ოპერაცია “მშვიდობის წყარო” სირიაში

QCEK5CW65EI6TPT7JTEFAF6DN42019 წლის 9 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო დანაყოფებმა სირიის პროთურქულ ძალებთან ერთად, ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყეს. აღნიშნული კამპანია ჩრდილოეთ სირიაში მყოფი სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) წინააღმდეგაა მიმართული, რომელთა უმრავლესობასაც ქურთები წარმოადგენენ. სირიის დემოკრატიული ძალები 2015 წელს, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხარდაჭერით დაარსდა – მათ უმთავრესი წვლილი შეიტანეს ისლამური სახელმწიფოს (ISIL/ISIS) განადგურების საქმეში, რომელიც 2014-2017 წლებში სირიისა და ერაყის დიდ ნაწილს აკონტროლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ისლამური სახელმწიფო თურქეთის წინააღმდეგაც აქტიურად მოქმედებდა, 1970-ანი წლებიდან ოფიციალური ანკარისათვის უმთავრეს საფრთხეს სწორედ მაინც ქურთული სეპარატიზმი და ტერორიზმი წარმოადგენს, რომელთაც ქურთული სახელმწიფოს დაარსება თურქეთის ტერიტორიაზე სურთ – დედაქალაქი დიარბაქირში. იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ქურთები ძირითადად ოთხ სახელმწიფოში – თურქეთში, სირიაში, ერაყსა და ირანში – მკვიდრად არიან განსახლებულნი, თითოეული სახელმწიფო ეჭქვეშ აყენებს ქურთების მზარდ როლს (თუნდაც თავიანთი კონტროლირებადი ტერიტორიის ფარგლებს მიღმა).

1978 წელს, დიარბაქირში აბდულა ოჯალანისა და მისი თანამებრძოლების მიერ სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობა, ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) დაარსდა, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა, როგორც თურქეთის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოძრაობის ძირითადი მოკავშირე საბჭოთა კავშირი და მასთან დაახლოებული, არაბული სახელმწიფოებიც იყვნენ, რომელთაც თავის მხრივ, ქურთული მოსახლეობა ჰყავდათ. თუმცა 1980-ანი წლების ბოლოს, ქურთები პრაქტიკულად უმოკავშირეოდ დარჩნენ – სირიამ და ერაყმა მეგობრულიდან, აშკარა მტრული პოზიცია არჩიეს, ხოლო საბჭოთა კავშირი უბრალოდ დაიშალა. 1999 წელს, თურქული სპეცსამსახურები ორგანიზაციის ლიდერ აბდულა ოჯალანსაც აკავებენ კენიაში, რის შემდეგაც ქურთისტანის მუშათა პარტია დროებით პასიურ პოზიციაში გადადის და მოლაპარაკებების პროცესში ერთვება.

ქურთებსა და თურქებს შორის ბრძოლა ამით არ დასრულებულა. 2003-2012 წლებში კონფლიქტის ახალი, პარტიზანული ფაზა დაიწყო, რომლის დროსაც თურქულ სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე ქურთი ტერორისტები აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებენ. 2012 წლიდან, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი კონლიფქტის საბოლოო გადაჭრას ცდილობს. მოლაპარაკებები თავდაპირველად წარმატებებით მიმდინარეობს, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ერდოღანის პოლიტიკის პანისლამურ იდეებზე დაფუძნებაც გახლავთ. თუკი თურქული ნაციონალიზმი ისლამური ნაციონალიზმით ჩანაცვლდებოდა, შედეგად მივიღებდით თურქეთის რესპუბლიკას, რომელიც ყველა მკვიდრი მუსლიმის სახლი შეიძლებოდა გამხდარიყო.

2015 წლიდან, კონფლიქტი სირიაში განსაკუთრებით გამწვავდა. ქურთების ნაწილი, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ – სირიის დემოკრატიული ძალების სახელით – ბრძოლაში ჩაერთვნენ, მანამდე ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები და შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მებრძოლები იყვნენ. ამერიკამ მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებსაც მოუწოდა ამისაკენ, თუმცა თურქეთის ხელისუფლებას ამის არც მზაობა ჰქონდა და არც შესაძლებლობა. თურქული ნაციონალიზმი არსად გამქრალა და 2015 წელს ბევრად უფრო შესამჩნევად წამოიწია წინ. ნაციონალისტებს ქურთებთან მოლაპარკებების გაწყვეტა და მათი სრული განადგურება სურთ. ისინი სირიაში გაძლიერებულ და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ქურთ სამხედროებს ეგზისტენციალურ საფრთხედაც კი აღიქვამენ, რასაც კიდეც მოჰყვა მოლაპარაკებების ჩაშლა, რასაც თურქეთში ქურთების მიერ ლეგალურად დაარსებული, სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) ლიდერების დევნაც დაემატა.

2015 წლიდან, კონფლიქტი მძვინვარებს არამხოლოდ სირიის ტერიტორიაზე, არამედ ტერორიზმის სახით, თურქეთის რესპუბლიკაშიც კი. თურქეთის ხელისუფლება ქურთებთან დაპირისპირებით, როგორც უსაფრთხოების გაძლიერებას, ისე თვითგადარჩენასაც კი ცდილობს. მიუხედავად 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მარცხისა და პოლიტიკური სისტემის ცვლილებისა, რომელსაც ერდოღანის გაძლიერება უნდა მოჰყოლოდა – არსებულმა ეკონომიკურმა რყევებმა, სეკულარიზმისა და ნაციონალიზმის გაძლიერებამ და არაბი დევნილების დიდი რაოდენობით შედინებამ დესტაბილიზაციას შეუწყო ხელი. თურქი ნაციონალისტებიცა და სეკულარული ძალებიც ორივე თანაბრად ანტაგონისტურად არიან განწყობილნი ქურთებისადმი. ერდოღანის მთავრობა კარგად ხვდება ამას და ქურთული მტრის ხატის გამოყენებით პოზიციების გამყარებას ცდილობს.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოებაც – თურქეთს სირიის ომის დაწყებისთანავე ომს გამოქცეული ასიათასობით არაბის შეფარება მოუწია. 2019 წლის მდგომარეობით არაბ დევნილთა საერთო რაოდენობა 3 მილიონს აჭარბებს. თუკი თავდაპირველად თურქეთის ხელისუფლებისა და მოსახლეობის პანისლამურმა ფრაქციამ არაბი მოსახლეობის მიღება შედარებით უმტკივნეულოდ შეძლო, 2016 წლიდან, მას შემდეგ რაც თურქეთში სოციო-ეკონომიკური პრობლემები გამძაფრდა, დაიწყო ნაციონალისტებისა და სეკულარების მობილიზაცია, რამაც ერდოღანის ხელისუფლება შედარებით დაასუსტა, ხოლო არაბი მოსახლეობისადმი ნეგატიური განწყობები გაზარდა.

თურქეთის საგარეო პოლიტიკა არ არის უცვლელი და დინამიური. ერთი საუკუნის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა რადიკალური შემობრუნება. პროგერმანული პოზიციებიდან პრორუსულამდეც კი, რომელთა შუალედშიც თურქეთი დასავლელი მოკავშირეების ერთ-ერთი მოწინააღმდეგიდან ნატოს ერთ-ერთ უმთავრეს დასაყრდენ ძალად კი იქცა. საგარეო პოლიტიკის სწრაფი ცვალებადობა განსაკუთრებით შესამჩნევი თურქეთის მოქმედი ხელისუფლების პირობებშია. თურქეთის საშინაო პოლიტიკაში რაც უფრო გაიმყარა პოზიციები პანისლამურმა ძალებმა რესპუბლიკა კიდევ უფრო მეტად ჩაერთო ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში და გაუცივდა ურთიერთობა ევროკავშირთან. თუკი 2010 წელს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი თურქეთის მოკავშირე ძალად აღიქმებოდა 2011-12 წლიდან სტრატეგიულ მოწინააღდეგედ იქცა. დღეს კი თურქეთი ასადის მოკავშირეებთან ერთად მოქმედებს და დეფაქტოდ აღიარებს სირიის პრეზიდენტის უცვლელობას. თუკი 2015 წელს, მას შემდეგ რაც თურქულმა ავიაციამ რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები იმდენად დაიძაბა, რომ მხარეები პოტენციურ სამხედრო დაპირისპირებაზეც კი საუბრობდნენ, 2016 წლის ბოლოდან თურქეთის სამოკავშირეო ღერძად ისევ რუსეთი გამოცხადდა. აღნიშნული, საკმაოდ არაპროგნოზირებადი მიდგა გამოწვეულია სოწრედ თურქეთის საშინაო პოლიტიკის ქაოტურობით. 2016 წელს სამხედრო გადატრიალება ჩავარდა, რომელსაც რუსეთი მხარს გამოკვეთილად არ უჭერდა ხოლო აშშ-ს შედარებით ნეიტრალური პოზიცია ეკავა.

2018 წლიდან თურქეთში განსაკუთრებით გაძლიერდა ნაციონალისტური და სეკულარული ტენდენციები. მიუხედავად იმისა, რომ პანისლამურ, სეკულარულ და ნაციონალისტურ ფრაქციებს სხვადასხვა საგარეო პოლიტიკური პლატფორმა აქვთ მათ დიდ ნაწილს – განსაკუთრებით ნაციონალისტებს – ანტიქურთული და ახლა უკვე ანტიარაბული მიდგომები ახასიათებთ. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ხელისუფლებისადმი მხარდამჭერის კლებიდან გამომდინარე ცდილობს ყველა საშუალებით გაიმყაროს პოზიციები, რისთვისად ქვეყნის სამხედრო მოქმედებებში ჩაბმა ეფექტური საშუალება შეძლება ყოფილიყო. 2018 წლის იანვარ-მარტში თურქეთის სამხედრო ძალებმა პროთურქულ სირიელ აჯანყებულებთან ერთად წამოიწყეს შეტევა ჩრდილოეთ სირიის აფრინის პროვინციაში, რომელიც, ძირითადად, სწორედ ქურთებით გახლდათ დასახლებული.

