გეოპოლიტიკური თამაში აზიაში: ჩინეთის სტრატეგია

რა კავშირშია ეკონომიკური ექსპანსია სამხედრო სტრატეგიულ ობიექტებთან?

21-ე  საუკუნეში, წინა პერიოდებისგან განსხვავებით, როდესაც ერთი სახელმწიფოს მიზანი  მეორე სახელმწიფოს ტერიტორიების ანექსირება  და შემდეგ მათ კონტროლის ქვეშ მოქცევა იყო, ახალი ტენდენციის თანახმად,ტაქტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამას ამტკიცებს ჯორჯ ბუში უმცროსის 2003 წელს გაკეთებული განცხადება, რომ შეერთებული შტატები იყენებს თავის ძალას, თუმცა, ეს არ ითვალისწინებს ტერიტორიის დაპყრობას.  დასახული მიზნების მისაღწევად, რომელიც  მოწინააღმდეგეზე სამხედრო თუ ეკონომიკური უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს,  სტრატეგიული ობიექტების კონტროლი   უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს, თუმცა, მათ ხელში ჩაგდებას, კარგად შემუშავებული სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და შემდეგ მის სისრულეში მოყვანას ათწლეულები შეიძლება დაჭირდეს. ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე მინდა გამოვყო რამდენიმე ასპექტი: ეს გახლავთ ახალი კოლონიალიზმის ტენდენცია, ფინანსური ბერკეტების მოპოვება და შემდეგ მათი გამოყენება  სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად. მიზნად ისახავს  სხვადასხვა ქვეყნებში მნიშვნელოვანი ობიექტების კონტროლს,  რაც გამოწვეულია  ერთის მხრივ – სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგიით და მეორეს მხრივ მზარდი ამბიციებით, რომ გახდეს შეერთებული შტატების ალტერნატივა. უკვე ღიად საუბრობენ ახალი ცივი ომის დასაწყისზეც კი, რომელიც სავაჭრო ომით გაიხსნა. 

ახალი კოლონიალიზმის საფრთხე

საერთაშორისო ურთიერთობებში, სადაც ქვეყნების მთავარ ამოცანას თვითგადარჩენა  და როგორც აღვნიშნე- სამხედრო ანექსია წარმოადგენს, გარკვეული გამონაკლისების გარდა,ისინი ჩაანაცვლა ეკონომიკურმა ექსპანსიამ, რომლის მთავარი მიზანია ფინანსურად ძლიერმა სახელმწიფომ თავისი პოლიტიკა მოახვიოს სუსტს.  2018 წელს მაჰათჰირ მუჰამედი სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთს ეწვია, სადაც საინტერესო კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ ის ემხრობა თავისუფალი ვაჭრობის იდეას თუ ეს იდეა ეფუძნება სამართლიანობას: „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სახელმწიფოები განვითარების მიხედვით სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან. ჩვენ არ გვსურს,რომ აღმოვჩნდეთ ახალი კოლონიალიზმის სიტუაციაში, სადაც ღარიბი ქვეყნები იჩაგრებიან მდიდრების მიერ, ჩვენ გვსურს სამართლიანი პირობები“ .

ახალი ვერსიის კოლონიალიზმი მთლიანად დაფუძნებულია დავალიანება-ხაფანგის დიპლომატიაზე, რომელშიც ფინანსურად ძლიერი მხარე ცდილობს თავისი პირობები მოახვიოს დებიტორ სახელმწიფოს, რომელიც ვერ ასრულებს ფინანსურს ვალდებულებებს.  პირველი ცხრილის მაგალითზე, თვალსაჩინოარომ რიგი ქვეყნების საგარეო ვალის დიდი წილი სწორედ ჩინეთზე მოდის. 

ახალი კონცეფციის მოკლე აღწერის შემდგომ, მინდა გამოვყო, თუ რა კავშირშია ეკონომიკური ექსპანსია დამისი შემდგომი გამოყენება, როგორც სამხედრო სტრატეგიული ობიექტების მოპოვების საშუალება. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველის გარეშე მეორე წარმოუდგენელია. ეს დაახლოებით ჰგავს კარგად დაგეგმილ სპეცოპერაციას, რომელსაც აუცილებლად სჭირდება თავდაპირველი ეტაპების გავლა, რათა დასრულდეს ისე, როგორც ჩანაფიქრში გახლდათ, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ შემთხვევაში მთავარ მონაწილეებს სახელმწიფოები, ტრანს-ნაციონალური კომპანიები და ფინანსური ინსტიტუტები წარმოადგენენ.რეგიონში ჰეგემონის სტატუსის მოსაპოვებლად ჩინეთს მრავალი გამოწვევა აქვს, ერთ-ერთ მათგანს ინდოეთი წარმოადგენს.

