აშშ-ირანის დაპირისპირება: რეგიონული ინტერესები და მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარი

ახალი ათწლეულის დასაწყისი საერთაშორისო პოლიტიკაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაციით აღინიშნა. 2020 წლის 3 იანვარს, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე წერტილოვანი საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმას ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის (IRGC) ერთ-ერთი ელიტური დაჯგუფების – QUDS-ის მეთაური, მაღალი რანგის სამხედრო პირი, გენერალი ქაზიმ სულეიმანი ემსხვერპლა. საერთაშორისო ექსპერტთა ერთი ნაწილის შეფასებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმა ირანისთვის დე-ფაქტო „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადებაა. ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი თავდასხმის ორგანიზატორებს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ სულეიმანის მკვლელობა ირანის ანტიამერიკულ წინააღმდეგობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მუქარაზე საპასუხოდ, ტრამპმა რეგიონში დამატებით 3000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

ზემოხსენებული გენერალი სულეიმანი ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიას 1980 წელს შეუერთდა. ის მონაწილეობდა 1980-88 წლებში მიმდინარე ირან-ერაყის ომში. ომის შემდეგ ის დაწინაურდა და 1998 წლიდან, QUDS-ის ძალებს ჩაუდგა სათავეში. საერთაშორისო მიმომხილველთა შეფასებით, სწორედ გენერალმა სულეიმანმა შექმნა პოსტრევოლუციური ირანის რეგიონული პოლიტიკა. ის მხარს უჭერდა ირანის მიერ შიიტური სამყაროს კონსოლიდაციის გეგმას, რისთვისაც იყენებდა სამხედრო კავშირებს რეგიონის სახელმწიფოებში და აფინანსებდა პროირანულ მილიტარისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის ჰამასსა და ჰეზბოლას, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების კლასიფიკაციით, ტერორისტული დაჯგუფებებია. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, თეირანის მთავარი მიზანი მეზობელ სახელმწიფოებში (სირია, ერაყი, ლიბანი, იემენი, ბაჰრეინი და ა.შ.) შიიტური ძალების მხარდაჭერა და მათი საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევა გახდა. ირანი განსაკუთრებით გააქტიურდა ერაყში აშშ-ის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, როდესაც ახალი კონსტიტუციით, შიიტებმა – რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 2/3-ს შეადგენდნენ – განსაკუთრებული პრივილეგიები მიიღეს. სირიის სამოქალაქო ომის საწყისი ეტაპიდანვე თეირანის ძირითადი ინტერესი ასადის რეჟიმის შენარჩუნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ სირიის მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, ქვეყანას 1970-იანი წლებიდან ალავიტური კონფესიის მიმდევარი ასადების ოჯახი მართავს. მეტად სავარაუდოა, რომ სირიის სამოქალაქო ომში ასადის დამარცხების შემთხვევაში, ხელისუფლების სათავეში სუნიტური ძალები მოვიდოდნენ, რაც თეირანისთვის ავტომატურად გავლენის ზონის დაკარგვას ნიშნავდა. დღესდღეობით, ირანის მთავარი გეოპოლიტიკური ინტერესი რეგიონში შიიტური ღერძის (ირანი, სირია, ერაყი) შენარჩუნება და პროირანული ძალების მხარდაჭერით (ჰეზბოლა, ჰამასი და ა.შ.) აშშ-სა და ისრაელის გავლენის შესუსტებაა. 

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მას ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ძირითადი ინტერესი გააჩნია: 1. შეინარჩუნოს წამყვანი სამხედრო და პოლიტიკური ძალის სტატუსი; 2. მიიღოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი, რაც, დიდწილად, ნავთობ პროდუქტებზე დაბალი ფასების შენარჩუნებით გამოიხატება; 3. შეაკავოს ირანული რეჟიმის რევიზიონიზმი, რისთვისაც ის რეგიონში ორ ძირითად მოკავშირეს – ისრაელსა და საუდის არაბეთს ეყრდნობა; 4. აღკვეთოს რუსეთისა და თურქეთის დაახლოების ნებისმიერი მცდელობა, რაც ხელს შეუწყობს მოსკოვის მიერ რეგიონში ფეხის მყარად მოკიდებას. 

ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აშშ-ირანის ურთიერთობები ნულოვანჯამიან თამაშს (Zero-sum game) წარმოადგენს, სადაც ერთი მხარის აბსოლუტური გამარჯვება მეორე მხარისთვის აბსოლუტურ დამარცხებად აღიქმება. 

როგორ შეიძლება განვითარდეს აშშ-ირანის კონფლიქტი? რა შეიძლება მოიმოქმედოს ირანულმა რეჟიმმა გენერალ სულეიმანის მკვლელობის საპასუხოდ (შურისძიებისათვის)? ქვემოთ მოკლედ განვიხილოთ მოვლენების განვითარების 4 შესაძლო სცენარს: 

სცენარი 1 – ირანის ღია თავდასხმები აშშ-ის ახლოაღმოსავლურ კონტინგენტზე და ამერიკულ ნავთობკომპანიებზე – ეს ვარიანტი ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმა ვაშინგტონისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია. ასევე ნაკლებად სავარაუდოა ამერიკულ ნავთობკომპანიებზე თავდასხმებიც, რადგან ასეთ შემთხვევაში იზრდება შანსი, რომ აშშ ირანს კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, რაც თეირანისთვის ერთგვარად ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევას ნიშნავს; 

სცენარი 2 – აშშ-ს სრულმასშტაბიანი პრევენციული ომი ირანის წინააღმდეგ – ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, აშშ დაიწყებს სრულმასშტაბიან ინტერვენციას ირანის ტერიტორიაზე. საერთაშორისო ლეგიტიმაციის მისაღებად, ის გაეროს უშიშროების საბჭოში წამოჭრის ბირთვული იარაღის საკითხს, რომელზეც ირანი უკვე ათწლეულებია მუშაობს. ასეთ შემთხვევაში, გამოვა, რომ ვაშინგტონი იწყებს პრევენციულ ომს იქამდე, სანამ თეირანი შექმნის სტრატეგიულ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში აშშ-ს კონტინენტურ ნაწილამდე მიღწევა შეეძლება. ამგვარი ლოგიკით ირანი აშშ-სთვის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის გასანეიტრალებლად ვაშინგტონს ირანთან წინმსწრები ომის (Preemptive war) დაწყება მოუწევს. ამ მსჯელობას ამყარებს ბოლო პერიოდში აშშ-ის შიდა პოლიტიკაში მომხდარი მოვლენები (ტრამპის იმპიჩმენტი). შიდა პოლიტიკური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად, მსოფლიო ლიდერების გარკვეული ნაწილი იწყებს საგარეო პოლიტიკურ ავანტიურებს (ე.წ. Scapegoating). მიუხედავად ამისა, მოვლენების განვითარების ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა ორი ძირითადი მიზეზის გამო: 1. ავტორიტარული რეჟიმებისგან განსხვავებით, აშშ ლიბერალური დემოკრატიაა, სადაც ხშირად ქვეყნის ლიდერის მიერ წამოწყებული საგარეო ავანტიურა მის რეიტინგზე უარყოფითად აისახება (ლინდონ ჯონსონისა და ჯორჯ ბუში უმცროსის რეიტინგის მკვეთრი კლება ვიეტნამისა და შესაბამისად, ერაყის ომებში აშშ-ს ჩართვის შემდგომ პერიოდში); 2. ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები – ტრამპი კენჭს იყრის მეორე ვადით ასარჩევად, რისთვისაც მას მოუწევს როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი მოწინააღმდეგეების დამარცხება. აშშ-ს ინტერვენცია ირანში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი კამპანია დროში გაიწელება, უარყოფითად იმოქმედებს გადასახადების გადამხდელთა შემოსავალზე, რაც, აუცილებლად აისახება ელექტორატის განწყობებზეც;

სცენარი 3 – პროირანული დაჯგუფებების თავდასხმები ამერიკელ მოქალაქეებზე – ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯინა ჰასპელი შიშობს, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდებიან ირანის მიერ დაფინანსებული სამხედრო დაჯგუფებები (ჰეზბოლა, ჰამასი და ა.შ.). ნიუ-იორკის მერის, ბილი დე ბლაზიოს შეფასებით, არსებობს მოლოდინი, რომ ბაღდადის აეროპორტზე თავდასხმის საპასუხოდ აშშ-ში გახშირდება ტერორისტული აქტები;

სცენარი 4 – Proxy War – საერთაშორისო ექსპერტების ერთი ნაწილის შეფასებით, ვაშინგტონი და თეირანი გააგრძელებენ გავლენებისთვის ბრძოლას მათ მიერ კონტროლირებადი აქტორების ხელშეწყობის გზით. თუმცა, უნდა ითქვას, ვაშინგტონისთვის ამგვარი მიდგომა, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია. ერაყში აშშ-ს ძირითადი დასაყრდენი ადგილობრივი ხელისუფლებაა, რომელიც, ვაშინგტონის პოლიტიკას სულ უფრო კრიტიკულად აფასებს. იდლიბზე თავდასხმასთან ერთად სირიის სამოქალაქო ომიც დასასრულს მიუახლოვდა. ასადმა, მოსკოვისა და თეირანის დახმარებით, ხელისუფლება შეინარჩუნა, რაც, ბუნებრივია, საერთაშორისო საზოგადოებაში აშშ-ის მარცხად აღიქმება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში ირანის გავლენა რეგიონზე მაქსიმალურად გაფართოვდა და დრო შეერთებული შტატების სასარგებლოდ არ მუშაობს. ტრამპის ფრთხილი და ზომიერად იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა გვაფიქრებინებს, რომ ვაშინგტონი ახლო მომავალშიც გააგრძელებს „სხვისი ხელებით ომის პოლიტიკას“. 

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობასთან ერთად, ირან-აშშ-ის კონფლიქტი ახალ საფეხურზე გადავიდა. როგორ განვითარდება მოვლენები ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, ერთი რამ ნათელია: ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა ახლო აღმოსავლეთზე წლიდან წლამდე მცირდება, რაც ძალთა ბალანსს რევიზიონისტული ძალების (რუსეთი, ირანი) სასარგებლოდ დრამატულად ცვლის.

გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s