2019 წლის 19 აგვისტოს ჰონგ-კონგის ქუჩები 1.7 მილიონმა დემონსტრანტმა დაიკავა. მათი მოთხოვნები ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რეგიონის ავტონომიისა და იდენტობის ხელყოფის მცდელობის აღკვეთისაკენაა მიმართული. მიუხედავად ამ საკმაოდ ზოგადი და ეგზისტენციალური მოთხოვნებისა პრობლემის სათავე ზედმიწევნით კონკრეტული საკითხი გახლდათ. 2014 წლიდან მოყოლებული ჰონგ-კონგში პოლიტიკური ცხოვრება საკმაოდ მწვავე ფაზაშია შესული, მას შემდეგ რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის ტენდენცია გააძლიერა. 2019 წლის თებერვლიდან კრიზისი განსაკუთრებით გამწვავდა. ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც 2047 წლამდე ვალდებულია შეინარჩუნოს ჰონგ-კონგის არსებული პოლიტიკური სისტემა, სი ძინ პინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აქტიურად ცდილობს რეგიონის განსხვავებული სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური იდენტობის ფორმირებას.
ჯერ კიდევ 2014 წელს იქნა მცდელობა რეგიონის დამოუკიდებელი საარჩევნო სისტემის რეფორმირებისა, რასაც მასიური დემონსტრაციები და “მოძრაობა ქოლგის” დაარსება მოჰყვა. 2018 წლის ოქტომბერში კი ჰონგ-კონგი სახმელეთო გზით – ხიდით – დაუკავშირდა ქალაქებს მაკაოსა და ჟუჰაის, რითიც შეიქმნა პირდაპირი სახმელეთო დერეფანი ჰონგ-კონგსა და დანარჩენ ჩინეთს შორის, რასაც ეჭვით შეხვდენენ ჰონგ-კონგელები. მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლით ადგილობრივმა პარლამენტმა დაიწყო იმ კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც ჰონგ-კონგში დაკავებული მოქალაქის ექსტრადირება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაშვებული იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ტერიტორიულ ერთეულს განსხვავებული სამართლებრივი სისტემა აქვს. მასიური დემონსტრაციების მიუხედავად თავდაპირველად ჰონგ-კონგის მოქმედმა ხელისუფლებლამ უკან არ დაიხია და როგორც 2014 წელს, ახლაც გამოიყენა ძალა დემონსტანტების წინააღდეგ. თუმცა ივნისში გამწვავებული სიტუაციის ფონზე, რასაც მოსახლეობის მხრიდან პარლამენტის დაკავება და დარბევა მოჰყვა, კანონპროექტის განხილვა დროებით შეჩერდა, თუმცა არ გაუქმებულა. მაგრამ დემოსნტრაციებს თანდათან მიეცა განხვავებული ხასიათი – თუკი თავდაპირველი მოთხოვნები საკმაოდ კონკრეტული გახლდათ, ახლა დემონსტრანტები თავიანთი იდენტობის დაცვასა და ჰონგ-კონგის დანარჩენი ჩინეთისაგან მეტ ავტონომიას ითხოვენ. გაჟღერდა დამოუკიდებლობის მოთხოვნებიც კი. მაგრამ რა განაპირობებს ჰონგ-კონგის ასეთ უნიკალურ იდენტობას და რამდენად შესაძლებელია სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულს შორის პოლიტიკური ერთობის ხანგრძლივი შენარჩუნება? საკითხის შესასწავლად აუცილებელია მივმართოთ ისტორიულ ანალიზსს.
2017 წელს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგად წარმოჩინდა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 3.1% მიიჩნევს თავს ჩინელად. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ თავს ჰონგ-კონგელად აიდენტიფიცირებს. ეს თვითიდენთიფიკაციის განსხვავებული დახასიათება დაკავშირებულია რამდენიმე ფუნდამენტურ ფაქტორთან, რომელთაგანაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ენა, ისტორიული გამოცდილება, პოლიტიკური კულუტრა და ეკონომიკური განვითარება.
თუკი ჩინეთის მმართველი წრეების დიდი ნაწილი საუბრობს მანდარინზე სამხრეთ ჩინეთსა და ჰონგ-კონგში უმთავრესი სასაუბრო ენაა კანტონური. კანონწარმოებაცა და ბიზნეს საქმიანობაც სწორედ კანტონურსა და ინგლისურზე მიმდინარებს. ის ჩინელი მოქალაქეები, რომლებიც ცენტრალური და ჩრდილოეთის პროვინციებიდან ცდილობენ ჰონგ-კონგში ჩასვლასა და დამკვიდრებას უწევთ კანტონურისა და ინგლისური ენის შესწავლა.
მეორეს მხრივ ჰონგ-კონგი თანამედროვე ჩინეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში მხოლოდ 1997 წელს შევიდა. 1842 წლიდან მოყოლებული (თუ არ ჩავთვლით ოთხწლიან იაპონურ ოკუპაციას მეორე მსოფლიო ომის დროს) საპორტო ქალაქს ბრიტანელები აკონტროლებდნენ. ოფიციალურმა ლონდონმა 1842 წელს ჰონგ-კონგის თავდაპირველი დასახლება პრაქტიკულად მუდმივი მოხმარებისათვის გადაეცა. ეს არ იყო მშვიდობიანი აქტი. მას წინ უძღვოდა ბრიტანულ-ჩინური სამხედრო მოქმედებები, რომელიც “ოპიუმის პირველი ომითაა” ცნობილი. თუმცა ჰონგ-კონგის მიმდებარე კუნძულების დაკავება ბრიტანეთმა 1898 წელს ჩინეთის იმპერიასთან გაფორმებული პეკინის შეთახმებით მოახერხა, რომლის თანამხმადაც ახალი მიწების კონტროლი 99 წლით გადაეცემოდა ბრიტანეთის იმპერიას.
ბრიტანული ჰონგ-კონგი წარმატებული ეკონომიკის მაგალითი იყო. გაიზარდა საერთაშორისო ვაჭრობა, თევზჭერა, განვითარდა ფლოტი, ტვირთზიდვა და საბაზრო ეკონომიკა. სიმდიდრის დიდმა ოდენობამ და ეკონომიკური აღმავლობას მიიზიდა როგორც კვალიფიციური, ისე იაფი მუშახელი. ლეგალურ საქმიანობასთან ერთად განვითარდა შავი ბაზარი და მეკობრებაც კი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ჩინეთში მაო ძედუნის კომუნისტურმა პარტიამ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო მოსახლეობის ეკონომიკურად დაწინაურებული და კვალიფიციური ნაწილი არამხოლოდ ტაივანში, არამედ ჰონგ-კონგშიც აფარებს თავს, რაც ამ უკანასკნელის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას უწყობს ხელს.
ბრიტანელი მმართველები, რომლებიც გუბერნატორის მეშვეობით მართავდნენ კუნძულს, აქტურად ცდილობნენ დაენერგათ იმპერიისათვის დამახასიათებელი სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური პრინციპები, ჩვეულებები და ნორმები. ერთ-ერთი უპირველესი რაც მათი მხრიდან განხორციელდა იყო ბრიტანული სამართლებრივი სისტემის დანერგვა კუნძულზე, რასაც მალევე განათლების სისტემის ბრიტანულ მოდელზე შემუშავება მოჰყვა. პრაქტიკულად ჩამოყალიბდა ორენოვანი პოლიტიკური ერთეული, რომელზეც 1990 წლისათვის მთელი ჩინეთის ეკონომიკის 27%-ზე მეტი მოდიოდა.
ჰონგ-კონგისათვის 1960-70-ნი წლები განსაკუთრებით მნიშველოვანი გამოდგა. კომუნისტურმა ჩინეთმა ე.წ. “კულტურულ რევოლუციასთან” ერთად – რაც კომუნისტური ჩინეთის მიერ კაპიტალისტური ელემენტებისა და ტრადიციული ჩინური სოციო-ეკონომიკური სისტემის სრულ განადგურებას ისახავდა მიზანს – ნაციონალისტური რიტორიკაც წამოწია წინ. მიზანი ჰონგ-კონგისა და მაკაოს შემოერთება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელმა მფლობელებმა მაკაო შედარებით ადვილად დათმეს, ბრიტანეთმა მეტი სიმტკიცე გამოიჩინა. მასიური დემონსტრაციები და ტერორისტული აქტები ჰონგ-კონგში გახშირდა. თუმცა დემონსტრაციების რეალური მიზეზი უფრო მეტად სოციალური სიდუხჭირე და სოციალური უთანასწორობა გახლდათ, ვიდრე მაო ძედუნის “კულტურული რევოლუციისადმი” მხარდაჭერა.
