ავღანეთში, 2001 წელს 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის საპასუხოდ, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ მხარდაჭერილი სამხედრო მოქმედებები თალიბანის და მისი მეწყვილე ალ-ქაედას სამხედრო ძალების მარცხითა და ხელისუფლებიდან ჩამოშორებით დასრულდა. ამით არამხოლოდ მოხერხდა და მიღწეულ იქნა დემოკრატიული ჩანასახის წარმოქმნა აზიის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ რეგიონში, არამედ დაიწყო ბრძოლა ნარკოვაჭრობის, ადამიანთა გატაცებისა და ადამიანებზე მრავალმხირივი ძალადობის წინააღმდეგაც. ქაბულის გათავისუფლების შემდეგ, მოსახლეობამ შეძლო და დაიწყო ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენება როგორიცაა მუსიკალური ინსტრუმენტები და ტელეფონი, რაც თალიბანის მმართველობის წლებში სასტიკად აკრძალული იყო. ავღანეთში დაშვებულ იქნა მუსიკის მოსმენაც, რაც თალიბანის მიერ არალეგალურ ქმედებად განიხილებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ომის თავდაპირველი ფაზის შემდგომ, სიტუაციის განსამუხტად რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი დაიხარჯა, ქვეყნის მასშტაბით დაიგო საერთაშორისო მნიშვნელობის ე.წ. “წრიული გზა” და განხორციელდა ბაზისური ინფრასტრუქტურული პროექტები, 2009 წლიდან, სიტუაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მაინც გაუარესდა. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთში ომის დასრულებას ჯერ კიდევ არჩევნებში გამარჯვებამდე ჰპირდებოდა, თუმცა მან არათუ ვერ შეძლო აღნიშნული მიზნის მიღწევა, არამედ ვერ მოახერხა ხელი შეეშალა თალიბანის ხელახალი გაძლიერებისათვის არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მომიჯნავე ქვეყნების ტერიტორიებზეც კი. მიუხედავად ამისა, ობამას ბრძანებით მოკლულ იქნა ალ-ქაედას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი, რითაც თალიბან-ალ-ქაედას პოზიციები დროებით დასუსტდა.
თალიბანის გაძლიერების მიზეზები საკმაოდ კომპლექსურია, თუმცა რამდენიმე მათგანი ბაზისური და საკმაოდ ნათელია: ავღანელთა გარკვეული ნაწილი აშშ-სა და მისი მოკავშრე სამხედრო ძალების ყოფნას უკანონო ოკუპაციად აღიქვამს და რელიგიური და ნაციონალური ომის მიზეზად იყენებს, რაც კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს.
მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი უმუშევრობა და კორუფციაა. ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ხოლო ყველაზე პოპულარული აგროპროდუქტი ოპიუმია, რომელიც მსოფლიოში არსებული ოპიუმის 70%-მდე აწარმოებს. რთულად წარმოსადგენია ოპიუმის წარმოებაში დასაქმებული მიწადმოქმედი ავღანელის სწრაფი გადართვა განსხვავებულ პროდუქციაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც ნარკოტიკულ საშუალებებზე მსოფლიო მოთხოვნა არ შემცირებულა, ხოლო თალიბანის ჩართულობა კი მაინც საკმაოდ დიდია.
მესამე პრობლემა უკავშირდება ფაქტს, რომლის მიხედვითაც, ცნობილია, რომ თალიბანის წევრების საკმაოდ დიდმა ნაწილმა სამხედრო მომზადება საბჭოთა კავშირის წინააღდეგ ავღანეთის ომის დროს გაიარა, რომელთა გაწრთვნაშიც გარკვეულწილად ამერიკის შეერთებული შტატებიც იყო ჩართული. თალიბანის წევრების დიდი ნაწილის მომზადება კი არამხოლოდ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დროს, არამედ 1990-ან წლებშიც კი გაგრძელდა (პაკისტანის მიერ).
