„სამთავრობო კრიზისი რუსეთში“ – რას გულისხმობს პუტინის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო რეფორმა?

მიმდინარე კვირა საერთაშორისო ურთიერთობებში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით აღინიშნა. მსოფლიო მედიის განსაკუთებული ყურადღების ცენტრში კრემლში განვითარებული მოვლენები მოექცა. 15 იანვარს, ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთის ხელისუფლება სრული შემადგენლობით გადადგა. ამასთან, ქვეყნის პრეზიდენტმა – ვლადიმერ პუტინმა, მოსახლეობისადმი ყოველწლიურ მიმართვაში საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა, რომელიც უახლოეს მომავალში რეფერენდუმზე გავა.

რა საკითხებზე ისაუბრა პუტინმა და რა ცვლილებებს ითვალისწინებს მის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო რეფორმა? 

საკუთარ მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე ფუნდამენტურ თემაზე ისაუბრა. გამოსვლის შესავალ ნაწილში მან ყურადღება  რუსეთში არსებულ დემოგრაფიულ კრიზისზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ პრობლემის დაძლევა რუსეთის ხელისუფლების და კონკრეტულად  მის პრიორიტეტს წარმოადგენს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რუსეთში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და მისი დაძლევის გეგმები იყო. ამ მხრივ, პუტინის პრიორიტეტი სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა და სიღარიბის დაძლევაა. რუსეთში ეკონომიკური და სოციალური ვითარების გასაუმჯობესებლად პუტინს ორპუნქტიანი გეგმა აქვს: 1) დიდი რაოდენობით საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა – რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, მომავალ 2021 წელს რუსეთში ათეულობით მილიარდი დოლარის რაოდენობის უცხოური ინვესტიცია შემოვა; 2) რუსი მოქალაქეებისთვის სოციალური პაკეტის გაუმჯობესება – პუტინის გამოსვლის უმთავრესი გზავნილი სახელმწიფოს მიერ აღებულ ახალ სოციალურ ვალდებულებებს შეეხო. პუტინმა დააანონსა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზრდება ე.წ. “დედობრივი კაპიტალის” რაოდენობა, რაც გულისხმობს, ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავლის გამოყოფას იმ ოჯახებისთვის, რომელთაც 7 წლამდე ბავშვი ჰყავთ. გარდა ამისა, 2020 წლიდან საჯარო სკოლებში თითოეული ბავშვის კვების ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს. გამოსვლის ბოლო ნაწილში პუტინმა ქვეყნის თავდაცვითი პოტენციალის განვითარებაზე ისაუბრა. მან სიამაყით აღნიშნა, რომ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე პირველად, რუსეთი შეიარაღების მხრივ სხვა სახელმწიფოებს არ ჩამორჩება. მისი შეფასებით, ბირთვული არსენალის მოდერნიზაციამ, სარაკეტო და ანტისაჰაერო სისტემების განვითარებამ რუსეთი  მსოფლიოში წამყვან სამხედრო ძალად აქცია, რომლის შესაძლებლობებსაც ყველა ქვეყანა სათანადოდ უნდა აფასებდეს. 

მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი სახელმწიფოს მართვის მოდელშიც. პუტინის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო რეფორმის პაკეტი რამდენიმე ფუნდამენტურ ცვლილებას გულისხმობს: 1) პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება; 2) ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტს თანამდებობის დაკავება მხოლოდ 2 ვადის განმავლობაში შეეძლება; 3) გამკაცრდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის კრიტერიუმები. რეფორმის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატს ეკრძალება ორმაგი მოქალაქეობისა და საზღვარგარეთ მუდმივი საცხოვრებლის ქონა; 4) იზრდება სახელმწიფო საბჭოს როლი, რომელიც უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო ხდება; 5) იზრდება პარლამენტის უფლებამოსილება – საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებს პრემიერ მინისტრის დანიშვნა და მისი კაბინეტის დამტკიცებაც ემატება; 6) კანონდება რუსეთის კონსტიტუციის პრიმატი სხვა იურიდიულ აქტებთან, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან მიმართებით.

რას ნიშნავს საკონსტიტუციო ცვლილებების ეს მოდელი? 

საკონტიტუციო ცვლილებების ეს მოდელი იმას ნიშნავს, რომ პუტინი გარკვეული მიზეზების გამო (შიდა პოლიტიკური მოხმარება, მისი, როგორც დემოკრატი მმართველის იმიჯი და საერთაშორისო წნეხი) უარს ამბობს ქვეყანაში დიქტატურის ოფიციალურად დამყარებაზე, თუმცა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ის ცდილობს რუსეთის კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას. ზემოხსენებული ცვლილებები გვაფიქრებინებს, რომ 2024 წლისთვის, როდესაც რუსეთის ლიდერს მანდატის ვადა ამოეწურება, ის გახდება პრემიერმინისტრი (როგორც ეს 2008 წელს გააკეთა) ან სათავეში ჩაუდგება ახლადგაფართოებულ სახელმწიფო საბჭოს.  გარდა ამისა, შემოთავაზებული რეფორმები გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მემკვიდრის ძიების ახალ ეტაპზე გადავიდა, რისი მანიშნებელიც საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის გამკაცრებული მოთხოვნათა ჩამონათვალია. რაც შეეხება ეკონომიკას, როგორც ჩანს, უკანასკნელ ხანებში პუტინმა ამომრჩევლის გულის მოსაგებად საკმაოდ მემარცხენე კურსი აიღო, რაც სახელმწიფოსთვის სხვადასხვა სოციალური ვალდებულებების აკიდებას გულისხმობს. 

საკონსტიტუციო ცვლილებები: რატომ ახლა და რა არის პუტინის ძირითადი მიზანი? 

ზემოხსენებული რეფორმის განხილვისას ჩნდება  საკმაოდ ლოგიკური კითხვა: რატომ დააანონსა პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებები მაინცდამაინც ახლა და ძალაუფლების გახანგრძლივების გარდა, აქვს თუ არა მას  სხვა რაიმე მიზანი? საერთაშორისო ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები (განსაკუთრებით ეკონომიკურ და სოციალურ ნაწილში) მნიშვნელოვნად გაზრდის ბოლო ხანებში  პუტინის საკმაოდ შერყეულ რეიტინგს. 2019 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც რუსეთში საკმაოდ არაპოპულარული საპენსიო რეფორმა დაანონსდა, პუტინის რეიტინგი განუხრელად მცირდება. მაგალითად, თუ 2015 წლისთვის ის 90%-ს აღწევდა, ახლა მისი პოპულარობის მაჩვენებელი 50-55%-მდეა შემცირებული, რაც შესაძლოამის პირად ანტირეკორდად ჩაითვალოს. რა უნდა მოიმოქმედოს რუსეთის პრეზიდენტმა რეიტინგის აღსადგენად? როგორც წესი, შიდა პოლიტიკური პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღების გადასატანად ავტორიტარი ლიდერები საგარეო პოლიტიკურ ავანტიურებს მიმართავენ ხოლმე, თუმცა, რუსეთის ფედერაცია უკვე ჩართულია აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომსა და სირიის კონფლიქტში, რაც კრემლის ახალ ავანტიურაში ჩართვის ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. რა იქნება პუტინისთვის რეიტინგის აღდგენის საუკეთესო საშუალება, თუ არა განტევების ვაცად მოქმედი ხელისუფლების გამოყვანა, მისი გადაყენება და მოსახლეობისთვის ახალი სოციალური პაკეტის შეთავაზება? ბუნებრივია, პუტინი იმედოვნებს, რომ  გათამაშებული სცენარი მის რეიტინგს ისევ ტოპ ნიშნულზე დააბრუნებს. 

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ პუტინის მიერდაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ორი ძირითადი მიზანია: 1) უზრუნველყოს მისი გავლენის შენარჩუნება საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგაც; 2) შეაჩეროს მისი რეიტინგის ვარდნა და პრეზიდენტი ისევ პოპულარობის ზენიტში დააბრუნოს. რამდენად მოახერხებს რუსეთის ლიდერი ზემოხსენებული მიზნების მიღწევას ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s