
გთავაზობთ სტატიის “ევროპარლამენტის არჩევნები – ნდობის ვოტუმი ეროვნული მთავრობებისთვის” მეორე ნაწილს.

მალტა – მალტაზე ევროპარლამენტის 6 მანდატისთვის ბრძოლა „მუშათა პარტიასა“ (PL) და „ნაციონალისტურ პარტიას“ (PN) შორის შედგა. „მუშათა პარტიამ“ ხმათა 54.2% მოიპოვა (4 მანდატი „სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსში). რაც შეეხება ნაციონალისტებს, პარტიის 2 დეპუტატი „ევროპის სახალხო პარტიის“ რიგებს შეუერთდა.

ნიდერლანდების სამეფო – როგორც მოსალოდნელი იყო, ჰოლანდიაში ფრანს ტიმერმანსის „მუშათა პარტიამ“ (PvdA) გაიმარჯვა. მეორე ადგილზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ რუთეს „თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტია“ (VVD) გავიდა, რომელმაც ხმათა 14.6% მოაგროვა. „მწვანეთა მემარცხენე ალიანსმა“ (GroenLinks) 10.9% მოიპოვა და ევროპარლამენტში 3 დეპუტატი გაიყვანა. არჩევნები კრახით დასრულდა ხერტ ვილდერსისთვის, რომლის „პარტია მშვიდობისთვის“ (PVV) ევროპარლამენტში უმანდატოდ დარჩა. არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ რუთეს პარტიისადმი ჰოლანდიელი ამომრჩევლის ნდობა საგრძნობლად შემცირდა. ტიმერმანსის პარტია პოპულარობის ზენიტშია და ბუნებრივია, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასაც გეგმავს.

პოლონეთი – პოლონეთში წინასაარჩევნოდ მოსახლეობა საკმაოდ პოლარიზებული იყო. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის – დონალდ ტუსკის ლიდერობით შეიქმნა მემარცხენე პარტიების სამოქალაქო ბლოკი, რომელსაც, წესით, კაჩინსკის პარტიისთვის დიდი წინააღმდეგობა უნდა გაეწია. მიუხედავად კარგად დაგეგმილი კამპანიისა, არჩევნებში კაჩინსკის პარტიამ „კანონი და სამართალი“ (PiS) გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 45.3% მოაგროვა. სამოქალაქო პლატფორმა – „ევროპულმა კოალიციამ“ (Coal KE) 38.4% აიღო. ევროპული გაერთიანება მმართველ პარტიას უკვე წლებია ავტორიტარიზმისადმი სიმპათიასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ბრალს სდებს. მიუხედავად ამისა, კაჩინსკის კონსერვატიული პარტია ერთგული ელექტორატის მხარდაჭერის მობილიზებას დღემდე ახერხებს.

პორტუგალია – საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ პორტუგალიაში მემარცხენე პოლიტიკა დომინირებს. გამონაკლისი არც ეს არჩევნები აღმოჩნდა. „სოციალისტურმა პარტიამ“ (PS) ხმების 33%-ით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე 21.9%-ით „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (PSD) გავიდა. „მემარცხენე ბლოკმა“ (B.E) მხოლოდ 9.8%-ის აღება მოახერხა. შედეგად, ევროპარლამენტში „სოციალისტების და დემოკრატების ალიანსს“ 10 დეპუტატი შეუერთდა.

რუმინეთი – არჩევნები კრახით დასრულდა მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის“ (PSD), რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. ევროპული გაერთიანება პარტიას დიდი ხნის მანძილზე ადანაშაულებდა კანონის უზენაესობის კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაში. საბოლოოდ „ევროპელი სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსმა“ (S&D) პარტია საკუთარი შემადგენლობიდან გარიცხა. უცნობია, სად და როგორ განაწილდება პარტიის მიერ მიღებული 10 მანდატი. ქვეყნის უძველესმა პოლიტიკურმა ძალამ – „ეროვნულმა ლიბერალურმა პარტიამ“ (PNL) დიდხნიანი პაუზის შემდეგ ევროპარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა.

საბერძნეთი – არჩევნების შედეგებმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო მმართველი პარტია – „სირიზა“, რომლის რადიკალურმა მემარცხენე კოალიციამ (ΣΥ.ΡΙ.ΖΑ.) არჩევნები მეორე ადგილით დაასრულა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ახალმა დემოკრატიამ“ (Ν.Δ) არჩევნებში 33%-ით დამაჯერებლად გაიმარჯვა. ტრადიციულად, ევროპარლამენტში საკუთარი დეპუტატი გაიყვანა „საბერძნეთის კომუნისტურმა პარტიამ“ (KKE). არჩევნებში მნიშვნელოვანი გარღვევის მოხდენა კვლავ ვერ შეძლო ულტრანაციონალისტურმა მემარჯვენე პარტიამ – „ოქროს განთიადმა“, (X.A.), რომელმაც ხმების მხოლოდ 4.8% მიიღო. „სირიზა“ არჩევნებში ორი ძირითადი მიზეზის გამო დამარცხდა: 1. უკანასკნელ თვეებში მკვეთრად გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო; 2. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან (აწ უკვე ჩრდილოეთ მაკედონიასთან) ქვეყნის სახელმწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით გაფორმებული არაპოპულარული ხელშეკრულების გამო. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

საფრანგეთი – ევროპარლამენტის არჩევნები ერთგვარი გამოცდა იყო საფრანგეთის პრეზიდენტის – ემანუელ მაკრონისა და მისი პარტია „წინსვლისთვის“ (En Marche!), რომლის რეიტინგი ბოლო ხანებში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო გამოსვლების გამო მნიშვნელოვნად გაუარესდა. კოალიცია „რენესანსმა“ (En Marche! + „სოციალისტური პარტია“) არჩევნები მეორე ადგილზე დაასრულა, მაშინ, როდესაც ევროპარლამენტის არჩევნებში ზედიზედ მეორედ მარინ ლე პენის „ეროვნულმა მოძრაობამ“ (RN) გაიმარჯვა. „მწვანეთა პარტიამ“ (EELV) მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო „რესპუბლიკურმა პარტიამ“ (LR) მხოლოდ 8%-ის აღება შეძლო. არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ 2017 წლის აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, მარინ ლე პენი ფრანგ ამომრჩეველში კვლავ პოპულარულია. აშკარაა, რომ უკანასკნელ ხანებში ისეთმა მეინსტრიმულმა პარტიებმა, როგორებიცაა სოციალისტური და რესპუბლიკური პარტია, ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მხარდაჭერა დაკარგეს.

