებერვალს, ნევადაში ადგილობრივი კოკუსი ჩატარდა, რომელშიც დამაჯერებლად, ხმების 46%-ით, ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა, რომელმაც ეთნიკურად საკმაოდ ჭრელ შტატში ელექტორატის მობილიზება წარმატებით მოახერხა. ამ დროისათვის იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს “დემოკრატიული სოციალიზმის” მეხოტბე სენატორი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც დიდი ეროვნული კოალიციის (თეთრკანიანი, აფროამერიკელი და ლათინოსი მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება) შექმნა შეეძლო. ამის გათვალისწინებით, საერთაშორისო მიმომხილველები ვარაუდობდნენ, რომ სანდერსს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებაში ხელს უკვე ვეღარაფერი შეუშლიდა. დანარჩენი პოლიტიკოსები კანდიდატურის მოხსნაზე ფიქრობდნენ, მათ შორის, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი – ჯო ბაიდენიც, რომელიც აიოვას კოკუსსა და ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიზში შორეულ, მეოთხე და მეხუთე ადგილებს დასჯერდა. მან თავი ვერც ნევადის კოკუსში გამოიჩინა – მართალია, ის აქ მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა, პირველადგილოსან სანდერსს თითქმის მთელი 40%-ით ჩამორჩა.
ვითარება კარდინალურად შეიცვალა 27 თებერვალს, როდესაც სამხრეთ კაროლინაში გასამართ პრაიმერიზამდე ორი დღით ადრე, ყოფილ ვიცეპრეზიდენტს დემოკრატიული პარტიის გავლენიანმა კონგრესმენმა – ჯიმ კლაიბერნმა გამოუცხადა მხარდაჭერა, რამაც შავკანიან მოსახლეობაში ბაიდენის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაზარდა. კლაიბერნის მხარდაჭერა ერთგვარი game changer აღმოჩნდა, რადგან სამხრეთ კაროლინაში დემოკრატიული პარტიის ელექტორატის დაახლოებით 2/3-ს სწორედ აფროამერიკელი მოსახლეობა შეადგენს. პრაიმერიზში ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა დამაჯერებელი გამარჯვება (ხმათა 48%, სანდერსი – 21%) მოიპოვა, რამაც ის დროებით საპრეზიდენტო რბოლაში დატოვა. ამ პერიოდისთვის რამდენიმე ძირითადი კანდიდატი ბრძოლის გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავდა. სუპერ სამშაბათამდე ერთი დღით ადრე, 2 მარტს, ინდიანას შტატის ქალაქ საუს ბენდის ყოფილმა მერმა, პიტ ბუტიჯიჯმა ჯერ კანდიდატურის მოხსნა დააანონსა, ხოლო რამდენიმე საათში ბაიდენს მხარდაჭერაც გამოუცხადა. იგივე მოხდა მინესოტას სენატორის – ემი კლობუჩარის შემთხვევაშიც. იმავე ღამეს ბაიდენს პარტიის კიდევ ერთმა ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა – ბეტო ო’რურკმა გამოუცხადა მხარდაჭერა, რამაც ბაიდენის ტექსასში გამარჯვების შანსები გააორმაგა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ბუტიჯიჯის, სტეიერისა და კლობუჩარის საპრეზიდენტო კამპანიიდან გამოთიშვამ და ბაიდენისთვის მხარდაჭერის გამოცხადებამ, პარტიის ზომიერი, ცენტრისტული ნაწილის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ირგვლივ კონსოლიდაცია გამოიწვია. ამასთან, მასაჩუსეტსის სენატორი, ელიზაბეთ უორენი, უდიდესი პოლიტიკური წნეხის მიუხედავად, თამაშში დარჩა, რამაც მის მიერ სანდერსისთვის პარტიის პროგრესული ფრთის ხმების გარკვეული ნაწილის წართმევა გამოიწვია.
