კვირის ანალიზი

მეორე მსოფლიო ომის მოგონებები კვლავ ცოცხალია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თვითმფრინავმა გეზი ამომავალი მზის ქვეყნისკენ აიღო. პარასკევს დონალდ ტრამპმა ოფიციალური მზადყოფნა გამოთქვა მედიატორის როლის შესრულებაზე.

ივლისის დასაწყისში მსოფლიო ახალი ეკონომიკური დაპირისპირების მოწმე გახდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იაპონურმა მხარემ სამხრეთ კორეას ის მნიშვნელოვანი ქიმიური ნივთიერებების მიწოდება შეუწყვიტა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კორეული გიგანტის, სამსუნგისთვის.

აბსურდულია ბრალდება, რომელსაც იაპონური მედია საშუალებები ავრცელებენ, თითქოს სამხრეთ კორეიდან ხდებოდა ქიმიური ნივთიერებების გადინება ჩრდილოეთ კორეისკენ, რომელიც თავის მხრივ, მას ატომური პროგრამის დასაჩქარებლად იყენებდა. ექსპერტთა შეფასებით, აღნიშნული ეკონომიკური დაპირისპირებას მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობასთან მივყავართ. გასულ წელს კორეულმა სასამართლო იაპონური Nippon Steel დამნაშავედ ცნო მეორე მსოფლიო ომის დროს, იძულებითი შრომის პოლიტიკის გატარებაში და  გადარჩენილთათვის კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა. რეალური მიზეზი ეკონომიკური დაძაბულობისა სწორედ წარსულ მეხსიერებაში უნდა ვეძებოთ. 

მართალია, სამხრეთ კორეულ ფირმებს გარკვეული პრობლემები შეექმნებათ, ვინაიდან ისინი დიდ წილად სწორედ იაპონურ ექსპორტზე არიან დამოკიდებულნი, თუმცა აღსანიშნავია მათი რეზერვები, რომლებიც მსგავს სიტუაციაში 3-თვიანი ვადის მოგების საშუალებას იძლევა. შეერთებული შტატების მედიაცია ეჭვგარეშე ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა, რომ ეკონომიკური დაძაბულობა მალე განიმუხტება, რაც ორივე ქვეყნის ინტერესში უნდა შედიოდეს, მაგრამ სამხრეთ კორეა უკვე ახალ ეკონომიკურ რეალობაში გადადის, რომელშიც ის აღარ იქნება იაპონურ ექსპორტზე დამოკიდებული. განიხილავენ როგორც შიდა სამრეწველო პროდუქციის გაზრდას, ისე ჩინურ და რუსულ ალტერნატივებს. უკანასკნელი ორ კანდიდატს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატები.

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოცდაორმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის „ხალხის პარტიამ“ 43% დააგროვა. მეორე ადგილზე ოპოზიციური პლატფორმა გავიდა 12%-ით, ხოლო მესამეზე – ყოფილი პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს “ევროპული სოლიდარობა” – 9%. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტს კოალიციის შექმნა მოუწევს რათა აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვოს. პოროშენკოს განცხადებით ის მზად არის მხოლოდ იმ მხარესთან ითანამშრომლოს, რომელიც ღიად გამოხატავს პროევროპულ არჩევანს და ურყევად გააგრძელებს ნატოსა და ევროკავშირისკენ  სწრაფვას. ვიქტორ მედვედჩუკის განცხადებით კი მისი პარტია არ იქნება ზელენსკის მოკავშირე, პირიქით ისინი გააგრძელებენ პოლიტიკურ ცხოვრებას ოპოზიციური სტატუსით. შეგახსენებთ, რომ მედვედჩუკის ბავშვის ნათლია ვლადიმერ პუტინია. უფრო მნიშვნელოვანია ის მაჩვენებელი, რომელიც მისმა პარტია დააფიქსირა არჩევნებზე. მიმდინარე შედეგები ხაზს უსვამს გარემოებას უკრაინის მოსახლეობის ფრაგმენტაციის შესახებ. დასასრულისკენ, გამოვყოფ მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის დაპირებებს, რომ ის შეწყვეტს მიმდინარე ომს (რომელიც უფრო მეტად რუსეთის პრეზიდენტის ნებაზეა დამოკიდებული), შეებრძოლება კორუფციას და დიდი ხნის მანძილზე დამკვიდრებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელსაც უკრაინელი ოლიგარქები ქმნიან. აღნიშნული დაპირებები პრეზიდენტის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, როგორც არჩევნების შედეგებმა გვიჩვენა, ზელენსკის პოპულისტი ლიდერების რიგებში ჩაწერს. ასევე, უკრაინის პარლამენტში დიდი ალბათობით ვერ მოხვდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია, რომელმაც ეგზიტპოლების შედეგებით 1 პროცენტიც კი ვერ დააგროვა.

რუსეთის მოსახლეობა პუტინის წინააღმდეგ

შაბათს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ნელ-ნელა იკლებს. ერთ-ერთი ბოლო მიზეზი 30 რუსი დამოუკიდებელი დეპუტატის არჩევნებში ბლოკირება იყო. საარჩევნო კომისიამ მათ რეგისტრაციისთვის 5000 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოსთხოვა. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიუხედავად, მათ მაინც არ მიეცათ რეგისტრაციის საშუალება, რადგან ხელმოწერები გაყალბებულად გამოაცხადეს. აქციას შეუერთდა მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ალექსეი ნავალნი. მან აღნიშნა რომ რუსეთის მოსახლეობამ სიმტკიცე გამოავლინა, ვინაიდან არ შეარჩინა რეჟიმს მორიგი შეურაცხყოფა. მომიტინგეთა შორის შეხვდებოდით ბანერს წარწერით: “პუტინი იტყუება!” არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, აქციაზე დაახლოებით 22 000 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, ეს გახლდათ უკანასკნელი წლების ყველაზე დიდი დემონსტრაცია.

ადგილობროვი მოსახლეობა რეჟიმის ერთგვარ დათმობაზე წასვლის მოწმეც გახდა, როდესაც დაკავებული ჟურნალისტი ივან გოლუნოვი გაათავისუფლეს (მას შიდა პატიმრობა ქონდა მისჯილი და ნარკოტიკების მოხმარებას ედავებოდნენ). ასევე აღსანიშნავია ეკატერინბურგში გამართული აქციაც. მაშინ რუსეთის სიდიდით მეოთხე ქალაქში ახალი ეკლესიის აგებას აპროტესტებდნენ. ასე რომ გარკვეულ დათმობაზე წასვლა არ იქნება ახალი ტრენდი არსებული რეალობისთვის, თუმცა ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივაზე ჯერ საუბარი ზედმეტია. 

ასევე აღსანიშნავია, ბრიტანეთსა და ირანს შორის ურთიერთობები, რომელიც კვლავ იძაბება. ბრიტანული ტანკერის დაკავების მცდელობის შემდეგ, ბრიტანეთი განიხილავს სამხედრო ხომალდის გაგზავნის შესაძლებლობას, რათა ბრიტანული ტანკერების უსაფრთხოება უზრუნველყოს. კონსერვატორული პარტიის მხრიდან საყურადღებოა ფილიპ ჰამონდის განცხადება, რომ ბრიტანეთი აქტიურად თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან და ევროპელ პარტნიორებთან, რათა ადეკვატური პასუხი გასცეს ირანის უხეშ ქმედებებს. 

მაიკლ პომპეო სამხრეთ ამერიკაში მიემგზავრება. ამერიკის სახელმწიფო მდივანი 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში არგენტინას ესტუმრება. ის დაესწრება კონტრტერორიზმის შესახებ გასამართ კონფერენციას. მისი შემდეგი გაჩერება ეკვადორი, ელ სალვადორი და მექსიკაა, შესაბამისად, მთავარი საკითხი მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები იქნება. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე 2000 ჯარისკაცი გადაგზავნა მექსიკის საზღვართან, რათა კიდევ უფრო ეფექტურად მოხდეს არსებული პრობლემის მოგვარება.

შოთა მგელაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s