მაშინ, როდესაც ჰონგ-კონგში 100 დაშავებული ადამიანი საავადმყოფოში გადაჰყავთ და 180-მდე ციხეში, ჩინეთის დედაქალაქში საზეიმო განწყობაა. ამის მიზეზი ნამდვილად არსებობს, ვინაიდან 70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1-ლ ოქტომბერს მაომ ოფიციალურად გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება. მის დაწყებულ საქმეს წარმატებულად აგრძელებენ მისი მემკვიდრეები. დღეს სი ძინპინი არ გახლავთ მაოს პირდაპირი რეინკარნაცია, თუმცა, ფაქტი ერთია , ის არის ყველაზე პოპულარული ლიდერი მაოს შემდეგ, რომელიც ქვეყანას მართავს. გამოწვევები კვლავაც დიდია, მთის დაძვრის ლეგენდა დაუღალავი შრომის შესახებ კვლავ დღის წერიგში დგას. ჩინეთი უკვე ეკონომიკური მაჩვენებლით მეორე ადგილზე გადავიდა, თუმცა, ქვეყნის განვითარების პოტენციალი მეტ ამბიციას აჩენს მმართველ წრეში და შემთხვევითი არ გახლავთ სი ძინპინის წარმოთქმული სიტყვა: „ვერც ერთი ძალა ვერ შეაჩერებს ჩინეთის პროგრესს. დამამცირებელი 100 წელიწადი წარსულს ჩაბარდა, დრო, როდესაც დიდი სახელმწიფოები ინაწილებდნენ გავლენის სფეროებს, არღვევდნენ რა სუვერენიტეტის ცნებას და ხელს უწყობდნენ რეგიონში დესტაბილიზაციას.“ ვადევნებთ რა თვალს ჩინეთის ტრანსფორმაციას, ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება ოფიციალური განცხადებები დროის დინამიურობის შესაბამისად. თუ ადრე პოლიტიკური ლიდერები გამოირჩეოდნენ შედარებით თავმდაბლური ტონით ( ეს არ ეხება ეგრეთ წიდებულ წითელ ხაზს- ტაივანის საკითხს) ვგულისხმობ საერთაშორისო არენას, დღევანდელი სის განცხადება, რომ ვერავინ შეარყევს ჩინეთის სტატუსს, პრაგმატული პოლიტიკის ნაწილის მიმანიშნებელია. ქვეყანა გრძნობს განვითარების პულსს და დღეს უკვე მას შეუძლია თვალი გაუსწოროს ნებისმიერ სხვა ქვეყანას. წარსულში, როდესაც ჩინეთი ეკონომიკური მაჩვენებლით ათეულშიც არ იყო, მეტაფორულად, მათი თვალები მიწისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული, გულისხმობდნენ უთანასწორო დამოკიდებულებას.
ადამიანი, რომელმაც შთაბერა სული ახალ ჩინეთს 1949 წლის 1-ლ ოქტომბერს (თუმცა, ფესვები გაცილებით ადრეც შეგვიძლია ვეძებოთ), დღეს უკვე მშვიდად განისვენებს და ყოველწლიურად იღებს კუთვნილ პატივს, როგორც ჩინური ისტორიის განუყოფელი და წარუშლელი კვალის ავტორი. აქ შეგვიძლია შევჩერდეთ და გავიხსენოთ ჩინური სახელწიფოს მძიმე პერიოდები, როდესაც ქვეყანა კატასტროფის წინაშე იდგა. “დიდი ნახტომი წინ” და “კულტურული რევოლუცია”- ეს გახლავთ მოვლენები, რომლებმაც ქვეყანა ფაქტობრივად კატასტროფამდე მიიყვანა, თუმცა, თქვენ ვერ შეხვდებით ნიკიტა ხრუშჩოვის ანალოგს ჩინეთში და ვერც საბჭოთა კავშირის პარტიული ყრილობის მსგავს, ვინაიდან დღეს წარსული გამოცდილება მიიჩნევა ერთგვარ მსხვერპლად, რომელიც გაიღო სახელმწიფომ. მეორე მხრივ, პოლიტიკური ელიტა ცდილობს შეინარჩუნის რეჟიმის ლეგიტიმურობა და კიდევ უფრო აამაღლოს პარტიისადმი ნდობა და მორჩილების. დღეს სი ძინპინის ერთ-ერთი ამოცანა სწორედ რომ პარტიული ძალების კონსოლიდაცია გახლავთ.
სი შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ ვალდებულებას, ის დაუღალავად შრომობს და მომავალი ლიდერების მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. 2015 წელს მას ბარაკ ობამაზე მეტი ოფიციალური ვიზიტი ჰქონა სხვადასხვა ქვეყანაში.
1 ოქტომბერს სი ძინპინი ტიანამენის მოედანზე თავის მოქალაქეებთან ერთად აღნიშნავს ეროვნულ დღესასწაულს. საყურადღებო ფაქტია, რომ მის გვერდით ყოველთვის აღმოაჩენთ ყოფილ პრეზიდენტებს ჰუ ძინტაოს , ჯიანგ ზემინსა და მოქმედ პრემიერს ლი ქეგიანგს. მსგავსად პარტიული ყრილობებისა, სის სურს, რომ ერთგვარად ხაზი გაუსვას ჩინური გზის განგრძობითობას, რომ პარტია ქვეყნის განუყრელი ნაწილია და წარსული და მოქმედი ადამიანები კვლავ ერთად ცდილობენ ქვეყნის განვითარებას.
გამოსარჩევია ადგილი, საიდანაც ქვეყნის ლიდერმა წარმოთქვა თავისი სიტყვა, ზუსტად აქ განაცხადა თავის დროზე მაომ ჩინური სახალხო რესპუბლიკის დაარსება. ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, მაოსთან შედარება გულისხმობს უფრო წარუმატებულობას, ვინაიდან მაომ ეკონომიკური კუთხით დატოვა იმაზე უარესი მდგომარეობა, ვიდრე 1949 წელს, თუმცა, ვინაიდან სახელმწიფო სრულ მონოპოლიას ფლობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხში ( მედია მთლიანად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ), მაოს მთავარი მიღწევა ჩრდილავს მის შეცდომებს. მაგალითად, ღიად არავინ ისაუბრებს თუნდაც 1952 წლის დოკუმენტზე, სადაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი ლუო რუიქინგი მაოს ერთი წლის განმავლობაში 301,800 ადამიანის სიკვდილით დასჯას აუწყებს. მან შეძლო და გააერთიანა მოსახლეობა ერთიანი დიადი ჩინეთის იდეით და დღეს ,როგორც ვახსენე, მისი მემკვიდრენი თვალს ადევნებდნენ 15000 კაცისგან შემდგარ სამხედრო მარშს. რაც შეეხება თვითონ აღლუმს, წარმოდგენილი გახლდათ ახალი თაობის დრონები და ინტერკონტინენტური რაკეტები. ყურადღება მიიქცია Dongfeng-17-მა და Dongfeng-41-მა. ანალიტიკოსების თქმით, პირველი მათგანი ატომური შესაძლებლობების საჰაერო ხომალდს წარმოადგენს, რომელსაც მაღალი სიჩქარით შეუძლია მანევრირება, რაც მას საჰაერო თავდაცვის სისტემების გვერდით ავლის შესაძლებლობას ანიჭებს. მეორე კი რაკეტა გახლავთ, რომელსაც 15,000 კილომეტრზე შეუძლია სამიზნის განადგურება. აღნიშნული მანძილი დღესდღეობით მაქსიმალურია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩინურ სამხედრო პროგრესსა და უკვე არსებულ მიღწევებს. შეხსენებისთვის, წინა წელს ჩინურმა სახმედრო ბიუჯეტის ხარჯმა 250 მილიარდი შეადგინა, რაც, რა თქმა უნდა, ჩამორჩება შეერთებული შტატების ხარჯებს (650 მლრდ), თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩინეთს ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს მსოფლიოში.
სი თავის განოსვლაში შეეხო ტაივანის საკითხს და განაცხადა, რომ ჩინეთი აუცილებლად დაიბრუნებდა კუთვნილ ტერიტორიას, თუ საჭირო გახდებოდა ძალითაც კი. რაც შეეხა ჰონგ-კონგს, მან ირიბად ახსენა, რომ ჩინეთი შეინარჩუნებს სტაბილურობას რეგიონში და მინიჭებულ ავტონომიას საფრთხე არ შეექმნებოდა.
რაც შეეხება თვითონ სი ძინპინს, მას არ შეექმენბა კონსტიტუციურად გადარჩევის საფრთხე, ვინაიდან ნაციონალურმა სახალხო კონგრესმა ფაქტობრივად სიკვდილამდე სცნო მისი მმართველობა, რაც უფლებას გვიტოვებს ვივარაუდოთ, რომ ჩინეთი აღებულ კურსს არ გადაუხვევს, თუმცა, საინტერესოა, როგორ გაუმკვლავდება ჩინეთის ყველაზე პოპულარული ლიდერი დღევანდელ გამოწვევებს. ჰონგ-კონგში არსებული სიტუაცია და სავაჭრო ომი შეერთებულ შტატებთან უკვე ნეგატიურად აისახება ჩინურ ეკონომიკაზე. ექსპერტების ვარაუდით, სწორედ ეკონომიკურ კრიზისს პოლიტიკური ელიტის კრიზისი მოჰყვება და გარკვეულ ლიბერალურ ოცნებებში თავისუფალი ჩინეთის პერსპექტივაც მოჩანს. თუმცა, სანამ ნაციონალიზმი თამაშში რჩება, მსგავსი სცენარი წარმოუდგენელია.
ჩინეთი დღეს ზეიმობს და ზეიმის რეალური საფუძველიც არსებობს, ვინაიდან ქვეყანა, რომელიც დანაწევრებული გახლდათ გავლენის სფეროებად, დღეს ერთიანი, თამამად მიაბიჯებს მსოფლიო ჰეგემონის დასამხობად.
შოთა მგელაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი