
კორონავირუსზე უკვე მრავალი რამ ითქვა და დაიწერა. სპეკულაციები შეთქმულების თეორიებსა და მითქმა-მოთქმა ვირუსის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნაზე, უბრალოდ არასერიოზულია. აგრეთვე, უამრავი აზრი გამოითქვა ინფექციის შეჩერების სხვადასხვა გზის შესახებ. ჩემი სტატია განიხილავს სცენარის სავარაუდო განვითარების ეტაპებს და იმას, თუ რა გავლენას მოახდენს კორონავირუსის განგრძობითობა ქვეყნის ეკონომიკასა და სოციოპოლიტიკურ სტრუქტურაზე. უახლლესი მომავალი გვიჩვენებს, თუ როგორ უპასუხებს სი ძინპინი არსებულ გამოწვევას, თუმცა ერთ-ერთი ისტორიული ნაღმი, რომელიც შესაძლებელია, სამომავლოდ ამოქმედდეს, ნაციონალიზმია. წარსულში, ევროპული კოლონისტური პოლიტიკა გარკვეულწილად პასუხისმგებელია ჩინეთში კომუნიზმის გამარჯვებაზე. ისტორიაში ცნობილი, როგორც “დამამცირებელი 100 წელიწადის პერიოდი”, მაო ძე დუნიდან მოყოლებული – დღემდე, წარმოადგენს კომუნისტური პარტიის პროპაგანდის უცილობელ ნაწილს. მაგავსი ჭრილობებით ცხოვრება პოლიტიკურ ელიტას აიძულებს, მაქსიმალურად გაამყაროს ეროვნული უსაფრთხოება. აქციოს რა ჩინეთი მოწინავე სახელმწიფოდ, როგორც ეკონომიკურ, ისე სამხედრო ასპექტში. მოსახლეობას, რომელსაც მუდმივად ახსენებენ წარსულ ტრავმას, ფაქტობრივად სხვა გზა არ რჩება, გარდა მიემხროს არსებულ კომუნისტურ რეჟიმს, რომელიც თავის მხრივ, რომ ჩინეთში არასდროს დაბრუნდება ის დრო, როდესაც მას უბრალოდ გავლენის სფეროებად ინაწილებდნენ ევროპის სახელმწიფოები. აღნიშნული პოლიტიკის ნაწილობრივ გაგება საკმარისია, გადახედოთ ჩინური დიასპორის, უფრო მეტად ახალგაზრდების ქმედებებს, როდესაც საქმე სენსიტიურ საკითხებს ეხება. მაგალითისთვის გამოდგება ჩინელი სტუდენტების აგრესიული ქცევა უნივესიტეტის კამპუსებში. კერძოდ, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ქვეყნებში, სადაც ჩინელი სტუდენტები უცხოელ სტუდენტთა მთლიანი მაჩვენებლის 30 პროცენტს შეადგენს, თავს დაესხნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ჰონკ-კონგის საპროტესტო აქციას უბრალოდ სოლიდარობას უცხადებდნენ. არც 2008 წელი გახლდათ გამონაკლისი, როდესაც ჩინეთში ოლიმპიური თამაშების გამართვა იგეგმებოდა, ლჰასაში ტიბეტის ანექსირება გააპროტესტეს, რასაც მალევე მოჰყვა ცენტრალური მთავრობის მკაცრი პასუხი. ოლიმპიური ჩირაღდნის მოგზაურობისას კი ევროპულ დედაქალქებში, რომელთაგანაც გამოსარჩევია პარიზი და ლონდონი, ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, რათა ჩინეთის ქმედებები დაეგმოთ. და სწორედ მაშინ, როდესაც სან-ფრანცისკოში მსგავსი პროტიბეტური აქცია იგეგმებოდა, 8000 ჩინელი გამოვიდა კონტრაქციაზე. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, როდესაც ჩინური ნაციონალიზმის გამოხატულება ქვეყნის საზღვრებს სცდება. რა გახლავთ ჩვენი დანაშაული და თუ როგორ ვეხმარებით კომუნისტურ პოლიკუტ რეჟიმს ძალების კონსოლიდირებაში, სწორედ ამ კითხვებზე ვეცდები პასუხის გაცემას სტატიის შემდეგ ნაწილში.
ფრანგულმა გაზეთმა უკვე ოფიციალურად მოიხადა ბოდიში იმ სტატიის სათაურის გამო, რომელიც “ყვითელი საფრთხე”-დ განიხილავდა ერთ-ერთი ინკოგნიტო, განზოგადოებულ ჩინელ ქალბატონს ასახავდა. ზოგადად, აღნიშნული ტერმინით ახდენდნენ აღმოსავლეთ აზიელი ხალხის დისკრიმინაციას. თუმცა, რთული გამოსაცნოობი არ გახლავთ, თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანას გულისხმობდა ფრანგული გაზეთი. “გარდიანის” ცნობით, ჩინელ მეცნიერს შეურაცხყოფა იმის გამო მიაყენეს, რომ მის სახეზე პირბადე ვერ შენიშნეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები განზე დგებიან ან დისტანცირდებიან, იმ შემთხვევაში თუ მგზავრს ჩინელს მიასმგავსებენ. სიტუაცია სავალალოა ჩინეთის ახლომდებარე ქვეყნებშიც. იაპონიაში ტვიტერზე პოპულარულობით სარგებლობს ე.წ. “ჰეშთეგი” #ChinadoesnotcometoJapan”. სინგაპურში პეტიცია გროვდება ჩინელების შემოშვების აკრძალვაზე. დემოკრატიული რეჟიმები, რომლებიც ასე თავს იწონებენ თავიანთი სამოქალაქო საზოგადოებებით და მოწინავე პოლიტიკური კულტურით, ვერ იქცნენ იმ შემაკავებლ ბარიერად, რომელიც არ მისცემდა შიშს ქსენოფობიაში გადაზრდის ნიადაგს. კანადაში, ჩინური დიასპორის წარმომადგენელთა შეკრებაზე, სწორად აღინიშნა, რომ ჩვენ არა მარტო კორონას ვირუსის პრევენცია უნდა მოვახდინოთ, არამედ რასიზმისაც, რომელიც არანაკლებ საშიშია.
ყველაზე მძაფრად რასისიზმის ვირუსის შედეგი მაშინ გამოვლინდება, როდესაც ჩინური სახელმწიფო მანქანა, პირველ რიგში, დაძლევს აღნიშნულ კრიზისს და შემდეგ აუცილებლად გამოიყენებს სტატიაში აღნიშნულ ფაქტებს პროპაგანდისტული მიზნებისათვისა და აგრესიული საგარეო პოლიტიკისათვის.
შოთა მგელაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი
აღნიშნულ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის საბჭოს ხედვებს.