აფრინში წარმატებულ ოპერაციას ერდოღანის რეიტინგის ზრდა მხოლოდ მცირე ხნით მოჰყვა. თუმცა 2019 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მისი სამართლიანობისა და განვითარების პარტია ისეთ გადამწყვეტ ქალაქებში დამარცხდა როგორიც ანაკა, სტამბული და იზმირი იყო. ქვეყნის შიგნით სტაბილურობა კვლავ მერყევია – ეკონომიკური ზრდა ძალიან ნელია, უმშევრობა და ინფლაცია 11%-ს აჭარბებს, ბრძოლა ადგილობრივ ქურთებსა და თურქ სამხედროებს შორის ინტენსიურად გრძელდება, ხოლო არაბი მოსახლეობის ინტეგრაცია მცირეა. თურქეთის მოსახლეობა რადიკალურ ცვლილებებს ითხოვს. სწორედ ამიტომ პრეზიდენტი ერდოღანი ძველ, კარგად ნაცნობ გზას მიმართავს – საგარეო პოლიტიკით საშინაო პოლიტიკის გადაფარვა. ამ შემთხვევაში იგი ორი მიზნის მიღწევას ერთდროულად ეცდება: თურქეთი გათავისუფლდება არაბი დევნილებისაგან და ძლიერი ქურთისტანი, თუნდაც მეზობელ სახელმწიფოში, აღარ იარსებებს. სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისიდან თურქეთი ემზადება ჩრდილოეთ სირიაში მყოფი სირიის დემოკრატიული ძალების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედბებისათვის. ოპერაციის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი აშშ-ს სამხედრო ძალები იყვნენ, რომლებიც ჩრდილოეთ სირიაში ქურთებთან ერთად ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში იღებდნენ მონაწილეობას.

დონალდ ტრამპი, რომლის ხელისუფლებაში ყოფნისას აშშ-ს საგარეო პოლიტიკა შედარებით ნაკლებად პროგნოზირებადი გახდა 2019 წლის ოქტომბერში დეფაქტო მწვანე შუქს უნთებს თურქეთის ხელისუფლებას, როდესაც თურქეთი-სირიის სასაზღვრო ზოლიდან გამოყავს ამერიკული სამხედრო ძალები. თურქეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად წარადგინა 30 კილომეტრიანი ე.წ. “უსაფრთხოების ზონის” შექმნის გეგმა, რომელიც თურქეთის საზღვარის გასწვრივ 30 კილომეტრის სიღრმეში შეიქმნება პროთუქრული არაბების მიერ კონტროლირებადი სივრცე, რომელიც გამოყენებული იქნება შემდგომი პოტენციური სამხედრო ოპერაციებიესათვის, გადაიქცევა ბუფერულ ზონად ქურთულ სამხედრო ძალებსა და თურქებს შორის, და ამასთან, პრეზიდენტი ერდოღანის განცხადებიდან გამომდინარე, მოემსაურება თურქეთში თავშეფარებული არაბი დევნილების დაბრუნებას. საკმაოდ რთულად წარმოსადგენია თუ როგორ აპირებს თურქეთი ამ უკანასკნელი მიზნის განხორციელებას, რადგან ტექნიკურადაც და სამართლებრივადაც სამ მილიონზე მეტი არაბი მოსახლეობის იძულებით გადასახლება ახლად დაკავებულ ტერიტორიებზე ვერ იქნება სრულად ნებაყოფლობითი და მშვიდობიანი.

რეალობაა ისიც, რომ თურქეთმა აღნიშნული სამხედრო ინტერვენციით კიდევ უფრო გაიუცხოა თავი დასავლეთისაგან. სამხედრო ოპერაცია უკვე დაგმეს რიგმა არაბულმა სახელმწიფოებმა, ირანმა, აშშ-მ და ევროკავშირმა. ბუნებრივი იზოლაცია, რომელშიც თურქეთი ებმევა მას რუსეთთან დაახლოებისაკენ უბიძგებს, თუმცა მათ შორის არსებული საგარეო პოლიტიკური ხედვების განსხვავებულობიდან გამომდინარე, გრძელვადიანად, კარგი ურთიერთობები ვერ შეუნარჩუნდება. შესაბამისად, ვიღებთ კრიზისს რომლის შედგებიც ყველა მხარისათვის დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს. თუკი თურქეთმა გაუძლო დასავლეთისა – მათ შორის აშშ-ს – და არაბული ქვეყნებისაგან ყოველდღიურად მზარდ ზეწოლას და სამხედრო ოპერაცია “მშვიდობის წყარო” ბოლომდე მიიყვანა, სავარაუდოა რომ ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი თურქეთის დასავლეთისაგან საბოლოო გაუცხოება და ეკონომიკური დესტაბილიზაცია დღის წესრიგში დაბრუნდება, ხოლო ქურთები ახალი მოკავშირის – სავარაუდოდ რუსეთის – ძიებას დაიწყებენ.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s