ევროპის პოლიტიკურ ისტორიაში ცოტა სახელმწიფოს თუ აქვს თავის მეზობელთან იმდენივე ახლო პოლიტიკური კავშირი, რამდენიც პოლონეთსა და ლიეტუვას ჰქონდათ ასწლეულობის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ 1569–1795 წლებში ამ ორმა სახელმწიფომ შეძლო ჩამოაეყალიბებინათ იმ დროისათვის უნიკალური ერთიანი კონფედერაციული გაერთიანება, რომელიც ჟეჩპოსპოლიტას (Rzeczpospolita) სახელითაა ცნობილი, ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მათი საგარეო პოლიტიკური გამოწვევები, უმეტეს შემთხვევაში, საერთო იყო როგორც კონფედერაციული გაერთიანების შემდგომ ისე თანამედროვეობაშიც კი. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ლიეტუვის განმათავისუფლებელი მოძრაობა „Sąjūdis“ აქტიურად თანამშრომლობდა და მხარდაჭერას იღებდა პოლონური ანტიკომუნისტური მოძრაობა სოლიდარობისგან (Solidarność). აღნიშნული მოვლენა მნიშვნელოვანი ფაქტორია ორ სახელმწიფოს შორის კარგი ურთიერთობის განვითარების პროცესში.
პოლონეთი, რომელიც თავისი ეკონომიკური ზრდის შეუქცევადი ტენდენციით ევროკავშირში გამორჩეულია, ლიეტუვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარტნიორია. პოლონური ნაწარმის იმპორტი ლიეტუვაში 3.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, ხოლო ლიეტუვური ნაწარმის პოლონეთში ექსპორტი 1.75 მილიარდია.
სრული ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა როგორც პოლონეთისათვის, ისე ლიეტუვისათვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. თუმცა, ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ბევრად უფრო დიდი მასშტაბებისაა, ვიდრე მხოლოდ რუსული გაზის ექსპორტის შემცირებაზე ზრუნვა. პოლონეთი ლიეტუვასათვის რუსული ენეგრო-ეკონომიკური ბერკეტების შემცირების გზაზე ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური პარტნიორია. სწორედ ამიტომ, 2006 წელს პოლონური კომპანია „PKN Orlen“ რუსული ენერგოკომანიის „იუკოსის“დაშლის შემდეგ იძენს ლიეტუვური ნავთობგადამამუშავებელი საწარმო „Mažeikių nafta-ს“ წილს და ეფექტურად ბლოკავს კრემლის მიერ კონტროლირებადი „გაზპრომის“ ბალტიისპირა ქვეყანაში შესვლას. აღნიშნული ფინანსური ოპერაცია ორიენტირებული იყო არა ფინანსური შემოსავლის ზრდაზე, არამედ რუსული პოლიტიკური ზეგავლენების შემცირებაზე, რამაც თავის გაცხადებულ მიზანს მიაღწია კიდეც.
პოლონეთსა და ლიეტუვას შორის თანამშრომლობის საკმაოდ მნიშვნელოვანი განზომილებაა ელექტროენერგია. ლიეტუვას მემკვიდრეობით ერგო საბჭოთა ტიპის ენერგოსისტემა, რის გამოც ის ვერ ინტეგრირდებოდა საერთო ევროპულ ენერგოსისტემაში. აღნიშნული პრობლემის დაძლევის უმთავრესი აქტორი სწორედ პოლონეთია, რომელმაც ლიეტუვასთან ერთად შეიმუშავა პროექტი „LitPol Link“, რომლის მიზანიც ლიეტუვას ელექტროენერგიის გადაცემის ხაზების ცვლილება, განახლება და ახლის აშენებაა. აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის 200 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა. დღეისათვის განახლებული ინფრასტრუქტურის წყალობით, 500 მეგავატზე მეტი ენერგია გამომუშავდება, რითიც ლიეტუვას ენერგოინტეგრაცია კონტინენტური ევროპის ენერგო სისტემაში (ECN) წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის საბოლოო რეალიზება 2020 წლისათვისაა დაგეგმილი.
რუსეთის ენერგეტიკული პოლიტიკა არა მხოლოდ კომერციალიზაციაზე, არამედ პოლიტიზირებაზეცაა ორიენტირებული. ბალტიისპირეთის ქვეყნები დიდწილად არიან დამოკიდებულნი რუსული გაზის იმპორტზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში რუსულმა გაზმა წვლილი ვერ შეიტანა, მაინც, მსგავსი ბერკეტის არსებობა რუსეთის ხელში საკმაოდ დიდ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, პოლონეთი ახორციელებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ფინეთისათვის გაზის მიწოდების ალტერნატიული გზების დაარსებას ითვალისწინებს. პროექტისათვის 500 მილიონია გამოყოფილი და პოლონური მხრიდან მას კომპანია
„GAZ-SYSTEM S.A.“ ახორციელებს, ხოლო ლიეტუვას მხრიდან – „AB Amber Grid“. პროექტის ფარგლებში 508 კილომეტრის სიგრძის მასშტაბით განხორციელდება გაზგამტარი მილების განლაგება. 2021 წლისათვის, როდესაც პროექტის დასრულებაა დაგეგმილი, გაზგამტარი 208 მილიარდი კუბური მეტრის გაზის გატარებას შეძლებს. ამით არა მხოლოდ ლიეტუვას გაუჩნდება გაზის ალტერნატიული ენერგო წყარო, არამედ გახდება შესაძლებეელი კონტინენტური ევროპული გაზის ფინეთისა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებისათვის მიწოდებაც.
