რამდენიმე სიტყვა ვიშეგრადის გაერთიანების შესახებ

ვიშეგრადის ჯგუფი (V4) პოლონეთის ერთ–ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს, პოლუსს წარმოადგენს. თუნდაც იმიტომ, რომ არსებობს უამრავი გამოწვევა, რომელიც ერთობლივ, კოორდინირებულ პასუხს/მიდგომას საჭიროებს. V4 ეფექტურობის შესახებ არსებობს მრავალი ვარაუდი (დადებითიც და უარყოფითიც), თუმცა, ერთი რამ ნათელია – მიუხედავად ყველაფრისა, ამ რეგიონულ გაერთიანებას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს წევრი სახელმწიფოებისთვის.

განვიხილოთ ვიშეგრადის ჯგუფი ზოგადი თვალსაზრისით და განვსაზღვროთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს რეგიონული აქტორი.

ვიშეგრადის ჯგუფი წარმოადგენს პოლიტიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი 1991 წლის თებერვალს მოაწერეს პოლონეთმა, ჩეხოსლოვაკიამ და უნგრეთმა, საბჭოთა კავშირის დაშლის ბოლო ეტაპზე. თავდაპირველად, გაერთიანებას “ვიშეგრადის სამეული” ერქვა, მაგრამ ფორმატი შეიცვალა და 1993 წელს, როდესაც ჩეხოსლოვაკია ორ ნაწილად დაიყო, გაერთიანებას “ვიშეგრადის ოთხეული” ეწოდა და შესაბამისად, წევრ სახელმწიფოთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.

ქვეყნები, რომლებიც აღნიშნულ გაერთიანებას აკომპლექტებენ, დიდწილად მსგავს ისტორიულ წარსულს იზიარებენ, განსაკუთრებით კი მე-20 საუკუნეში.
1918 წელს, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, პოლონეთმა და ჩეხოსლოვაკიამ მცირე ხნით დამოუკიდებლობა მოიპოვეს, იქამდე, სანამ 1939 წელს ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა არ დაიპყრეს. უნგრეთი ომში 1941 წელს ჩაერთო (იტალიისა და ნაცისტური გერმანიის მხარეს). საბჭოთა ჯარების შემოსვლამ და მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამ ხანმოკლე თავისუფლება მოიტანა, რომელმაც მცირე ხანს გასტანა და 1955 წელს, ვარშავის პაქტში იძულებითი გაწევრიანებით დასრულდა. თავის მხრივ, საბჭოთა ბატონობამ მხოლოდ ტრაგიკული შედეგები მოიტანა – უნგრეთის აჯანყება1956 წელს, 1968 წლის “პრაღის გაზაფხული” და იმავე წლის ღრმა პოლიტკური კრიზისი პოლონეთში.

1991 წელს, საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ, ვიშეგრადის ოთხივე სახელმწიფომ გეზი დასავლეთისკენ აიღო. 1999-2004 წლებში, ნატოში გაწევრიანდნენ, ხოლო 2004-ში – ევროკავშირში.

ვიშეგრადის ქვეყნები წლების განმავლობაში ევროკავშირის ყველაზე დინამიურ ეკონომიკებს შორის იყვნენ. დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი შრომითი ხარჯები, “აგრესიული” შესვლა წარმოებისა დასამრეწველო მიწოდების ქსელში, განსაკუთრებით – ავტომობილების სექტორში. ამ მხრივ, სლოვაკეთია გამორჩეული – 198 ავტომობილი ყოველ ათას მოსახლეზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

ციფრები არაჩვეულებრივი ინდიკატორია ვიშეგრადის ქვეყნების ეკონომიკის ზრდის განსასაზღვრად. ჩეხეთი უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა ევროკავშირში (2.1%), ხოლო თავად ვიშეგრადის ჯგუფისთვის უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 3.9%-ს (ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი – 6.5%). V4 ქვეყნები განსაკუთრებით მიმზიდველი ინვესტიციების სფეროშია: ოთხი ქვეყნის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მთლიანი შიდა პროდუქტის 51%-ს უტოლდება (ევროპული მაჩვენებელი – 45%).

აღსანიშნავია ვიშეგრადის ფონდიც, რომელიც V4 სახელმწიფოების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული ფონდი, ძირითად, სამეცნიერო, კულტურულ და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს აფინანსებს.

ყოელწლიური როტაციის პრინციპით, V4-ს პრეზიდენტი სახელმწიფო ჰყავს, რომელიც გაერთიანების შეხვედრების მასპინძელი და სამუშაო ფორმატის განმსაზღვრელია. V4 მიზნად ისახავს თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინვესტიციები, ინფრასტრუქუტურა, ტექნოლოგიური კვლევები და ა.შ.

სფერო, რომელშიც თანამშრომლობა განსაკუთრებით სტრუქტურირებულია, გახლავთ თავდაცვა, სადაც გაერთიანების წევრებს სურთ შექმნან ფორმატი საერთო ინვესტიციებისა და ერთობლივი წვრთნებისათვის. უფრო მეტიც, 2016 წელს ოთხეულმა “Visegrád Battlegroup” ჩამოაყალიბა, რომელშიც ოთხი ქვეყნიდან 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა წარმოდგენილი, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ფარგლებში.

თუკი პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ეკონომიკური ორიენტირები პარალელურ გზებზე მოძრაობენ თითქმის მსგავსი სიჩქარით, საკმაოდ განსხვავებულია ოთხი ქვეყნის პოლიტიკური იდენტობა და საგარეო პოლიტიკა, ერთ-ერთი მთავარი ხაზგამყოფი რუსეთთან ურთიერთობებია: ერთი მხრივ, ვიქტორ ორბანი (უნგრეთის პრემიერ მინისტრი) და მილოშ ზემანი (ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი) მოსკოვთან ზედმეტად რბილი დამოკიდებულებით/რუსული საგარეო პოლიტიკისათვის მისაღები ნარატივი, ხოლო, მეორე მხრივ, პოლონეთი, რომელიც კრემლს ნომერ პირველ ეროვნულ საფრთხედ აღიქვამს და თავის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედროების რაოდენობის გაზრდაზე მუშაობს.

დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად V4–ის შიგნით არსებულ აზრთა სხვადახვაობისა, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და სიმპათიების თვალსაზრისით, ეს რეგიონული კავშირი თანამშრომლობი სეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და როგორც ცნობილი სლოვაკელი მკვლევარი, გრიგორი მესეჟნიკოვი აღნიშნავს: ”ვიშეგრადის ჯგუფი დაფუძნებულია ძირითადად ოთხი ერის საერთო ბედზე, რომლებიც წარსულში სხვადასხვა იმპერიების ნაწილები იყვნენ, მაგრამ დღეს ისინი ერთმანეთთან თანაარსებობენ, როგორც სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოები, რომელთა უსაფრთხოება გარანტირებულია ევროატლანტიკური საზოგადოების მიერ.”

გრიგოლ ჯულუხიძე
უფროსი მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s