რუსეთ-ბელარუსის კრიზისი

5d7f372402e8bd3a106a1bee.png

რუსეთსა და ბელარუსს შორის პოლიტიკური ურთიერთობების 2019 წლის ბოლოს დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი მოლაპარაკებები რუსული ბუნებრივი აირის ფასის შესახებ ბელარუსისათვის არცთუ სასურველი სცენარით წარიმარათა. ბელარუსი 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასს არა 127 ამერიკულ დოლარად, არამედ იმდენივე ფასში ითხოვდა, რამდენსაც ბელარუსის მეზობლად, რუსეთის სმოლენსკის რეგიონი იღებს. ბუნებრივია, რუსეთს ყველაზე ერთგული მოკავშირის დაკარგვა არ სურს, თუმცა განცხადებები, რომელიც ოფიციალური კრემლის მხრიდან გაკეთდა საკმაოდ მწვავე იყო. ვლადიმერ პუტინმა წამოწია საკითხი, რომელიც ბელარუსის სუვერენიტეტისათვის საფრთხის შემცველია. ოფიციალური კრემლი იხსენებს 1999 წელს მიღწეულ შეთანხმებას რუსეთსა და ბელარუსს შორის ერთიანი სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რის შედეგადაც უნდა დაწყებულიყო ორი სუვერენული ერთობის ერთიან სუპრანაციონალურ ან ერთ სახელმწიფოდ გარდაქმნა. სწორედ ამ შეთანხმების რეალიზების შემდეგ ხდებოდა შესაძლებელი რუსული გაზის ბელარუსისათვის იმავე ფასში მიწოდება, რა ფასშიც რუსეთის რეგიონები მარაგდებიან. რა თქმა უნდა, ბელარუსისათვის აღნიშნული შეთანხმება კარგადაა ცნობილი და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს არაერთხელ გამოუყენები იგი თავის სასარგებლოდ! მაგრამ მოცემულ შემთხვევაში გარემოებები შეცვლილია.

საკითხის უკეთ გასაანალიზებლად აუცილებელია უკეთ გავეცნოთ შეთანხმების პირობებს, ისევე როგორც ისტორიულ და პოლიტიკურ ასპექტებს. ორ ქვეყანას შორის ინტენსიური კავშირები 1996 წლიდან არსებობს. 1996 წლის 2 აპრილს დაარსდა რუსეთისა და ბელარუსის თანამეგობრობა, ხოლო მომდევნო წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური გაერთიანების შესახებ. სწორედ ეს დოკუმენტი გახდა წინაპირობა 1999 წლის დეკემბერში რუსეთსა და ბელარუსს შორის დადებული დოკუმენტისა ერთიანი სახელმწიფოს შექმნის შესახებ. შეთანხმება მიუთითებს ყოვლისმომცველ ინტეგრაციაზე. ძირითად სფეროებად გამოყოფილია საბაჟო კონტროლი, ერთიანი სატარიფო სისტემის არსებობა, მსგავსი ვალუტა, იდენტური საგადასახადო სისტემის არსებობა, გაზიარებული ბიუჯეტი, ისევე როგორც საერთო საგანმანათლებლო სისტემა და კონსტიტუციის ფორმირება, რომელმაც ერთიანი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება უნდა განსაზღვროს.

აღნიშნული შეთანხმების სრული რეალიზება კონფედერაციული სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინაპირობა შეიძლება გახდეს რის შედეგადაც წევრი სახელმწიფოები თავიანთი სუვერენიტეტის უმეტეს ნაწილს თმობენ და ურთიერთსაზიაროს ქმნიან. ეს კი ბელარუსის პოლიტიკური ელიტისათვის, ამ ეტაპზე, მიუღებელია. სწორედ ამიტომ მიუხედავად შეთანხმებიდან 20 წლის გასვლისა, კონფედერაციული სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ შორია. ესაა მიზეზი იმისა, რომ კრემლი ოფიციალურად მოითხოვს ინტეგრაციის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაცრი ბერკეტების ამოქმედებით იმუქრება.