ჩინეთის კონკურენტი აზიაში: ინდოეთი

აზიის ნახევარსფეროში ჩინეთის ერთ-ერთ მეტოქესინდოეთი წარმოადგენს. ორივე ქვეყანა გამოირჩევა მოსახლეობისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მაღალი მაჩვენებლით. რეგიონში გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად ჩინეთი ცდილობს თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას, რომელიც ინდოეთის  ალყაში მოქცევას გულისხმობს სამხედრო თვალსაზრისით.   

ამისათვის კი აუცილებელი პირობა ეკონომიკური ექსპანსია გახლავთ ან იგივე დავალიანება ხაფანგის დიპლომატია, რომელიც გულისხმობს, ჩინეთზე დიდ წილად დამოკიდებულ სახელმწიფოებს, რომლებმაც აიღეს დიდი რაოდენობის კრედიტიდა არაეფექტიანი პოლიტიკის გატარების გამო აღარ შეუძლიათ მათი დროულად გადახდა ,  ნაცვლად ფინანსური ანგარიშსწორებისა, სთავაზობენ გარკვეულ ალტერნატივებს. შემდეგი ეტაპი კი მოპოვებული ფინანსური გავლენის სამხედრო სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს.

პირველი ეტაპი: ფინანსური გავლენის მოპოვება

შრი-ლანკა 

ქვეყანა, რომელშიც 1980-იან წლებში დაწყებული სამოქალაქო ომი 2009 წელს დასრულდა, როდესაც თამილის ვეფხვების ლიდერი ველუპილაი პრაბჰაკარანი მოკლეს. თამილის ვეფხვები დათანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტას.   ტრიუმფალურმა გამარჯვებამ კიდევ უფრო პოპულარული გახადა 2005 წელს არჩეული პრეზიდენტი მაჰინდა რაჯაპაკსე.  ხალხის მიერ გამოცხადებულმა ნდობამ ის მეტად თავდაჯერებულ ადამიანად აქცია, რომელიც არ შეუშინდა გაბედული ნაბიჯების გადადგმას. მაგალითად, მიუხედავად   საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლისა, რომ გამოძიება დაწყებულიყო სამოქალაქო ომის ბოლო დღეებში ჩადენილ  სამხედრო დანაშაულებებზე, შრი-ლანკის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოყოლია.   ეკონომიკური განვითარებისკენ სწრაფვა, რაც დაკავშირებული იყო ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან , რომელიც ითვალისწინებდა, როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ასევე საგარეო ვალის გაზრდას. თავდაპირველი ნაბიჯი გახლდათ  პოლიტიკური კურსის განსაზღვრა  , რომელიც გულისხმობდა სრულ დისტანცირებას ინდოეთისაგან, რაც ავტომატურად გამოიწვევდა ჩინეთთან დაახლოებას და  როგორც შემდეგმა მოვლენებმა ცხადყო, პროგნოზი გამართლდა კიდეც.   ჩინურმაფინანსურმასტრატეგიამ, კერძოდ კრედიტების მარტივად გაცემამ, ეს ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვა. კუნძულზე,რომელზეც   21 მილიონიადამიანი ცხოვრობს, 11,7 მილიარდი შემოდის გადასახადების,  ტურიზმისა თუ სხვა ეკონომიკური აქტიურობის შედეგად. თუმცა,წლიური დანახარჯი გაცილებით მეტია და ის 18 მილიარდს უტოლდება. სტატისტიკა ცხადყოფდარომ სახელმწიფოს საჭიროებდა საგარეო დახმარებას, თუმცა,როგორც განვითარებული მოვლენებმა გვიჩვენა, ჩვენ მივიღეთ დრამატული სურათი , რომელშიც  ქვეყანა სრულიად დამოკიდებული გახდა ერთ სახელმწიფოზე. კერძოდ, ჩინეთმა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინასნებით, გარკვეულწილად,ეკონომიკურ მარწუხებში მოაქცია შრი-ლანკა. 2006 წელს სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანიამ ჩინურ EximBank-თან გააფორმა  1.35 მილიარდიანი ხელშეკრულება   ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოს პროექტის განსახორციელებლად , რომლის აშენებაც ჩინურმა კომპანიამ ითავა. შემდეგი პროექტი 2008 წელს და ისევ კრედიტი 361 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც  ჰამბანტოტის ოლქში პორტის მშენებლობას ითვალისწინებს.

