
1949 წლიდან ნატო უსაფრთხოების მთავარი გარანტორის ფუნქციას ასრულებს თავისი წევრი სახელმწიფოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ალიანსი შეიქმნა საბჭოთა კავშირის მხრიდან წარმოქმნილ საფრთხეზე საპასუხოდ, უკანასკნელის არსებობის შეწყვეტის შემდეგაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კვლავ არ კარგავს აქტუალურობასა და მნიშვნელობას. კომუნიზმის დამარცხებამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ახალი რეალობის წინაშე დააყენა და მათი პრიორიტეტებიც შემდეგნაირად განისაზღვრა:
- დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება და განმტკიცება;
- ეკონომიკის ლიბერალიზაცია, რაც გამოიხატებოდა ცენტრალური დაგეგმარებიდან საბაზროზე გადასვლაში;
- უსაფრთხოების მიმდინარე და შესაძლო საფრთხეების აღმოფხვრა.
ოპტიმალური ვარიანტი გადიოდა მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, რაც ევროკავშირშიგაწევრიანებას გულისხმობდა დემოკრატიული და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები კი უალტერნატივოდ ნატოში გაწევრიანებას მოისაზრებდა. სტატია შეეცდება მოკლედ გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არის პოლონეთისთვის ნატო მნიშვნელოვანი და – პირიქით.
მარტივი მიზეზი, თუ რატომ არ არის პოლონეთი ნატოს დამფუძნებელთა სიაში, გახლავთ საბჭოთა კავშირის მიერ პოლონეთის 48-წლიანი ოკუპაცია. 1990-იანი წლების პირველ ნახევარში პოლონელების მთავარი საზრუნავი რუსული ჯარების გაყვანა იყო, რომლებიც ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იმყოფებოდნენ. არსებობდა მოსაზრება , რომლის მიხედვითაც, ბორის ელცინს პოლონეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზებით შეეძლო ზეწოლა მოეხდინა და შეეფერხებინა გარკვეული პოლიტიკური პროცესები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის კომუნიკე მხარს უჭერდა პოლონეთის ნატოსკენ მისწრაფებას, რეალურ გამოხატულებად შეგვიძლია მივიჩნიოთ 1991 დაწყებული პროცესი, რომლის დროსაც 56000 ჯარისკაცი, 7500 სამოქალაქო პერსონალი და სამხედრო ოჯახების 40000 წევრი გაიყვანეს პოლონეთიდან, ასევე – 600 ტანკი, 200 თვითმფრინავი, 90000 ტონა საბრძოლო იარაღი. როგორც კი 1993 წლის სექტემბერში ბოლო რუსმა ჯარისკაცმა დატოვა ქვეყანა , არსებული საფრთხეც გაქრა. ნატოსკენ მიმავალ გზაზე აუცილებელია აღინიშნოს ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერა, რომელიც გამოიხატა ბილ კლინტონის სიტყვებში, ის ნატოს გაფართოებას გარდაუვალ მოვლენად აღიქვამს და, მისი აზრით,სწორი კითხვა იქნება არა –„თუ“, არამედ „როდის?“და „როგორ?“ – ამ კითხვებს პასუხი გაეცა 1999 წლის 12 მარტს , როდესაც პოლონეთი გახდა ნატოს წევრი.
დღეს პოლონეთი ნატოში შესვლიდან ოცი წლის იუბილეს ზეიმობს. თავდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა(70%) ფიქრობს, რომ ნატოს წევრობა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების მდგრადობას. ასევე, პოლონელთა ორი მესამედი ნატოს გლობალურ როლს პოზიტიურად აღიქვამს. შეიძლება მართლაც არ აჭარბებდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრონისლავ ბერემეკი,როდესაც მან ქრისტიანობის მიღების შემდეგ ყველაზე დიდ მოვლენად ნატოში გაწევრიანება შეაფასა. ლეჰ ვალენსას სიტყვები ბილ კლინტონისადმი ნათელს ხდის, თუ რატომ გახლდათ ქვეყნისთვის ნატოში გაწევრიანება ასე მნიშვნელოვანი : “ჩვენ ყველას გვეშინია რუსეთის. თუ ის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას გაატარებს, ტალღა სწორედ რომ უკრაინისკენ და პოლონეთისკენ იქნება მიმართული”. როგორც შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენა, პოლონეთის პრეზიდენტი მართალი გახლდათ. ნატოს წევრობა, კერძოდ კი მე-5 მუხლი, აღიქმებოდა, როგორც რუსული პოტენციური საფრთხის შემაკავებელი მექანიზმი.
პოლონეთი ნატოს აქტიურ წევრად მოისაზრება. ამას მოწმობს მისი ჩართულობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ განხორციელებულ მისიებსა და ოპერაციებში.
