ადგილობრივი არჩევნები და პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილება თურქეთში

28868791952_38cccdacc5_b2019 წლის 31 მარტის ადგილობრივი არჩევნები თურქეთში მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. მოქმედმა სახელისუფლებო სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ (AKP) დამარცხება სამ უმთავრეს ქალაქში – სტამბულში, ანკარასა და იზმირში განიცადა, რაც ბოლო ორ ათწლეულზე მეტია არ მომხდარა. მიუხედავად გამარჯვებული ოლქების რაოდენობრივი სიმცირისა, ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტია (CHP) არჩევნებს წარმატებულად მიიჩნევს, რაც არცთუ უცნაურია იმის ფონზე, რომ სახელისუფლებო პარტია ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუამრცხებელი და შეუცვლალი ჩანდა. თუმცა უკანასკნელი არჩევნების უკეთ გასაანალიზებალად აუცილებელია მივმართოთ თურქეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ წარსულს.

1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთის პოლიტიკამ შესამჩნევად დაიწყო ცვლილება. გარდა იმისა, რომ პუტჩს ყველა პოლიტიკური პარტიის დროებითი აკრძალვა მოჰყვა, ამასთან შეიცვალა მიდგომა რელიგიასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სამხედროები სეკულარულ საფუძვლებს არ ეწინააღმდეგებოდნენ, მაინც, წლების განმავლობაში პირველად მოხდა ისლამისა და ნაციონალიზმის სინთეზის (Türk İslam Sentezi), როგორც სამომავლო პოლიტიკური წესრიგის მოხმობა. თუკი ქემალიზმი, რომელიც გამოკვეთილად სეკულარული იდეის მატარებელია და ყველა წინა სამხედრო ჩარევა (1960 წ.; 1971 წ.;) სწორედ მის დაცვას ემსახურებოდა, 1980 წლიდან პოლიტიკური გარემო თანდათან შეიცვალა. რელიგიურმა პარტიებმა დაიწყეს პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება და თავიანთი იდეების წარსულთან შედარებით თავისუფლად შემოდინება.

მნიშვნელოვანია გეოგრაფიული განაწილებაც. ცენტრალური ანატოლიისა და თურქეთის შავიზღვისპირეთის მოსახლეობა ძირითადად რელიგიური პარტიებს უჭერდა მხარს, ხოლო ეგეოსის ზღვისპირა ქალაქები, დედაქალაქი ანკარა და თურქეთის ევროპული ნაწილი მეტ-ნაკლებად სეკულარული იყო. აღნიშნული ტენდენცია, მცირე ცვლილებებით, დღემდე შენარჩუნებულია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ანატოლიის მოსახლეობა შედარებით ღარიბი და პოლიტიკურად პასიური იყო. სწორედ ეს ორი ფაქტორი – ეკონომიკა და პოლიტიკური ჩართულობა – გახდა მთავარი მამოძრავებელი ძალა რელიგიური პარტიების დღის წესრიგის ფორმირებისა.

თუკი 2002 წლამდე პოლიტიკური ძალის მხირდან ანტი-სეკულარული დღის წესრიგის დაყენება პოლიტიკური სიკვდილითა და კანონის ძალით პარტიის აკრძალვით მთავრდებობდა, 2002 წლიდან გარემო თანდათან შეიცვალა. სწორედ ამ წელიდან ექცევა სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) ხელისუფლების სათავეში. AKP თავდაპირველად გამოკვეთილად ანტი-სეკულარულ ძალას არ წარმოადგენდა, თუმცა 2007 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოზიცია კიდევ უფრო რელიგიურისაკენ გადაიხარა, რასაც 2008 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან პარტიის აკრძალვის განხილვის დასაწყისი გახრდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ AKP აკრძალვას ერთი ხმით გადაურჩა, მაინც ყველასათვის ნათელი გახდა, რომ სახელისუფლებო პარტია ანტი-სეკულარული პოლიტიკის გატარებას კიდევ უფრო აქტიურად მიმართავდა.

AKP, დეკლარირებულად, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის, ძალის გადამეტების, ინტერნეტზე კონტროლის დამყარების მცდელობის და რელიგიური პოლიტიკის გატარების ფონზე ევროპული ხელისუფლებების მხრიდან პარტიისადმი დამოკიდებულება არცთუ პოზიტიურია. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით თავად თურქეთის მოქმედ ხელისუფლებაშიც სკეპტიკურად უყურებენ ქვეყნის ევროკავშირისაკენ სწრაფვას. ხელისუფლება ცდილობს ოსმალეთის იმპერიის დროინდელი დიდების გაღვიძებას და არ ერიდება წარსული დროის რელიგიურ-კულტურული ღონიძიებების წახალისებას, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ თითქმის წარმოუდგენელი იყო.

სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ (AKP) ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეძლო და არათუ გამოეცოცხლებინა ქვეყნის ეკონომიკა, არამედ გაეხადა ერთ-ერთი ლიდერი აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. 2002 წელს, როდესაც AKP ხელისუფლებაში მოვიდა თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 238 მილიარდი ამერიკული დოლარი იყო, ხოლო 2013 წლისათვის 950 მილიარდი. მიუხედავად ამისა, სწორედ 2014 წლიდან იწყება თურქეთის ეკონომიკის რეცესია, რასაც კიდეც დაერთო ადმიანის უფლებების დარღვევის მაჩვენებლის ზრდაც. ერთადერთი გამონაკლისი 2016 წელი გახლდათ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა კვლავ გაიზარდა, თუმცა მას შემდეგ  ეკონომიკური რეცესია, ისევე როგორც ვალუტის გაუფასურება ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. მხოლოდ 2018 წელს ლირის კურსი 40%-ით გაუფასურდა, რაც პოლიტიკურ გარემოზე კიდეც აისახა.

AKP-ს კიდევ ერთი გამოკვეთილი მიღწევა ანატოლიის პოლიტიკური ცხოვრებისაგან გამოთიშული მოსახლეობის მაქსიმალური მობილიზაცია და გააქტიურებაა. თურქეთის მოსახლეობა პოლიტიკის კეთების პროცესში აქტიურად ჩაერთო, ხოლო სამხედრო ძალების ზეგავლენა საგრძნობლად შემცირდა.

AKP-ს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თურქეთი რადიკალურად შეიცვალა. თუკი 2013 წლამდე პარტიის რეიტინგი და მისი პოპულარობა ქვეყნის შიგნითაც და ევროპის მასშტაბითაც იზრდებობა, 2013 წლის სტამბულის ანტი-სახელისუფლებო, სოციალურ ნიადაგზე წარმოშობილი, ძირითადად ახალგაზრდებით დაკომპლექტებული მანიფესტაციების აქტიური და ძალისმიერი დაშლის შემდეგ მისი პოზიციები შესუსტდა. ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ წინსვლას რელიგიური დღის წესრიგის ფორმირება და მობილიზაცია მოჰყვა, რასაც სეკულარული პოლიტიკის მომხრე საზოგადოების ნაწილის მხრიდან აქტიური წინააღმოდეგობაც დაერთო თან.

2017 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმის შემდეგ (რომელიც შესამჩნევად გაუმჭირვალედ წარიმართა) გარდაიქმნა თურქეთის პოლიტიკური სისტემაც – საპარლამენტო მმართველობა ჩანაცვლდა ნახევრად საპრეზიდენტოთი. პრეზიდენტად AKP-ს ლიდერი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი გახდა, რომელიც მანამდე პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

2013 წლიდან თურქეთი, რომელიც ისლამურ ქვეყნებში გამოკვეთილი თავისუფლებით გამოირჩეოდა, დემოკრატიის მაჩვენებლით უკუსვლა დაიწყო და ჰიბრიდული სისტემიდან ძალიან დაუახლოვდა ავტორიტარულს – თუკი The Economist Intelligence Unit Democracy Index-ით 2012 წელს თურქეთის ქულა 5.76 იყო და საკმაოდ ახლოს იყო არშემდგარი დემოკრატიის ჯგუფთან 2018 წლისათვის მისი ქულა 4.37-ია და მხოლოდ ოთხი ადგილი აშორებს ავტორიტარიზის ჯგუფისაგან;

ყოველივე ამას დაემტა სხვა ძირეული გამოწვევებიც: სეკულარიზმი რელიგიურმა პოლიტიკამ ჩაანაცვლა, ეკონომიკურ ბუმს რეცესია მოჰყვა, ადამიანის უფლებების დარღვევის სტატისტიკა საგანგაშოდ გაიზარდა, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა, ხოლო ქვეყანა, რომელიც უფრო მეტად ევროპული პოლიტიკის ნაწილად მოაზრებოდა, თანდათან გადაერთო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების პირდაპირ თუ ირიბ მონაწილედ, სადაც აშშ-სა და თურქეთის ინტერესებიც კი გადაიკვეთა. ყოველივე ზემოთ თქმულს დაემატა აშშ-ს მხრიდან სანქციების დროებითი დაწესება, რაც მოკავშირე სახელმწიფოებს შორის საკმაო იშვიათობაა და რამაც თურქულ ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენა.

სწორედ ეს ფაქტორები გახდა მიზეზი იმისა, რომ 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებში მოქმედ სახელისუფლებო პარტიას კრიზისი დაუდგა. სახალხო რესპუბლიკური პარტია (CHP) ქვეყნის ყველაზე ძველი პარტიაა. ის ქემალ ათათურქის დაარსებულია და სეკულარიზმის პრინციპზეა აგებული. პარტიის იდეოლოგია გარკვეულწილად ემთხვევა დასავლურ სოციალ-დემოკრატიულ იდეებს და გამოკვეთილად პრო-ევროპული პოზიციები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პარტიას ძლიერი ლიდერის პრობლემა, ისევე როგორც ელიტისტური ხასიათი დიდი ხნის განმავლობაში წინაარმდეგობას უქმნიდა, მაინც, მყარი იდეოლოგიური საფუძვლები საკმარისი გახდა მისი პოპულარობის შენარჩუნებისა, განსაკუთრებით კი დიდი ქალაქებში, ტურისტულ ცენტრებსა და მოსახლეობის იმ ნაწილში, ვინც უმაღლესი განათლების მფლობელია.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ადგილობრივი არჩენების საბოლოო შედეგით სახალხო რესპუბლიკური პარტია (CHP) არ ლიდერობს, მაინც პარტიამ პირველად შეძლო სახელისუფლებო AKP-ის დამარცხება ისეთ მნიშვნელოვან ქალაქებში, როგორიც ანკარა, იზმირი და სტამბულია. აღნიშნული ფაქტი შესაძლოა მიანიშნებდეს ორ მნიშვნელოვან გარემოებაზე – პირველი: მოსახლეობას აღარ სურს სახელისუფლებო პარტიის ანტი-სეკულარული და აღმოსავლური, ხშირად არადემოკრატიული სტილის მხარდაჭერა, რასაც ემატება არცთუ თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა, რაც ქვეყნის სტაბილურობას კიდევ უფრო არამყარს ხდის; მეორე: მოსახლეობა ფოკუსირებულია სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა და რეცესიაში გადაიზარდა, ხოლო დასავლელ სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობა გამწვავდა, მაშინ, როდესაც რუსეთთან დათბა, რაც აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ეჭვის საფუძველი გახდა. რთულია იმის წინასწარმეტყველება მოჰყვება თუ არა ადგილობრივ არჩევნებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ან AKP-ს როგორც პოლიტიკური ძალის დასუსტება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობამ პირველად აჩვენა ყვითელი ბარათი საკუთარ ხელისუფლებას.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s