ევროპარლამენტის არჩევნები – ნდობის ვოტუმი ეროვნული მთავრობებისთვის (I ნაწილი)

კვირას, 26 მაისს ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა. საერთაშორისო მედია ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდება მის შედეგებს, რადგან ის ასახავს ევროპულ პოლიტიკაში მიმდინარე ტენდენციებს და ბებერი კონტინენტის პოლიტიკურ მომავალს განსაზღვრავს.

ევროპარლამენტის არჩევნები პირდაპირი წესით 1979 წლიდან ყოველ 5 წელიწადში ერთხელ იმართება. ითვლება, რომ პირდაპირი არჩევნები მოქალაქეთა პოლიტიკურ ჩართულობას, ევროკავშირის ლეგიტიმაციას და დემოკრატიულობის ხარისხს ზრდის (პოლიტიკის მეცნიერების მამების შეფასებით, ამ უკანასკნელი დეტერმინანტით ევროპული გაერთიანება უკვე მრავალი წელია თავს ვეღარ იწონებს). მიუხედავად ამისა, მოქალაქეთა თანამონაწილეობამ არჩევნებში 51% შეადგინა, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე საუკეთესო მაჩვენებელია. ერთი მხრივ, ეს ფაქტი ასახავს მოქალაქეთა უკმაყოფილებას ბრიუსელის მიერ რიგ საკითხებში გატარებული პოლიტიკით. მეორე მხრივ, აშკარაა, რომ მოქალაქეებისთვის სულ ერთი არაა კონტინენტის, როგორც ერთიანი, ცოცხალი პოლიტიკური ორგანიზმის მომავალი.

ევროპარლამენტის დაარსების საწყის ეტაპზე, გაერთიანების დამფუძნებელმა მამებმა დაინახეს იმის საფრთხე, რომ არჩეული დეპუტატებისთვის უფრო მნიშვნელოვანი პრეფერენცია ეროვნული ინტერესების გატარება იქნებოდა, ამიტომ პარტიული სტრუქტურა  იდეოლოგიურ კომპასზე ააწყვეს. მიუხედავად გაერთიანების ზეეროვნული ხასიათისა, მასში ეროვნული მთავრობები დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რადგან სწორედ ისინი აკომპლექტებენ ევროპის საბჭოს შემადგენლობას, შეიმუშავებენ გაერთიანების პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს და ა.შ. ევროპარლამენტის არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეროვნული მთავრობებისთვისაც, რადგან ის მათთვის ერთგვარ ნდობის ვოტუმს წარმოადგენს. მოცემულ სტატიაში შევეცდები შევაჯამო ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები გაერთიანების თითოეული სახელმწიფოსთვის.  

ავსტრია – არჩევნებში საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად (34.6%), 27 მაისს საპარლამენტო კენჭისყრაზე პარლამენტმა მმართველ „ავსტრიის სახალხო პარტიას“ (ÖVP) უნდობლობა გამოუცხადა. მეორე ადგილზე „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SPÖ) გავიდა. „ავსტრიის თავისუფლების პარტია“ (FPÖ) ხმათა 17.2%-ით მესამე ადგილს დასჯერდა. ზემოხსენებული სამთავრობო კრიზისი ე.წ. „იბიცას სკანდალს“ მოჰყვა. 2019 წლის 17 მაისს გერმანულმა პრესამ გაასაჯაროვა ვიდეო, რომელშიც ქვეყნის ყოფილი ვიცე-კანცლერი –  ჰაინც-კრისტიან შტრახე რუს ოლიგარქს საპარლამენტო არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ სახელმწიფო კონტრაქტებს სთავაზობდა. ავსტრიის პარლამენტის მიერ კურცის ხელისუფლების გადაყენების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი – ალექსანდრ ვან დერ ბელენი  კანცლერის მოვალეობის შემსრულებელს დანიშნავს, რომელიც დროებით მთავრობას ჩამოაყალიბებს.

ბელგია – 26 მაისს ბელგიაში არამხოლოდ ვროპარლამენტის, არამედ რეგიონალური და ფედერალური არჩევნებიც ჩატარდა. „ახალმა ფლანდრიულმა ალიანსმა“ (N-VA) ხმების 13.4% მოიპოვა. ფლანდრიული პარტია ბელგიურ პოლიტიკაში უკვე ათწლეულებია დომინირებს. მეორე ადგილზე ხმების 11.5%-ით რადიკალური მემარჯვენე პარტია – „ფლანდრიული ინტერესი“ (Vlaams Belang) გავიდა. „ბელგიის სოციალისტურმა პარტიამ“ (PS) ხმათა 10.5% მიიღო. საინტერესოა ხმების გეოგრაფიული დისტრიბუციაც – ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს სეპარატისტულ რეგიონში – ფლანდრიაში მემარჯვენე პარტიებმა იმძლავრეს, ხოლო მეორე სეპარატისტულ ოლქში – ვალონიაში გამარჯვება სოციალისტებს დარჩათ.

ბულგარეთი – ბულგარეთის პრემიერმა – ბოიკო ბორისოვმა ევროპარლამენტის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. მისმა პარტიამ – ГЕРБ ხმების 30.9% აიღო. ოპოზიციურმა „სოციალისტურმა პარტიამ“ (БСП) 24% მოიპოვა. არჩევნების შედეგი მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, რადგან გახმაურებული კორუფციული სკანდალების მიუხედავად, მოსახლეობის მხარდაჭერა ბორისოვის ფიგურისა და მისი პარტიისადმი საკმაოდ მაღალია.

გერმანია – საინტერესოდ განვითარდა მოვლენები გერმანიაში.  მმართველმა „ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ“ და მისმა უმცროსმა პარტნიორმა – ბავარიის „ქრისტიან-სოციალისტურმა გაერთიანებამ“ (CDU – CSU) არჩევნებში კვლავ გაიმარჯვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნოემბერში არჩეულ პარტიის ახალ ლიდერს – ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს ნდობას უცხადებს. მეორე ადგილზე „90-იანელების მოძრაობა/მწვანეები“ (Bündnis 90/Die Grünen) გავიდა, რომელმაც, ყველასთვის მოულოდნელად, ხმების 20.5% აიღო. არჩევნები კრახით დასრულდა მეინსტრიმული „სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის“ (SPD), რომელმაც არჩევნები ხმათა 16%-ით მესამე ადგილზე დაასრულა. რადიკალურმა მემარჯვენე პარტია -„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეოთხე ადგილზე გავიდა. საფრანგეთისგან განსხვავებით, ანტი-იმიგრაციულმა და ანტი-ევროპულმა პარტიებმა გერმანიაში მყარად თავის დამკვიდრება ვერ შეძლეს.

დანია – როგორც მოსალოდნელი იყო, დანიას რადიკალური მემარჯვენე ტალღა ნაკლებად შეეხო. ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში დღემდე დომინირებს მმართველი „დანიის ლიბერალური პარტია“ (Venstre), რომელმაც არჩევნებზე ხმათა 23.5% მიიღო. მეორე ადგილზე ხმების 21.5%-ით „დანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია პარტია“ (AS) გავიდა, ხოლო „სოციალისტურმა პარტიამ“ (SF) მესამე ადგილი დაიკავა. არჩევნები კრახით დასრულდა ანტი-იმიგრაციული და პოპულისტური „დანიის სახალხო პარტიისა“ და მისი ლიდერის – კრისტიან ტულსენ დალისთვის, რომელმაც ევროპარლამენტში 4-დან 3 ადგილი დაკარგა. ევროპარლამენტის არჩევნები დანიაში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპად განიხილებოდა, რომელიც 2019 წლის 5 ივნისს გაიმართება. შედეგებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ პრემიერ-მინისტრ – ლარს ლოკე რასმუსენის „ლიბერალური პარტია“ კვლავ გაიმარჯვებს, რომელსაც ქვეყნის მემარცხენე სპექტრის წარმომადგენელ რომელიმე პარტიასთან კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევს.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო – ევროპული გაერთიანება განსაკუთრებული ინტერესით ელოდა ბრიტანეთში გამართული არჩევნების შედეგებს. შეგახსენებთ, რომ „ბრექსიტის“ გეგმაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ევროგაერთიანებიდან გამოსვლის სავარაუდო თარიღი 2019 წლის 31 ოქტომბერია. გასულ კვირას, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა – ტერეზა მეიმ ივნისის დასაწყისში თანამდებობის დატოვება დაანონსა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრიუსელში ვარაუდობდნენ, რომ ტრადიციული პარტიები ამომრჩეველთა მხარდაჭერას დაკარგავდნენ. ვარაუდი გამართლდა – არჩევნებში ნაიჯელ ფარაჯის ახლად ჩამოყალიბებულმა – „ბრექსიტის პარტიამ“ (Brexit Party) ხმათა 31.6%-ით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე ლიბერალ-დემოკრატები (Lib dems) გავიდნენ, რომელთა აქტიურმა და კარგად დაგეგმილმა წინასაარჩევნო კამპანიამ მათ ამომრჩეველთა ხმების 18.5% მოუტანა. ლეიბორისტულმა პარტიამ (Labour Party) წინა არჩევნებთან შედარებით შედეგები საგრძნობლად გააუარესა. ჯერემი ქორბინის პარტია ხმების 14%-ს დასჯერდა. არჩევნებში გამოიკვეთა ორი დამარცხებული მხარე: 1. კონსერვატიული პარტია (Conservative Party) რომელმაც მხოლოდ 8.6% აიღო; 2. გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტია (UKIP), რომელმაც სულ რაღაც ხმათა 3.95% მოაგროვა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ დასრულდება „ბრექსიტის“ პროცესი. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროგაერთიანებას დატოვებს, ევროპარლამენტში მანდატების რაოდენობა 751-დან 705 დეპუტატამდე შემცირდება.

ესპანეთი –  არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა პედრო სანჩეზის „ესპანეთის სოციალისტურმა პარტიამ“ (PSOE), რომელმაც ხმების 33% მიიღო. მეორე ადგილზე 20%-ით პაბლო კასადოს მემარჯვენე-ცენტრისტული „სახალხო პარტია“ (PP) გავიდა. 13% მიიღეს „მოქალაქეებმა“ (Ciudadanos), ხოლო რადიკალურმა მემარჯვენე, პოპულისტურმა პარტია – VOX-მა მხოლოდ 6% აიღო. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ 2017 წლის დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის შემოქმედებმა – კატალონიის ყოფილმა პრეზიდენტმა – კარლეს პუჩდემონტმა და გავლენიანმა პოლიტიკოსმა – ორიოლ ხუნკერასმა საპარლამენტო მანდატების მოგება მოახერხეს. მიუხედავად ამისა, მათი ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – პუჩდემონტმა პოლიტიკური თავშესაფარი ბელგიაში მიიღო. ესპანური კანონმდებლობის თანახმად, ევროპარლამენტარის მანდატის მისაღებად ის ქვეყანაში უნდა ჩავიდეს, სადაც მას პატიმრობა ელოდება. რაც შეეხება ხუნკერასს, ის 2017 წლის ბოლოდან სასჯელს კატალონურ ციხეში იხდის.

ესტონეთი – არჩევნებში მმართველმა – „ესტონეთის რეფორმისტულმა პარტიამ“ (RE) ხმების 26%-ით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SDE) გავიდა. ცენტრისტულმა პარტიამ (KE) 14%-ით მესამე ადგილზე დაასრულა. არჩევნები წამგებიანი აღმოჩნდა რადიკალური მემარჯვენე „ესტონეთის კონსერვატიული პარტიისთვის“ (EKRE), რომელმაც მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ირლანდია – როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნებში პირველ ადგილი ლეო ვარადკარის Fine Gael პარტიამ დაიკავა (29%). თანაბარი 15-15% აიღეს პარტიებმა: Fianna Fáil და მწვანეებმა. ზომიერმა მემარცხენე „შინ ფეინმა“ ხმათა 11%-ის მოგროვება შეძლო.

იტალია – იტალიაში ანტი-იმიგრაციულმა და ანტი-ევროპულმა „ჩრდილოეთის ლიგამ“ (LN) გაიმარჯვა. სალვინის პარტიამ ხმების 34.3% მოაგროვა. მეორე ადგილზე ხმათა 22.6%-ით მემარცხენე ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“ (PD) გავიდა. მესამე ადგილი პოპულისტურმა და ანტი-ისთებლიშმენთურმა „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ (M5S) დაიკავა, რომელმაც ხმათა 17% მიიღო. არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ იტალიელი ხალხი უკმაყოფილოა ბრიუსელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, განსაკუთრებით მიგრაციული პოლიტიკით, რადგან ჩრდილოეთ აფრიკასთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ქვეყანამ ბოლო წლებში ათობით ათასი მიგრანტი მიიღო. 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული ლუიჯი დი მაიოს „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ რეიტინგი სტაბილურად 17-22%-ს შორის მერყეობს. მატეო რენცის „დემოკრატიულმა პარტიამ“ დიდ პოლიტიკაში დაბრუნება მოახერხა.

კვიპროსი – არჩევნებში ხმების 29%-ით  მემარჯვენე-ცენტრისტულმა, ქრისტიან-დემოკრატიულმა „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ (ΔΗΣΥ) გაიმარჯვა, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრია. სოციალისტურმა „მუშათა პროგრესულმა გაერთიანებამ“ (ΑΚΕΛ) 27.4% აიღო და ევროპარლამენტში 2 დეპუტატი გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ ქვეყანა ორ ნაწილადაა გაყოფილი – კვიპროსის რესპუბლიკა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის 67%-ს აკონტროლებს და თვითაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელიც დარჩენილ 33%-ს აკონტროლებს.

ლატვია – ევროპარლამენტში საკუთარი კანდიდატის გაყვანა 5-მა ლატვიურმა პარტიამ შეძლო. როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ახალი ერთობის პარტიამ“ (JV) გაიმარჯვა, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია. მეორე ადგილზე ხმათა 17.4%-ით „ლატვიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (Saskaņa SDP) გავიდა, რომელმაც „ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის“ (S&D) შემადგენლობაში 2 დეპუტატის მოახერხა.

ლიეტუვა –  ბალტიისპირა სახელმწიფო ევროპარლამენტის არჩევნებთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ატარებდა. ევროპარლამენტის არჩევნებში გაერთიანება „სამშობლომ“ (TS-LKD) ყველაზე მეტი, ხმათა 19% დააგროვა და „ევროპის სახალხო პარტიაში“ 3 დეპუტატი გაიყვანა. მეორე ადგილზე 15.9%-ით „ლიეტუვას სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (LSDP) გავიდა, ხოლო „ლიტველი ფერმერებისა და მწვანეების გაერთიანებამ“ (LVŽS) ხმათა 12.6% მიიღო. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, მასში დამოუკიდებელმა კანდიდატმა – გიტანას ნაუსედამ აგრეთვე დამოუკიდებელი კანდიდატი – ინგრიდა სიმონიტე დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხა (67-33%).

ლუქსემბურგი – არჩევნებში დაძაბული ბრძოლა გაიმართა ქვეყნის ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას: „დემოკრატიულ პარტიასა“ (DP) და „ქრისტიან-სოციალისტურ სახალხო პარტიას“ (CSV) შორის. დემოკრატებმა ხმების ძალიან მცირე სხვაობით გაიმარჯვეს (21.4%-21.1% – ის წინააღმდეგ). ორივე პარტიამ ევროპარლამენტში 2-2 დეპუტატის გაყვანა მოახერხა.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s