პოლონეთის სამხედრო ჩართულობის სფეროები ნატოს მისიებსა და ოპერაციების ნუსხაში შემდეგნაირია:
• ბოსნია და ჰერცეგოვინა (FIFG 1995-1996 წლებში და SFOR 1996-2004 წლებში);
• ალბანეთი (AFOR 1999 წელს);
• კოსოვო (KFOR 1999 წლიდან);
• მაკედონია (Amber Fox 2001-2002 წლებში და მოკავშირეთა ჰარმონია 2002-2003 წლებში);
• ავღანეთი (ISAF 2003-2015 წლებში, NTM-A ჩათვლით 2009-2014 წლებში და 2015 წლიდან RSM);
• ხმელთაშუა ზღვა და სხვა საზღვაო ტერიტორიები (აქტიური ძალისხმევა 2005–2011 წლებში, 2002 წლიდან შუალედურად ნატოს მუდმივი საზღვაო ძალები, 2010, 2013 და 2017 წლებში
• პაკისტანი (Swift Relief 2005-2006);
• ერაყი (NTM-I 2005-2011 წლებში, NTCB-I 2017-2018 წლებში – წამყვანი ქვეყანა ერაყელი პერსონალის ტრენინგში პოსტსაბჭოთა აღჭურვილობის რემონტსა და შენარჩუნებაში, ხოლო 2018 წლიდან NMI);
• ლიტვა, ლატვია და ესტონეთი (2006 წლიდან)
დღესდღეობით ჩვენ ხშირად გვესმის დონალდ ტრამპის კრიტიკა, რომელიც ნატოს იმ წევრი ქვეყნებისკენაა მიმართული, რომლებმაც ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულეს. კერძოდ კი, ისინი არ ხარჯავენ მშპ-ის ორ პროცენტს თავდაცვაზე. პოლონეთი არ შედის ამ სახელმწიფოთა სიაში. პოლონეთის 2019 წლის ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯებისთვის დაახლოებით 11,76 მილიარდი დოლარია გამოყოფილი (44,7 მილიარდი PLN), რაც მშპ-ის 2 პროცენტს შეადგენს. პოლონეთის კონტრიბუციის ღირებულებას მიესალმა ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, 4 ივნისს პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ნატოს შტაბში ვიზიტის დროს. მრავალ საკითხთა შორის მათ ასევე ისაუბრეს “Enhanced forward presence(EFP)-ზე“, რომელიც ნატოს შეირაღებული ძალების მობილობასა და რეაქტიულ პასუხს მნიშვნელოვნად ზრდის. იდეა 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტის შედეგია. როგორც ნატოს კომუნიკე გვაუწყებს, ვარშავაში გამართულ სამიტზე მხარეები შეთანხმდნენ ნატოს საჯარისო ნაწილები განეთავსებინათ როტაციული პრინციპით: ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთსა და პოლონეთში. ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ჯგუფის შექმნა შეიძლება დაკავშირებული იყო რუსეთის ქმედებებზე უკრაინაში, კერძოდ კი ყირიმის ანექსიაზე.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ ჩატარებული წვრთნები პოლონეთის ტერიტორიაზე ხაზს უსვამს ქვეყნის გეოგრაფიულ მნიშვნელობას. წვრთნა “Saber Strike 2018” ერთ-ერთი მათგანია. დაახლოებით 18000 ჯარისკაცი ნატოს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორებისგან ერთად გადიოდნენ წრვთნას, რომელშიც პოლონური F-16s და MI-24-ები იღებდნენ მონაწილეობას.
ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები 2003 წელს შეიქმნა. მისი გაფართოების იდეა 2014 წლის უელსის სამიტზე გაჟღერდა და შედეგად მხარეები The Very High Readiness Joint Task Force(VJTF)–ის შექმნაზე შეთანხმდნენ. მიზეზი მკაფიოდ გამოიხატა – ნატოს საზღვრებთან შეცვლილი გარემო. მაგალითისთვის, წვრთნა “Noble Jump 2019”-იც პოლონეთში ჩატარდა. მასში აღნიშნული ნატოს ერთეული მონაწილეობდნენ. ქვეყნებსთვის, რომლებსაც პირდაპირი საზღვარი აქვთ რუსეთთან , მსგავსი წვრთნები მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის მზად იყვნენ გაუთვალისწინებელი მოვლენებისათვის. პოლონეთი, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნატოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის (SPS) სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში. გარდა 2018 წლის ვარშავაში ჩატარებული საინფორმაციო დღისა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები, პოლონეთი მონაწილეობს SPS–ის პროექტის – ბალტიის ზღვაში ქიმიური საბრძოლო მასალის მონიტორინგში.
ამრიგად, პოლონეთისა და ნატოს ურთიერთობა სიმბიოზურ კავშირად შეგვიძლია აღვიქვათ, სადაც პირველი ორგანიზაციის გამორჩეული წევრია, ხოლო მეორე ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტია. საბჭოთა კავშირი გაქრა, მაგრამ კალინგრადის ოლქში განთავსებული S-400 triumf-ის დანადგარი – რომლის სისტემის დიაპაზონი მოიცავს პოლონეთის, ლიეტუვისა და ბალტიის ზღვის დიდ ნაწილს – ნატოსთვის საყურადღებო უნდა გახლდეთ, ვინაიდან აღნიშნული ტექნიკის განთავსება შეაფერხებს ნატოს საჰაერო ოპერაციებს რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში.
სტატიაში აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოლონეთს სჭირდება ნატო და ნატოს – პოლონეთი.
შოთა მგელაძე
მკვლევარი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.