სლოვაკეთი – არჩევნებში პრო-ევროპული გაერთიანება – „პროგრესული სლოვაკეთის“ (Coal (PS + SPOLU) გამარჯვება მოულოდნელობას ალბათ არავისთვის წარმოადგენდა. ამგვარი ვარაუდის საფუძველს გასულ თვეში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები იძლეოდა, რომელშიც პარტიის ლიდერმა – ზუზანა კაპუტოვამ გაიმარჯვა. მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SMER-SD) ხმათა 15.7%-ით მეორე ადგილს დასჯერდა. არჩევნებში მოქალაქეთა თანამონაწილეობას კუთხით მხრივ მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. 26 მაისის არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 22.7%-მა მიიღო, მაშინ, როდესაც ეს რიცხვი 2014 წელს სულ რაღაც 13%-ს შეადგენდა.

სლოვენია – ევროპარლამენტის არჩევნებში ხმათა 26%-ით „სლოვენიის დემოკრატიულმა პარტიამ“ (SDS) გაიმარჯვა. მეორე ადგილზე „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SD) გავიდა . შედეგად, ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ რიგებს 4 სლოვენიელი დეპუტატი შეუერთდა.

უნგრეთი – უნგრეთში მოქმედი პრემიერის – ვიქტორ ორბანის Fidesz-მა არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა (52.3%). მეორე ადგილზე „დემოკრატიული კოალიცია“(DK) გავიდა, რომელმაც ხმების 16.1% მოაგროვა. არჩევნების შემდეგ, ორბანმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლების დღის წესრიგი 3 ძირითადი მიმართულებით განვითარდება: 1. კორუფციასთან ბრძოლა; 2. ევროპული ერი-სახელმწიფოების დაცვა ; 3. ევროპის ქრისტიანული კულტურის განვითარება. არჩევნები კრახით დასრულდა სოციალისტების კოალიციისა (MSZP + Párbeszéd) და რადიკალური მემარჯვენე პარტია – „ჯობიკისთვის“ (JOBBIK). თითოეულმა მათგანმა ევროპარლამენტში მხოლოდ თითო დეპუტატის გაყვანა მოახერხა.

ფინეთი – ფინურ არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ეროვნული კოალიციის პარტიამ“ (KOK) ხმების 20.8%-ით გაიმარჯვა. ყველასთვის გასაკვირად, მეორე ადგილზე ინვაირომენტალისტური „მწვანეთა ლიგა“ (VIHR) გავიდა. კატასტროფულად დასრულდა არჩევნები „ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის“ (SDP), რომელმაც აპრილის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ევროპარლამენტის არჩევნებში კი მხოლოდ და მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

შვედეთი – შვედეთში ევროპარლამენტის არჩევნები „შვედეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (Socialdemokraterna) მოიგო. პარტიის ლიდერისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის — შტეფან ლოფვენის შეფასებით, პარტიისთვის შედეგები აბსოლუტურად მისაღებია. მეორე ადგილზე ხმათა 17%-ით „ზომიერი პარტია“ (Moderaterna) გავიდა. „შვედმა დემოკრატებმა“ (Sverigedemokraterna) გასულ არჩევნებთან შედარებით, შედეგები მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს და ხმების 15%-ით მესამე ადგილზე გავიდნენ. რაც შეეხება, სამთავრობო კოალიციის წევრ „მწვანეთა პარტიას“ (Miljöpartiet de Gröna), მათ არჩევნებზე 11%-ის დაფიქსირება შეძლეს.

ჩეხეთი – არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მმართველმა პარტიამ – ცენტრისტულმა Ano 2011-მა გაიმარჯვა (21.1%), თუმცა, 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით პარტიამ შედეგი 8%-ით გააუარესა. მეორე ადგილზე „სამოქალაქო დემოკრატიული პარტია“ (ODS) გავიდა, რომელმაც ხმების 14.5% მოაგროვა, ხოლო ბოლოს დროს გააქტიურებულმა „მეკობრეთა პარტია“ (Piráti) ხმების 13.95%-ით მესამე ადგილზე გავიდა. არჩევნები ცუდად დასრულდა – „სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის“ (ČSSD), რომელსაც მხარი ამომრჩეველთა მხოლოდ 3.95%-მა დაუჭირა, რაც ფაქტობრივად, მოქმედი კოალიციის აღსასრულს ნიშნავს. მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბაბიშის ხელისუფლებაში დარჩენის შანსები ძალიან მცირეა.

ხორვატია – ხორვატიაში ევროპარლამენტის 11 მანდატისთვის ბრძოლა ორ დომინანტ პარტიას შორის შედგა. მმართველმა „ხორვატიის დემოკრატიულმა პარტიამ“ (HDZ) 22.7% აიღო, ხოლო ოპოზიციურმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SDP) ხმების 18.7% მოიპოვა და ევროპარლამენტში 3 დეპუტატის გაყვანა მოახერხა.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი