ჩინეთის კოსმოსური პროგრამა

მას შემდეგ, რაც აპოლო 11-ის ასტრონავტებმა პირველად დადგეს ფეხი მთვარეზე, ინვესტიციებმა კოსმოსის სფეროში რეკორდულ მასშტაბებს მიაღწია. ევროკონსულტის ცნობით, ქვეყნები დაახლოებით 200 მილიონ დოლარს ხარჯავენ კოსმოსურ პროგრამებზე. 

ცივი ომის დროს პოპულარულობით სარგებლობდა ფრაზა – კოსმოსური ომები, რომლის მიხედვითაც, სამყაროს ბედი არა ხმელეთზე, არამედ დედამიწიდან გაცილებით შორს გადაწყდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები უნიპოლარული მომენტით სარგებლობს, თუმცა დღეს კვლავ აქტუალურია გასული საუკუნის ტერმინების პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნება.  მაგალითად: ახალი შეკავების პოლიტიკა, კოსმოსური ომები და  წითელი საფრთხე კვლავ უბრუნდება პოლიტიკურ სცენას. სტატია მიმოიხილავს ჩინეთის, როგორც  აშშს პოტენციური მოწინააღმდეგის, კოსმოსურ პროგრამას და ეცდება გასცეს პასუხი, თუ რა შესაძლებლობები და შეზღუდვები გააჩნია ამჟამინდელი კომუნისტური ქვეყნის ოცნებებს. ასევე, სტატია მოკლედ მიმოიხილავს ქვეყნის განვლილ გზას აღნიშნულ სფეროში და იმ იადამიანს, ვინც ქვეყანას კოსმოსური ოცნება რეალობად უქცია. პირველი ნაწილიც სწორედ ამ მოვლენებს ეძღვნება. მეორე ნაწილში, მოცემული გრაფიკების საშუალებით, აღწერილია ჩინეთის კოსმოსური პროგრამის მიმართება სხვა ქვეყნებთან.

ადამიანი, რომელმაც ჩინეთს კოსმოსური ოცნება რეალობად უქცია

მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი სამყაროს ორ პოლუს წარმოადგენდენ,  ჩინეთში მილიონობით ადამიანი ეწირებოდა მაო ძე დუნის იდეებს. დიდწილად საკუთარ დიდ ძმაზე დამოკიდებულებამ (იგულისხმება საბჭოთა კავშირი) რეალურად ჩინური ტექნოლოგიური განვითარების მომავალი ეჭვის ქვეშ დააყენა. 1959 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც,  საბჭოთა სპეაციალისტები ჩინეთიდან  დაუყონებლივ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. შანხაის კომუნიკემდე კი ჯერ კიდევ 12 წელი იყო. (ავტორი გულისხმობს კისინჯერის ტრიანგულარულ დიპლომატიას , ჩინეთის აშშ-სთან დაახლოებას). პირველ რიგში, მაო ძედუნგს სჭირდებოდა ატომური ბომბი, რომელიც არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში მოწინავე სახელმწიფოების რიგში ჩააყენებდა. პარადოქსულად, მაოს ოცნებების რეალიზებაში ამერიკული მხარე დაეხმარა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელებმა უნებლიეთ აჩუქეს ჩინეთს ადამიანი, რომელიც ლეგენდად იქცა.   

ჰსუე შენ ციენს (სიან ქუესენს) ამერიკული პუბლიკა ერთ დროს დოქტორ ფრანკეშტეინად მოიხსენიებდა (თვითონვე გამოიტანთ დასკვნას კითხვაზე, თუ რატომ).  საქმე ის გახლავთ, რომ წარმოშობით ჩინელი ემიგრანტი ამერიკაში ისეთ გასაიდუმლოებულ  პროექტებში  მონაწილეობდა, რომლებიც მომავლის კარდინალურ შეცვლას გულისხმობდა. მაგალითად: რეაქტიული ძრავები და ასევე ცნობილი „მანჰეტენის პროექტი“. 1945 წელს ჰსუეს ხშირად მოკრავდით თვალს თავდაცვის დეპარტამენტში, სადაც ის მრჩევლად მუშაობდა. გადამწყვეტი მომენტი მომავალი ჩინელი გმირის ცხოვრებაში აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება გახლდათ, რომლის მიხედვითაც, ჰსუეს უარი ეთქვა ამერიკის მოქალაქეობაზე წითელი საფრთხის მეორე ტალღის გამო (შენიშვნა: წითელი საფრთხე გახლავთ „მაკარტიზმით“ წოდებული ცნობილი მოვლენა, როდესაც აშშ-ში ყველგან ხედავდნენ კომუნისტურ აგენტებს).  მაშინდელი აშშ-ის საზღვაო სარდლის განცხადებით, ეს გახლდათ ყველაზე იდიოტობა, რაც შეიძლება ქვეყანამ ჩაიდინოს, ის იმდენადვე გახლდათ კომუნისტი, როგორც მე. გარკვეულწილად კომიკური უწოდა სიტუაციას ჟურნალისტმა, მილტონ ვიორსტმა, როდესაც ჰსუენს სამგზავრო აკრძალვა დაუწესეს, ვინაიდან წაართვეს თავისუფლება იმისა, რომ წასულიყო და არც შინ იყო მიღებული დასარჩენად.

საბოლოოდ ჰსუე მაინც ახერხებს ჩინეთში დაბრუნებას. მალევე ის სათავეში უდგება სასწავლო დაწესებულებას. 1950-იან წლებში  საბჭოთა დახმარება ჩინური ტექნოლოგიების განვითარების მომავლისთვის გადამწყვეტი ფაქტორი გახლდათ. 1953 წლის თებერვალში მაო ძე დუნმა ჩინეთის მოსახლეობას  მოუწოდა, რომ კარგად  შეესწავლათ  საბჭოთა კავშირში არსებული სამეცნიერო ბაზა, აეთვისებინათ ის და შემდეგ მსგავს სტანდარტებზე დაეფუძნებინათ და განევითარებინათ ადგილობრივი პროდუქცია. ერთი წლის შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც ორი კომუნისტური ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებასა და კოოპერაციას ითვალისწინებდა.  ჰსუეს ნიჭი ამ შემთხვევაშიც არ დარჩენილა თამაშგარე მდგომარეობაში. მისი ინიციატივით, საბჭოთა რაკეტები, კერძოდ R-2, შეავსეს ადგილობრივი საწვავით და შემდეგ მოახდინეს მათი კოპირება. სხვა უამრავ განხორციელებულ იდეას შორის მინდა, ასევე გამოვყო „პროექტი-651“, რომელიც პირველი ჩინური სატელიტის გაშვებას გულისხმობდა. 1970 წლის 24 აპრილს „Dong Fang Hung-მა“ 20 მეგაჰერცი სიხშირით, კოსმოსიდან გადმოსცა ფრაზა-  აღმოსავლეთი წითელია.

ჩინური კოსმოსური პროგრამის ფუძემდებელი საავადმყოფოდან ადევნებდა თვალს ქვეყნის უდიდეს მიღწევას, როდესაც კოსმონავტი იან ლივეი 2003 წელს კოსმოსში გაემგზავრა. ჩინეთი შეუერთდა ამერიკასა და რუსეთს, ქვეყნებს, რომლებმაც დამოუკიდებლად შეძლეს ადამიანის კოსმოსში გამგზავრება.  ჰსუე შენ ციენი 2009 წელს 98 წლის გარდაიცვალა. მისი წილი კოლოსალურია და სანამ გადავალ უშუალოდ იმაზე, თუ რა ზღვარს მიაღწია ჩინურმა კოსმოსურმა ამბიციებმა, მოკლედ მიმოვიხილავ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებს, საიდანაც უშვებენ ჩინურ სატელიტებს, აპარატებსა თუ რაკეტებს.

ჩინეთის კოსმოსური  გამშვები პუნქტები

ნახატი 1-ზე  გამოსახული ოთხი სამკუთხედით აღნიშნულ ბაზას სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. ჯიუქანის ბაზა LM-2C, LM-2D და LM-4 სატელიტს უშვებს ქვემო ორბიტაზე და ასევე ბალისტიკური რაკეტების ტესტების პოლიგონს წარმოადგენს.

ტაიიუანის  გამშვები პუნქტი კი პასუხისმგებელია სატელიტების მზის ორბიტაზე გაშვების. ასევე, ბაზა ითავსებს საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტების ტესტირების პოლიგონს.

სიჩუანის ბაზა სატელიტებს გეოსტაციონალურ ორბიტაზე უშვებს. კომპლექსს წელიწადში დაახლოებით 8-10 სატელიტის გაშვება შეუძლია და სწორედ აღნიშნული ბაზიდან გაუშვეს კინეტიკური გამანადგურებელი მოწყობილობა, რომელიც ჩინურ სატელიტს მოხვდა.

ვენჩანის კომპლექსი, რომლის მშენებლობაც 2014 წელს დასრულდა, დიდი დატვირთვის მქონე ობიექტების გაშვებას ემსახურება. გასამგზავრი აპარატების ტრანსპორტირება კი რკინიგზის ნაცვლად გემებით ხორციელდება.

რაც შეეხება ჩინურ ამბიციებს, პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ თუ ადრე საერთაშორისო არენაზე მოწინავე ქვეყნების პრესტიჟს გარკვეულწილად კოლონიების ფლობა განსაზღვრავდა, დღეს აღნიშნული ტრენდი მზარდმა კოსმოსურმა პროგრამებმა ჩაანაცვლა. პასუხი ერთი წინადადებით შეიძლება ფორმულირდეს: ვინც მოიპოვებს უპირატესობას კოსმოსში, ის რადიკალურად შეცვლის არსებულ მსოფლიო წესრიგს.  გასათვალისწინებელია ეკონომიკური მოტივებიც. მაგალითისთვის, მცირე რაოდენობის პლატინით მდიდარი ასტეროიდი, შესაძლოა, 39 მილიარდი ღირდეს.

ჩინურ კოსმოსური მომავალი ძირითადად უკავშირდება ეგრეთ წოდებული კოსმოსური ელექტროსადგურის მშენებლობას, რომელიც დედამიწიდან 36,000 კმ-ზე განთავსდება. ვანგ სინის განცხადებით, რომელიც ჩინური პირველი რაკეტის შემქმნელად მოისაზრება, მსოფლიო პანიკაში ჩავარდება, როცა ბუნებრივი რესურსების კრიზისი შეიქმნება. სახელმწიფო, რომელიც ეუფლება მზის ენერგიის გარდაქმნის ტექნოლოგიებს, ერთი ნაბიჯით უახლოვდება ენერგო ბაზრის მონოპოლიას. შემთხვევით არ არის ნახსენები მანძილი დედამიწიდან, ეს ადგილი გეოსტაციონალური ორბიტაა, საიდანაც მზის ენერგიის ტრანსფორმაციაა შესაძლებელი.  ასევე, პრიორიტეტს წარმოადგენს ასტეროიდების კვლევა, რაზეც ჩინური თეთრი წიგნი ამახვილებს ყურადღებას. 2036 წლისთვის იგეგმება ადამიანის გაშვება ასტეროიდის გამოსაკვლევად.

ჩინეთი ინდოეთის წინააღმდეგ თუ უფრო მეტი?

ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს სხვა ქვეყნებთან. 2003 წელს, მიუხედავად შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა, ევროკავშირმა ჩინეთს უფლება მისცა მონაწილეობა მიეღო ცნობილ პროექტ „გალილეოში“. შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ინვესტიციის სახით უკვე ჩადო 302 მილიონი დოლარი. არავინ  უარყოფს ფაქტს, რომ ჩინეთს უჭირს ტექნოლოგიურად, განსაკუთრებით მძიმე დატვირთვის ობიექტების გაშვების სფეროში და ხშირად ჩინურ ამბიციებს უფრო მეტად რეგიონალურ, კერძოდ კი ჩინო-ინდოეთის, დაპირისპირების პრიზმაში განიხილავენ. ჩემი აზრით, მსგავსი მოსაზრებები გაზვიადებულია და ვფიქრობ, ჩინეთს გაცილებით მეტი ამბიცია აქვს, ვიდრე  ინდოეთთან პრესტიჟული კოსმოსური ომის მოგება.

მეტი თვალსაჩინოებისთვის გრაფიკი 1- ზე ნაჩვენებია ოთხი ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც განკუთვნილია კოსმოსური პროგრამებისთვის, აგრეთვე მათი მთვარის ორბიტისკენ შესრულებული მისიები, დაბოლოს, მათი მთლიანი შიდა პროდუქტი. რეგიონალურ ჭრილში, როგორც უკვე აღვნიშნე, ლოკალურ პრესტიჟზე საუბარი გადამეტებულად მეჩვენება, ვინაიდან გრაფიკიდან კარგად ჩანს, რომ ჩინეთი არა მარტო ინდოეთს, არამედ რუსეთსაც უსწრებს, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამერიკის შეერთებულ შტატებს.  აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ თუ ტრენდი გაგრძელდა, დროთა განმავლობაში ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შემცირდება. მეორე გრაფიკზე ასახული სატელიტების რაოდენობა გვახსენებს საბჭოთა კავშირის ისტორიულ როლს კოსმოსური პროგრამის განვითარების სფეროში. რუსეთი, რომელიც მისი სამართალმემკვიდრეა, 38 პროცენტით მეორე ადგილზეა.

გრაფიკი2.

დასკვნა

აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, ჩინელები ახდენენ კოსმოსის მილიტარიზაციას. ისინი აწარმოებენ დუალურ ტექნოლოგიებს. იგულისხმება ტექნოლოგიები, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც კომერციულ, ისე სამხედრო სექტორში. მაშინ, როდესაც  ჩინეთი სახალხოდ გამოდის კოსმოსში შეიარაღების განთავსების წინააღმდეგ, რეალურად საპირისპიროდ მოქმედებს. შეიძლება თუ არა ტრამპის გადაწყვეტილება კოსმოსური არმიის შექმნის თაობაზე ჩავთვალოთ როგორც პრევენციული აქტი, ეს ცალკე განხილვის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, პატრიკ შანაჰანის, განცხადება კოსმოსური მილიტარიზაციის მომასწავებელია (ის  ამის მიზეზად ჩინეთისა და რუსეთის ქმედებებს ასახელებს) როგორც მონაცემები გვიჩვენებს, ჩინეთი ჯერჯერობით ჰორიზონტზე მოჩანს და ვინაიდან საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა დინამიურია, ცივი ომის ტერმინოლოგიის დაბრუნებას, მართალია, გააჩნია გარკვეული საფუძველი, თუმცა მაინც გადაჭარბებულია.

შოთა მგელაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s