უმეტეს შემთხვევაში, რუსული პროპაგანდა ძალიან მდარე ხარისხისაა. კონკრეტულ ნარატივს არ ახლავს არც წყაროები და არც დამაჯარებელი ფაქტები. როგორც წესი, კრემლის პროპაგანდა ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაბრიკაციებზეა აგებული.
მიზეზი რატომაც მსგავსი პრიმიტიული მიდგომა ამართლებს (ანუ ტყუვდება შეტყობინების მიმღები), ადამიანთა ძალიან მწირი ინფორმირებულობაა იმ მეთოდების შესახებ, რისი მეშვეობითაც პროპაგანდისტული ფაბრიკაციების გამოაშკარავებაა შესაძლებელი.
ყველაზე ფართოდ აპრობირებულია ფოტოფაბრიკაციებია – კომპიუტერული პროგრამებითა და ემოციური მესიჯებით შეცვლილი რეალობა.
წინამდებარე გამოსახულება RT-მ გაავრცელა 2014 წელს. ინფორმაციის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ქვეყნის დასავლეთში, ქალაქ ტერნოპოლის მოსახლეობამ რეგიონის პოლონეთთან მიერთება მოითხოვა. გამოსახულებაზე კარგად ჩანს პოლონეთის დროშები და ათასობით დემონსტრანტი. სინამდვილეში აღნიშნული ფოტო 2012 წელსაა გადაღებული ქალაქ ვარშავაში (ოპოზიციის მიტინგზე).
მსგავსი სახის ფაბრიკაციების დადგენა მარტივადაა შესაძლებელი:

წყარო: russialies.com
- თუ Google Browser-ს იყენებთ, „მაუსის“ მარჯვენა ღილაკით აირჩიეთ Search Google for image. ამ მეთოდით თქვენ მიაგნებთ ფოტოს თავდაპირველ წყაროს, ატვირთვის თარიღსა და კონტექსტს;
- თუ არ იყენებთ Google Browser-ს, გადმოწერეთ plug-in – Who stole my pictures; „მაუსის“ მარჯვენა ღილაკით აირჩიეთ Who stole my pictures? და მიაგნებთ თავდაპირველ წყაროს;
- გახსენით 2 ფანჯარა: პირველი – რომელზეც თქვენთვის საინტერესო ფოტოა, მეორე – Google Images page. ჩააგდეთ პირველი გვერდიდან სასურველი ფოტო მეორეში და დაადგინეთ ფოტო რეალური წყარო;
- ყურადღება მიაქციეთ ფოტოზე გამოსახულ შენობებს, წარწერებსა და ნიშნებს. მაგალითად, აღნიშნულ ფოტოზე ვარშავის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა,წმ. ალექსანდრეს ტაძარი ჩანს. მსგავსი დაკვირვება უმალ გამორიცხავს სტატიის ნარატივს.
- ვიდეო მასალების შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა თარიღებს, თუ როდის მოხდა კონკრეტული მასალის ატვირთვა. ძალიან ხშირად პრორუსული საინფორმაციო აქტორები ძველ კადრებს ავრცელებენ ინტერნეტში და სასურველ პროპაგანდისტულ ნარატივს არგებენ. ასევე, სხვადასხვა ენებიდან ძალიან დამახინჯებულად ითარგმნება უცხოენოვანი ინტერვიუები და საჯარო გამოსვლები (რუსულად).
გაცილებით უფრო მარტივია ე.წ. „ტროლებისა“ და ფსეუდოსაინფორმაციო სააგენტოების იდენტიფიკაცია.
„ტროლები“ RT-ის, Sputnik-სა და Zvezda-ს იმოწმებენ წყაროებად, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მათთვის მიუღებელი აზრის მატარებელ ინტერნეტ მომხმარებლებს, სოციალურ ქსელებში პროფილის ფოტოდ Google-დან, ან Yandex-იდან გადმოწერილი გამოსახულებას იყენებენ (მარტივად გამოვლენადია ზემოთ აღნიშნული მეთოდების მეშვეობით);
- ფსევდოსაინფორმაციო სააგენტოები საერთაშორისო პოლიტიკაზე „სტატიებს“ აქვეყნებენ სენსაციური და დაუჯერებელი სათაურებით. ტექსტის შინაარსი ძალიან ზოგადი და არაკონკრეტულია. მსგავსი სუბიექტების მიერ მოპოვებული „ექსკლუზივები“ ძირითადად, წამყვანი მსოფლიო ლიდერებისა და ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველების „განცხადებებზეა“ აგებული – რა თქმა უნდა, ყოველგვარი წყაროსა და მტკიცებულების გარეშე.
- კიდევ ერთი მეთოდი, რითაც მსგავსი ფსევდოსაინფორმაციო სააგენტოების გამოაშკარავებაა შესაძლებელი, მათ ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook/Twitter პროფილებზე დაკვირვებაა. ვებგვერდზე არანაირი ინფორმაცია არ დევს მკვლევართა გუნდის შესახებ (როგორც წესი, ანონიმური ავტორები მუშაობენ), ხოლო სოციალურ ქსელებში მინიმალური რაოდენობის Like აქვთ (100-200).
პროპაგანდისტული ნარატივის გასამყარებლად კიდევ ერთი ფართოდ აპრობირებული ტაქტიკა სტატიებსა და ინტერვიუებში „კომპეტენტურ“ პირთა მოსაზრებების დამოწმებაა. ყოველთვის გადაამოწმეთ „ექსპერტის“ კვალიფიკაცია და პროფესიული ბიოგრაფია – ძალიან მარტივადაა შესაძლებელი Google-ს პირობებში. ხშირად RT, Sputnik, Zvezda და მსგავსი საინფრომაციო სუბიექტები საერთაშორისო ურთიერთობების სფეროდან ძალიან შორს მყოფ პირებს ასაღებენ პოლიტოლოგებად.
გრიგოლ ჯულუხიძე
უფროსი მკვლევარი