დიდი ბრიტანეთის 2019 წლის 12 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება კონსერვატიულმა პარტიამ მოიპოვა. ექვსი თვის განმავლობაში ჩატარებულ წინასწარ გამოკითხვებზე დაყრდნობით, ნათელი იყო კონსერვატორთა უპირატესობის შესახებ, მაგრამ საბოლოო შედეგი გარკვეულწილად მაინც მოულოდნელი გამოდგა: არჩევნების შედეგად, 650 საპარალამენტო მანდატიდან 365-ის აღება კონსერვატიულმა პარტიამ მოახერხა, რაც წინა, 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 48 მანდატით უკეთესი შედეგია და მიანიშნებს იმასაც, რომ კონსერვატიული პარტია მარტო, კოალიციის გარეშე მოახერხებს მთავრობის ჩამოყალიბებას. მეტიც, ბრიტანეთის საარჩევნო რუკაზე გაჩნდა სამანდატო ოლქები, რომლებიც არასდროს ყოფილა კონსერვატორთა მომხრე და ყოველთვის, ან ლეიბორისტული, ან ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ბანაკს წარმოადგენდა.
არჩევნები წარუმატებელი გამოდგა ლეიბორისტული პარტიისათვის. მათ მხოლოდ 203 მანდატის მოპოვება შეძლეს, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 59 მანდატით ნაკლებია. პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა უკვე გააკეთა განცხადება პარტიის ლიდერის თანამდებობიდან სამომავლო წასვლის შესახებ, მაშინ როდესაც კონსერვატიული პარტიის ლიდერი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მადლობას უხდის ამომრჩეველს და მომავალ წარმატებას პირდება.
რა გახდა ბრიტანეთის არჩევნებში კონსერვატორთა წარმატების მიზეზი? პირველ რიგში, აღსანიშნავია პარტიათა ლიდერები. კონსერვატორი ბორის ჯონსონი პოპულისტი, მაგრამ საკმაოდ პოპულარული ფიგურაა, განსაკუთრებით ინგლისსა და უელსში. ლონდონში მისდამი მხადაჭერა მცირეა, მაგრამ პატარა ქალაქებსა და რურალურ დასახლებებში – გამოკვეთილად დიდი. პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ბორის ჯონსონი არც ნაციონალისტურ რიტორიკას მორიდებია და არც საკუთარი თავის სასაცილო ფიგურად წარმოჩენისაგან აურიდებია თავი. მისი აზრით, მედიის მიერ პოლიტიკოსის ნეგატიურად გაშუქება არ არსებობს და ნებისმიერი სახის პოპულარობა სასურველია. ამიტომაც ჯონსონისეული კამპანია ყოველთვის იყო მედიის აქტური განხილვის საგანი, რისი მეშვეობითაც ცნობადობა და ინფორმაციული შეღწევადობა თითქმის ყველგან ჰქონდა.
კონსერვატორი ლიდერისაგან განსხვავებით, ლეიბორისტი ჯერემი კორბინი შესაძლოა შედარებით ნაკლებად ქარიზმატული, მაგრამ საკმაოდ მწვავე და დამამახსოვრებელი განცხადებებით გამორჩეული ლიდერია. თუკი ჯონსონის პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიცია ხშირად ბუნდოვანი და ორაზროვანია და მოიცავს, როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე პოლიტიკურ თემებს, ჯერემი კორბინი გამოკვეთილად მემარცხენე პოლიტიკოსი გახლავთ. იგი მთავრობის მიერ სოციალური ხარჯების ზრდის მომხრეა, რის შედეგადაც დაფინანსება უნდა გაეზარდოს, როგორც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ისე საავადმყოფოებს და დღიური მომსახურების ცენტრებს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ბრიტანეთში უსახლკაროთა პრობლემა საკმაოდ მწვავეა და სწორედ ამ პრობლემაზე ორიენტირება ლეიბორისტ ლიდერს მეტ პოპულარობას პირდებოდა.
მნიშვნელოვანია ის განცხადებებიც, რომელიც, როგორც ჯერემი კორბინს, ისე ბორის ჯონსონს ახლო პოლიტიკურ წარსულში ჰქონდათ გაკეთებული. ლეიბორისტთა ლიდერი ანტისემიტური განცხადებებით გამოირჩეოდა, ხოლო ბორის ჯონსონი მუსლიმ ქალებს თავიანთი ჩაცმულობის გამო ნაგვის ურნებს ადარებდა. კამპანიის პერიოდში ორივე მათგანი აქტიურად ცდილობდა მოწინააღმდეგეთა მხრიდან აღნიშნული განცხადებები თავიანთ სასაგებლოდ გამოეყენებინა, მაგრამ ეს ყველაფერი კონსერვტორებმა უკეთ მოახერხეს, ვიდრე ლეიბორისტებმა.
მეორე ძალიან მნიშნელოვანი გარემოება თავად პარტიული პოზიციებია. ბრიტანული პოლიტიკა ძირითადად ცენტრისტულია და პოლიტიკური პარტიებიც იშვიათად იხრებიან გამოკვეთილად მარჯვნივ, ან მარცხნივ. თუმცა ბრიტანეთის ტრადიციულად ცენტრისტულ პოლიტიკას ახსოვს მარჯვნივ, კონსერვატორი მარგარეტ ტეტჩერისეული და მარცხნივ, ლეიბორისტი ტონი ბლერისეული გადახრა. მაგრამ, ჯერემი კორბინის ლეიბორისტული პარტიის ლიდერად მოსვლის შემდეგ პოლიტიკური საფუძვლები კიდევ უფრო შეიცვალა. თუკი ლეიბორისტული პარტია მემარცხენე-ცენტრისტი იყო, 2016 წლიდან, თანდათან, გამოკვეთილად მემარცხენე პარტიად ჩამოყალიბდა და ზოგიერთ სფეროში რადიკალურად მემარცხენე პოზიციის ათვისებაც მოახერხა. ეს კი ბიზნესს, ფინანსურ სექტორსა და სამხედრო-პოლიციურ ძალებს აშკარად აღელვებს. პოლიტიკოსთა და ექსპერტთა მხრიდან აღნიშნულ საკითხზე აპელირება და ლეიბორისტებისათვის რჩევის მიცემა არაერთხელ მომხდარა, თუმცა პარტიის ცენტრისაკენ დაბრუნების მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.
კონსერვატორები ტრადიციულად მემარჯვენე-ცენტრისტულ ძალას წარმოადგენენ. მათ თავიანთი პოლიტიკური პოზიცია არც ამ არჩევნებში შეცვალეს, თუმცა გარდა ფინანსური სექტორისა, ხმათა იმ ნაწილის მოპოვებაც შეძლეს, რომლებიც სოციალურად დაბალ ფენებს შეადგენდა. ეს კი პირველ რიგში მიანიშნებს იმ ფაქზე, რომ კონსერვატორები თანდათან უფრო მეტად მიიწევენ მარჯვნიდან ცენტრისაკენ, ვიდრე ეს წინა არჩევნებში იკვეთებოდა. ეს ყველაფერი იმაშიც გამოიხატა, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში კონსერვატორები სოციალური ჯანდაცვის ხარჯების ზრდასა და საავადმყოფოების მშენებლობას პირდებოდნენ, თუმცა მათ არც მემარჯვენე ამომრჩეველი დავიწყებიათ და ახალი, ნაკლებად რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკური პრინციპების ადაპტირებას უსვამდენენ ხაზს.
და მაინც რა იყო ყველაზე მწვავე საკითხი ბრიტანულ არჩევნებში? ბრექსითი. 2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმს ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ ორი პრემიერ-მინისტრის – დევიდ კემერონი და ტერეზა მეი – სკამი შეეწირა. ამომრჩევლის 52%-ის მიერ მხარდაჭერილი ბრექსითის გადაწყვეტილების რეალიზება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. მთავარი საკითხი მაინც იყოს ის, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო ბრქესითი, ანუ რა პირობებით, ხელშეკრულებებითა თუ ფინანასური ანგარიშწორებით დატოვებდა ბრიტანეთი ევროპულ კავშირს. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა მეიმ ორჯერ მიაღწია შეთანხმებას ოფიციალურ ბრიუსელთან ბრექსითის შედგომი ურთიერთობების შესახებ მაინც, შეთანხმებისათვის მხარი ბირტანეთის პარლამენტს არცერთ კენჭირსყრაზე არ დაუჭერია, რასაც კიდეც მოჰყვა ტერეზა მეის გადადგომა.
რაც შეეხება უშუალოდ ლიდერებს: ბორის ჯონსონი გამოკვეთილად უჭერს მხარს ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას და თანაც რაც შეიძლება მალე. რეფერენდუმის კამპანიის პროცესშიც კი ჯონსონი საკმაოდ აგრესიულ ანტიევროკავშირისეულ კამპანიას აწარმოებდა და მიუთითებდა იმ ფინანსურ დანარკგზე რასაც ბრიტანეთი ევროკავშირში ყოფნისაგან იღებდა, თუმცა ოპონენტები ხაზს უსვამდენენ იმ გარემოებას, რომ ჯონსონის კამპანია ან არასწორ ციფრებს ასახელებდა ან არ წარმოაჩენდა ფაქტს, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი ევროკავშირისაგან უფრო მეტ სარგებელს (მათ შორის ფინანსურს) იღებდა, ვიდრე კარგავდა. კონსერვატორების მხრიდან მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სლოგანი სწორედ “განახორციელე ბრექსითი” იყო, რამაც არამხოლოდ იმ ამომრჩევლის მოზიდვა მოახერხა, ვინც 2016 წლის რეფერენდუმში ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, არამედ იმათიც, რომლებსაც სამწლიანი, დროში მეტად განვრცობილი ბრექსითული მოლაპარაკებები აწუხებდა, რამაც ქვეყნის პოლარიზაციას და ურთიერთდაპირისპირებას შეუწყო ხელი.
ჯერემი კორბინის წარსული პოლიტიკური კარიერაც ევროსკეპტიკური იყო. მისი წარსული საჯარო გამოსვლებიდან ნათელია თუ რამდენად არ ენდობოდა იგი ევროკავშირის ინსტიტუციებსა და რეგულაციებს. მაგრამ 2016 წლიდან მისი პოზიციები იცვლება. იგი უფრო ლოიალური ხდება ევროკავშირში დარჩენის იდეისადმი. მეტიც, იგი არცერთხელ არ უჭერს მხარს ტერეზა მეის შემოთავაზებულ წინადადებას. მიუხედავად პოზიციის ცვლილებისა მისი მხრიდან არც ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად დარჩენის იდეა ყოფილა ბოლომდე მხარდაჭერილი, როგორც ამას ლიბერალ-დემოკრატები აკეთებდნენ. იგი, გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირთან ახალ მოლაპარაკებასა და შემდგომ ამ მოლაპარაკების შედეგების რეფერენდუმზე გატანას პირდებოდა ამომრჩეველს, რითაც ევროკავშირში დარჩენის ალბათობას თეორიულად ზრდიდა კიდეც. თუმცა სწორედ ბუნდოვანი და ნაკლებად გამოკვეთილი პოზიციის გამო კორბინმა და ლეიბორისტულმა პარტიამ მხარდაჭერა დაკარგა. თუკი კონსერვატორების გამარჯვების შემთხვევაში ჯონსონი მოკლე დროში გამოკვეთილი შედეგის დადგომასა და ბრიტანეთის ევროკავშირისაგან დატოვებას პირდებოდა, კორბინი დროში კვლავ ძალიან გაწელილ და საკმაოდ ბუნდოვან შედეგებზე აპელირებდა, რაც ყველა ეკონომიკურ სექტორსა და სოციალურ ფენას დააზარალებდა.
მიუხედავად არჩევნებში კონსერვატორთა გამოკვეთილი გამარჯვებისა გამოწვევები არათუ არ მცირდება, არამედ იზრდება კიდეც, რადგან მიმდინარე არჩევნებში სხვა არაერთი მნიშნელოვანი შედეგი გამოიკვეთა ვიდრე კონსერვატორებისა და ლეიბორისტების დავა იყო. პირველ რიგში აღსანიშნავია შოტლანდია, სადაც ნაციონალურმა პარტიამ (SNP), რომელიც გამოკვეთილად ემხრობა შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმის დანიშვნას, 48 მანდატის მოპოვება შეძლო, რითიც წინა, 2017 წლის შედეგი 13 მანდატით გააუმჯობესა. იგი ყველაძე ძლიერი პარტიაა შოტლანდიაში და კატეგორიულად წინააღმდეგია შოტლანდიის ბრიტანეთთან ერთად ევროკავშირიდან დატოვებისა. პარტიის ლიდერებს არცთუ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ბორის ჯონსონთან და მის კონსერვატიულ მთავრობასთან. აშკარაა ამ მიმართულებით ჯონსონს ან დათმობებზე წასვლა ან სიტუაციის გამწვავება მოუწევს, რაც ბრექსითის მისეული გეგმის ეფექტურობას დიდი გამოწვევას უქმნის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგები ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრე დემოკრატიული ერთობის პარტიამ (DUP) მხოლოდ 8 მანდატის მოპოვება შეძლო, რაც წინა არჩევნებთან შედარებით ორი მანდატით გაუარესებული შედეგია. სამაგიეროდ პოიზიციები გაიმყარა ირლანდიელ უმცირესობათა პარტიამ ჩვენ თვითონ (SF), რომლებიც ერთიანი ირლანდიის მომხრეები არიან და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბრექსითის განხორციელების შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირალნდიას შორის იდეას საზღვრის გავლების შესახებ. აშკარაა რომ მოცემული შედეგების მიხედვით დაძაბულობა ჩრდილოეთ ირლანდიაში შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.
მიუხედავად გამოწვევებისა ნათელია, რომ კონსერვატორებმა აშკარა უპირატესობის მოპოვება შეძლეს, რაც პოლარიზაციის შედარებით შემცირებას შეუწყობს ხელს. ბრიტანეთის მოსახლეობა ითხოვს ბრექსითის პრობლემის მოკლევადიან და სწრაფ გადაწყვეტას, რათა სხვა მწვავე საკითხებზე გადართვა მოხერხდეს. თუმცა ნათელია ისიც, რომ ბრქესითი არ არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი და ის მთლიანად დაკავშირებულია მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებების, ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და მიგრაციული გამოწვევების გადაჭრასთან, რასაც 2016 წლიდან ბრიტნაეთის უკვე მესამე პრემიერ-მინისტრი შეეცდება.
გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი