
ისტორიამ მრავალი ლოზუნგი და მოწოდება შემოგვინახა, მათ შორისაა ნიკიტა ხრუშჩოვის ცნობილი ფრაზა: „დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას”.
1957 წელს მსოფლიო სხვა რეალობის წინაშე დადგა. ბიპოლარულ სამყაროში ორი იდეოლოგია უპირისპირდებოდა ერთმანეთს და ტიტანების ორთაბრძოლა კაპიტალისტური სამყაროს გამარჯვებით დასრულდა.
ბევრი საუბრობდა ისტორიის დასასრულზე, რომ უნიპოლარული სისტემა, ან შეერთებული შტატების დომინაცია დიდხანს გასტანდა. თუმცა, აკადემიურ წრეებში უამრავი მოსაზრება არსებობდა იმ ახალ გამოწვევებზე, რომელიც გამარჯვებულ მხარეს ელოდა.
საერთაშორისო ურთიერთობების დინამიკა, სწორედ, დიდი სახელმწიფოების ურთიერთშეჯიბრზე დგას და ერთი სახელმწიფოს უკან დახევით გამოწვეულ ვაკუუმს, აუცილებლად სხვა სახელმწიფო ავსებს. ამ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ძალთა ბალანსში გამოწვეული ცვლილებები სწორედაც რომ გახდა გარკვეული ქვეყნებისთვისის შესაძლებლობა, რომ გამოთავისუფლებული სივრცე შეევსოთ.
დღეს, თქვენ ვერ გაიგონებთ ზემოთ აღნიშნული ფრაზის მსგავს განცხადებებს, ვინაიდან მსოფლიოში ურთიერთდამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა და გლობალური ეკონომიკის ქსელმა სახელმწიფოებს თავისუფალი მანევრირების გზები მოუჭრა. თუმცა ერთია რას ვისმენთ ოფიციალური გამოსვლების დროს და რეალობა, თუ როგორ მოქმედებს სახელმწიფო თვითგადარჩენისთვის. ეკონომიკური აღმავლობა დიდ სახელმწიფოში აღვიძებს წარსულში მქონე ამბიციებს, ან გზას უხსნის ახალ ამოცანებს მსოფლიო ჰეგემონიის მოსაპოვებლად. ვინაიდან უკანასკნელი შეუძლებელია, სახელმწიფოები ცდილობენ მაქსიმალური უსაფრთხოების მოპოვებას თავიანთ ნახევარსფეროებში და მეტოქეების გავლენის შესუსტებას. ჩინეთი, როგორც ეკონომიკური გიგანტი, რომელიც წლებია განვითარების გზას ადგას, გარკვეულწილად გრძნობს, რომ წარსულში დასახული მიზნები უკვე შესრულდა და რეალურად ახალი ამოცანების დრო მოვიდა. წინამდებარე სტატიაში მოყვანილი ფაქტები მაძლევს საშუალებას ვიფიქრო ძველ ლოზუნგზე, თუმცა უკვე ჩინური მახასიათებლებით. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო დღევანდელი ჩინური მოდელის მესაჭის როლი, როგორც შიდა, ისე გლობალურ ასპარეზზე და შემდეგ, გამოვყო ის რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომელიც მკაფიო სურათს გვაძლევს იმის თაობაზე თუ რა სამხედრო და ეკონომიკურ მახასიათებლებში დაეწია და გაუსწრო ჩინეთმა ამერიკას.
ლეგენდაში ასახული წარსული და რეალობა
მოხუცი მთის გადაადგილებას ცდილობდა, რომელიც მისი აზრით, საკუთარი სახლიდან ხედს უშლიდა, მომღიმარ გამვლელებს კი ასე პასუხობდა: “მე თუ არა ჩემი შვილები, შვილიშვილები, ან შვილთაშვილები შეძლებენ”.
ლეგენდას ბედნიერი დასასრული აქვს (ღმერთის დახმარებით ადამიანი მიაღწევს საწადელს), თუმცა აქ აქცენტი დაუღალავ მიზნისკენ მოძრაობაზეა გაკეთებული. შეიძლება მაო ძე დუნისთვის ბევრს დაეცინა, როდესაც ის პირველ ნაბიჯებს დგამდა, თუმცა ლეგენდა შედგა. 1949 წელს მსოფლიოს მოევლინა სახლი ახალი ხედით (ამ შემთხვევაში, დაბრკოლება გომინდანის მთავრობა გახდა). მას შემდეგ ჩინეთის მოსახლეობა ჩაერთო ერთიან და დაუღალავ ბრძოლაში დიადი სახელმწიფოს შესაქმნელად.
ზოგადად, ლეგენდა მაოს ეპოქის მონათხრობია, რომელიც გამოყენებულია 2017 წლით დათარიღებულ წიგნში “XI Jinping Tells Stories”.