მალდივის კუნძულები

მალდივის  ყოფილმა პრეზიდენტმა და უკვე მოქმედი პრეზიდენტის მრჩეველმა მუჰამედ  ნაშედმაგანაცხადა, რომ მას  ჩინეთის ელჩმა  3.2 მილიარდიანი ვალის ინვოისი წარუდგინა, რაც დაახლოებით ერთ მოსახლეზე 8000 დოლარს უდრიდა. ოფიციალურმა პეკინმა ვალის მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიარდამდე შეაფასა. პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს მყარი წარმოდგენა იმაზე, ზუსტად რამდენია  სახელმწიფოს საგარეო ვალი. ფაქტი ისაა, რომ 600 მილიონი დოლარის სესხის აღება მოხდა ხიდის მშენებლობისთვის, რომელმაც დააკავშირა დედაქალაქი აეროპორტს.  900 მლნ დოლარის აღება მოხდა კომერციული სესხის სახით, ბინათმშენებლობის პროექტებისთვის, უფრო მეტიც,საკითხის დაზუსტებისთვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი  აპირებს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავროს. საკითხი მწვავეა, რადგან თუ გადავხედავთ მალდივის კუნძულების ეკონომიკას,წელიწადში 1.5 მილიარდი დოლარით (შემოსავალი), მათ არ შეუძლიათ გადაიხადონ აღნიშნული ვალი.პრეზიდენტს ვალის შესამცირებლად,16 კუნძულის იჯარით გადაცემის გამო  ბრალი დასდეს, მათ შორისაა  დაუსახლებელი კუნძულის 50 წლიანი იჯარით გასხვისება.  ასევე, პრეზიდენტი დაეთანხმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას, რასაც ინდოეთის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. 92 მილიონი დოლარი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის 10 პროცენტს შეადგენს, ხმარდება მხოლოდ ჩინური საგარეო ვალის გასტუმრებას, რაც  დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება.

პაკისტანი

მესამე ქვეყანა, რომელიც ასევე დიდ წილად ჩინეთზეა დამოკიდებული, გახლავთ პაკისტანი , რომელიც ღიად მიესალმება ჩინური აქტივობის ზრდას რეგიონში.  ჩინური კაპიტალის მოზღვავება განსაკუთრებით 2006 წლის შემდეგ იგრძნობა , როცა მხარეებს შორის ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის აქტს . 2013 წლისთვის საგარეო ვალმა შიდა პროდუქტის  მაჩვენებლის 63 პროცენტიშეადგინა, ჩინეთმა გადაასწრო იაპონიას ამ რეგიონში, შედეგად  პაკისტანს ჩინეთის ოცი მილიარდი მართებს. 

ეკონომიკური დამოკიდებულების ჩამონათვალს სხვა ქვეყნებიც ავსებენ.  მაგალითისთვის: კენია, რომლის საგარეო ვალის 57 პროცენტი სწორედ ჩინეთზე მოდის, ასევე, გამოსარჩევია კამბოჯა, ვანუატუ და ნეპალი.ჩემ მიერ ნახსენები სამი ქვეყანა კარგი მაგალითია, თუ როგორ იყენებს ჩინეთი ეკონომიკურ ბერკეტებს თავისი დიადი სტრატეგიის განსახორციელებლად, კერძოდ- ინდოეთის ალყაში მოსაქცევად. 

მეორე ეტაპი: სახმელეთო სტრატეგია

ინდოეთისთვის ჩინეთი ნომერ პირველ საფრთხედ აღიქმება.  ეს დასტურდება 1998 წლის თავდაცვის მინისტრის სიტყვებით, რომ ჩინეთი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ვიდრე პაკისტანი, რომ სწორედ ის გახლავთ ინდოეთის უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა. მეოცე საუკუნეში უკვე მოხდა მათი დაპირისპირება 1962 წელს და ჩინეთმა მოახერხა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. ჩრდილოეთის მხარეს,ტიბეტს,  ჩინეთი  1950 წლიდან ფლობს, სადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გზის ინფრასტრუქტურა,  ლჰასა-გოლმუდისრკინიგზის გახსნამ 2006 წელს ინდოეთის მხრიდან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან კიდევ უფრო გაიზარდა საფრთხე ჩრდილოეთის მხრიდან, რაც გამოწვეულია სარაკეტო სისტემების განთავსებით, რომელთა დარტყმის  რადიუსი აღწევს ინდოეთის დედაქალაქამდეც კი, როცა ბეიჯინგი, გონჯოუნგი და შანხაი დაცულია მსგავსი საფრთხისგან. აღმოსავლეთით პაკისტანი,რომელიც ფლანგებიდან უქმნის საფრთხეს ინდოეთს. მართალია, ჩინეთმა ვერ შეძლო ერთიანი პაკისტანის შენარჩუნება, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და შედეგად ბანგლადეში წარმოიშვა,  თუმცა, აღსანიშნავია მათი უდიდესი წვლილი პაკისტანური  ატომური პროგრამის წარმატებით დასრულებაში. ყარაყორუმის გზის  აღდგენა კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამსჩამოყალიბებული კავშირის სიმტკიცეს. ნეპალთან დაკავშირებით, რომელიც ერთგვარი ბუფერული ზონაა, ჯერჯერობით  არ გვაქვს ნათელი სურათი, იმისა  შეურთდება თუ არა ინდოეთის წინააღმდეგ შექმნილ რკალს. მსგავსი წარმოდგენა ძირითადად ნეპალის საგარეო კურსს, ინდოეთსა და ჩინეთს შორის ეფექტურ ლავირებას ეფუძნება. შედეგად, ჩვენ ვხედავთ ორივე მხარის მზარდ ინვესტიციებს,  თუმცა, როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, 2017 წლის პირველ კვარტალში ჩინური ინვესტიცია გაცილებით მეტი იყო, ვიდრე  მეზობელი ინდოეთისა , 67 მილიონი  ინდური 37-ის საპირისპიროდ . ჯერჯერობით ფინანსური  მდგომარეობა არ არის სავალალო,  თუმცა, არ არის გამორიცხული ნეპალიც მიემატოს ჩინეთზე დამოკიდებულ სახელმწიფოთა რიცხვს.

საზღვაო სტრატეგია

რაც შეეხება ინდოეთის ალყაში მოქცევას  საზღვაო მხრიდან, საინტერესოა 1993 წლის ჩინეთის გენერალური შტაბის წევრის განცხადება , რომ ჩინეთი აღარ განიხილავს ინდოეთის ოკეანეს მხოლოდ ინდოელებისთვის განკუთვნილ არეალს. აღმოსავლეთით აღსანიშნავია  მალაკის სრუტე, რომელიც ინდოეთის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს. ოფიციალური პეკინი ტაილანდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს , კრას მიმართულებით არხის გაყვანის თაობაზე , რაც შესაძლებელს გახდის  სამხრეთ ჩინეთის ზღვის პირდაპირ ბენგალის ყურესთან  დაკავშირებას. ინდოეთის სამხრეთით, როგორც ვახსენე ,შრი-ლანკა უკვე დათანხმდა ჰამბანტოტის პორტის  იჯარით გადაცემას.  საყურადღებოა მათი სამხედრო თანამშრომლობით გაზრდილი დაინტერესება. რაც შეეხება მალდივებს, 1999 წლიდან დაწყებული მოლაპარაკება 2001 წელს დასრულდა, რაც ითვალისწინებს სამხედრო ნავსაყუდელის აშენებას  მარაოში . დასავლეთით კი არ იწვევს გაოცებას პაკისტანის პოზიცია, რომელიც ჩინურ აქტივობებს არამარტო ხმელეთზე, არამედ ზღვაზეც მიესალმება. 2005 წელს ჩატარდა ჩინეთ პაკისტანის საერთო წრთვნები ინდოეთის ოკეანეში, თუმცა, ეს არ გახლავთ ისტორიის დასასრული. მთავარი სტრატეგიული წერტილი გუადარის პორტია, რომელიც 2007 წელს გაიხსნა. პროექტის  80 პროცენტი ჩინურმა მხარემ დააფინანსა.  

დასკვნა

ჩინეთი თავისი ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ცდილობს ინდოეთის ჩიხში მოქცევას, რაც გეოპოლიტიკური უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, არც ინდოეთი პასუხობს მოვლენებს პასიურად და ზრდის შეიარაღებისა და ატომური პროგრამის ხარჯებს. თვალშისაცემია ინდოეთსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ავღანეთის მიმართ გაზრდილი ინტერესი.  რა თქმა უნდა, ინდოეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორი ასევე მიმართულია ჩინეთის მეზობელი ქვეყნებისკენ,  შესამჩნევია ინდური კაპიტალისაქტიური

გადინება ტაჯიკეთსა და მონღოლეთის მიმართულებით, რაც შესაძლოა სამომავლოდ მტკიცე ურთიერთკავშირის საწინდარი გახდეს.

დიდი გეოპოლიტიკური თამაში აქტიურ ფაზაში შედის, ვინაიდან ჩინეთი გადავიდა მეორე ეტაპზე, რაც მოპოვებული ეკონომიკური ზეგავლენის სფეროს, სამხედრო სტრატეგიულ ობიექტების მოპოვებას გულისხმობს. შორეულ პერსპექტივაში ინდოეთი წამგებიან პოზიციაში იმყოფება, რამაც შესაძლებელია მას მკვეთრი და გაბედული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგოს.

შოთა მგელაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s