ენერგეტიკის გარდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს უსაფრთხოების სფეროშიც. კრემლის აგრესიული პოლიტიკა ორივე სახელმწიფოსათვის უმთავრეს საგარეო გამოწვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, პოლონეთიცა და ლიეტუვაც ნატოს წევრები არიან, მათ 1994 წლიდან აკავშირებთ მთავრობათშორისი ხელშეკრულება თავდაცვის შესახებ, რაც საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას, სამხედრო ცოდნის გაზიარებასა და ურთიერთგადამზადებას გულისხმობს. პოლონეთისათვის ნათელია, რომ პოლონეთის უსაფრთხოება ლიეტუვას უსაფრთხოებაზე გადის, ამიტომ სამხედრო სფეროში თანამშრომლობა ამ ორ სახელმწიფოს შორის ბევრად ინტენსიურია, ვიდრე სხვა მეზობელ სახელმწიფოთა შორის. მეტიც, 1999 წლიდან 2007 წლამდე აქტიურად ოპერირებდა პოლონურ-ლიეტუვური ბატალიონი (LitPolBat), რომლის მიზანიც სამშვიდობო მისიებში მსახური და სამხედროებს შორის დაახლოება იყო. ამასთან პოლონეთი, როგორც ნატოს შედარებით ადრეული წევრი, ლიეტუველ სამხედროებს ეხმარებოდა ნატოს სტანდარტების დანერგვაში. თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ ერთჯერადი აქტი. 2004 წლიდანაც, მას შემდეგ, რაც ლიეტუვა სხვა ბალტიისპირა ქვეყნებთან ერთად წევრიანდება ნატოში, პოლონეთი კვლავ ინტენსიურად აგრძელებს მათ დახმარებას და არსებული სტანდარტების სინქრონიზაციის ხელშეწყობას.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ბოლო წლებში ბალტიის ზღვაში რუსული ავიაციის ინტენსივობა მკვეთრად გაიზარდა. 2004 წლიდან ნატოს ეგიდით ბალტიის ზღვის ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვაში ყველაზე აქტიურად სწორედ პოლონეთია ჩაბმული, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრავების მნიშვნელოვანი პირობაა.
უკრაინის ევრომაიდნის რევოლუციის შემდეგ პოლონურ-ლიეტუვურუსაფრთხოების სისტემაში უკრაინაც აქტიურად ჩაერთო, რასაც 2009 წელს ხელმოწერილი, მაგრამ 2014 წელს იმპლიმენტირებული, პოლონურ-ლიეტუვურ-უკრაინული ბრიგადის (LITPOLUKRBRIG) ჩამოყალიბება მოჰყვა. აღნიშნული ბრიგადა აქტიურად იწრთვნება ნატოს სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფს სამივე ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის მაღალ ხარისხს.
როდესაც პოლონურ-ლიეტუვურ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ შევეხოთ პრობლემურ საკითხებსაც, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ლიეტუვაში მცხოვრები პოლონური უმცირესობაა. 1930-იან და 1940-იან წლებში პოლონელთა დიდ ნაწილს მოუწია ისტორიული ვილნას მხარის დატოვება, რასაც კვლავ აქვს მნიშვნელოვანი ნაციონალური სენტიმენტები პოლონეთში. 1990-იან წლებში აღნიშნულმა საკითხმა ორმხირივი ურთიერთობის გარკვეული გართულება გამოიწვია, თუმცა, 1994 წელს პოლონეთსა და ლიეტუვას შორის დაიდო “მეგობრობისა და კეთილმეზობლურიურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება”, რის შემდეგაც ორმხრივი პრობლემების გადაჭრისათვის მუშაობა ახალ, ინტენისურ ფაზაში შევიდა.
მას შემდეგ, რაც პოლონეთიცა და ლიეტუვაც გაწევრიანდა ევროკავშირში და განხორციელდა ევროკავშირის სამართლებრივი აქტების (EU Acquis communautaire) რატიფიცირება, რასაც თავისუფალი მიმოსვლის დაარსება მოჰყვა,პრობლემათა უმრავლესობა გადაიჭრა, ხოლო დანარჩენ საკითხებზე მუშაობა კვლავაც ინტენსიურად მიმდინარეობს.
პოლონეთსა და ლიეტუვას შორის თანამშრომლობა ღრმა, ყოვლისმომცველი და ორმხრივად სარგებლიანია, როგორც ეკონიმიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით, ისე პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში. აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ თანამშრომლობა ასიმეტრიულია და პოლონური მხრიდან ბევრად დიდ შესაძლებლობებს გულისხმობს, თუმცა, ეს პრობლემებს არ ქმნის. სავარაუდოა, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალში არათუ შემცირდება, არამედ მკვეთრად გაიზრდება კიდეც, რაც პოლონეთისა და ლიეტუვასათვისუსაფრთხოების ერთგვარი გარანტია, ხოლო მეორე მხრივ-რეგიონალური ძალის პროექცირება.
გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.