ერთიანი ევროპისათვის – მაკრონი პოლონეთში

3 თებერვალს, უკანასკნელი 6 წლის მანძილზე პირველად, საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო პოლონეთში. თავისი მნიშვნელობით, გამოწვევებითა და შინაარსით მაკრონის ვარშავაში სტუმრობა განსაკუთრებული იყო, რადგან: რამდენიმე დღით ადრე, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა; პოლონეთმა ევროგაერთიანების ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნების მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა; უნგრეთის პრემიერის, ვიკტორ ორბანის განცხადებების შემდეგ, ცენტრალური ევროპის სახელმწიფოთა ხედვა მიგრაციისა და ენერგეტიკის პოლიტიკის კუთხით კიდევ უფრო კონტროვერსიული გახდა; ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარკვეულმა ნაწილმა გაერთიანების 7-წლიანი საბიუჯეტო კონცეფცია მკაცრად გააკრიტიკა; კონტინენტზე კორონავირუსის რამდენიმე ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა …

არაერთი პოლონელი ანალიტიკოსის აზრით, გარდა აღნიშნული ფაქტორებისა, მაკრონის პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი Centrum Badania Opinii Społecznej-ის (CBOS) უკანასკნელი საზოგადოებრივი კვლევები იყო, რომლის თანახმადაც, მოქმედი მმართველი პოლიტიკური ძალა – Prawo i Sprawiedliwość (PiS) – საგრძნობლად უსწრებს “ოპოზიციურ კოალიციას” (Koalicja Europejska), Platforma Obywatelska-ს (PO) ჩათვლით. თავის მხრივ CBOS-ის საზოგადოებრივი კვლევების შედეგები (რომლის ცდომილებაც, ტრადიციულად, მინიმალურია) იმის მანიშნებელია, რომ ოფიციალურ პარიზს ვარშავასთან კრიტიკული პოზიციების გადახედვა მოუწევს, ევროკავშირში პოლონეთის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ფუნქცია-როლიდან გამომდინარე. როგორც ძალიან ბევრი პოლონელი ხუმრობით აღნიშნავს: “საფრანგეთსა და ევროკავშირს ახლა ისევე ძლიერ სჭირდებათ პოლონეთი, როგორც უდაბნოში მყოფთ – წყალი.”

სწორედ ამ უკანასკნელი მოსაზრების ერთგვარი ილუსტრაციაა ის განცხადებები, რომელიც პრეზიდენტმა მაკრონმა პოლონეთის უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან შეხვედრებისას გააკეთა: პარიზი-ვარშავის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის აუცილებლობა; “ვაიმარის სამკუთხედის” გააქტიურება; PiS-ის სასამართლო რეფორმის საპასუხოდ, ჩიხში შესული ფრანგულ-პოლონური ურთიერთობების სიღრმისეული გადახედვა, რაც რეალურად, “პოლიტიკური წყენის” დავიწყებას ნიშნავს. ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილის გამო, საფრანგეთი დაჟინებით აღარ მოსთხოვს ვარშავას სავალდებულო საიმიგრაციო კვოტების სისტემის მიღებას და პოლონეთს აქტიურად დაეხმარება რუსეთთან საინფორმაციო ომში, რომლის “ფრონტის ხაზიც” ისტორიულ ნარატივზე გადის. სხვათა შორის, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ, იაგიელონიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გაჟღერებული ფრაზა: “ძვირფასო პოლონელებო, ნურავის მისცემთ თქვენი ისტორიის გაყალბების საშუალებას,” ვიზიტის საკულტო სიმბოლოდ, ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. აღნიშნულ განცხადებას ვლადიმირ პუტინის “თამამი” მოსაზრება უძღოდა წინ, რომლის თანახმადაც, “პოლონეთი ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე იყო მეორე მსოფლიო ომის დაწყების საქმეში”.

საფრანგეთის პრეზიდენტს ვიზიტისას თან ახლდნენ საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ფინანსთა, თავდაცვისა და კლიმატის მინისტრები. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია საფრანგეთის სტრატეგიული სამომავლო გეგმებით არის განპირობებული – პოლონეთთან ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისა და მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელების მშენებლობის პერსპექტივებით. სხვათა შორის, ფრანგი მეწარმეებისათვის, რომელთაც უკვე 20 მილიარდ ევროზე მეტი დააბანდეს ქვეყნაში, პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო სახელმწიფოა მსოფლიოში. 

საჯარო გამოსვლისას, საკმაოდ რბილი იყო მაკრონის ტონი PiS-ის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა არ აპირებს პოლონეთისათვის ლექციების წაკითხვას არც ამ და არც სხვა საკითხზე, რადგან სასამართლო თავისუფლება ევროკავშირის ფუნდამენტური ცნებაა, რომელზეც თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ ერთობლივად უნდა იმუშავოს.

მართალია, პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე “ევრო ოპტიმისტი” სახელმწიფოა და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ყოფას ღია მხარდაჭერას უცხადებს, მაკრონის განცხადებები მაინც მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ევროკავშირის დღის წესრიგში. ვიზიტი დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, როგორც პოლონური, ისე ფრანგული მხარისათვის, ხოლო შედეგი – კიდევ უფრო სტაბილური ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, რომელიც დიდწილად პოლონურ “ხერხემალზე” დგას – მომგებიანი ევროკავშირის სიმყარისათვის.

გრიგოლ ჯულუხიძე

უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s