“წლის ქვეყანა 2013” The Economist-ის მიხედვით.
ურუგვაი სამხრეთ ამერიკის მესამე ყველაზე პატარა სახელმწიფოა, რომელსაც კონტინენტის შვეიცარიასაც კი უწოდებენ, დემოკრატიის შთამბეჭდავი ინდექსისა და ცხოვრების მაღალი დონის გამო.
ურუგვაი ასევე ლიდერია, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებლითაც. აღნიშნული ინდიკატორები დღითიდღე იზრდებოდა მას შემდეგ, რაც 80-იან წლებში ქვეყანაში სამხედრო დიქტატორული რეჟიმი დამარცხდა და ეტაპობრივად, დემოკრატიულით ჩანაცვლდა.
ძალიან მღელვარე და ტურბულენტური ისტორიის მქონე ურუგვაი სხვადასხვა დროს, სისხლისმღვრელ ომებსა და დაუსრულებელ კონფლიქტებში ერთვებოდა. სწორედ ურუგვაი იყო ესპანეთის, პორტუგალიისა და დიდი ბრიტანეთის დაპირისირებათა ერთ-ერთი მთავარი სცენა სამხრეთ ამერიკაში. ქვეყანა ჯერ ესპანელთა ბატონობის ქვეშ მოექცა – რომელთაც დედაქალაქი მონტევიდეო დააფუძნეს 1726 წელს – ხოლო შემდეგ კი 1816-ში ბრაზილიის ნაწილი გახდა პორტუგალიელთა ანექსიის შედეგად.
თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით ორგანიზებული არაერთი სახალხო აჯანყება 1825 წელს დასრულდა, როდესაც ურუგვაელებმა და არგენტინელემა რიო დელა პლატას გაერთიანებულ პროვინციათა ფედერაცია დააფუძნეს და 500-დღიანი სისხლისმღვრელი ომი დიაწყეს ბრაზილიელების წინააღმდეგ. აღნიშნული სამხედრო დაპირისპირება დიდი ბრიტანეთის მედიაციით შეწყდა. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ კონფლიქტს არც გამარჯვებული და არც დამარცხებული არ გამოუვლენია. მხოლოდ 1828 წელს, მონტევიდეოს ტრაქტატის წყალობით, ურუგვაი სრულად დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
ვერც დამოუკიდებლობის მოპოვებამ მოუტანა სიმშვიდე და სტაბილურობა ქვეყანას, რადგან ურუგვაი ხანგრძლივ სამოქალაქო ომში ჩაერთო. 1839-1852 წლებში მიმდინარე შიდა დაპირისპირების უმთავრესი მიზეზი პოლიტიკური პოლარიზაცია იყო კონსერვატორ “Blancos” და ლიბერალ “Colorados” შორის. ომში ლიბერალებმა გაიმარჯვეს. შედეგად, “Colorados” გუნდმა მონობა და სიკვდილით დასჯა გააუქმა. პოლარიზებული გარემო ეტაპობრივად დაარეგულირა და შედეგად, 1870-დან 1929 წლამდე ურუგვაიმ კონტინენტისათვის არნახული ეკონომიკური აღმავლობა მოახერხა.
ქვეყანაში უამრავი ესპანელი და იტალიელი იმიგრანტი დასახლდა, განვითარდა ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, თევზჭერა, ინდუსტრია და მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნის გეოპოლიტიკური როლი. თუმცა “დიდი დეპრესიის” უმძიმესმა შედეგმა ურუგვაიზეც მოახდინა უდიდესი გავლენა, რამაც ქვეყანაში ნოყიერი ნიადაგი წარმოქმნა არასტაბილურობისა და სამხედრო ხუნტების არსებობისათვის.
ძალიან ბევრი საერთაშორისო მკვლევარის აზრით, “დიდი დეპრესიის” პირდაპირი და ირიბი შედეგებისაგან ურუგვაიმ თავი მხოლოდ 1984 წელს დააღწია, როდესაც დიდი ხნის შემდეგ, პირველად, ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დემოკრატიულით ჩანაცვლდა. სწორედ აღნიშნული პერიოდან იღებს სათავეს ურუგვაის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც განსაკუთრებით დინამიური 2004 წლიდან, “Frente Amplio”-ს კოალიციის გამარჯვების წყალობით ხდება.
მოგვიანებით, 2009 წელს პრეზიდენტად ხოსე “პეპე” მუხიკას ირჩევენ და ურუგვაის დემოკრატიული ტრანსფორმაცია კიდევ უფრო შეუქცევად ფორმას იღებს. მუხიკას მმართველობისას, ურუგვაი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დემოკრატიად იქცა, სიღარიბის თითქმის ნულოვანი მაჩვენებლითა და სახელმწიფო ინსტიტუტების სამაგალითო სიმყარით. ამ მოკლე ისტორიულ პერიოდში გახდა ეს სამხრეთამერიკული ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული (23-ე ადგილი Transparency International-ის 2018 წლის მონაცემებით), თავისუფალი (მე-19 ადგილი World Press Freedom Index-ის 2019 წლის მონაცემებით) და მიმზიდველი (მე-6 ადგილი Inclusive Development Index-ის 2017 წლის მონაცემებით) სახელმწიფო.
რაც შეეხება ურუგვაის მოსახლეობას, მისი 88%-ს ევროპული ფესვები აქვს (44% იტალიელია). შესაბამისად, ეს ქვეყანა კულტურულად და პოლიტიკურად ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული “ბებერ” კონტინენტთან. რეგიონულ დონეზე, კონტაქტები ინტენსიურია დიდ მეზობლებთან – არგენტინასა და ბრაზილიასთან. გარდა ამისა, ბოლო წლებში ჩინეთმა შეიძინა უდიდესი ეკონომიკური დატვირთვა და მონტევიდეოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი გახდა პარტნიორი.
საგარეო პოლიტიკის კუთხით, ქვეყანას ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს: ახალი ბაზრების ათვისება და პოლიტიკურად მნიშვნელვან მეზობლებთან ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, რაც შესამჩნევი წარმატებით გამოსდის ყველაზე ევროპული იდენტობის მქონე პატარა სახელმწიფოს არასტაბილურ სამხრეთ ამერიკაში.
გრიგოლ ჯულუხიძე
უფროსი მკვლევარი