
კორუფციული შემთხვევების გამოვლენაზე მომუშავე ჟურნალისტის, იან კუციაკის მკვლელობის შემდეგ, სლოვაკეთში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები დაიწყო. მმართველი გუნდის, SMER-ის თითქმის 15-წლიანი მმართველობის მანძილზე პირველად, ქვეყანაში ლიბერალური ძალების აღმავლობა დაიწყო და გასულ წელს, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა გახდა.
ჩაპუტოვას ძალიან ბევრ თანამოაზრეს იმედი აქვს, რომ ტენდენცია საპარლამენტო არჩევნებშიც შენარჩუნდება. ამისათვის, პროდასავლურმა პარტიებმა ჯერ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, ხოლო შემდეგ, ანტისამთავრობო კოალიცია შეკრან.
იან კუციაკისა და მისი საცოლის მკვლელობამ დამოუკიდებელი სლოვაკეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მისცა ბიძგი, რისი მიზანიც ობიექტური გამოძიება, კორუფციასთან ბრძოლა და მთავრობის გადადგომა იყო. სხვათა შორის, წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობასთან პირდაპირი კავშირი სხვადასხვა ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს ჰქონდათ, თუმცა შემდგომი გამოიძება შეწყდა და საქმემ ბუნდვანი მიმართუკება მიიღო.
საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, სლოვაკეთის ყველაზე ძლევამოსილ პარტიად მმართველი გუნდი SMER რჩება (ხმათა 17%). მისი უმთავრესი კონკურენტია ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება Olamo. თუმცა იმისათვის, რათა Olamo ხელისუფლებაში მოვიდეს, მას 4-5 ოპოზიციურ ძალასთან ესაჭიროება გაერთიანება, რაც ძალიან ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა. თუკი ორი ოპოზიციური პარტია – PS და “ერთად” – თანხმდება კოალიციაზე, ქრისტიან დემოკრატებსა და ლიბერალებს განსხვავებული პოზიციები აქვთ, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ფუნდამენტური იდეოლოგიური სხვაობისა და სხვა რიგის მიზეზებისდა გამო. თავის მხრივ, არც მმართველი ძალა აკლებს მცდელობას, რომ მსგავსი ალიანსი არ შედგეს.
ის, რისიც ყელაზე მეტად ეშინია სლოვაკეთის ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დიდ ნაწილს, იმის შესაძლებლობაა, რომ SMER-მა ნაციონალისტურ პარტიებთან – “მარიან კოტლებას ჩვენი სლოვაკეთი” (L’SNS) და ე.წ. ულტრამემარჯვენე “ეროვნულ” ჯგუფები – შეკრას ალიანსი (თუკი ძალიან გაუჭირდება და ეს ჰიპოთეზა უკვე ნათლად იკვეთება). აღნიშნული ნაციონალისტური პარტიები დაუფარავდ უჭერენ მხარს რუსეთს, კრემლის საგარეო პოლიტიკის, ყირიმის ანექსიას, ევროკავშირისა და ნატოს დატოვებას, ამერიკის შეერთებული შტატებისაგან მაქსიმალურ პოლიტიკურ დისტანცირებას და სიამაყით ატარებენ ნაცისტურ უნიფორმას. სხვათა შორის, თუკი მარიან კოტლებას პარტია 2016 წლის არჩევნებში მეხუთე ადგილზე გავიდა, უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, მოახლოებულ საკანონმდებლო არჩევნებზე მესამე ადგილს დაიკავებს.
მართალია, სლოვაკეთის პრემიერი პეტერ პელეგრინი აცხადებს, რომ არ აპირებს ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან კოალიციის ჩამოყალიბებას, თუმცა “გაჭირვების ჟამს” არაერთხელ დახმარებია მარიან კოტლება მმართველ გუნდს. თუკი გავითვალისწინებთ იმ რთულ მოცემულობას, რომელშიც SMER იმყოფება, ეს ვარიანტი სულ უფრო რეალური და მაღალი ალბათობის მქონე ხდება.
და მაინც, არჩევნებამდე 1 დღით ადრე ყველაზე საინტერესო კითხვა შემდეგია “გაერთიანდება ოპოზიცია?”
გრიგოლ ჯულუხიძე
უფროსი მკვლევარი
და მაინც, არჩევნებამდე 1 დღით ადრე ყველაზე საინტერესო კითხვა შემდეგია “გაერთიანდება ოპოზიცია?”