
უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, პოლონეთი ძლიერ და მდიდარ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. პოლონეთი, სხვა გავლენიან ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად (მაგ: გერმანია, საფრანგეთი, იტალია), ბებერ კონტინენტზე პოლიტიკურ ამინდს ქმნის. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა წლიდან წლამდე იზრდება. რა არის პოლონეთის ეროვნული ინტერესები? რა გამოწვევები აქვს სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებაში? რა ფაქტორები განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს? ვინ არიან პოლონეთის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები? ამ სტატიაში შევეცდები, ყველა აღნიშნულ კითხვას ვუპასუხო.
პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოება – „პოლონეთის რესპუბლიკა სუვერენული წარმონაქმნია, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს მის ეროვნულ ინტერესებსა და სტრატეგიულ მიზნებს. მათ აყალიბებს ქვეყნის ისტორიული გამოცდილება, არსებული პოლიტიკური და სტრუქტურული გარემო, ისევე, როგორც ქვეყნის შესაძლებლობები“ – ასე იწყება პოლონეთის უახლესი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია (2014). სტრატეგია განსაზღვრავს პოლონეთის ძირითად ეროვნულ ინტერესებსა და სტრატეგიულ მიზნებს.
პოლონეთის ძირითადი ეროვნული ინტერესებია: 1. ეროვნული უსაფრთხოების ეფექტური შესაძლებლობების ფლობა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მზაობასა და უნარს, აღკვეთოს საფრთხეები, ისევე, როგორც უზრუნველყოფს შეკავებას, თავდაცვას და აღმოფხვრის ამ საფრთხეებისგან გამოწვეულ შესაძლო მძიმე შედეგებს; 2. პოლონეთის ძლიერი საერთაშორისო პოზიციის უზრუნველყოფა და საიმედო საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემების წევრობა; 3. მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ინდივიდუალური და კოლექტიური მექანიზმებით; 4. მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ისე, რომ არ დაზიანდეს სხვა ადამიანებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოება. ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; 5. სახელმწიფოს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის რეალიზება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება გარემოსდაცვით საკითხებს.
პოლონეთის ძირითადი სტრატეგიული მიზნებია: 1. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მზაობისა და კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ისევე, როგორც ევროპის კავშირთან რიგ საკითხებზე მჭიდრო კოორდინაცია. პოლონეთის პოზიციების გაძლიერება ორივე ორგანიზაციაში; 2. მეზობელ სახელმწიფოებთან ახლო კავშირების დამყარება და სხვა სახელმწიფოებთან პარტნიორობის დაფუძნება; 3. საერთაშორისო არენაზე საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და უნივერსალური ღირებულებების (დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები) ხელშეწყობა; 4. ადამიანური და სოციალური კაპიტალის დაცვა, სახელმწიფოს ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური სტაბილურობის მიღწევა; 5. ეროვნული კონსოლიდაციისა და ინტეგრაციის მისაღწევად ეროვნული კრიზისების მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება.
ურთიერთობები ევროპის კავშირთან: ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანებიდან 15 წლის შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლონეთი ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა გახდა. პოლიტიკურად, პოლონეთი ევროპული სისტემის განუყოფელი ნაწილია. ვარშავა ბრიუსელთან აქტიურად თანამშრომლობს როგორც თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების, ასევე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში. პოლონეთის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდასთან ერთად ვარშავისა და ბრიუსელის პოლიტიკური ინტეგრაციაც გაიზარდა. დღესდღეობით არსებული პოლიტიკური სიტუაცია პოლონეთში დიდ გავლენას ახდენს ევროკავშირის პოლიტიკაზე და – პირიქით. გარდა ამისა, აშკარაა ხელშესახები პროგრესი ეკონომიკურ ურთიერთობებშიც. პოლონეთი უკანასკნელ წლებამდე ევროკავშირის კოჰესიის ფონდის მთავარი ბენეფიციარი იყო. ამ ფაქტორის მეშვეობით, ქვეყნის ეკონომიკამ ფეხზე წამოდგომა მოახერხა. მხოლოდ 2014-2019 წლებში ევროკავშირმა პოლონეთში 57 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო.