1999-2019 წლებში ბელარუსსა და რუსეთს შორის მხოლოდ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმდა 30-ზე მეტი შეთანხმება. ბელარუსის საჰაერო ცის კონტროლსა და მონიტორინგს რუსეთი ახორციელებს, ხოლო თავდაცვის ძალები, ძირითადად, რუსულ სამხედრო ძალებთან ერთად გადის წრთვნას. ბელარუსი ძალოვნების დიდი ნაწილი რუსეთისადმი პოზიტიურად და ლოალურად არის განწყობილნი, ხოლო მოსახლეობის ნაწილი რუსულისაგან განსხვავებულ იდენტობას არც კი აფიქსირებს.

უფრო მჭირდროა კავშირი ეკონომიკურ სფეროში. ფასწარმოებისა და საგადასახადო სფეროში რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაცია წარმატებით მიმდინარეობს. რუსული ყოველწლიური ინვესტიციები ბელარუსში რამდენიმე ასეულ მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, ხოლო ბელარუსული პროდუქციის საექსპორტო ბაზრის ძირითადი წილი ასევე რუსეთზე მოდის. ორ სახელმწიფოს შორის 2500-ზე მეტი საერთო ბიზნეს ინვესტიცია არსებობს, რაც მოგების თანაბარ განაწილებასაც გულისხმობს. რუსული და ბელარუსული კორპორაციების ურთიერთანამშრომლობა კი წლიდან წლამდე მატულობს.

მიუხედავად მჭიდრო თანამშრომლობისა, ორ სუბიექტს შორის ურთიერთკავშირისა და ინტეგრაციის შესახებ განსხვავებული ხედვები არსებობს როგორც რუსეთში ისე ბელარუსში. ალექსანდრე ლუკაშენკოს გააზრებული აქვს, რომ კონფედერაციის პირობებში შემცირდება არამხოლოდ მისი ზეგავლენა ბელარუსში, არამედ დაიკარგება ქვეყნის სუვერენიტეტის დიდი ნაწილი. მეორეს მხრივ, ბელარუსის მოსახლეობაში არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ინტეგრაციის შესახებ. ცენტრალური და ჩრდილოეთ ბელარუსი დიდწილად რუსულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობისაგან შედგება. უმეტეს მათგანს თანაბრად აქვთ როგორც ბელარუსული ისე რუსული იდენტობა. შესაბამისად ინტეგრაცია მათთვის სერიოზულ გამოწვევას არ წარმოადგენს და პროცესს აქტიურადაც უჭერენ მხარს. განსხვავებული მდგომარეობაა სამხრეთ და დასავლეთ ბელარუსში, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ბელარუსულ ენაზე საუბარობს და იდენტობაც რუსულისაგან გამოკვეთილად განსხვავებული აქვთ. ისინი მეტ სიახლოვეს პოლონეთთან და უკრაინასთან უფრო ნახულობენ, ვიდრე რუსეთთან. პოტენციური კრიზისი ორ სახელმწიფოს შორის ბელარუსული იდენტობის განვითარების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

არაერთგვაროვანია რუსი მოსახლეობის მიდგომა ერთიანი სახელმწიფოს იდეასთან მიმართებით. მოსახლეობის ნაწილი მიესალმება ბელარუსის ინტეგრაციას და მიუთითებს ეთნო-ლინგვისტურ მსგავსებაზე ორ ერს შორის. იდეას მხარს უჭერენ როგორც ნაციონალისტები ისე ოფიციალური კრემლი. მეორეს მხრივ მოსახლეობაში მოცემულია გამოკვეთილად განსხვავებული აზრიც, რომლის მიხედვითაც ინტეგრაციის შემთხვევაში რუსეთს მოუწევს დამატებით ათი მილიონი ახალი მოქალაქის გამოკვება, რაც ისედაც სტაგნაციაში მყოფ რუსულ ეკონომიკას კიდევ უფრო დაასუსტებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც პოლიტიკური განზომილებაა. ოფიციალური კრემლი მაქსიმალურად ცდილობს გაზარდოს თავისი საერთაშორისო წონა და ზეგავლენა. ბელარუსი კი წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან მომიჯნავე ტერიტორიას პოლონეთის, უკრაინისა და ბალტიისპირეთთან მოსაზღვრედ. რუსეთის მიერ მისი პირდაპირი კონტროლი მთლიანად შეცვლის გეოსტრატეგიულ მდგომარეობას აღმოსავლეთ ევროპაში.