შედგებმაც არ დააყოვნა. 1960-ნი წლებიდან ბრიტანეთი რეფორმების ტალღას იწყებს. ძლიერდება სოციალური პროგრამები, იწყებენ ინფრასტრუქტურული პროექტები, ხდება ადგილობრივი ხელისუფლების რეკრუტირება სამთავრობო წრეებში და კიდევ უფრო მყარდება ჰონგ-კონგისეული იდენტობა. თუმცა 1898 წელს დადებული პეკინის შეთანხმება 1997 წლამდე იყო ძალაში. ამ რეალობის გათვალისწინებით მარგარეტ ტეტჩერის მთავრობამ მოლაპარაკება ჩინეთის დენ სიოპინის მთავრობასთან 1980-ნი წლების მეორე ნახევარში ინტენსიურად დაიწყო. მიუხედავად ბრიტანელთა მცდელობისა შეენარჩუნებინათ 1898 წლამდე არსებული ჰონგ-კონგის თავდაპირველი ნაწილი მაინც – რომელიც უვადოდ იქნა გადაცემული ბრიტანელებისათვის 1842 წელს – ტექნიკურად ეს თითქმის შეუძლებელი გახდა, რადგან ქალაქის ურბანული განვითარება თავდაპირველ საზღვრებს სრულიად იქნა გამცდარი, ხოლო კომუნისტური ჩინეთის ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა არ სურდა. მიუხედავად ამისა, მაინც გაფორმდა ორმხრივი შეთანხმება, რომლის თახმადაც 1997 წლის პირველ ივლისიდან კუნძულზე კონტროლს ჩინეთი იბრუნებდა ოღონდ იმ პირობით, რომ 50 წლის განმავლობაში, ანუ 2047 წლამდე ცენტრალური ხელისუფლება არ შეცვლიდან ჰონგ-კონგის სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკური სისტემას – მას მხოლოდ საგარეო სამქეებსა და თავდაცვაზე ეკისრებოდა პასუხისმგებლობა. ამ პრინციპზე დაფუძნებით ჩინეთის ცენტრალურმა კომუნისტურიმა ხელისუფლებამ გაატარა სისტემური რეფორმა და მიიღო დადგენილება “ერთი ქვეყნისა და ორი სისტემის” შესახებ, რაც მიანიშნებდა განსხვავებული პოლიტიკური სისტემის არსებობის შესაძლებლობას ერთიან ქვეყანაში.
უკანასკნელ, 1990-1997 წლებში ბრიტანეთმა კიდევ უფრო ხელი შეუწყო ჰონგ-კონგისეული განსხვავებული იდენტობის ფორმირებას. კულტურულ ღონისძიებებსის ჩამოყალიბებას, ქუჩის დასახელებების შეცვლა მოჰყვა, საგანმანათლებლო ბრიტანულ სისტემას, ინგლისური ენის გავრცელების მცდელობა, ხოლო საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ მოდელს დაემატა ისიც, რომ გატარდა დემოკრატიული რეფორმები, რაც წარმომადგენლობითი პალატის გაძლიერებას გულისხმობდა, რომლის მხოლოდ ნაწილი იყო მოსახლეობის მიერ არჩეული, ხოლო საპარლამენტო სკამების ნაიწილი ბიზნეს სექტორის წევრებისათვის გახლდათ შენახული. ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება 2014 წლის რეფორმებით ცდილობდა კიდევ უფრო დაესუსტებინა წარმომადგენლობითი ორგანოს როგორც როლი ისე შეეცვალა მისი არჩევის წესი, რაც გარკვეული წარმატებით შეძლო კიდეც.
სი ძინპინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ – 2012 წელი – ზეწოლა ჰონგ-კონგზე კიდევ უფრო გამწვავდა. ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ჩაერიოს რეგიონის ავტონომიაში და შეცვალოს როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური სურათი. მიუხედავად იმისა, რომ ავტონომიის მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა ძლიან დიდია, ცენტრალური ხელისუფლება ძალის დემონსტრირებასაც არ ერიდება და საჭიროების შემთხვევაში ჰონგ-კონგში ინტერვენციასაც არ გამორიცხავს. ამით ჰონგ-კონგის მოსახლეობის გაუცხოება დანარჩენი ჩინეთისაგან კიდევ უფრო მკვეთრი ხდება. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ მანიფესტაციებზე მასიურად გამოჩნდა ბრიტანეთის იმპერიის პერიოდის ჰონგ-კონგისეული დროშები, ხოლო ახალგაზრდები, რომლებიც ბრიტანულ განათლებას იღებენ ხოლო ინფორმაციის გავრცელების საშუალებებს შეუზღუდავად და ძალიან აქტიურად იყენებენ წინააღმდეგობის მთავარ ბირთვს წარმოადგენენ. მეტიც, მათი მხრიდან გაჩნდა მოთხოვნები ბრიტნეთის შემადგენლობაში დაბრუნების ან დამოუკიდებლობის შესახებაც კი. ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება, ცალკეულ შემთხვევებში, პირდაპირ ბრიტანეთსა და აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებს აკისრებს პასუხისმგებლობას მიმდინარე დემონსტრაციებთან მიმართებით. ყოველივე ეს რეგიონის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.
ჩინეთის ავტორიტარული (ზოგიერთი მკვლევარის აზრით – ტოტალიტარული) ხელისუფლება პოზიციების შესანარჩუნებლად არაპროპორციული და აგრესიული ძალის გამოყენებაზეც კი შეიძლება დათანხმდეს იმის შიშით, რომ მცირედის დათმობამ შესაძლოა დამატებითი მოთხოვნების გაჩენა გამოიწვიოს როგორც ჰონგ-კონგში ისე მთელს ჩინეთში. თუმცა უკან დახევა არც კაპიტალისტურ და ბრიტანულ სოციო-პოლიტიკურ სისტემაში ჩამოყალიბებულ მოსახლეობას სურს.
გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი