
2019 წლის 5 დეკემბერს, ფინეთის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ (SUPO) წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება მიმდინარე და სამომავლო საფრთხეებსა თუ გამოწვევებზეა გამახვილებული. მოხსენებაში ორი უმთავრესი აქტორი იკვეთება – რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომლებიც “უწყვეტ რეჟიმში ეწევიან ძირგამომთხრელ საქმიანობას ფინეთში”.
ანგარიშში, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების ინტერესის 4 ძირითადი მიმართულება იკვეთება:
- სახელმწიფო ინსტიტუტები და მოქალაქეები;
- კიბერ სივრცე;
- ტერორიზმი;
- ჰიბრიდული ომი.
ამ ჩამონათვალში განსაკუთრებული ადგილი რუსეთის ფედერაციას უკავია, რომელიც უკანასკნელი წლის მანძილზე, აქტიურად ცდილობობდა ფინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების მიზანმიმართულ პარალიზებას. გარდა ამისა, კრემლის ინტერესის სფეროებს წარმოადგენს ბალტიის ზღვა, არქტიკის სივრცე, ჰელსინკისა და ნატოს ურთიერთობები, სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ფინეთში და ენერგო პოლიტიკა.
თუკი რუსეთის ფედერაცია საკუთარი გავლენის ზრდას პროპაგანდისტული ოპერაციებითა და შენიღბული აგენტების ფინანსირებით ცდილობს, ჩინეთის ტაქტიკა, ფინეთში ეკონონომიკური ექსპანსია და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებაა. მაგალითისათვის, Huawei შეგვიძლია ვახსენოთ, რომელიც არაერთი სახელმწიფოს საიდუმლო სამსახურის დასკვნით, ჩინეთის საგარეო დაზვერვის უმნიშვნელოვანესი აქტორია.
SUPO-ს დირექტორის, ანტი პოლტარის თქმით, რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები სარგებლობენ როგორც დიპლომატიური იმუნიტეტით, ისე ცხოვრების მუდმივი უფლებით ფინეთში. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც სპეცსამსახურების წარმომადგენლები კონკრეტული მოკლევადიანი მისიით სტუმრობენ ქვეყანას.
რეკომენდაციის სახით, ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის აუცილებლობაზე, 5G ტექნოლოგიის განვითარებასა და სააზვერვო კუთხით ინვესტიციების გაზრდაზე.
გრიგოლ ჯულუხიძე
უფროსი მკვლევარი