„სუპერ სამშაბათი“ – „სუპერ სამშაბათი“ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღეს აშშ-ის 14 შტატში გასამართი პრაიმერიზების მეშვეობით, ადგილობრივი მოსახლეობა როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის ფავორიტ საპრეზიდენტო კანდიდატებს ირჩევს. იმისათვის, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა საპრეზიდენტო ნომინაცია მოიპოვოს, მას 1991 დელეგატის მხარდაჭერა სჭირდება (50 შტატში არსებული დელეგატებისა და ე.წ. სუპერ დელეგატების სრული რაოდენობის ნახევარზე მეტი). 2020 წლის 3 მარტს, „სუპერ სამშაბათზე“ 1334 დელეგატის ხმა (საერთო რაოდენობის 34%) გათამაშდა. ამდენად, კანდიდატებისთვის ამ შტატებში დაფიქსირებულ შედეგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
14 შტატში გამართული პრაიმერიზებიდან 10-ში (ალაბამა, არკანზასი, ვირჯინია, ჩრდ. კაროლინა, ტენესი, ოკლაჰომა, მასაჩუსეტსი, მინესოტა, მეინი და ტექსასი) ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. დანარჩენი 4 შტატი (ვერმონტი, იუტა, კოლორადო და კალიფორნია) სანდერსმა მოიგო. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბაიდენს საპრეზიდენტო კამპანია არ განუხორციელებია ზოგიერთ იმ შტატში, რომელშიც გაიმარჯვა (მაგ. არკანზასი, ტენესი, ოკლაჰომა, მასაჩუსეტსი, მინესოტა). ამ შტატებში მისი გამარჯვება რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: 1. ზომიერი კანდიდატების მიერ მისთვის მხარდაჭერის გამოცხადებამ; 2. შტატების ეთნიკურმა კომპოზიციამ – დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლების საგრძნობლად დიდი ნაწილი აფროამერიკელი მოსახლეობისგან შედგება, რომელთა უდიდესი ნაწილი მხარს სწორედ ბაიდენს უჭერს; 3. შტატების ასაკობრივმა პირამიდამ – ზემოხსენებულ შტატებში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 45 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან. ამ სეგმენტში ბაიდენი განსაკუთრებით პოპულარულია, განსხვავებით სანდერსისგან, რომელსაც მხარს, ძირითადად, ახალგაზრდა ელექტორატი უჭერს.
კანდიდატები განსაკუთრებულ ყურადღებას კალიფორნიასა და ტექსასზე ამახვილებდნენ, რადგან ეს შტატები დელეგატების სიმრავლით გამოირჩევა (კალიფორნია – 415, ტექსასი – 228). მართალია, სანდერსმა ვერ მოახერხა ტექსასში გამარჯვება, თუმცა, პირველადგილოსან ბაიდენთან მისი ჩამორჩენა სულ რამდენიმე პროცენტია, შესაბამისად, შტატში არსებული დელეგატების რაოდენობა ამ ორ კანდიდატზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდება. რაც შეეხება კალიფორნიას, სანდერსმა “ოქროს შტატში” თითქმის 10%-იანი სხვაობით გაიმარჯვა, რაც მისთვის „სუპერ სამშაბათის“ ყველაზე დიდი მიღწევაა. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მაიკლ ბლუმბეგისთვის საარჩენო დებიუტი არცთუ ისე წარმატებული გამოდგა, მან მხოლოდ ამერიკულ სამოაში გაიმარჯვა, თუმცა, 15%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა მხოლოდ კალიფორნიაში, ტექსასში, იუტაში, არკანზასსა და კოლორადოში მოახერხა. შედეგები კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა ელიზაბეთ უორენისთვის, რომელიც მის მშობლიურ მასაჩუსეტსშიც დამარცხდა (მესამე ადგილი – 21%), 15%-იანი ბარიერის გადალახვა კი მხოლოდ მეინსა და მინესოტაში შეძლო (ორივეგან 16%).
რა გავლენას მოახდენს „სუპერ სამშაბათის“ შედეგები საპრეზიდენტო მარათონზე?
„სუპერ სამშაბათს“ ორი გამარჯვებული ჰყავს: ჯო ბაიდენი და ბერნი სანდერსი. ბაიდენმა რთული წინაღობების დაძლევა მოახერხა და საპრეზიდენტო ნომინაციის მისაღებად მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა. სანდერსმა დაკარგა ის ინერცია, რომელიც ნევადის კოკუსის შემდეგ მიიღო, თუმცა, მაინც შეძლო კრიტიკულად მნიშვნელოვან კალიფორნიაში გამარჯვება, რამაც ისიც თამაშში დატოვა. რაც შეეხება ელიზაბეთ უორენსა და მაიკლ ბლუმბერგს, მათთვის „სუპერ სამშაბათი“ სრული კრახით დასრულდა, რაც მათზე კიდევ უფრო მეტად გაზრდის წნეხს, რაც სავარაუდოდ, კანდიდატურების მოხსნით დასრულდება. ბლუმბერგის გამოთიშვით ბაიდენი იხეირებს, რადგან მოიზიდავს ზომიერ, ცენტრისტ ელექტორატს, ხოლო უორენის გამოთიშვა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სანდერსისთვის, რადგან მას პარტიის პროგრესული ფრთის გაერთიანების შესაძლებლობას მისცემს. ყველაფერი ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბებისკენ მიდის, რაც პრაიმერიზების სისტემის დაუწერელი კანონია – ადრე თუ გვიან, პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად, ერთმანეთის პირისპირ ორი კანდიდატი რჩება. როგორც ჩანს, წლევანდელ არჩევნებზე დემოკრატიული პარტიიდან ეს ორი კანდიდატი – ჯო ბაიდენი და ბერნი სანდერსი იქნებიან.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი