რუსული პროპაგანდა: დასკვნები და რეკომენდაციები

უმთავრესი გამოწვევები

კრემლის დეზინფორმაციული პოლიტიკა თავის ყველაზე აქტიურ ფაზაშია გადასული. როგორც ბრიტანელი ანალიტიკოსი კაირ გილსი აღნიშნავს: „რუსეთი სრულმასშტაბიანი საინფორმაციო ომის რეჟიმში იმყოფება“. 

RAND-ის ექსპერტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ის მიზეზები გამოავლინა, რომელიც რუსული პროპაგანდის ეფექტიანობას უწყობს ხელს. ერთი-ერთი ამხსნელი ცვლადი საერთო ისტორიული წარსულია (საბჭთა კავშირი). აღნიშნული მოცემულობა რუსულენოვან ადგილობრივ მოსახლეობებს (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) უფრო მეტად მოწყვლადს ხდის კრემლის ნარატივისადმი.   

კიდევ ერთი მიზეზი რუსული ენის მიზანმიმართული დისკრიმინაციაა, რომელიც რუსული კულტურისა და თავად რუსეთის ვიქტიმიზაციას უწყობს ხელს – აღნიშნული მოცემულობა კი, თავის მხრივ, იდეალურ ნიადაგს ქმნის კრემლის პროპაგანდის ეფექტიანობისათვის (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი).

ასევე, საფრთხის შემცველია ოფიციალური მოსკოვის მიერ დაფინანსებული რუსულენოვანი სატელივიზიო არხების თავისუფალი მაუწყებლობა (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო). ამ მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადი ბალტიის რეგიონის სახელმწიფოთა რუსულენოვანი მოსახლეობაა, რომელიც კრემლის პროპაგანდისტული ნარატივის პირდაპირ საყრდენს წარმოადგენს ევროკავშირში. 

რუსული ფაბრიკაციებისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ძალიან დიდროლს ე.წ. „სასარგებლო იდიოტები“ თამაშობენ. აღნიშნულ ტერმინს ლენინი იყენებდა და ამგვარად იმ ადამიანებს მოიხსენიებდა, რომლებიც კომუნიზმის პროპაგანდას ეწეოდნენ დასავლეთში. RAND-ის მკვლევრების აზრით, დღესდღეობით „სასარგებლო იდიოტებს“ ის ბლოგერები, ონლაინ მიმომხილველები, საინფორმაციო სააგენტოები და ცნობილი პირები წარმოადგენენ, რომლებიც კრემლის პირდაპირი დაკვეთის გარეშე, პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე ავრცელებენ პრორუსულ ნარატივს. 

რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის კიდევ ერთ ხელისშემშელ ფაქტორს კონკრეტულ რეგიონში (თუნდაც ტერიტორიულად მცირეში) არსებული ფუნდამენტურად განსხვავებული კულტურული ფონი წარმოადგენს (სამხრეთ კავკასია, ბალტიის რეგიონი).  მიუხედავად ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის სახელმწიფოთა მომცრო ზომისა, მათი კულტურა იმდენად უნიკალურია და ერთმანეთისაგან განსხვავებული, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია კრემლის პროპაგანდის საპირწონე ერთობლივი საინფორმაციო პლატფორმის შექმნა. როგორც RAND-ის კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, ესტონეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი აღნიშნავს: „ესტონეთში არავის სურს უყუროს ლატვიურ სატელევიზიო არხებს, ხოლო ლატვიაში – ესტონურს!“.

კრიტიკის საგანი გახდა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მოტივით ჩამოყალიბებული საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო უკრაინაში. 2014 წელს შექმნილი უწყების მიზანს უკრაინის ინფორმაციული სუვერენიტეტის დაცვა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ 70-ზე მეტ რუსულ სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუწყვიტა და პოპულარული რუსული სოციალური ქსელი VK დაბლოკა, უწყება მუდმივი კრიტიკის ობიექტია, რადგან არსებობს მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი ეჭვი, რომ მთავრობა აღნიშნული ორგანოს მუშაობას ცენზურისა და სახელმწიფო პროპაგანდისათვის იყენებს. 

კრემლის პროპაგანდისტული ოპერაციების წარმატებას ის გარემოებაც განაპირობებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლური სახელმწიფოები, ნატო და ევროკავშირი არაკოორდინირებულად მოქმედებენ. არ განხორციელებულა რუსული პროპაგანდის ნეიტრალიზაციაზე ორიენტირებული არც ერთი ერთობლივი პროექტი თუ ინიციატივა. მხოლოდ 2018 წელს დაიწყო ევროკავშირმა „ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ“. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტად €5 მილიონი განისაზღვრა, რომელიც კატასტროფულად მცირეა იმ თანხასთან შედარებით, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი ყოველწლიურად პროპაგანდაში ხარჯავს – €1,2 მილიარდი.

რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯები

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარალელურად მასშტაბური პროპაგანდისტული ოპერაციების ტალღა დაიწყო, ლიეტუვასა და ლატვიის მთავრობებმა რამდენიმე თვით ოფიციალური მოსკოვის მიერ დაფინანსებული სატელევიზიო არხების მაუწყებლობა აკრძალეს. გარდა ამისა, Persona non grata-ად გამოაცხადეს ყველა ის პოლიტოლოგი, ცნობადი სახე თუ ჟურნალისტი, რომელიც პრორუსულ იმპერიალისტურ ნარატივს ავრცელებდა.   

$742 მილიონი გამოყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამერიკის გლობალური ინფორმაციული პოლიტიკის ფარგლებში. აღნიშნული თანხა რადიო Voice of America-სა და Radio Free Europe/Radio Liberty-ს საქმიანობას მოხმარდა. ინიციატივის მიზანი მსოფლიოში ობიექტური ინფორმაციის გავრცელება და ფაბრიკაციების ანალიზი იყო. გარდა ამისა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო „უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი“; შედეგად, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვის რესპუბლიკამ რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად მთლიანობაში $30 მილიონი დოლარი მიიღო. ასევე, დაფუძნდა Edward R. Murrow Program for Journalists, რომლის მიზანიც ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის პროპაგანდისტული ნარატივის გამოვლენისა და მასთან ბრძოლის მეთოდების სწავლებაა. 

2015 წელს €500 000 გამოყო ჰოლანდიის მთავრობამ European Endowment for Democracy-ისთვის. თანხა სრულად მოხმარდა ევროპაში რუსულენოვანი მედია პლატფორმების მხარდაჭერას. 

გერმანიის ხელისუფლებამ ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი ჟურნალისტების მასიური ტრენინგი დაიწყო. ხოლო Deutsche Welle-მ რუსულენოვანი საინფორმაციო პლატფორმა შექმნა.

2015 წელს მოლდოვაში Rossiya 24-ისა და სხვა რუსული საინფორმაციო არხების მაუწყებლობა აიკრძალა. მიზეზი საზოგადოებრივი კვლევების შედეგები იყო, რომლის მიხედვითაც, მოლდოვის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას „გამართლებულ საპასუხო ნაბიჯად“ მიიჩნევდა (მაშინ, როდესაც უკვე რამდენიმე ათწლეულია მოლდოვას მსგავსი სახის ტერიტორიული პრობლემა აქვს დნესტრისპირეთის სახით). მიზეზად ადგილობრივი საზოგადოების რუსულ მედია სივრცეზე მიჯაჭვულობა დასახელდა. გარდა ამისა, ქვეყანაში კრემლის საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერ რუს ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ მიმოხილველებს აეკრძალათ შესვლა.

ნატოს საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდის მიმართულებით (რაც ავტომატურად ნიშნავს რუსული პროპაგანდისათვის მანევრირების საშუალების შეზღუდვას) აქტიურად მუშაობს ნატოს მედიისა და პრესის სამსახური (PDD), რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საჯარო დიპლომატიის განყოფილების ნაწილია. აღნიშნული უწყება ძალიან დეტალურად ავრცელებს ინფორმაციას ნატოს საქმინობასა და კონკრეტულ გადაწყვეტილებათა მიზეზების შესახებ. პრესისა და მედიის სამსახურის უშუალო ამოცანას რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა და კრემლის მიერ გავრცელებული მითების გამოაშკარავება წარმოადგენს. საქმიანობის ფარგლებში PDD-მ ონლაინ პლატფორმა, NATO-Russia Relations: the facts, შექმნა. პლატფორმის მიზანია კრემლის მიერ გავრცელებული დამახინჯებული ინტერვიუების, ფოტოების, ვიდეოების, მონაცემებისა და განცხადებების გამოვლენა. 

2014 წლის ივლისში ლატვიამ, ესტონეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ რიგაში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრის შექმნის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი (StratCom COE). ცენტრი ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციისა და ალიანსის პარტნიორი სახელმწიფოების სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე არის ორიენტირებული. 

საკმაოდ მოკრძალებულია ევროკავშირის წვლილი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის საქმეში – ევროპული ღირებულებებისა და საგარეო აქტორების პროპაგანდისტული საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და East StratCom Team-ის შექმნა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე სახელმწიფოშია (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა). აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის დელეგაციების მხარდაჭერასა და კრემლის პროპაგანდის შესახებ ადგილობრივი ჟურნლისტების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

2014 წლის მარტში უკრაინელმა ჟურნალისტებმა, მედია ექსპერტებმა, მკვლევრებმა, მთარგმნელებმა, მარკეტერებმა და იურისტებმა ონლაინ პლატფორმა StopFake.org შექმნეს, რომელმაც არაერთი რუსული ფაბრიკაცია და სიცრუე გამოავლინა. საიტმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღემდე სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს კრემლის პროპაგანდისტულ მანქანას. 

დასკვნები და რეკომენდაციები

ოფიციალური მოსკოვის მიერ წარმოებული ე.წ. „საინფორმაციო პოლიტიკა“ უკვე დიდი ხანია აღარ ემსახურება რუსული კულტურის, ან რუსეთის პოზიტიური იმიჯის მსოფლიო პოპულარიზაციას. 2000 წლიდან კრემლმა ინფორმაცია ბრძოლის იარაღად და საგარეო პოლიტიკის განუყოფელ კომპონენტად აქცია. გარდა ამისა, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მსგავსად საბჭოთა პერიოდისა, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტის ლამის 85% პროპაგანდისტულ ოპერაციებში იხარჯება. შესაბამისად, ბრძოლა კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივთან და დაუჯერებელი სიცრუეების გამავარცელებელ აქტორებთან არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად. სწორედ მსგავსმა დაშვებებმა და გაუბედავმა ქმედებებმა განაპირობა მოცემულობა, რომლის თანახმადაც, თავისუფალი სამყაროს გარკვეულმა ნაწილმა 2008 წლის ქართულ-რუსული ომის ინიციატორად საქართველო გამოაცხადა, ხოლო 2014 წლის ყირიმის მოვლენებისას, ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. 

რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, მორალურად არასწორია პროპაგანდის პროპაგანდითვე ნეიტრალიზება, მეორე მხრივ – პრაგმატულად წამგებიანი. 

არ შეიძლება ბოროტებას იმავე მეთოდებით დაუპირისპირდე, რომლითაცთავად გებრძვის. ასეთ შემთხვევაში, თავადვე ხდები ის, ვისაც ეწინააღმდეგები. პრაგმატული თვალსაზრისით კი პროპაგანდით პასუხი იმ უპერსპექტივო ომს დაემსგავსება, რომელშიც მოწინააღმდეგე პირწმინდად დაგამარცხებს, რადგან მას ხანგრძლივი გამოცდილება და სიცრუეების გავრცელებაზე მორგებული ჰიპერცენტრალიზებული ეფექტიანი სისტემა უმაგრებს ზურგს.        

ეს ყველაფერი საქმეს ართულებს, მაგრამ მაინც შესაძლებელს ხდის რუსული პროპაგანდის ნეიტრალიზაციას. 

1. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, შეიქმნას ისეთივე პლატფრომა, როგორიცაა: NATO-Russia Relations: the facts. აღნიშნული წყარო რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ მითებსა და არგუმენტებს განაქარწყლებს – პირველ რიგში, ობიექტური რეალობის წარმოჩენით; 

2. უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც იმ გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს, რაც ამა თუ იმ სახელმწიფოს კრემლის დეზინფორმაციულ პოლიტიკისათან კუთხით გააჩნია;

3. საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს იმ მედია საშუალებების მაუწყებლობა, რომლებიც კრემლის აგრესიულ ნარატივსა და რუსული საგარეო პოლიტიკისათვის ხელისშემწყობ პროპაგანდისტულ ნარატივს ავრცელებს. ასევე, უნდა მოხდეს იმ პირების ვინაობის დადგენა და დაჯარიმება, რომლებიც ცრუ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში იქნებიან შემჩნეულნი;

4. პროპაგანდის იდენტიფიკაცაიაზე ორიენტირებული ჟურნალისტური ბიუროების დაფუძნება-ხელშეწყობა; 

5. მძლავრი რუსულენოვანი საინფორმაციო არხის შექმნა და რუსულენოვანი მოსახლეობებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება;

6. საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ინსტიტუტებისა და ანალიტიკური ცენტრების დაფინანსების წყაროების გამოვლენას უფრო მარტივს გახდის;

7. ყველა იმ ჟურნალისტისა და მკვლევრის გამოვლენა, რომელიც კრემლის პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელებას უწყობს ხელს;

8. StopFake.org-ის მსგავსი ონლაინ პლატფორმების შექმნა;

9. იმ კვლევითი ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ანალიტიკური ცენტრების ფინანსური მხარდაჭერა, რომლებიც რუსულ პროპაგანდასთან მიმართებით, საზოგადოებრივი მდგრადობის (capacity building) შენებაზე მუშაობენ;

10. სახელმწიფოს მიერ იმ გადაცემებისა და პროგრამების ფინანსური მხარდაჭერა, რომლებიც რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და ფაბრიკაციებს ანალიტიკური პროფილით გააშუქებენ;

11. იმ საინიციატივო ჯგუფების ფინანსური მხარდაჭერა, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში ე.წ. ინტერნეტ აგენტების („ტროლების“) გამოვლენაზე (detect andreport) მუშაობენ;

12. სახელმწიფო უშიშროების სამსახურებში ისეთი დანაყოფების ჩამოყალიბება, რომლებიც უშუალოდ უცხო ქვეყნის პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელი აქტორების გამოვლენაზე იქნებიან ორიენტირებულნი.

13. რუსული პროპაგანდის თემაზე დაწერილი ლიტერატურის თარგმნა;

14. სტუდენტთა სასწავლო პროგრამაში პროპაგანდის თემაზე სალექციო კურსების ჩასმა (პოლიტოლოგებისა და სოციოლოგებისათვის). 

გრიგოლ ჯულუხიძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s