რუსეთი ვიშეგრადში


(გრიგოლ ჯულუხიძე)

პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ მრავალი ისტორიული, კულტურული, ლინგვისტური, რელიგიური თუ გეოგრაფიული მსგავსების მქონე გეოპოლიტიკურ სივრცეში ერთი კონკრეტული საკითხისადმი ორი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი შეიძლება დადგეს. 

ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში რუსული გავლენა და შესაბამისად, კრემლის პროპაგანდა მნიშვნელოვნად განაპირობებს პოლიტიკური პროცესების დღის წესრიგს, ხოლო პოლონეთში – ვერ.

ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში ოფიციალური მოსკოვის გავლენის ზრდა-დიფუზიას არ განაპირობებს მხოლოდ კრემლის აგრესიული პოლიტიკა, პოლიტიკოსთა კორუმპირებული მისწრაფებები, რუს ოლიგარქთა (შესაბამისად, პუტინის) ინტერესებზე მორგებული მეგა ეკონომიკური გარიგებები, ან დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე-სისუსტე; საკითხი გაცილებით უფრო ღრმა და კომპლექსურია, რაც თავის მხრივ, სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს. 

ჩეხეთის რესპუბლიკა:

ჩეხეთი – ქვეყანა, სადაც 1968 წელს საბჭოთა კავშირმა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, შემდეგ, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული რეჟიმი დაამყარა და ასეულობით ინტელექტუალი დაატყვევა-დახვრიტა. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის მძიმე კვალი ადგილობრივ არქიტექტურასაც კი შემორჩა მთელი თავისი ერთფეროვნებითა და სიმუქით.

მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი ANO 2011 და პრეზიდენტი მილოშ ზემანი პირდაპირ, ხანდახან კი ირიბად პრორუსულ პოლიტიკურ კურსსმიჰყვებიან.

რაში გამოიხატება ჩეხეთის პრორუსული კურსი?  

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასასმელია ევროკავშირის საერთო ინტერესების იგნორი და რიგ შეთხვევებში, წინააღმდეგობა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია საიმიგრაციო თემა, რომლის მიუღებლობას ბაბიშის გუნდი ეროვნული ინტერესებით ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საიმიგრაციო კვოტამ არც ოფიციალური ვარშავის მოწონება დაიმსახურა, პოლონეთის ხელისუფლებას – განსხვავებით ჩეხეთისაგან – რუსეთთან „დაახლოებისა“ და „ყირიმის ანექსიის მივიწყების“ კუთხით, არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

ჩეხეთის რესპუბლიკის ოფიციალურმა პოზიციამ უკრაინის საკითხთან მიმართებაში, განცხადებების დონეზეც კი დაკარგა სიმწვავე, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები საერთოდ გაქრა აქტუალურ თემათა კატეგორიიდან. სანაცვლოდ, ბაბიშის ხელისუფლება მუდმივად ცდილობს რეგიონული საკითხებით მანიპულაციითა და ევროკავშირის რიგი ინიციატივების დაბლოკვით მნიშვნელოვანი სარგებელი ნახოს კრემლისგან. მაგალითისათვის გამოდგება ჩეხი და რუსი მაღალჩინოსნების ინტენსიფიცრებული ურთიერთშეხვედრები, ბუნებრივი აირის ფასის კლებაზე დაწყებული მოლაპარაკებები, ანტიპროპაგანდისტული ღონისძებებისა და სამსახურების მუშაობის დასუსტება, ანტიევროკავშრული განწყობების გაღვივება და ულტრამემარჯვენე/ულტრამემარცხენე მოძრაობებისთვის ხელის დაფარება. 

თავის დროზე, მიუხედავად ბოჰუსლავ სობოტკას კრემლისადმი ფრთხილი პოლიტიკისა, ჩეხეთის რეპუბლიკა მაინც აქტიური მომხრე იყო რუსეთისათვის სანქციების დაწესება-გახანგრძლივებისა. ამავდროულად, ოფიციალური პრაღა არცერთხელ წასულა ევროკავშირის ერთსულოვანი პოზიციის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩეხეთი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის კუთხითი ქმედითი ნაბიჯები გადადგა, თუმცა დღესდღეობით ბაბიშის ხელისუფლება სულ უფრო ნაკლებად ცდილობს აღნიშნული საკითხების წამოწევას.

ჩეხური პოლიტიკური ელიტის პრორუსული თამაშის მიზეზი, არ არის ადგილობრივი საზოგადოების დაკვეთა – ნოსტალგია მოსკოვისადმი. მნიშვნელოვანი ფაქტორებია ცალკეული პოპულისტური მოძრაობები დამასშტაბური პროპაგანდისტული ოპერაციები. არ აქვს მნიშვნელობა პროპაგანდის ხარისხს (პროპაგანდაც კი შეიძლება იყოს დახვეწილი, ან მდარე). მთავარი აქცენტი ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პოლიტიკური ძალების ოპონენტთა ტოტალურ დისკრედიტაციაზე კეთდება … ნებისმიერი გზითა და საშუალებით: ფაქტების გამოგონება-დამახინჯებით, დაცინვით, შეურაცხყოფით, დაშინებით, ცილისწამებით, შანტაჟით და ა.შ.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩეხურ კოლექტიურ მეხსიერებაში „პრაღის გაზაფხულის“ მოვლენები დღესაც მწვავედაა შემორჩენილი, პრორუსული პოლიტიკური პარტიები და კრემლის პროპაგანდის აქტორები ერთმნიშვნელოვნად ერიდებიან ოფიციალური მოსკოვის პირდაპირ ქებას, ამიტომაც აქცენტი დასავლური სამყაროს დემონიზაციაზე და ევროკავშირის, როგორც „მოძველებულ“ და „მორალურად გაბანკროტებულ“ ფენომენად წარმოჩენაზე კეთდება. ამ მეთოდმა გაამართლა და უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ხანმოკლე პერსპექტივაში ახლაც ამართლებს, რადგან ოფიციალური პრაღა ერთი მხრივ, ევროკავშირის ფონდებითა და პრივილეგიებით სარგებლობს, ხოლო მეორე მხრივ – რუსული შეღავათებით.  

ამ ყველაფრის მიზეზი ჩეხურ ეროვნულ იდენტობაში უნდა ვეძიოთ, რომელიც არასდროს ყოფილა არც პრორუსული და არც ანტირუსული. გეოგრაფიული მდებარეობიდან და რელიგიურ-კულტურული სხვაობიდან გამომდინარე, ჩეხებს თითქმის არასდროს ჰქონიათ პირდაპირი შეხება რუსულ სახელმწიფოსთან. შესაბამისად, რუსეთი, როგორც „მაღალი საფრთხის შემცველი საგარეო პოლიტიკური აქტორი“ არასდროს ყოფილა ჩეხური საზოგადოების ცნობიერებაში (თუ არ ჩავთვლით ძალიან მოკლე, 40-წლიან ისტორიულ პერიოდს, როდესაც ჩეხეთი (ჩეხოსლოვაკია) სოციალისტურ ბანაკში აღმოჩნდა). გარდა ამისა, ქვეყანა ნატოს წევრია და უფრო მეტიც, რუსი ბიზნესმენები, ტურისტები, სტუდენტები ძალიან აქტიური კონტრიბუტორები არიან ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. 

ერთი სიტყვით, ეროვნულ წარმოდგენაში რუსეთმა დაკარგა თავისი, როგორც საგარეო საფრთხის მატარებელი აქტორის ფუნქცია (საკმაოდ დიდი დრო გავიდა „პრაღის გაზაფხულიდან“). შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან არც მასთან დაახლოების პირდაპირი დაკვეთაა და არც მის მიმართ ნეგატიური განწყობების გაღვივებისა. მსგავსი მოცემულობა კი იდეალურ ნიადაგს ქმნის კრემლის გავლენისა და პროპაგანდის ეფექტიანობის ზრდისათვის.

