პოლონეთის აღმოსავლური პოლიტიკა: უკრაინა

e899e995-25bf-4538-ba19-aec026ff673bპირველი მსოფლიო ომის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის მცირე სახელმწიფოებს ურთიერთწინააღმდეგ რამდენიმე სისხლიანი კონფლიქტი ჰქონდათ, ხელი შეუწყო, ჩამოყალიბებულიყო სტერეოტიპული შეხედულება, რომ რეგიონის ქვეყნებს ურთიერთთანამშრომლობა ან არ შეუძლიათ, ან არ სურთ, რის გამოც მწვავე საკითხებს, ძირითადად, კონფრონტაციული ფორმით წყვეტენ. თუმცა, პოლონეთის, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ძირითადი აქტორის, მიდგომა მეზობლებისადმი რაციონალურ გათვლებს ეფუძნება და ნაკლებადაა დამყარებული ემოციურ დამოკიდებულებებსა და განწყობებზე.

პოლონეთისა და უკრაინის ურთიერთობები რაციონალური საგარეო პოლიტიკის ნათელი მაგალითია. გარდა იმისა, რომ უკრაინა პოლონეთისათვის წარმოადგენს რუსეთის შეკავების ერთ-ერთ ძირითად ღერძს, მათ შორის ახლო სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებია დამყარებული. ჯერ კიდევ 2008 წელს, პოლონეთისა და შვედეთის მიერ ინიცირებულ იქნა ევროკავშირის აღმოსავლური პოლიტიკა, რომლის ძირითად ბენეფიციარებს სწორედ უკრაინა და საქართველო წარმოადგენს. ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება პროექტები, რომლებიც ბენეფიციარი ქვეყნების ევროკავშირთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ დაახლოებას ითვალისწინებს. პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქვეყნებისათვის, როგორებიც უკრაინა და საქართველოა,  ერთ-ერთ უმთავრეს ლობისტსა და მხარდამჭერს წარმოადგენს, რაც მისი აღმოსავლური საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთისა და უკრაინის ურთიერთობა საკმაოდ მძიმე ისტორიულ კონფლიქტებს მოიცავს, პოლონეთის საგარეო პოლიტიკა უკრაინის მაქსიმალურად დაახლოებაზეა ორიენტირებული.

ისტორიას აქვს თავისი მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი ისეთ მოვლენებს, რომლებსაც ოფიციალური სახელი ჯერ კიდევ არ დარქმევია და შესაძლოა, მათზე სხვადასხვა  ქვეყანაში  განსხვავებული შეფასებები და მიდგომები არსებობდეს. პოლონურ-უკრაინული ურთიერთობების განხილვისას შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მიმდინარე მოვლენებს. ამ ორი სახელმწიფოს გზები პირველად 1919 წელს გადაიკვეთა, მაშინ, როცა ორივე სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ახალი აღდგენილი ჰქონდა. ორ ერს შორის დაძაბულობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მას შემდეგაც გაგრძელდა, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია  ორივე სახელმწიფოს თანამედროვე პოლიტიკაზეც კი.

1942-1950 წლებში განვითარებულ სამხედრო-პოლიტიკურ მოვლენებს განსხვავებულად აფასებენ პოლონეთსა და უკრაინაში. თუკი ამ უკანასკნელში ამ მოვვლენებს გმირული და მხოლოდ პოზიტიური ელემენტები აქვს, პოლონეთისათვის მტკივნეულ ეპიზოდს წარმოადგენს. ამ თემის გამო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთბების დაძაბვა რამდენჯერმე მოჰყვა კიდეც.

პოლონეთის აღმოსავლური პოლიტიკა ერთი მხრივ რუსული საფრთხის შეკავებაზეა აგებული, ხოლო მეორე მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ლიდერი სახელმწიფოსა და სტაბილიზატორის ფუნქციის შეთავსებაზეა ორიენტირებული. ჯერ კიდევ 1990 წელს, სანამ საბჭოთა კავშირი ოფიცილურად დაიშელობოდა, პოლონეთმა დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან, რის შედეგადაც ორ სახელმწიფოს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმება ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის შესახებ. მომდევნო წლებში პოლონეთი არა მხოლოდ ცდილობს გააღრმავოს ეკონომიკური კავშირები უკრაინასთან, არამედ ეხმარება კიდეც მას დემოკრატიზაციასა და ევროკავშირთან დაახლოებაში. როდესაც უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში პროდასავლური ძალები მოვიდნენ (2004-2005წ.)  , პოლონეთი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოხატა მხარდაჭერა ვიქტორ იუშენკოს საგარეო პოლიტიკისადმი, რაც უკრაინის ნაციონალური და ევროპული იდენტობის გამყარებასა და რუსული რბილი ძალის შემცირებას ემსახურებოდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და დონბასის რეგიონში სამხედრო მოქმედებებში ჩაება, პოლონეთი ანტიკრემლურ პოზიციას იჭერს, განცხადებულად გმობს მის მოქმედებებს და გამოდის რუსეთისადმი სანქციების დაწესების მოთხოვნით. მეტიც,  2015 წლიდან პოლონეთს აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ ის არასდროს აღიარებს ყირიმის ანექსიასა და მის რუსეთის ნაწილად გამოცხადებას. 2014-2017 წლებში პოლონეთი აშშ-სთან ერთად იყო თავდაცვის საშუალებების უკრაინისათვის მიწოდების არა მხოლოდ აქტიური ინიციატორი, არამედ პრაქტიკული განმახორციელებელიც. პოლონეთისათვის უკრაინა წარმოადგენს რუსეთის შემაკავებელ ერთ-ერთ უმთავრეს ძალას. სწორედ საბჭოთა ჯარების მიერ უკრაინის დაკავების შემდეგ წამოიწყეს კომუნისტებმა ომი პოლონეთის წინააღმდეგ 1920 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ომი პოლონეთის გამარჯვებით დასრულდა, უკრაინის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა განსაკუთრებით ნათელი გახდა. შესაბამისად, პოლონეთისათვის უკრაინის დაცემა რუსეთთან სამხედრო ესკალაციის საფრთხის აშკარა ზრდასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, 2014 წლიდან პოლონეთი უკრაინისათვის არა მხოლოდ იარაღის მიწოდების ლობისტი და განმახორციელებელია, არამედ კიდეც ქმნის შერეულ, მობილურ 4500 კაციან  ბრიგადას , რომლის მოვალეობაც ნებისმიერი საგარეო მოწინააღმდეგის თავდასხმის მოგერიებაა. ბრიგადა დაკომპლექტებულია პოლონელი, უკრაინელი და ლიეტუველი სამხედროებით. მისი ზედმეტსახელი „LITPOLUKRBRIG-ია“. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ამ შემთხვევაში ვხედავთ ნატოს ორ სახელმწიფოს, რომელიც ეხმარება არაწევრ ქვეყანას თავდაცვაში არა მხოლოდ ფინანსური და ტექნოლოგიური კუთხით, არამედ ფიზიკურადაც კი.

მნიშვნელოვანია პოლონეთის ეკონომიკური ჩართულობა უკრაინაში. 2009 წელს პოლონეთმა და უკრაინამ ადგილობრივი სასაზღვრო ტარიფების შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რაც მიმოსვლის გაადვილებასა და ეკონომიკური საქმიანობის გამარტივებასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო ათწელულის განმავლობაში, პოლონეთს არ ჰქონია ეკონომიკური არც სტაგნაცია და არც რეცესია, რაც მის ეკონომიკურ მიმზიდველობას ზრდის. შრომითი მიგრაცია უკრაინიდან პოლონეთში  განსაკუთრებით იზრდება 2014 წლიდან და ზოგიერთი მონაცემით უკრანელი შრომითი მიგრანტების რაოდენობა პოლონეთში მილიონ ადამიანსაც კი აჭარბებს. მარტო 2017 წელს 3.1 მილიარდი დოლარი  გადაირიცხა პოლონეთიდან უკრაინაში, რაც უკრაინის ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არტერიას წარმოადგენს. პოლონეთი თავისი გამარტივებული შრომითი კანონმდებლობით საშუალებას აძლევს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, ადვილად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც მას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გამორჩეულად სასურველს ხდის.

მნიშვნელოვანია პოლონელი მოქალაქეების დამოკიდებულება უკრაინისადმი. კანტარის საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ პოლონელთა 87% აღიქვამს უკრაინას ევროპულ სახელმწიფოდ, მაშინ, როდესაც გერმანიაში მაჩვენებელი 55%-ია (Kantar Public, 2017).

მიუხედავად მწავავე ისტორიული უთანხმოებებისა, პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდება. საგარეო პოლიტიკური ფაქტორი ისევე,  როგორც კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ორ სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან. სავარაუდოა, რომ პოლონეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ერთი მხრივ რუსული საფრთხის შეკავებას ემსახურება, ხოლო მერე მხრივ პოლონეთის, როგორც ლიდერის,  ფუნქციას უსვამს ხაზს. ორ სახელმწიფოს შორის მოცემული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური რეალობა, ნათელი მაგალითია იმისა, მიუხედავად წარსულში მიმდინარე ისტორიული პროცესებისა, თუ როგორ შეიძლება ურთიერთობები აიგოს რაციონალურ და დინამიურ პროცესებზე, ვიდრე კონფრონტაციაზე.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s