
სახელმწიფოებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე მსჯელობისას, ისტორიაში მრავლად გხვდება პოზიტიური და ნეგატიური თავისებურებები, რაც მათი დინამიური ხასიათიდან გამომდინარეობს. პოლონურ-ქართული ურთიერთობა ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს, რომელშიც რთულია ყურადღება გაამახვილო ნეგატიურ ასპექტებზე. ჩვენ მომსწრენი ვართ აღნიშნული ურთიერთობის სტაბილურობისა და თანამშრომლობის გაღრმავების, რისი დასტურიც ბოლოდროინდელი ოფიციალური განცხადებებია.
პოლონეთისთვის საქართველოსა და სხვა ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაცია გრძელვადიანი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ზრდის გარანტს წარმოადგენს. „პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის ატლანტიკურ მისწრაფებებს“- აცხადებს პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, იაცეკ ჩაპუტოვიჩი.
2019 წლის 1-ლ სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პოლონეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. საქართველოს პრეზიდენტმა და ანდჟეი დუდამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც უამრავ საკითხს შორის მთავარი აქცენტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაკეთდა. სალომე ზურაბიშვილი ასევე დაესწრო საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ათწელიწადს მიეძღვნა.
ისტორიული საფუძველი – ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლონეთის ექსპრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, თბილისში, პარლამენტის წინ, სხვა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რუსულ აგრესიას აპროტესტებდა. მათ მიერ გამოხატულმა სოლიდარობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსული სამხედრო შენაერთების შეკავების საქმეში. საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო საზოგადოების სწრაფმა და ეფექტურმა მობილიზებამ რუსეთის ფედერაციას თბილისში შეჭრასა და ხელისუფლების შეცვლაზე უარი ათქმევინა.
პოლონეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს საფუძველი 1919 წლის 29 იანვარს ჩაეყარა, როდესაც პოლონეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, რასაც შედეგად მოჰყვა ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო თანამშრომლობის აქტზე ხელის მოწერა. მაშინდელი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტანისუავ იან პატეკის ინიციატივა ქართული მხარისათვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას ითვალისწინებდა, თუმცა, აღნიშნულ იდეას განხორციელება არ ეწერა, რადგან საქართველომ დამოუკიდებლობა მალევე დაკარგა და პოლონეთმა ქართველი ემიგრანტებისთვის თავშესაფრის როლი შეიძინა. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ პოლონეთს შეაფარა თავი მრავალმა ქართულმა ოჯახმა. მათ შორის იყვნენ გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილიშის მშობლები. 1939 წელს პოლონეთიც, საქართველოს მსგავსად, ნაცისტური და საბჭოური ოკუპაციის მსხვერპლი გახდა, რაც 1989 წელს დასრულდა.
პოლონურ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართველმა სასულიერო მოღვაწემ – არქიმანდრიტმა გრიგოლ ფერაძემ. ის ვარშავაში პატროლოგიის პროფესორად 1932 წელს მიიწვიეს. 1939 წელს, როდესაც გერმანელები პოლონეთში შეიჭრნენ, მისი ქვეყანაში გაჩერება დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. 1942 წელს ის გესტაპომ დააკავა ებრაელთა დახმარების ბრალდების საფუძველზე და მაშინვე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დაატუსაღეს. როდესაც ოსვენციმის ბანაკში გერმანელი ოფიცერი მოკლეს, ამის გამო ყველა პატიმარს უმძიმესი სასჯელი ელოდა, გრიგოლმა საკუთარ თავზე აიღო დანაშაული, რისთვისაც ის დახვრიტეს. ალტერნატიული ვერსიით, ის გაზის კამერაში ებრაული ოჯახის ნაცვლად შევიდა. პოლონეთში არსებობს “მამა გრიგოლ ფერაძის ძმობა”, ისინი გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძრის მშენებლობას გეგმავენ.
პოლონეთმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს აღადგინეს. აქედან მოყოლებული, მათი ერთმანეთზე დამოკიდებულება მუდმივად იზრდებოდა. პოლონეთი ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და – პირიქით. ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობენ თავდაცვის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ადამიანის უფლებების, ენერგოუსაფრთხოების საკითხებში, ასევე, ჩართულები არიან სხვადასხვა რეგიონულ პროექტებში.
თანამშრომლობა ნატოს ეგიდით – პოლონეთი სრულად მხარს უჭერს საქართველოს სურვილს, გახდეს ჩრდილოატკანტიკური ალიანსის წევრი. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ, თბილისში ოფიციალური ვიზიტისას (2017) საქართველოს ატლანტიკური კურსის მიმართ გულითადი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „საიდუმლო არავისთვისა, რომ საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობს არა მხოლოდ ევროპისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. საქართველოს გაწევრიანება ნატოში ალიანსის ყველა წევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მე იმასაც კი ვიტყოდი, რომ საქართველოს გაწევრიანება ალიანსისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია“ – განაცხადა დუდამ.
პოლონეთი ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო სახელმწიფოა. პოლონეთის საელჩო საქართველოში 2020 წლის ბოლომდე თბილისსა და ბრიუსელს შორის მთავარი საკონტაქტო სივრცე იქნება. საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის, შეფასებით, ეს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, გაზრდის ნატოს წარმომადგენლობას საქართველოში, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და პოლონეთს შორის. ქვეყნების ნატოს ეგიდით თანამშრომლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზი აღქმადი რუსული საფრთხეა. 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი, რის შედეგადაც დაიკავა ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართული ტერიტორია – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში სამი მთავარი გამოწვევა (ოკუპაციის დასრულება, რუსეთის მხრიდან ახალი შესაძლო სამხედრო აგრესიის თავიდან აცილება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება) სწორედ რუსეთის ფედერაციას უკავშირდება. აგრეთვე, პოლონელთა უმრავლესობა (77%) რუსეთს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციალურ გამოწვევად აღიქვამს. რუსეთის ზრდადი სამხედრო აქტივობები (გადაიარაღება, მუდმივი სამხედრო წვრთნები აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი სახელმწიფოების საზღვრებთან და კალინინგრადის ოლქში განთავსებული S-400 ტიპის ანტისარაკეტოსისტემები) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოებისთვის, მათ შორის პოლონეთისთვის, შეშფოთების წყაროა. სწორედ რუსული საფრთხის გამო ცდილობს ორივე სახელმწიფო საკუთარ ქვეყანაში ნატოს წარმომადგენლობის გაზრდას.
თანამშრომლობა ევროკავშირის ეგიდით – პოლონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას შეფასებით, ქვეყანაში გატარებულმა სწრაფმა და ეფექტურმა რეფორმებმა ბრიუსელის ყურადღება მიიქცია. შესაბამისად, საქართველოს აქვს ლეგიტიმური უფლება მოითხოვოს ევროპის კავშირში გაწევრიანება. „თუ დიდი ბრიტანეთი გადაწყვეტს ევროპული გაერთიანების დატოვებას, ჩვენ ისეთი სახელმწიფოები უნდა მოვიწვიოთ, რომელთაც მასში გაწევრიანება სურთ“ – განაცხადა დუდამ თბილისში ვიზიტისას. პოლონეთს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან, განსაკუთრებით საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან. „ცხადია, [გაწევრიანება] რთული პროცესია, თუმცა, ჩემი მთავარი გზავნილი ამ ქვეყნებისთვის იქნება ის, რომ აიღონ მეტი პასუხისმგებლობა და გააძლიერონ კოორდინაცია. არ დაელოდონ ჩვენსგადაწყვეტილებას, არამედ აჩვენონ ევროპის კავშირს, რომ ისინი ორგანიზებულები არიან“ – განაცხადა ბრიუსელში, 2019 წლის 14 იანვარს,„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაარსებიდან 10 წლისთავის აღსანიშნავ კონფერენციაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – იაცეკ ჩაპუტოვიჩმა. კონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სახელმწიფოებისადმი.
ეკონომიკური ურთიერთობა – 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის კავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (DCFTA), რამაც ქვეყანას ფართო და მდიდარი ევროპულ ბაზრის ათვისების შესაძლებლობა მისცა. შედეგად, უკანასკნელ წლებში საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები ევროპის კავშირთან უფრო ინტენსიური გახდა. რაც შეეხება ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობას, საქართველოს პოლონეთში ექსპორტის მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში გამუდმებით მერყეობდა. 2009 წელს საქართველოს ექსპორტი პოლონეთში 3.6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2015 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი თითქმის გაათმაგდა (27.8 მილიონი $). 2018 წლისათვის ექსპორტის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და 15.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, პოლონეთიდან საქართველოში 2009 წელს 46 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. უკანასკნელ ათწლეულში ეს რიცხვი სამჯერ გაიზარდა და 2018 წლისათვის ამ რიცხვმა 143 მილიონი აშშ დოლარს მიაღწია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლონურ-ქართული ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მეტად სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ პოლონურ-ქართული კავშირი ორ სახელმწიფოს შორის უკიდურესად მეგობრული ურთიერთობების ნათელი მაგალითია. პოლონეთსა და საქართველოს შორის ღრმა ისტორიული, ეკონომიკური და კულტურული კავშირები არსებობს. ისინი იზიარებენ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უნივერსალურ პრინციპებს. ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურყევი პარტნიორობა გვაფიქრებინებს, რომ მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება მომავალშიც შენარჩუნდება.
გიგა ჯოხაძე და შოთა მგელაძე
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.