ისტორია:
”პოლონეთი არის ქვეყანა ძალიან მძიმე ისტორიითა და წარსულით”– ეს არის ფრაზა, რომელიც შეგვიძლია უნივერსალურად გამოვიყენოთ, როგორც წინათქმა, პოლონეთის მიერ გავლილი სისხლიანი და სახიფათო გზისა 1795 წლიდან 1989 წლამდე.
1795 წელი არის თარიღი, როდესაც პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა, ფორმალურად, პოლონეთის სამეფო გვირგვინი და ლიტვის დიდი საჰერცოგო, დანაწევრდა რუსეთის იმპერიის, პრუსიისა და ავსტრიის ჰაბსბურგთა მონარქიის პირდაპირი მონაწილეობით.
ამ ისტორიულმა მოვლენებმა პოლონეთის დამოუკიდებლობის დაკარგვა განაპირობა … თანაც, 123 წლით. არა მხოლოდ დამოუკიდებლობა იყო ხელყოფილი, არამედ საფრთხე ექმნებოდა პოლონური ეროვნული თვითმყოფადობის თითქმის ყველა ასპექტს: ენას, ლიტერატურას, კულტურასა და რელიგიას. 123-წლიანი ოკუპაციის მანძილზე, რუსეთის იმპერიამ სასტიკად ჩაახშო პოლონელთა 2 სამხედრო აჯანყება 1830-1831 (“ნოემბრის”) და 1863-1864 წლებში (“იანვრის აჯანყება”). უკანასკნელ აჯანყება სრუსიფიკაციის 22–პუნქტიანი მრავალწლიანი გეგმა მოჰყვა. გეგმა მოიცავდა:
• პოლონეთის სამეფოს ავტონომიის ოფიციალურ გაუქმებას;
• საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მომდევნო 50 წლის განმავლობაში;
• პოლონელების მასობრივ გადასახლებას ციმბირში;
• რუსების დანიშვნას საშუალო და მაღალი რანგის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით;
• ტერმინ “პოლონურის“ (“Polski/a”) გაქრობა ყველა კერძო თუ საჯარო დაწესებულებიდან;
• პოლონური უმაღლესი სასწავლებლების გაუქმებასა და სკოლებში რუსული ენის სავალდებულო სწავლებას;
• ვატიკანთან და პაპთან ნებისმიერი სახის კონტაქტის აკრძალვას პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებისთვის.
ზემოხსენებული ისტორიული მოვლენების შემდეგ, 1918 წელს პოლონეთმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა, თუმცა, ამჯერად კომუნისტური რეჟიმი გახდა პოლონეთის II რესპუბლიკის სუვერენიტეტის უმთავრესი საფრთხე. თუმცა, პოლონეთმა საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა და ბოლშევიკების დამარცხება მოახერხა.
II რესპუბლიკამ მხოლოდ 21 წელი იარსება. 1939 წელს რიბენტროპ-მოლოტოვის საიდუმლო პაქტის საფუძველზე, საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია შეიჭრნენ პოლონეთში. მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკული მოვლენები განსაკუთრებით დამანგრეველი აღმოჩნდა პოლონეთისთვის. ადამიანური და ინფრასტრუქტურული განადგურების გარდა, საბჭოთა საიდუმლო სამსახურებმა ჩაატარეს კლასიფიცირებული ოპერაცია და 22 000-მდე დატყვევებული პოლონელი ოფიცერი მოკლეს კატინსა და საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში. გარდა ამისა, იმავე პერიოდში 60 000-ზე მეტი პოლონელი გადაასახლეს სამშობლოდან შუა აზიაში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პოლონეთი აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყანა მომდევნო გახდა 40 წლის განმავლობაში (საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ). ამ ხნის განმავლობაში კომუნისტურ რეჟიმს არ შეუჩერებია პოლონეთის ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტის რეპრესიები. იყო ისეთი ტრაგიკული მოვლენებიც, როგორებიცაა: პოლონელი ახალგაზრდების სასტიკი დარბევა საბჭოთა ჯარების მიერ 1968 წელს და 1-წლიანი სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება 1981 წელს.
ამ მწარე ისტორიული გამოცდილების შედეგად, პოლონეთის III რესპუბლიკის თითქმის ყველა მთავრობა (1989 წლიდან), მიუხედავად საგარეო პოლიტიკისადმი განსხვავებული მიდგომებისა, რუსეთიდან მომავალი საფრთხეების მინიმიზაციასა და რეგიონული სტაბილიზაციის უზრუნველყოფას ცდილობს. სწორედ ამიტომ, პოლონელების 90%-ზე მეტი რუსეთს ნომერ პირველ საფრთხედ აღიქვამს ეროვნული უსაფრთხოებისათვის, ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში წევრობას უჭერს მხარს და მზადყფნას გამოთქვამს ნატოს მოკავშირეებს სამხედრო-საბრძოლო დახმარება გაუწიოს თავდასხმის შემთხვევაში.
სამხედრო მოდერნიზაცია:
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც პოლონეთის როლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, მისი აქტიური მისწრაფებებია, გახდეს რეგიონული უსაფრთხოების მთავარი გარანტი. დენ გურის მიხედვით: ”პოლონეთის რესპუბლიკა თანდათან ნატოს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე წევრი ხდება იმ დროს, როდესაც მოსკოვი აქტიურად ცდილობს დასავლური დემოკრატიებისა და მთლიანად ევროკავშირის დესტაბილიზაციას.”
პოლონეთი უფრო მეტ ფულს ხარჯავს მშპ-ის პროცენტული თვალსაზრისით, ვიდრე ნატოს სხვა ქვეყნები. 2019 წლის ბიუჯეტიდან, პოლონეთის მთავრობამ მშპ-ის 2%, დაახლოებით 11.76 მილიარდი აშშ დოლარი გამოჰყო თავდაცვითი ხარჯებისთვის.
დამატებითი მნიშვნელოვანი ელემენტი პოლონურ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობაა. სექტემბერში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ პოლონეთმა და შეერთებულმა შტატებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, პოლონეთში ამერიკული ჯარების რაოდენობა 4 500–დან 5 000–მდე გაიზრდება. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, მისი თქმით, პოლონეთში 2 000-კაციანი სამხედრო ბაზა უნდა შეიქმნას, რომელსაც არაოფიციალურად “ფორტ ტრამპი” უწოდეს. აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად ვარშავამ ვაშნგტონს 2 მილიარდი დოლარი და ინფრასტრუქტურული ხარჯების დაფარვა შესთავაზა. პოლონეთი ასევე აქტიურად იძენს F-35A კლასის ავიაგამანადგურელებს პენტაგონისგან.
რუსული საფრთხის შესამცირებლად, ვარშავამ თავისი რეგულარული შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა დაახლოებით 30%-ით და საბრძოლო შემადგენლობას მეოთხე ბრიგადა შემატა. როგორც დენ გური აღნიშნავს: ”პოლონეთი ასევე აძლიერებს ტერიტორიული თავდაცვის ძალებსაც, რომელიც მთლიანობაში17 მსუბუქი ქვეითი ბრიგადისგან შედგება. ამ დანაყოფების მობილიზება შესაძლებელია რუსულ დესანტთან და ცალკეულ რაზმებთან ბრძოლისათვის, ან საჭიროების შემთხვევაში, ე.წ. ”პატარა მწვანე კაცუნების” ნეიტრალიზაციისათვის.“ პოლონეთი მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს სამხედრო მოდერნიზაციის კუთხითაც. 2026 წლის ახალი ტექნიკური მოდერნიზაციის გეგმის თანახმად, ვარშავა დაახლოებით 50 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს მეხუთე თაობის გამანადგურებელ თვითმფრინავებზე, მოიერიშე ვერტმფრენებზე, მოკლე დიაპაზონის რაკეტებზე, წყალქვეშა ნავებსა და კიბერ უსაფრთხოებაზე.
საგარეო პოლიტიკა:
როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის თანაავტორი, პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა, აღმოსავლეთისკენ. სწორედ ამიტომ, პოლონეთის აღმოსავლელი პარტნიორები, კერძოდ, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებად რჩებიან. 2019 წელს სეიმში სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა: ”პოლონეთისთვის, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს გრძელვადიანი სტაბილურობისა და ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ზრდის წინაპირობას. ”
პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში და მილიონობით ევროს ჰყოფს ამ ქვეყნებში დემოკრატიის, ტრანსფორმაციისა და განვითარების მხარდასაჭერად.
საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ვიშეგრადის ჯგუფი (უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი დაჩეხეთი). მიუხედავად წევრი ქვეყნების განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და მისწრაფებებისა, პოლონეთი აქტიურად იყენებს ამ ფორმატს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდასაჭერად და ისეთი საკითხების აქტუალიზაციას ახდენს, როგორებიცაა: ”გაყინული კონფლიქტები” უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში.
თანდათან პოლონეთი ევროპაში შეერთებული შტატების უახლოესი მოკავშირე ხდება, რომელსაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. პოლონეთის თითქმის ყველა საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს თეთრი სახლი.
პოლონეთის ეფექტური საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი ნაყოფია მაღალიეკონომიკური ზრდის უწყვეტი ტემპი, რომელიც საშუალოდ 4.2%–ს აღწევს1992 წლიდან დღემდე.
ამ ძალიან მოკლე და ზოგადი მიმოხილვის ბოლოს, თუ რატომაამნიშვნელოვანი პოლონეთი, ერთი რამ შეიძლება ითქვას: პოლონეთი გახდასაყრდენი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და მიუხედავადმმართველი პარტიისა და ოპოზიციური ელიტის იდეოლოგიურიგანსხვავებებისა, ეს ქვეყანა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს შემდეგარჩევნებში, დარჩება რუსული გავლენისაგან თავისუფალ “კუნძულად” და ისეთი ქვეყნების აქტიურ მხარდამჭერად, როგორებიცაა საქართველო დაუკრაინა.
გრიგოლ ჯულუხიძე
უფროსი მკვლევარი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.