უნგრეთი:

მსგავსად ჩეხეთისა, უნგრეთის შემთხვევაშიც საქმე გვაქვს პრორუსულ პოლიტიკურ ელიტასთან – მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთს საკმაოდ ნეგატიური გამოცდილება აქვს რუსეთთან მიმართებაში. 

ნეგატიურ ისტორიულ გამოცდილებაში 1849 წლისა და 1958 წლის სისხლიანი რეპრესიები იგულისხმება. აღნიშნული თარიღები რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მიერ უნგრელთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტასთან და უნგრეთის დამოუკიდებლობის იმედის ჩახშობასთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტები დღესაც შემორჩენილია უნგრელთა კოლექტიურ მეხსიერებაში. გარდა ამისა, ადგილობრივი საზოგადოება დეკლარირებულად პროდასავლურია, თუმცა მისი პოლიტიკური ელიტა – პრორუსული და შესაბამისად, ევროსკეპტიციზმით აღსავსე. 

მმართველი გუნდი სულ უფრო ხშირად ამახვილებს ყურადღებას რუსეთისადმი დაწესებული სანქციების სიმცდარეზე, ბლოკავს საიმიგრაციო კვოტებს, დაუფარავად აკრიტიკებს ბრიუსელს და ხოტბას ასხამს პუტინს. 

ასევე მსგავსად ჩეხეთისა, ამ პარადოქსული მოცემულობის ხელშემწყობიფაქტორი არა საზოგადოებრივი დაკვეთა, არამედ ცალკეული პარტიების პოლიტიკური თამაშია. თუკი მთავარი ოპოზიციური ძალა „იობიკი“ თავიდანვე დაუფარავად იზიარებდა კრემლის იდეოლოგიურ კურსს, სიურპრიზი იყო ვიკტორ ორბანის – ერთ დროს, ანტიკომუნისტური და შემდგომში, ანტირუსული მოძრაობის ლიდერის – ტრანსფორმაცია. 

ყველაფერი 2010 წლიდან იცვლება, როდესაც ორბანი რუსეთის დედაქალაქში ჩადის პუტინთან შეხვედრაზე. მას შემდეგ ძალიან სწრაფად „თბება“ ურთიერთობები ოფიციალურ მოსკოვსა და ბუდაპეშტს შორს. ეს ყველაფერი ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭების და საერთაშორისო არენაზე უნგრეთის ავტორიტეტის შელახვის ხარჯზე ხდება. უნგრეთი დღემდე რეგრესს განიცდის კორუფციასთან ბრძოლის, ადამიანის უფლებების დაცვის, მიუკერძოებელი მართლმსაჯულების, გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფისა და სიტყვის თავისუფლების კუთხით. გარდა ამისა, როგორც დისერტაციის მე-3 თავშია აღწერილი, ორბანის ხელისფულების პირობებში 3 მრავალმილიარდიანი ბიზნეს გარიგება შედგა რუსულ მხარესთან (რა თქმა უნდა, „რუსულ მხარეში“ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების ჯგუფი იგულისხმება). 

თუმცა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესით არ შეიძლება აიხსნას უნგრული პოლიტიკური ელიტის (მმართველი გუნდი + ოპოზიციური „იობიკი“) მოქმედებანი. კიდევ ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იდეოლოგიური მსგავსებაა. მაგალითისათვის თუნდაც ვლადიმირ პუტინისა და ვიკტორ ორბანის მმართველობის სტილი გამოდგება. ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ:

– დაიხურა, ან შეიზღუდა თითქმის ყველა ოპოზიციური მედია საშუალება;

– რამდენიმეჯერ შეიცვალა კონსტიტუციის შინაარსი, რის შედეგადაც,დამყარდა მმართველობის სუპერცენტრალიზებული მოდელი;

– შეიქმნა იდეალური ნიადაგი არალეგალური და დაფარული ფინანსური ოპერაციებისათვის;

– წარმოიქმნა ოლიგარქიული რეჟიმი, რომელშიც ბიზნეს ტენდერების გამარჯვებულები და სარფიანი საქმეების მფლობელები ხელისუფლებისადმი სიმპათიების მიხედვით ვლინდებიან; 

– შეიზღუდა არაერთი საერთაშორისო დონორი თუ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია;

– გაღვივდა ქსენოფობიური განწყობები (რუსეთის შემთხვევაში, „ჩამოსულებისადმი“, ხოლო უნგრეთის შემთხვევაში – ბოშებისადმი).

ერთი სიტყვით, „ფიდესმა“ დემოკრატიის სახელით თითქმის ყველაფერი გააკეთა, რაც დემოკრატიას პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა. თავის მხრივ, საზოგადოება არჩევნების მეშვეობით მწვანე შუქს აძლევს ორბანს იმ ოპორტუნისტული პოლიტიკის გატარების საქმეში, რაც მსგავსად ჩეხეთისა, ერთი მხრივ, ევროკავშირის ფონდებითა და პრივილეგიებით, ხოლო მეორე მხრივ, რუსული შეღავათებით სარგებლობას გულისხმობს.

ჩამოთვლილი არგუმენტები მხოლოდ და მხოლოდ ხელშემწყობი ფაქტორებია. უმთავრესი მიზეზი კვლავ ეროვნულ იდენტობაში უნდა ვეძიოთ. 

უნგრეთისა და რუსეთის ისტორიული ურთიერთინტერაქცია საკმაოდ შეზღუდულია. თუ არ ჩავთვლით აღნიშნულ 2 ისტორიული მოვლენას (1849 წლისა და 1958 წლის სისხლიანი რეპრესიები), ურთიერთობები რუსეთსა და უნგრეთს არასდროს ყოფილა ინტენსიური (გეოგრაფიული მდებარეობიდან და კულტურული, ლინგვისტური თუ რელიგიური სხვაობიდან გამომდინარე). შესაბამისად, უნგრელებისათვის რუსეთი ყოველთვის „უცხო“ და „შორეულ“ სახელმწიფოებრივ აქტორს წარმოადგენდა (ანუ ძალიან მცირე საფრთხის შემცველს). გარდა ამისა, თითქმის აღარ არსებობს ის თაობა, რომელსაც 1958 წლის მოვლენები ახსოვს და ამავდროულად, ეროვნულ წარმოდგენაში რუსეთმა დაკარგა თავისი, როგორც საგარეო საფრთხის მატარებელი აქტორის ფუნქცია (თუკი დავესესხებით ანდრას რაცს: „უნგრელებმა დაივიწყეს რუსეთი და მათ მიმართ პრაგმატულ-მერკანტილური ინტერესები გაუჩნდათ“). შესაბამისად, ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან არც მოსკოვთან დაახლოების პირდაპირი დაკვეთაა და არც მის მიმართ ნეგატიური განწყობების გაღვივებისა. უნგრეთში ინდიფერენტული განწყობა სუფევს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ვიკტორ ორბანს და კრემლს აძლევს ხელს. 

სლოვაკეთი:   

მზარდი ანტიდასავლური განწყობები, დემოკრატიისადმი პროგრესირებადი სკეპტიციზმი, ამერიკის შეერთებული შტატებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და რუსეთთან დაახლოების ირიბი (რიგ შემთხვევებში, პირდაპირი) საზოგადოებრივი დაკვეთა საკმაოდ მარტივად ახსნადიასლოვაკეთში. ამ მოცემულობის უმთავრესი მიზეზი პანსლავიზმია, რომელიც საკმაოდ ღრმადაა გამჯდარი სლოვაკთა ეროვნულ იდენტობაში. 

„პანსლავიზმი იდეურ-პოლიტიკური მიმდინარეობაა, რომელიც ეფუძნება წარმოდგენებს სლავი ხალხების ეთნოკულტურული ერთიანობისა და ისტორიული ბედის ერთობის შესახებ. ასევე, ეროვნული, სოციალურ-პოლიტიკური და სულიერი პრობლემების ერთობლივი გადაჭრისათვის მათი გაერთიანების აუცილებლობის რწმენას. დასავლეთის იმ განვითარებული ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელთა პოლიტიკა ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მრავალი სლავი ხალხის ინტერესებს,“ (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2018).

ჯერ კიდევ ცნობილი სლოვაკი საზოგადო მოღვაწე, ლუდოვიტ შტური საუბრობდა სლოვაკი ხალხის (სხვა სლავ ერებთან ერთად) რუსული ფრთისა და მფარველობის ქვეშ გაერთიანების აუცილებლობაზე. დღესაც კი, შტურის პანსლავიზმი არათუ მარგინალური პოლიტიკური სპექტრისათვის მისაღებ ნარატივს, არამედ საზოგადოებრივი პოპულარობის საგანს წარმოადგენს. შესაბამისად, სლოვაკებისათვის რუსეთი არასდროს ყოფილა ორგანულად მიუღებელი საგარეო აქტორი. ამიტომაც აღიქვამს ადგილობრივი საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უარყოფითად და ღიად უჭერს მხარს ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს („ყოფნას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“). 

განხილული ფაქტებიდან გამომდინარე, არც ის არის გასაკვირი, რომ სლოვაკები რუსებს უფრო ენდოებიან, ვიდრე ამერიკელებს; არც კრემლის საგარეო პოლიტიკისადმი ნეიტრალური დამოკიდებულება; არც რუსეთის გავლენის შემცირებაზე ორიენტირებული ინიციატივების დაბლოკვა; არც ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების პოპულარობა; არც პროპაგანდის ნეიტრალიზაციისათვის აუცილებელი პოლიტიკური ნების არარსებობა.   

ოფიციალური მოსკოვი კი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აგრძელებს  პროპაგანდისტული ოპერაციების წარმოებას და ადგილობირივ პოლიტიკურ ცხოვრებაზე საკუთარი გავლენის ზრდას. 

პოლონეთი:

პოლონეთში რუსული პროპაგანდისა და იდეოლოგიური ნარატივის კრახი პირველ რიგში, რუსეთთან ნეგატიური ისტორიული ურთიერთინტერაქციის შედეგია …- 15-ზე მეტი დამანგრეველი ომი; – რუსეთის პირდაპირი ჩარევით დამოუკიდებლობის მრავალწლიანი ხელყოფა;- პოლონეთის მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან გაქრობა; – ათიათასობით პოლონელის დახვრეტა-გადასახლება; – პოლონური ენისა და კულტურის დევნა; – პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის შეზღუდვა; – აჯანყებების სასტიკი ჩახშობა; – აღმოსავლეთ პოლონეთის ოკუპაცია; – კატინი; – უწყვეტი რეპრესიები; – 1981 წლის სამხედრო მდგომარეობა;- ქვეყნის ევრო-ინტეგრაციის პროცესის დაბრკოლება.

აღნიშნული მოვლენები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ისტორიული ფაქტებისა, რომლის შედეგადაც პოლონელთა ნომერ 1 საფრთხეს დღემდე რუსეთი წარმოადგენს. 

ტრავმული ისტორიული მოვლენების მუდმივი განმეორებითობის შედეგად (რეტრავმატიზაცია), რუსეთმა, როგორც მკვეთრად უარყოფითმა საგარეო პოლიტიკურმა აქტორმა მყარად დაიმკვიდრა თავი პოლონელთა ეროვნულ წარმოდგენაში. შესაბამისად, პოლონური ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრეს ასპექტს საგარეო მტრის (რუსეთის) ადეკვატურად აღქმა-დაბალანსება წარმოადგენდა და წარმოადგენს. აბსოლუტურად ყველა სფეროში (სკოლა, უნივერსიტეტი, კინემატოგრაფია, სპორტი, ლიტერატურა, ხელოვნება, დიპლომატია) რუსეთი მუდამ ნეგატიური დატვირთვის მქონე სუბიექტი იყო … სოციალიზმის დროსაც კი (თუმცა მაშინ ეს ყველაფერი შეფარულად ხდებოდა). 

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის როლი (როგორც ენტონი დევიდ სმიტი აღნიშნავს: „ეკლესია ჩაგრული ერი-სახელმწიფოების ეროვნული იდენტობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის დედაბოძია“).

პოლონეთში კათოლიციზმი განსაკუთრებით მაშინ შეიზღუდა, როდესაც რუსეთმა ქვეყნის დამოუკიდებლობა ხელჰყო. ამიტომაც ეკლესია საზოგადოებრივი საყრდენი და ვატიკანთან – დასავლეთთან – კავშირის ლამის ერთადერთი მექანიზმი გახდა. მიუხედავად იმ სასიკვდილო დარტყმებისა, რაც რუსეთმა პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიას მიაყენა, აღნიშნული ინსტიტუტი არათუ შესუსტდა, არამედ გაძლიერდა და პოლონელთა შთაგონების წყაროდ იქცა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში. ამ უარყოფითი ისტორიული ემპირიული გამოცდილებიდან გამომდინარე, პოლონელთათვის ეკლესია ავტომატურად ასოცირდებოდა „თავისუფლების ფანჯარასთან“, რომელიც პირობითად რომ ვთქვათ: „დასავლეთზე გადიოდა“. სხვათა შორის, დეკომუნიზაციის საქმეში „სოლიდარობასთან“ ერთად, უდიდესი როლი კათოლიკურმა ეკლესიამ შეასრულა იოანე პავლე მეორის ხელმძღვანელობით. 

ერთი სიტყვით, რუსულმა პანსლავიზმმა ვერაფრით მოიკიდა ფეხი პოლონურ საზოგადოებრივ წარმოდგენაში და პოლონურმა ეროვნულმა იდენტობამ, რომელიც რუსეთთან უწყვეტი ნეგატიური პოლიტიკურ-რელიგიური ინტერაქციითა და პოლონელი საზოგადო მოღვაწეების უშრეტი ძალისხმევის შედეგად (იგნაცი პადერევსკი, რომან დმოვსკი, იუზეფ პიუსუდსკი, კარდინალი სტეფან ვიშინსკი, იოანე პავლე მეორე, ტადეუშ მაზოვიეცკი, კშიშტოფ სკუბიშევსკი) ჩამოყალიბდა, ერთგვარი იმუნიტეტი შეიძინა და ქვეყანაში რუსული პროპაგანდის არაეფექტიანობა განაპირობა. 

აღნიშნულომა გაზიარებულმა ცოდნამ (რომ რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის პირდაპირი საფრთხეა) და ამ ცოდნის მუდმივმა „გადამეორებამ“ პოლონეთის რესპუბლიკის ყველა ხელისუფლებას ისეთი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმოებისკენ უბიძგა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა აღნიშნულ საფრთხეს. ამის შედეგია ის, რომ პოლონეთი ხელისუფლება აქტიურად ებრძვის კრემლის პროპაგანდის თითოეულ კერას, სწრაფი ტემპებით აგრძელებს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმალიზაციასა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდას.  

რეკომენდაციები:

  • რუსული პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთათვის;
  • პროპაგანდისტული ნარატივის გამოვლენაზე ორიენტირებული ქართულენოვანი ონლაინ პლატფორმის შექმნა;
  • საინფორმაციო შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან;
  • მკვლევარების, სტუდენტებისა და აკადემიურ წრეში მოღვაწე პირების მუდმივი ინფორმირება რუსული პროპაგანდს აქტორების, ნარატივებისა და ტაქტიკის შესახებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s