ქვეყნის მესაჭე
სი ძინ პინი არის ადამიანი, რომელმაც მიიღო გამოწვევა. ის გახლავთ ლიდერი, რომელიც თავისი გამოცდილების ხარჯზე დგამს პრაგმატულ ნაბიჯებს. მის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შანსის პროვინციაში, ქალაქ იენანში გატარებულ ცხოვრება. სის ცხოვრებიდან ძირითადად, ორ რამეს გამოყოფენ. ერთია მისი მცდელობები პარტიაში ჩარიცხვის წესის ცვლილებისა და სამხედრო კარიერული ჰორიზონტის სამოქალაქოთი ჩანაცვლების. 1982 წელს იგი პროვინციული ოლქის, ჰებეისა და შემდეგ, ფუჯიანის მმართველი ხდება, საიდანაც იწყება მისი აღმასვლა. ადმინისტრაციული რეფორმების წყალობით, სიმ სწრაფად მოიპოვა წარმატებული მმართველის რეპუტაცია. მისი მთავარი იარაღი მიზანსწრაფულობა და დეტალურად გააზრებული ნაბიჯების გადადგმის უნარი გახლდაგ. სის ისტორიული მისია დაეკისრა რომ ჩაებარებინა მესაჭის როლი. კერი ბრაუნის მიხედვით, მის მხარესაა ასევე იღბალი, ვინაიდან სის მთავარი ოპონენტი პოლიტიკურ სკანდალს შეეწირა. ეს გახლდათ ბო იბო, რვა “უკვდავიდან” ერთ-ერთის შვილი. ასევე, აღსანიშნავია დროის ფაქტორიც. სის წილად ხვდა თავისი არსებობის მანძილზე, ყველაზე ძლიერი ჩინეთი – ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე მყოფი. მაოს მიერ შეკრული ერი, დენ სიაოპინის ეკონომიკური რეფორმებით ჰუსა და მისი წინამორბედის გატარებული წარმატებული პოლიტიკით. ჰუ ჯინტაოს 2008 წლის კრიზისის პერიოდთან გამკლავება მოუწია, ხოლო ძიანგ ზემინს მეოცე საუკუნის მიწურულის გამოწვევებზე რეაგირება. სწორედ ამ უკანასკნელ ორ ისტორიულ ფიგურასთან ერთად გამოჩნდა სი პარტიის მე-19 ყრილობაზე, რომელზეც პარტიის კომიტეტის თავმჯდომარემ შეაჯამა წარსული წლების წარმატება და განისაზღვრა ჩინეთის ახალი გლობალური როლი. სის პოლიტიკის მთავარი ადრესატი პარტია და მოსახლეობის საშუალო ფენა გახდა. პირველში ის ხედავს მთავარ მამოძრავებელ მექანიზმს, როგორც სტაბილურობის გარანტს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩინეთის ძლიერება. სწორედ, პარტიული დისციპლინა არის სის ამოსავალი წერტილი.
რა არის ჩინეთის ამოცანა? პასუხი მარტივია: გარანტია წარსულში არდაბრუნებისა. იმ წარსულში, სადაც ქვეყანა დანაწევრებული, ოკუპირებული ან დამცირებული იყო. და თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ხრუშჩოვის მოწოდებით – „დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას“. მაოს დროს შეიძლება ამ ფრაზას ღიმილი გამოეწვია მკითხველში, თუმცა დღეს ვიტყოდი, რომ ჰორიზონტი არც ისე შორსაა.
მარცხი საკუთარ თამაშში
CNAS (Center for a New American Security) გახლავთ ჯგუფი, რომელიც ამუშავებს გარკვეულ კონცეპტებს, რათა ხელი შეუწყოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დომინაციას მსოფლიოში. მათი ძირითადი კვლევა მოიცავს დიდი ქვეყნების შეჯიბრის აღწერას. პირველი საგანგაშო სიგნალი გახლავთ ჩინეთის მზარდი ეკონომიკა, ვინაიდან შეერთებულ შტატებს ჯერ არ ჰყოლია მეტოქე 40 პროცენტზე მეტი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით. კვლევა მიმოიხილავს შტატების ორ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. პირველი – სტრატეგია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა აირჩია – კონვენციური ძალის ხარისხზე ფსონის დადება, ხოლო მეორე – ჩინეთია.
ჩინური სტრატეგიის ხუთი მთავარი ასპექტი:
1) ინდუსტრიულ-ტექნიკური შპიონაჟი. ცნობილია რომ ტექნოლოგიური უპირატესობის მისაღწევად საჭიროა დიდი კაპიტალის დაბანდება სამეცნიერო კვლევით სფეროში, ასევე აუცილებელია კვალიფიციური პერსონალის ყოლა და მათი შესაბამისი გადამზადება. ჩინური გზა კი ამ შემთხვევაში, გულისხმობს მარტივ გამოსავალს, მრავალწლიან კვლევებში ინვესტიციის ნაცვლად, უბრალოდ, ტექნოლოგიისა და Know How-ს მოპარვა.
2) მართვის სისტემის განადგურება. ჩინელმა სამხედრო ექსპერტებმა კარგად შეისწავლეს ამერიკული სამხედრო მანქანის მოქმედება ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალის“ ჩატარებისას და მათი დასკვნით, თუ გამარჯვების მოპოვება სურდათ, მათ უნდა შეძლებოდათ ამერიკული ბრძოლის ველის სისტემის მართვის მოშლა, რომელიც გულისხმობდა ანალიტიკური ინფორმაციის გადამუშავებას და კავშირგაბმულობის ფუნქციის განადგურებას. ამის ნათელი მაგალითი კიბერტექნოლოგიებში ინვესტირებაა.
3) იყავი მეტოქეზე სწრაფი – მესამე სტრატეგია გულისხმობს სამხედრო დოქტრინებისა და კონცეფციების ჩამოყალიბებას, სადაც ჩინელები სავარაუდო კონფლიქტის შემთხვევაში, პირველები განახორციელებენ დარტყმას. საყურადღებოა, რომ ამ შემთხვევაში, ჩინეთი აქცენტს ბალისტიკურ რაკეტებზე აკეთებს და უფრო მეტიც, 2015 წლიდან ჩინეთის გამათავისუფლებელ-სახალხო არმიაში სარაკეტო და დამხმარე ძალების ერთეულებსაც შევხვდებით.
4) საიდუმლო იარაღი – თუ სი ძი პინის განცხადებას დავუკვირდებით, რომლის მიხედვით ყველაზე ბასრი ტექნოლოგიური იარაღი საიდუმლოდ უნდა დარჩეს მტრისთვის, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის აუცილებლად ატარებს მოულოდნელობის ეფექტს, რომელიც შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს ბრძოლის ველზე.
5) ინვესტირება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებაში – ბოლო ნაწილი კი ეთმობა ახალი ტენდენციების ათვისებასა და მათ შემდგომ განვითარებას. 2017 წლით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო 13 წლის დასახული გეგმის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, ჩინეთი წამყვანი ქვეყანა გახდება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის სფეროში, მანამდე კი შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული სახელმწიფო ამ სფეროში უკვე ლიდერია.
იშვიათი ქიმიური ელემენტები
პირველი რიგში, საინტერესოა თუ რას წარმოადგენენ ისინი. იტრიუმი (Y) ,პრაზეო-დიმიუმი (Ps), ერბიუმი (ER), ან სამარიუმი (Sm). ეს არასრული ჩამონათვალია იშვიათი ქიმიური ელემენტებისა, რომლებიც უკიდურესად მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროსათვის. პირველი ორის გარეშე ჩვენი სმარტფონები არ იქნებოდნენ ისეთი მძლავრები და მცირე ზომის, როგორსაც ვხედავთ დღეს. ზოგადმა სახელმა მათი იშვიათობის შესახებ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. სინამდვილეში, ხსენებული ქიმიური ელემენტები არც ისეთი იშვიათია, უბრალოდ ისინი მცირე კონცენტრაციით გვხვდებიან. უმეტეს შემთხვევაში ქიმიური მინერალები ერთმანეთს ჰგავს, საიდანაც მათი დაცალკევება რთულ პროცესს წარმოადგენს. სმარტფონების გარდა ისინი გამოიყენება ელექტრონული მანქანების, მზის პანელების, ქარის ტურბინაგენერატორებისა და სატელიტების შესაქმნელად. ერთი სიტყით, მათ გარეშე პროგრესი წარმოუდგენელია, შესაბამისად, მათი კონტროლი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, თუნდაც დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, ან ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდისთვის.
1990 წელს ჩინეთმა ისინი სტრატეგიულ რესურსებად გამოაცხადა და აღნიშნულ სექტორში უცხოური ინვესტიციები აკრძალა. ცნობილი ფაქტი, რამაც მსოფლიო თანამეგობრობა შეაშფოთა გახლდათ, 2010 წლის ინციდენტი, როდესაც იაპონურმა მხარემ ჩინური ხომალდი დააკავა. პეკინის პასუხი მკაცრი იყო. კერძოდ, ჩინეთმა იშვიათი ქიმიური ელემენტების ექსპორტი შეწყვიტა. შედეგად, კაპიტანი დაუყოვნებლივ იქნა გათავისუფლებული, რაც გახდა კიდეც მსჯელობის საგანი თუ როგორ გამოიყენებს ჩინეთი არსებულ მონოპოლიას სხვა სახელმწიფოებთან დავის შემთხვევაში. პირველი განგაშის სიგნალი ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს გაისმა, როცა ჩინეთი მიზანმიმართულად ამცირებდა აღნიშნული ელემენტების ექსპორტს. ერთ-ერთი სფერო, რომელიც ასევე და გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის – თავდაცვაა. პრაზეო-დიმიუმი (Pr), ნეოდინიუმი (Nd), სამარიუმი (Sm), დისპროზიუმი (Dy) და ტერბიუმი (Tb) – ეს ელემენტები ტომაჰავკის ტიპის სახომალდო რაკეტების შესაქმნელად გამოიყენება (ე.წ. „ჭკვიანი რაკეტები“). იტრიუმი, ევროპიუმი (Eu) და ტერბიუმი (Tb) კი გვხვდება ლაზერებსა და დასამიზნებელ სისტემებში. ნეოდინიუმი (Nd), პრაზეო-დიმიუმი (Pr), სამარიუმი (Sm), დისპროზიუმი (Dy) და ტერბიუმი (Tb) სამხედრო ტექნიკის ელექტრონულ მოტორებში. ნეოდინიუმი (Nd), იტრიუმი (Y), ლანთანი (La), ლუტეციუმი (Lu) და ევროპიუმი (Eu) რადარებსა და მაღალი რადიაციის დადგენის აპარატებში.
არ უნდა დაგვავიწყდეს ვანადიუმისა (V) და გრაფიტის (მინერალი) მნიშვნელოვანი ელემენტები შვეულმფრენების მოტორებისთვის, ჩინეთის ფირმები 56% აწარმოებენ უკვე ვანადიუმის და მსოფლიოს 48% რეზერვებში ინახავენ. ინვესტირება ხდება, როგორც რუსეთში, ასევე აფრიკაში. მაგალითად, 2015 წელს ჩინურმა კომპანია – International Resource LTD-მ რუსული კომპანია შეიძინა, რომელმაც გადახდისუუნარობის გამო ლიკვიდაცია განიცადა. ასევე აღსანიშნავია Dragon Holdings LTD კომპანია, რომელიც უკვე სამხრეთ აფრიკაში ოპერირებს აღნიშნული მინერალების მოპოვება გადამუშავების სფეროში. გრაფიტის წარმოების ეკონომიკური მაჩვენებლები კი უფრო შთამბეჭდავია, მისი წარმოება მსოფლიოს 70% აღწევს 2018 წლის მონაცემებით. დღეს ბევრს საუბრობენ გაზრდილ აფრიკულ ინტერესზე, მაგალითისთვის ეს ფაქტიც საინტერესოა. მოზამბიკში გრაფიტის ყველაზე დიდი საბადოა, გასაკვირი არ იქნება თუ მომპოვებელი კომპანიების გასწვრივ ჩინური წარმოშობის სახელებს აღმოვაჩენთ. ანოდის (ელექტროდი), რომელიც საჭიროა ლითიუმ-იონური აკუმულატორის შესაქმნელად, 70 პროცენტი ჩინეთზე მოდის.
დასკვნა
მედია სივრცეში აქტიურად იწერება ახალი ცივი ომის დასაწყისზე, რომელიც მიმდინარე სავაჭრო ომით გაიხსნა. ჩინური განვითარების მოდელი მხოლოდ ეკონომიკის ექსპერტთათვის აღარ არის მნიშვნელოვანი, ის უკვე წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას. ჩინური დიპლომატია ცდილობს განიმტკიცოს საკუთარი პოზიცია მსოფლიო არენაზე, რაც მნიშვნელოვნად გამოიხატება ეკონომიკური ექსპანსიის სახით. ამასთანავე, ჩინეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთების საფუძველზე მთელ რიგ ქვეყნებს თავს ახვევს თავის პოლიტიკას. შეიძლება ითქვას, რომ არსებობს კომუნისტური რეჟიმი ძლიერი ეკონომიკით, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ ასპექტებში უკვე დაეწია და გაუსწრო ამერიკას და კვლავ გააგრძელებს წარმატებულ სვლას, თუ არსებული პროცესები კვლავ იმტემპით გაგრძელდა, რომლებსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ზემოთ აღნიშნული ფაქტები არ ნიშნავს გადაჭრით იმას, რომ შეერთებული შტატების მდგომარეობა გამოუვალია. მიმდინარე წელს, ჩინური ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა წინა წლებთან შედარებით, თუმცა, როგორც ვხედავთ აღნიშნული კვლევები და არსებული რეკომენდაციები სწორედაც რომ მიანიშნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადეკვატურ ანალიზს რეალური მოვლენებისა, რაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საწინდარია. ამდენად, გამოცხადებული სავაჭრო ომი შეგვიძლია ერთ-ერთ ასეთ გარემოებად მივიჩნიოთ.
შოთა მგელაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი
აღნიშნულ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის საბჭოს ხედვებს.