აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: Trump vs Everyone

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები ოფიციალურად 3 თებერვალს დაიწყო, როდესაც აიოვას შტატის კოკუსში მონაწილეობა მიიღო როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველმა. კოკუსს მალევე, უკვე 11 თებერვალს, ნიუ-ჰემფშირში ჩატარებული პრაიმერიზი მოჰყვა. რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მოქმედი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის გარდა,ორი კონსერვატორი პოლიტიკოსი იბრძვის: 1. ბილ ველდი – მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი (1991- 1997); 2. ჯო ველში – წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი ილინოისის შტატიდან. აიოვას კოკუსმა და ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიზმა აჩვენა, რომ მოქმედი პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიის ელექტორატის მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს. აიოვაში მან 31 464 ხმა მიიღო, რაც ხმების სრული რაოდენობის 97%-ია. ეს შტატის ისტორიაში რომელიმე პარტიის კანდიდატის მხრიდან დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია (აქამდე რეკორდი ბარაკ ობამას ეკუთვნოდა, რომელმაც 2012 წლის აიოვას კოკუსზე 25 000 ხმა მიიღო). ნიუ-ჰემფშირშიც მსგავსი სცენარი განვითარდა. ტრამპმა 129 696 ხმა მოიპოვა, რაც ხმების საერთო რაოდენობის 85%-ია. მეორე ადგილზე ბილ ველდი გავიდა, რომელმაც ხმების 9% მოაგროვა. ტრამპის ამგვარი წარმატება ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: 1. ტრამპს არ ჰყავს ძლიერი მოწინააღმდეგე – ბილ ველდი, მასაჩუსეტსის სენატორობის შემდეგ, მრავალი წლის მანძილზე პოლიტიკას ჩამოშორებული იყო, რაც მის რეიტინგზე უარყოფითად აისახა, ჯო ველშმა კი, მრავალი მცდელობის მიუხედავად, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბება ვერ მოახერხა; 2. ტრამპის იმპიჩმენტი – იმპიჩმენტმა მოქმედი პრეზიდენტის ირგვლივ რესპუბლიკური პარტიის ელექტორატის კონსოლიდაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მიუხედავად ამისა, ტრამპის საერთო რეიტინგი არცთუ ისე შთამბეჭდავია. FiveThirtyiEight-ის გამოკითხვით, მისი პოპულარობის მაჩვენებელი 43.3%-ია, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მის პრეზიდენტობას უარყოფითად აფასებენ, 52.2%-ს შეადგენს.

უფრო დაძაბული და საინტერესო რბოლა მიმდინარეობს დემოკრატიულ პარტიაში. გასული წლის ბოლოსთვის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის 20-ზე მეტი პოლიტიკოსი იბრძოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, მათი რიცხვი 6-მდე შემცირდა. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ბერნი სანდერსი – ვერმონტის შტატის სენატორს დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. მან 2016 წელს, ჰილარი კლინტონთან მარცხის შემდეგ, ძალები სწრაფად აღიდგინა და წარმატებით მოახერხა ერთგული ელექტორატის უდიდესი ნაწილის შენარჩუნება. სანდერსი დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური, სოციალისტური ფრთის ინტერესებს გამოხატავს. აიოვას კოკუსში მან ხმების 26.1% მიიღო, რაც პიტ ბიტიჯიჯის შემდეგ (26.2%) მეორე საუკეთესო შედეგია. რაც შეეხება ნიუ-ჰემფშირს, გრანიტის შტატში მან ხმების 25.6%-ით დამაჯერებლად გაიმარჯვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სანდერსმა მოახერხა ახალგაზრდა (18-30 წლამდე) ამომრჩევლის გულის მოგება, რაც აშშ-ის სრული ელექტორატის დაახლოებით 15%-ს შეადგენს და არჩევნებში მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს.

ჯო ბაიდენი – აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ სუსტად დაიწყო. აიოვას კოკუსამდე ბაიდენი დემოკრატიული პარტიის წამყვან კანდიდატად ითვლებოდა, რადგან პოპულარობით სარგებლობდა როგორც პარტიის ზომიერ და ლიბერალურ ფრთაში, ასევე აფრო-ამერიკელ ელექტორატში. გარდა ამისა, საერთო წარმოდგენით, ბაიდენს მომავალ არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხების საუკეთესო შანსი ჰქონდა, რაც ასევე მნიშვნელოვან აქტივად ითვლებოდა. თუმცა, აიოვასა და ნიუ-ჰემფშირში არადამაჯერებელი შედეგების დაფიქსირების შემდეგ (აიოვა – მეოთხე ადგილი – ხმების 14%; ნიუ-ჰემფშირი – ბოლო, მეხუთე ადგილი – ხმების მხოლოდ 8%) მისი პოპულარობა მკვეთრად შემცირდა. ბაიდენის კამპანია განსაკუთრებულ იმედებს ე.წ. „სუპერ სამშაბათზე“ ამყარებს. 3 მარტს პრაიმერიზი ამერიკის შეერთებული შტატების 15 შტატში ჩატარდება, მათ შორის კოლორადოსა და სამხრეთ კაროლინაში, სადაც ყოფილი ვიცეპრეზიდენტი დღემდე მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს.

ელიზაბეთ უორენი – ბაიდენის მსგავსად, აიოვას კოკუსამდე მასაჩუსეტსის სენატორი, ერთ-ერთ ტოპ კანდიდატად მიიჩნეოდა. საერთო წარმოდგენით, უორენს მხარს უჭერდა პარტიის ლიბერალური და ზომიერად სოციალისტური ფრთა, რასაც სანდერსის ერთგული ელექტორატის უორენთან პორტირება უნდა გამოეწვია. თუმცა, ასე არ მოხდა. აიოვას კოკუსსა (მესამე ადგილი – 18%) და ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიზში (მეოთხე ადგილი – 8%) დაფიქსირებულმა შედეგებმა ცხადყო, რომ უორენის რეიტინგი დაღმავალია. მიუხედავად ამისა, უორენი პოპულარობას ინარჩუნებს ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან შტატებში, როგორებიცაა: მისი მშობლიური მასაჩუსეტსი, ნევადა და კალიფორნია. Realclearpolitics-ის უკანასკნელი გამოკითხვებით, უორენის შანსი, მოიპოვოს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაცია, 12.4%-ია, რაც მეოთხე შედეგია სანდერსის, ბაიდენისა და ბლუმბერგის შემდეგ.

პიტ ბუტიჯიჯი – ზემოხსენებულ კანდიდატებთან შედარებით, ინდიანას შტატის ქალაქ საუს ბენდის (South Bend) ყოფილ მერს, არასაკმარისი პოლიტიკური ბექგრაუნდი აქვს, რის გამოც მას ხშირად აკრიტიკებენ. მიუხედავად ამისა, მან მისი პოლიტიკური შეხედულებებისა (წარმოადგენს დემოკრატიული პარტიის ზომიერ ფრთას) და წინასაპრეზიდენტო დებატებში ძლიერი პერფორმანსების ხარჯზე, პარტიის ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა. აიოვას კოკუსამდე ორი კვირით ადრე, ავტორიტეტული გამოცემა Quinnipiac-ის აზრით, ბუტიჯიჯის გამარჯვების შანსი 4%-ს არ აღემატებოდა, თუმცა, კოკუსზე დაფიქსირებულმა შედეგებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ბუტიჯიჯმა კოკუსში მცირე სხვაობით დაამარცხა ბერნი სანდერსი (ბუტიჯიჯი – 26.2%, სანდერსი – 26.1%). რაც შეეხება ნიუ-ჰემფშირს, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა პრაიმერიზში ხმების 24% მოიპოვა და ბერნი სანდერსის შემდეგ (26%) მეორე ადგილი დაიკავა. ასეთი წარმატებული სტარტის მიუხედავად, ავტორიტეტული გამოცემები ვარაუდობენ, რომ დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში ბუტიჯიჯის გამარჯვების შანსები საკმაოდ მცირეა (8-10%). ამგვარ ვარაუდს სამი ძირითადი მიზეზი განაპირობებს: 1. არასაკმარისი ცნობადობა – სანდერსთან, ბაიდენსა და უორენთან შედარებით ბუტიჯიჯი ნაკლებად ცნობილი ფიგურაა; 2. სექსუალური ორიენტაცია – ბუტიჯიჯის სექსუალური ორიენტაცია (მან 2015 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ გეია) არაერთხელ ყოფილა მწვავე განხილვის საგანი. ეს მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი კონსერვატიული და, ხშირ შემთხვევაში, ულტრაკონსერვატიული შეხედულებებით გამოირჩევა; 3 – დაბალი რეიტინგი აფრიკელ ამერიკელ ამომრჩეველში – ბუტიჯიჯი საკმაოდ არაპოპულარული ფიგურაა აფრო-ამერიკელ მოსახლეობაში. ამას, ძირითადად, მისი გამოცდილება განაპირობებს. მისი მმართველობის პერიოდში ინდიანას შტატში, მარიხუანას მოხმარების გამო, ფერადკანიანი ადამიანების დაჭერის რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა.

მაიკლ ბლუმბერგი – მილიარდელმა ბიზნესმენმა და ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა დემოკრატიული პარტიის რბოლაში ჩაბმა ერთ-ერთმა უკანასკნელმა გადაწყვიტა. შედეგად, არავინ თვლიდა, რომ ის რაიმე ხელშესახები შედეგების დაფიქსირებას შეძლებდა, იქამდე, სანამ მან საკუთარი ფინანსური რესურსების გამოყენება არ გადაწყვიტა. უკანასკნელი სამი კვირის მანძილზე ბლუმბერგმა მის მხარდასაჭერ რეკლამებსა და პროკლამაციებზე დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა, რამაც მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა. მაგალითად, იანვრის ბოლოს საზოგადოებრივი გამოკითხვები დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში მისი გამარჯვების შანსებს 2-3%-ით აფასებდნენ. დროთა განმავლობაში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეისათვის 10-15%-ის ფარგლებში მერყეობს. ბლუმბერგი, ბაიდენის მსგავსად, დემოკრატიული პარტიის ზომიერ ფრთას წარმოადგენს, რამაც, შესაძლოა,ყოფილ ვიცეპრეზიდენტს ერთგული მხარდამჭერების გარკვეული ნაწილი დააკარგვინოს. ბლუმბერგს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს მშობლიურ შტატ ნიუ-იორკშიც, რაც მისი წარმატების შანსებს ერთი-ორად ზრდის, რადგან ნიუ-იორკში დაფიქსირებული შედეგები ხშირად მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ემი კლობუჩარი – მინესოტას შტატის სენატორი, ბოლო პერიოდამდე ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო. ვითარება შეიცვალა 14 იანვარს, დემოკრატიული პარტიის რიგით მეშვიდე დებატებზე, რომელშიც სენატორმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი აჩვენა. აქედან მოყოლებული, მისი რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა. კლობუჩარი პოპულარულია საზოგადოების ისეთ სეგმენტებში, როგორებიცაა: უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები, ქალები და 65 წელს გადაცილებული ამომრჩევლები. აიოვას კოკუსზე მან ხმების 12%-ით მეხუთე ადგილი დაიკავა. ნიუ-ჰემფშირში კი მნიშვნელოვანი წარმატების დაფიქსირება შეძლო (მესამე ადგილი 18%-ით სანდერსისა და ბუტიჯიჯის შემდეგ).

ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან საინტერესოდ დაიწყო. რესპუბლიკურ პარტიაში დონალდ ტრამპს მოწინააღმდეგე ფაქტობრივად არ ჰყავს, ამიტომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პარტიას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ის წარადგენს. რაც შეეხება დემოკრატიულ პარტიას, აქ გაცილებით დიდი კონკურენციაა, სადაც ერთმანეთს რამდენიმე ძლიერი კანდიდატი უპირისპირდება. ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ სანდერსს ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს, ბუტიჯიჯი, ბლუმბერგი და კლობუჩარი კვირიდან კვირამდე უმატებენ, რასაც ვერ ვიტყვით ბაიდენსა და უორენზე, რომელთა რეიტინგი ბოლო ხანებში მკვეთრად გაუარესდა. როგორ განვითარდება მოვლენები და ვინ გახდება დემოკრატიული პარტიის ნომინანტი კანდიდატი ,ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი დაველოდოთ 3 მარტს გასამართ „სუპერ სამშაბათს“.

გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s