
“სამი ზღვის ინიციატივა“ ოფიციალურად სამი წლის წინ დაფუძნდა. 2016 წლის აგვისტოში, ხორვატიის ქალაქ დუბროვიკში, გაფორმდა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, ახალი პლატფორმის წევრი სახელმწიფოები ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ციფრული კომუნიკაციების საკითხებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. იდეის ინიციატორები და განსაკუთრებული მხარდამჭერები პოლონეთისა და ხორვატიის პრეზიდენტები იყვნენ.
ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი პოლონეთი იყო და იმავდროულად, ამ ახალ, აღმოსავლეთ-ევროპულ გაერთიანებაზე თავიდან მწირი ინფორმაცია მოიპოვებოდა, სზი-ს ირგვლივ სხვადასხვაგვარი მოსაზრებები გაჩნდა. მათ შორის იყო მოსაზრება, რომ ბალტიის, ადრიატიკისა და შავ ზღვებს შორის მოქცეული ქვეყნების თანამშრომლობის პლატფორმა „ინტერმარიუმის“ (Międzymorze) გაცოცხლების მცდელობას წარმოადგენდა, თუმცა, აღნიშნულ მიდგომას ამ ეტაპზე რეალური საფუძველი არ გააჩნია, რამდენიმე მიზეზის გამო, კერძოდ: „სამი ზღვის ინიციატივა“ შეიქმნა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, მაშინ, როცა „ინტერმარიუმი“ გეოპოლიტიკურ, სამხედრო-თავდაცვითი ალიანსის შექმნასმოიაზრებდა. გარდა ამისა, ამ ორ პროექტს შორის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული განსხვავებებია და რაც მთავარია, სზი-ს უსაფრთხოება მთლიანად მიბმულია „ნატოზე“, რომ აღარაფერი ვთქვათ მაშინდელსა და დღევანდელ საერთაშორისო და რეგიონულ კონტექსტზე.
რაც შეეხება პოლონეთის ადგილს „სამი ზღვის ინიციატივაში“, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მთავარ როლს ასრულებს ახალი პლატფორმის ფუნქციონირებისა და განვითარების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებაში შემავალი თორმეტივე სახელმწიფო იმავდროულად ევროკავშირის წევრია, ავსტრიის გარდა, ყოველი მათგანი ყოფილი კომინისტური ბლოკის ქვეყანას წარმოადგენს, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ასეთი სახის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნისა. პოლონეთს მძიმე ისტორიული წარსული აქვს, ის წარმოადგენდა ერთ-ერთ იმ სახელმწიფოს,რომელმაც უმძიმესი ჰუმანური, ეკონომიკური, კულტურული დანაკარგი ნახა მეორე მსოფლიო ომში მას შემდეგ, რაც ორ იმპერიას შორის მოქცეული მარტო დარჩა. პოლონელებმა კარგად იციან რას ნიშნავს ერთიანი, ძლიერი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის არსებობა. ინიციატივის შექმნის იდეაც ძირითადად ამ მიზანს ემსახურება, რომლის განხორციელებაც შეუძლებელია ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის გარეშე, რაც თავისთავად დაკავშირებულია ენერგოდამოუკიდებლობასთან, სატრანსპორტო ბარიერების შემცირებასა და კომუნიკაციების გაუმჯობესებასთან.
კომუნისტური ბლოკის დაშლის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებს მოუწიათ გეგმიურიდან კაპიტალისტურ, საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე მორგება, რაც, როგორც წესი, მეტად რთული და მტკივნეული პროცესია. სწორედ ამით აიხსნება აღნიშნული ქვეყნების შედარებით რთული ინტეგრაცია ევროპულ კავშირში. რადგანაც ამ სახელმწიფოებს აქვთ მსგავსი წარსული და დგანან დაახლოებით მსგავსი გამოწვევების წინაშე, რასაკვირველია, საერთო პრობლემებთან ერთიანი ძალისხმევით გამკლავება ბევრად ეფექტური და პროდუქტიული იქნება. პოლონური იდეა, შემუშავდეს ერთიანი მიდგომა, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ბარიერების მოხსნა, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა, ემსახურება იმ მიზანს, რომ ძლიერი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ერთი მხრივ, არ იქნება მოწყვლადი რუსული საფრთხეების მიმართ და მეორე მხრივ, უკეთ მოერგება ერთიან ევროპულ ბაზარს. თავის მხრივ, ევროპული კავშირიც მიესალმება ეკონომიკურად სტაბილურ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, რაც მთლიანად ევროგაერთიანების სტაბილურობისთვისაა მნიშვნელოვანი. რუსული ეკონომიკური და ენერგეტიკული გავლენების შემცირება ამ რეგიონშიბრიუსელის ინტერესებშიც შედის, რასაც მოწმობს ევროპული კომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერის ვიზიტი სზი-ს ბოლო ორ სამიტზე ბუქარესტსა და ლუბლიანაში. თუმცა, ამ იდეის ხორცშესხმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აშშ-ის მხარდაჭერაა. ამერიკისთვის პოლონეთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სზი-ს შექმნა დაანონსა, მაშინვე მოიპოვა ვაშინგტონის მხარდაჭერა, რაც, რასაკვირველია, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა როგორც პოლონეთისთვის, ასევე, ინიციატივის სამომავლო განვითარებისთვის.
„სამი ზღვის ინიციატივაში“ პოლონეთი მშპ-ის მოცულობით ყველაზე დიდი სახელმწიფოა, რომელიც ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპებითგამოირჩევა. მთავარ გამოწვევას პოლონეთისთვის, ისევე, როგორც ცენტრალურდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ენერგეტიკული სტაბილურობა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ვარშავა ჯერ კიდევ დამოკიდებულია რუსული კომპანია „გაზპრომის“ მიწოდებულ ბუნებრივ აირზე, ეტაპობრივად ამცირებს სახელმწიფო გაზმომარაგებაში რუსული გაზის პროცენტულ წილს. აქტიურად მიმდინარეობს LNG სისტემის დანერგვა, ხოლო 2022 წლისთვის ნავარაუდევია გაზმპრომის დაბალანსება და ჩანაცვლება აშშ-დან და კატარიდან იმპორტირებული გათხიერებული ბუნებრივი აირით. ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტ „Świnoujście-ს“ ტერმინალიდან უკვე აქტიურადიღებენ ბუნებრივი აირით დატვირთული ტანკერებს. მას შემდეგ, რაც პოლონეთი შეძლებს რუსულ გაზზე დამოკიდებულების აღმოფხვრას, უჩნდება პერსპექტივა,გახდეს რეგიონის ენერგეტიკული ჰაბი, დაგეგმილია სზი-ს ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება ინტერკონექტორების მეშვეობით, რითიც ამ სახელმწიფოების რუსულ გაზზე დამოკიდებულებაც ეტაპობრივად უნდა შემცირდეს.
ნიშანდობლივია, რომ ვარშავამ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. პოლონეთის სტრატეგიულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების გამო, აუცილებელია „ნატოს“ მუდმივმოქმედი სამხედრო ნაწილების ყოფნა რეგიონში. ვარშავამ მზაობაც გამოთქვა, რომ განათავსებს მუდმივმოქმედ ამერიკულ სამხედრო ბაზებს საკუთარ ტერიტორიაზე. უფრო მჭიდრო გახდა აშშ-სა და „ნატოსთან“ ურთიერთობა. გამოიკვეთა, რომ პოლონეთი ეტაპობრივად „ნატოს“ აღმოსავლეთ ფლანგისა და რეგიონის უსაფრთხოების მთავარი აქტორი ხდება. უსაფრთხოების მრავალწახნაგოვანიგაგებიდან გამომდინარე, გარდა პირდაპირი სამხედრო-თავდაცვითი საკითხებისა, დღესდღეობით გაზრდილია ეკონომიკური, ენერგეტიკული და საინფორმაციო უსაფრთხოების მნიშვნელობა. „სამი ზღვის ინიციატივის“ ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ეკონომიკური პრობლემების გადალახვა წარმოადგენს, რაც როგორც პოლონეთისთვის, ასევე, პლატფორმის წევრი ქვეყნებისთვის მეტად მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში, Rzeszów-ში გამართულ ეკონომიკურ კონგრესზე, მეტად საყურადღებო განცხადება გააკეთა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ. განცხადებაში მან აღნიშნა, რომპოლონეთსა და „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ისეთი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას, როგორებიცაა: Via Carpathia, Rail Baltica, Via Baltica. პრეზიდენტის თქმით, ნახსენები სატრანსპორტო პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს პოლონეთისა და მთლიანად რეგიონის მნიშვნელობის ზრდას.
ცალკე უნდა აღინიშნოს „სამი ზღვის ინიციატივის“ საინვესტიციო ფონდი. 2018 წლის სექტემბერში, ბუქარესტის სამიტზე, პოლონეთის განვითარების ბანკმა (Bank Gospodarstwa Krajowego (BGK)), წამოაყენა იდეა საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც რეგიონის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებისკენ იქნებოდა მიმართული. 2019 წლის მაისში პოლონეთის განვითარების ბანკმა და რუმინულმა EximBank–მა საფუძველი ჩაუყარეს „სამი ზღვის ინიციატივის“ საინვესტიციო ფონდის შექმნას. ამ ეტაპზე ფონდის ბიუჯეტი 500 მილიონ ევრომდე თანხას მოიცავს, რომელიც უახლოეს მომავალში 5 მილიარდ ევრომდე უნდა გაიზარდოს. ასევე, ფონდს ჩეხური ბანკი და სზი-ს ქვეყნების ბანკებიც უნდა შეუერთდნენ, ხოლო საინვესტიციო კაპიტალმა დროთა განმავლობაში 100 მილიარდ ევრომდე უნდა მიაღწიოს, რაც სატრანსპორტო, ენერგეტიკულ თუ საკომუნიკაციო პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს დააფინანსებს. პოლონეთის განვითარების ბანკის ეს იდეა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად დაეხმარება სზი-ს პროექტების სამომავლო დაფინანსებას.
როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებს სურთ გააღრმავონ თანამშრომლობა ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ და საკომუნიკაციო სფეროებში, თუმცამ, ამ ეტაპზე წევრ სახელმწიფოებს შორის არ არის ერთიანობა საგარეო პოლიტიკურსაკითხებთან დაკავშირებით. აღნიშვნის ღირსია ის, რომ ამ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული საგარეო პრიორიტეტები, მაგალითად: არ არსებობს ერთიანი საგარეო პოლიტიკური მიდგომა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. თუპოლონეთი და ბალტიის ქვეყნები რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს მნიშვნელოვან პრობლეად მიიჩნევენ, იმავეს ვერ ვიტყვით სხვა ქვეყნებზე. რაც,შესაძლოა, ერთგვარი გამოწვევაც იყოს ახალი პლატფორმისთვის. ერთიანი საგარეო პოლიტიკური მიდგომის მიღწევა ამ ეტაპზე შედარებით რთული საკითხია. ამ ეტაპზე ასევე რთულია დაზუსტებით ითქვას, როგორ განვითარდება თანამშრომლობა 12 სახელმწიფოს შორის, თუმცა, ნათელია, რომ პოლონეთის ინიციატივით შექმნილი პლატფორმა სამომავლო განვითარებაზე გათვლილი, ამბიციური პროექტია, რომელსაც შეუძლია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს.
გიორგი ფიფია
მკვლევარი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.