აღნიშნავია დემოგრაფიული პრობლემაც. რუსეთის მოსახლეობა სწრაფად მცირდება. მზარდ ემიგრაციას ემატება სიკვდილიანობის ზრდა და შობადობის ნაკლებობა. უკანასკნელი გამოწვევა განსაკუთრებით გამოხატულია ეთნიკურად რუსულ მოსახლეობაში, რომელთა საერთო წილიც მცირდება. შესაბამისად ბელარუსის ინტეგრაციით აღნიშნული პრობლემა დროებით კიდევ უფრო შორს გადაიწევს.

სულ სხვა საკითხია რუსეთის მოქმედი პოლიტიკური ელიტის გათვლებიც. ხელისუფლების რეიტინგის ზრდის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება სწორედ საგარეო პოლიტიკური წარმატებაა. შესაბამისად ბელარუსის ინტეგრაციის დაჩქარება კრემლისათვის პოლიტიკურ მიღწევად შეიძლება იქნას მონათლული. გარდა ამისა 2024 წელს ვლადიმერ პუტინს და მის ხელისუფლებას უმთავრდება საპრეზიდენტო ვადა, რის შემდეგაც, ერთ-ერთ ვარიანტად, მისი რუსულ-ბელარუსის კავშირის ოფიციალური ხელმძღვანელობა განიხილება.

ზემოაღნიშნული მიზეზების ერთობლიობას 2019 წლის დეკემბერში წამოჭრილ პრობლემებამდე მივყვავართ. ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცეში შენელებულია, ხოლო არსებული შეთანხმების 90% ჯერ კიდევ შესასრულებელი. ლუკაშენკომ კი მინსკიდან განცხადება გაავრცელა, რომ მას არ სურს ბელარუსის სუვერენიტეტის დათმობა და იხუმრა კიდეც, რომ თუკი რუსეთს უნდა შეუძლია წარმატებით განახორციელოს ბელარუსთან ინტეგრაცია და არა პირიქით.

არსებული პრობლემები ორ სახელმწიფოს შორის მხოლოდ გაზის ტარიფსა და 34 მილიარდიან ურთიერთვაჭრობიდან მიღებული სარგებლის თანაბარ გადანაწილებას არ უკავშირდება. ლუკაშენკოს მთვრობა წლების განმავლობაში ირგებდა მოქნილ როლს და წარმატებით ცდილობდა მიეღო სარგებელი როგორც რუსეთისაგან ისე ევროკავშირისაგან. ცხადია ეს კრემლში კარგად იციან თუმცა აქამდე რუსეთის ხელისუფლება ბელარუსთან ურთიერთობის კარდინალურად გადახედვის საშუალება არ ჰქონია და არც ჩქარობდა, რადგან ლუკაშენკოს მთავრობას მუდმივად გააჩნდა ევროპული ალტერნატივა, ხოლო ბელარუსის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე გამოკვეთილი ჯერ კიდევ არ ყოფილა. თუმცა თანდათან კრემლის მიდგომა უფრო ხისტი ხდება. მას საბოლოოდ სურს გადაჭრას ბელარუსის ხელისუფლების ორაზროვანი მოქმედებების პრობლემა და დააჩქაროს ინტეგრაცია. ამისათვის კრემლში არც ხისტ განცხადებებს მოერიდებიან და არც გაზის ტარიფის ზრდას. სულ სხვა საკითხია რამდენად მოხერხდება მუქარითა და ფინანსური პრობლემებით, ისევე როგორც სამხედრო-ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით ბელარუსის ერთიან სახელმწიფოში ინტეგრაცია, თუმცა ნათელია, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა ბევრად უფრო მწვავეა ვიდრე ეს აქამდე ჩანდა.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s