პოლონეთის ევროპულ გაერთიანებაში შესვლამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება დააჩქარა და სტრუქტურულად მთლიანად გარდაქმნა. ევროკავშირის საერთო ბაზარზე შესვლამ ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიები, ინვესტიციები და ცოდნა შემოიტანა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო პოლონეთსა და ევროპის კავშირის სხვა წევრ ქვეყნებს შორის საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალი გადაადგილება. 2004 წლიდან მოყოლებული პოლონეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პერიოდში ქვეყნის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა 255 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, დღეს კი ეს რიცხვი 585 მილიარდამდეა გაზრდილი. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა (6 600 $ – 2004; 17 800 $ – 2019). პოლონეთის 15 ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან 13 სწორედ ევროკავშირის ქვეყანაა. აშკარაა, რომ პოლონეთისა და ევროპული გაერთიანების პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა წლიდან წლამდე პროგრესირებს. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება.
ურთიერთობები ნატოსთან: 2019 წელს პოლონეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების 20 წლისთავს აღნიშნავს. პოლონელთა უმრავლესობის (70%) აზრით, ქვეყნის„ნატოში“ გაწევრიანებამ უსაფრთხოების გარემომნიშვნელოვნად გააუმჯობესა. 1996 წლიდან მოყოლებული პოლონეთმა მონაწილეობა მიიღო ნატოს 14 მისიაში (მათ შორის: ბოსნია-ჰერცეგოვინაში, კოსოვოში, მაკედონიაში, ავღანეთსა და ერაყში).
უკანასკნელ ათწლეულში ნატო-პოლონეთის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა. ქვეყანაალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გახდა რუსული სამხედრო აგრესიის შეკავების საქმეში. პოლონეთი ნატოს იმ 5 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებიც საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვაზე ხარჯავენ. უკანასკნელ წლებში პოლონეთმა შეიმუშავა გადაიარაღების სტრატეგია, რომელშიც ატლანტიკურ ალიანსს კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. მოდერნიზაციის პროგრამას აღწერს დენ გური, გამოცემა „ეროვნული ინტერესის“ მიმომხილველი, სტატიაში – „პოლონეთი – ნატოს ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი სახელმწიფო“. „წლის დასაწყისში ვარშავამ დააანონსა მასშტაბური გადაიარაღების პროგრამა 2026 წლისთვის, რომლის მიხედვით, დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი დაიხარჯება მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლებზე, ვერტმფრენებზე, მოკლე მანძილზე მოქმედრაკეტებზე, წყალქვეშა ნავებსა და კიბერუსაფრთხოებაზე. პოლონეთის არმიამ განაახლა ლეოპარდის მოდელის 140 ტანკი და აპირებს დამატებით 100 ერთეული ტანკის დამზადებას. გარდა ამისა, ვარშავა აპირებს 100 ერთეული თვითმავალი არტილერიისა და ცეცხლსასროლი სისტემის შეძენას“.
პოლონეთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნატოს Enhanced Forward Presence მისიის წარმატებაში, რომლის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა. დღესდღეობით, პოლონეთში დისლოცირებულიაჩრდილოატლანტიკური ალიანსის 5000-ზე მეტი ჯარისკაცი, რომელთა დიდი ნაწილი ამერიკელია. სავარაუდოა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის ზრდასთან ერთად ნატოს წარმომადგენლობა პოლონეთში დროთა განმავლობაში კიდევ გაიზრდება.
ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან: ცივი ომის დასრულების შემდეგ პოლონეთი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად ჩამოყალიბდა. ორი სახელმწიფო ერთმანეთთან თანამშრომლობს:თავდაცვის სფეროში (მათ შორის,სარაკეტო სისტემების განვითარებაში), კონტრტერორიზმში, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაში, ეკონომიკასა და ვაჭრობაში, ენერგოუსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში. ფასდაუდებელია პოლონურ–ამერიკული კოოპერაცია რეგიონული მშვიდობის დამყარების საქმეში. 2019 წლის 23 სექტემბერს მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, „პოლონეთში არსებული აშშ-ის სამხედრო პერსონალი უახლოეს მომავალში 1000 ჯარისკაცით გაიზრდება“. გარდა ამისა, პოლონეთი უახლოეს მომავალში შეიძენს მოწინავე ამერიკულ მრავალფუნქციურ გამანადგურებელ – F-35-ს. ხელშეკრულების ღირებულება 6,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. შეთანხმება პოლონეთისთვის 33 ერთეული საბრძოლო გამანადგურებლის მიყიდვას ითვალისწინებს.
პოლონურ–ამერიკული ურთიერთობების დინამიკა ზრდადია ეკონომიკაშიც. 2016 წელს პოლონეთის ექსპორტი აშშ–ში 3,6 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2017 წელს (4,5 მილიარდი), 2018 წელს (5,3 მილიარდი) და ზრდის ტენდენცია ახასიათებს წელსაც (3,6 მილიარდი დოლარი 2019 წლის იანვარი–ივლისის მონაცემებით).
2019 წლის 23 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უახლოეს რამდენიმე კვირაში პოლონეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება დააანონსა. პოლონეთი აშშ–სთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას უკვე დიდი ხანია ცდილობს, რაც პოლონელებს ტურისტული და ბიზნეს მიზნებისთვის აშშ–ში თავისუფალი შესვლისა და 90 დღით დარჩენის საშუალებას მისცემს.
აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პოლონეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი პროდუქტიული და რაც მთავარია, ამ ურთიერთობას აქვს განვითარების პოტენციალი.
ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან: 1. რუსეთი – პოლონელი ხალხისთვის უპირველესი საფრთხე რუსული რევიზიონიზმია. უახლესი კვლევების თანახმად, პოლონელების 77% რუსეთის ფედერაციას ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. შედარებისთვის, გერმანელების შემთხვევაში ეს მაჩვენელი მოსახლეობის ერთი მესამედი – 33%, ხოლო ფრანგების შემთხვევაში – მოსახლეობის 40%-ია. რუსეთის ზრდადი აქტივობა (გადაიარაღება, მუდმივი სამხედრო წვრთნები აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი სახელმწიფოების საზღვრებთან ახლოს და კალინინგრადის ოლქში განთავსებული S-400 ტიპის ანტისარაკეტოსისტემები) პოლონეთისთვის შეშფოთების წყაროა. პოლონეთი ნატოს რუსული აგრესიის ძირითად შემაკავებელ ფაქტორად აღიქვამს. სწორედ ამიტომ ვარშავა ქვეყანაში ნატოს წარმომადგენლობის გაზრდას ცდილობს. პოლონეთი ნატოს გაფართოების ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერია, განსხვავებით რუსეთის ფედერაციისგან, რომელიც ალიანსის გაფართოებას ყველა შესაძლო ხერხით ეწინააღმდეგება. 2. უკრაინა – პოლონეთსა და უკრაინას ბევრი საერთო აქვთ. უპირველეს ყოვლისა, პოლონეთი უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარმდაჭერია. გარდა პოლიტიკური ინტეგრაციის მაღალი მაჩვენებლისა, უკანასკნელ ათწლეულში ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხიც გაიზარდა. პოლონეთი უკრაინის მეორე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, მაშინ, როდესაც უკრაინა პოლონეთისთვის მე-14 უდიდეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. უკრაინამ 2018 წელს პოლონეთში 3.26 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი/მომსახურება შეიტანა, ხოლო ამავე წელს პოლონეთიდან ქვეყანაში შემოსული იმპორტის რაოდენობამ 3.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ქვეყნებს შორის არსებობს ვაჭრობის განვითარების დიდი პოტენციალი, რაც მათ ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებულებას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ უკრაინას პოლონეთთან, ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან, ვაჭრობის დამატებითი შესაძლებლობა შესძინა.
ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია მიგრაცია. დღესდღეობით, პოლონეთში დაახლოებით 2 მილიონი უკრაინელი მუშაობს. ეს ორმხრივად მომგებიან შესაძლებლობას ქმნის: პოლონეთის განვითარებად ეკონომიკას სჭირდება უკრაინელი ემიგრანტები, თავის მხრივ, უკრაინელ დასაქმებულებს მაღალანაზღაურებად სამსახურებზე წვდომა უადვილდებათ. ლინგვისტური, სოციალური და კულტურული სიახლოვის გამო პოლონეთი უკრაინელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დანიშნულების წერტილად იქცა. 3. ბელარუსი – საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, 1991 წელს, უკრაინამ და ბელარუსმა დააფუძნეს დიპლომატიური ურთიერთობები, როდესაც ხელი მოაწერეს „კეთილმეზობლობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის დეკლარაციას“. 2018 წელს ბელარუსმა პოლონეთში 1.34 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ექსპორტი გაიტანა. თავის მხრივ, იმავე წელს ქვეყანაში პოლონეთიდან შემოსულმა ექსპორტმა 1.76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პოლონეთის შეშფოთებას იწვევს ბელარუსის რუსეთზე ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება. მოსკოვს გააჩნია უამრავი პოლიტიკური, ეკონომიკური და დილომატიური ბერკეტი მინსკზე გავლენის მოსახდენად. სწორედ ამიტომ სურს პოლონეთს ბელარუსის ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება.
ბალტიისპირეთის სახელმწიფოები – პოლონეთს ბალტიისპირა ქვეყნებთან პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროში სანიმუშო ურთიერთობა აქვს. პოლონურ-ბალტიურ კავშირს სათავე ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაედო. 1569 წელს პოლონეთმა და ლიტვამ დააარსეს პოლონურ-ლიტვური თანამეგობრობა (ე.წ. „რეჩ-პოსპოლიტა“). ეს იყო დუალური ფედერალური სახელმწიფო, რომელსაც მართავდა პოლონეთის მეფე და ლატვიის დიდი ჰერცოგი. თანამეგობრობა თითქმის ორი საუკუნის მანძილზე ევროპაში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა, თუმცა, 1795 წელს ის დაიშალა, როდესაც პოლონეთი რუსეთმა და პრუსიამ გაიყვეს. 2000-იანი წლების საწყის ეტაპზე პოლონეთი გულმხურვალედ უჭერდა მხარს ბალტიისპირა ქვეყნების ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. პოლონეთის აქტიურმა დახმარებამ დიდი როლი ითამაშა ამ სახელმწიფოების ევროპის კავშირსა და ნატოში გაწევრიანებაში (2004). დღესდღეობით, პოლონეთს ლატვიასთან, ლიტვასა და ესტონეთთან მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კავშირი აქვს. ამას ემატება საერთო საფრთხე – რუსული აგრესია, რომლის შეკავებასაც ისინი ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობენ.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთის საგარეო პოლიტიკაში გამოიყოფა რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომლებიც პრიორიტეტული იქნება უახლოეს მომავალში: 1) ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ევროპის კავშირთან; 2) ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობის გაუმჯობესება; 3) რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების განეიტრალება და უახლოეს მეზობლებთან, მათ შორის, უკრაინასთან, ბელარუსსა და ბალტიისპირა სახელმწიფოებთან ურთიერთობების დასტაბილურება და ახალ საფეხურზე აყვანა.
გიგა ჯოხაძე
მკვლევარი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.