მეოთხე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი თალიბანის გაძლიერებისა, დაკავშირებულია ალ-ქაედას საერთაშორისო ქსელთან, რომლის მეშვეობითაც თალიბანმა შეძლო ფინანსების მობილიზება და ახალი, უმუშევარი ახალგაზრდების რეკრუტირება, რომლებიც ავღანეთის არცთუ წარმატებული მოქმედი ხელისუფლების მიმართ უნდობლად იყვნენ განწყობილნი.
2015-2017 წლებში სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ავღანეთის ტერიტორიაზე ISIL (ისლამური სახელმწიფო) ტერორისტული ძალები გაჩნდნენ. თალიბანს მოუწია გამკლავება ერთდროულად აშშ-სა და სახელისუფლებო ძალებთან, ხოლო მეორე მხრივ, ისლამურ სახელმწიფოსთანაც. ამ უკანასკნელთა წინააღმდეგ აშშ-მ 2017 წლის 13 აპრილს GBU-43, ე.წ. “ბომბების დედა” გამოიყენა, რის შედეგადაც ისლამური სახელმწიფოს 100-მდე ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა – განადგურებული. თალიბანი დღემდე ცდლობს “კონკურენტი” ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
2018 წლიდან აშშ-ის პრეზიდენტის, ტონალდ ტრამპის ინიციატივით თალიბანთან მოლაპარაკებები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის სექტემბერში აღნიშნული პროცესი თალიბანის ყოველდღიური თავდასხმებისა და აშშ-ის სამხედრო პერსონალის დაღუპვის დროებით შეწყდა, თუმცა ნოემბრიდან მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდა, ხოლო 2020 წლის თებერვლიდან კი საბოლოო ფაზაში შევიდა. 2020 წლის 22 თებერვალს მოხდა საბრძოლო მოქმედებების შემცირების შესახებ შეთანხმების მიღწევა აშშ-სა და თალიბანს შორის, ხოლო 2020 წლის 29 თებერვალს კატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-სა და თალიბანს შორის დაიდო საზაო ხელშეკრულება, რის მიხედვითაც 2001 წელს დაწყებული ომი ფორმალურად დასრულდა. მომდევნო 14 თვის განმავლობაში, აშშ და მისი მოკავშირეები მთლიანად დატოვებენ ქვეყანას, ხოლო თალიბანი 10 მარტიდან დაიწყებს მოლაპარაკებებს ადგილობრივ ავღანურ მთავრობასთან და შეეცდება ხელისუფლების ნაწილობრივ განაწილებას, რითაც მათი ლეგიტიმაციაც მოხდება. სანაცვლოდ თალიბანმა უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი კავშირი ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ქაედასთან და ხელი უნდა შეუშალოს ნებისმიერი ტერორისტული ქსელის განვითარებას ავღანეთის ტერიტორიაზე.
მიუხედავად საზაო ხელშეკრულებისა კონფლიქტის საბოლოო გადაჭრაზე საუბარი ნაადრევია. ღიადაა წამოჭრილი ავღანურ პოლიტიკურ სისტემასთან დაკავშირებული არსებული პრობლემა:თალიბანს სურს ავღანეთს ეწოდოს “საამირო” და სახელმწიფოში გამოცხადდეს რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ამოქმედდეს შარიათის კანონი. აშშ და ავღანეთის ოფიციალური ხელისუფლება აღნიშნული მოთხოვნის სწინააღმდეგია და თანახმაა უფრო მეტად კომპრომისული პოლიტიკური სისტემის არსებობაზე, რაც ავღანეთის რესპუბლიკის ისლამურ რელიგიურ პრინციპებზე დაფუძნებას, თუმცა დემოკრატიული წარმომადგენლობების არჩევასა და შენარჩუნებას გულისხმობს.
მეორე ძირითადი გამოწვევა ნაკლებად ტექნიკური და უფრო მეტად სტრატეგიულია. აშშ-ს არ აქვს გარანტია, რომ 14 თვის შემდეგ, მას შემდეგ რაც აშშ და მისი მოკავიშირეები დატოვებენ ავღანეთის ტერიტორიას, თალიბანი კვლავ გააგრძელებს დანაპირების შესრულებას და რომ არ შეუწყობს ხელს ალ-ქაედას ავღანეთში დაბრუნებას, მის დაფინანსებას, ლოჯისტიკურ მომარაგებასა და გაძლიერებას. ამ შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ დაახლოებით ის, რაც მოხდა აშშ-ს მიერ ერაყის დატოვების შემდეგ – ეთნო-რელიგიური კონფლიქტი, ერაყის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაიწლში ISIS/ISIL-ის განვითარება, ხოლო ცენტრალური და სამხრეთ ერაყის ირანის ზეგავლენის ქვეშ მოქცევა.
კიდევ ერთი გადაუჭრელი პრობლემა ნარკოტიკების მოყვანა და რეალიზებაა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ომის დაწყებისთანავე ებრძვიან ავღანურ ოპიუმს, თალიბანის წევრების დიდი ნაწილი სწორედ აღნიშნული საქმიანობითაა დაკავებული და მათი შემოსავლის გარკვეული ნაწილი სწორედ ყაყაჩოს თესლის რეალიზაციაზეა დამოკიდებული. აშკარაა, რომ თუკი თალიბანი უსაფრთხოდ იგრძნობს თავს ოპიუმით ვაჭრობის შემცირებაზე ფიქრი ნაადრევი იქნება.
სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მოლაპრაკებები მოქმედ ხელისუფლებასთანაც. გარდა იმისა, რომ ეს უკანასკნელი არცთუ ძლიერი და მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის არასასურველია, მათ შესაძლოა სულაც არ სურდეთ ძალაუფლების რაიმე სახით გაყოფა თალიბანთან, ძალასთან, რომელიც ხელისუფლებას წლების განმავლობაში აშშ-ს მარიონეტად მოიხსენიებდა და სამხედრო-ტერორისტულ ძალას უპირისპირდებოდა. ომის დაწყებიდან დღემდე 70 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო დაიღუპა. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოებაც, რომ სახელისუფლებო ძალების დიდი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია და იმენად სუსტია, რომ თალიბანის წინააღმდეგ მარტოდ დარჩენილები სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას რთულად თუ შეძლებენ.
და ბოლოს, მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორიც: პაკისტანი ეცდება თალიაბანის მეშვეობით საკუთარი პოზიციების გაიმყარებას ქვეყანაში, რითაც ერთდროულად საფრთხისქვეშ დადგება ინდური და რუსული ინტერესები. ორივე სახელმწიფო პაკისტანის მიერ პოტენციურად ზურგგამაგრებულ თალიბანს სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ გამოწვევად აღიქვამს – რუსეთი ცენტრალური აზიის ნაწილში, ხოლო ინდოეთი უშუალოდ საზღვრისპირა რაიონებში – რის გამოც შესაძლოა კონფლიქტმა განსხვაბული საერთაშორისო სახეც კი მიიღოს.
ყოველივე ამის ფონზე მოლაპარაკებების იურიდიულად წარმატებით დასრულება სრულიადაც არ მიუთითებს ეფექტური პოლიტიკური შედეგების მიღწევას, განსაკუთრებით სტრატეგიული თვალსაზრისით. თუკი აშშ კვლავ აქტიურად გააგრძელებს ავღანეთში პროცესების დაკვირვებას და ირიბ კონტროლს, შესაძლოა პოლიტიკური სტაბილურობა მართლაც იქნას მიღწეული, მაგრამ არსებული რეალობის გათვალისწინებით ეს ყველაფერი რესურსების, დროისა და ყურადღების მზარდი დანახარჯის გარეშე რთულად მიღწევადია.
გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი