
გასული თებერვალი საერთაშორისო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი სიახლეებით აღინიშნა. მედიის ყურადღების ცენტრში ვიეტნამში მიმდინარე ჩრდილოკორეულ-ამერიკული სამიტი მოექცა. 27-28 თებერვალს ჰანოიში ერთმანეთს აშშ-ის პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი – კიმ ჩენ-ინი შეხვდნენ. სამიტამდე მხარეები იმედოვნებდნენ, რომ ბირთვულ განიარაღებაზე საბოლოოდ შეთანხმდებოდნენ. ასეთი ოპტიმისტური ვარაუდის საფუძველს ორ ქვეყანას შორის ბოლო ხანებში მკვეთრად გაუმჯობესებული ურთიერთობები იძლეოდა. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა არაერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის მზაობა. ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვალში პიონჩანგში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ორი კორეა მსოფლიოს წინაშე გაერთიანებული დროშით წარსდგა. გასული წლის ივნისში კი ტრამპსა და კიმ ჩენ-ინს შორის სინგაპურში გამართულ ისტორიულ სამიტზე ლიდერები კორეის ნახევარკუნძულის სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ, თუმცა, სამიტზე არაფერი თქმულა პროცესის კონკრეტულ ვადებსა თუ მისი განხორციელების მექანიზმებზე.
ჰანოიში ჩასვლამდე დონალდ ტრამპი იმედოვნებდა, რომ ვიეტნამში მხარეები ხელშესახებ პროგრესს მიაღწევდნენ და კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებისკენ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. 28 თებერვალს საერთო პრესკონფერენციაზე ლიდერებმა ერთმანეთის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. კიმ ჩენ-ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა დათმოს ბირთვული იარაღი. გარდა ამისა, მან ფხენიანში ამერიკული დე ფაქტო საელჩოს გახსნის შესაძლებლობაც განიხილა. ამ პოზიტიური სიგნალების მიუხედავად, დონალდ ტრამპმა, სრულიად მოულოდნელად, კონფერენცია დატოვა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები- რამ გამოიწვია სამიტის დროზე ადრე დასრულება? რა საკითხ(ებ)ზე ვერ შეთანხმდნენ ლიდერები?
იმისათვის, რათა უკეთ გავიაზროთ მოლაპარაკების დეტალები, საჭიროა მოკლედ მიმოვიხილოთ კონფლიქტში ჩართულ მხარეთა ინტერესები, ესენია: ჩრდილოეთ კორეა, აშშ, სამხრეთ კორეა და ჩინეთი. ჩრდილოეთ კორეას სამი ძირითადი მიზანი გააჩნია: 1. საკუთარი ბირთვული პროგრამის წარმატებით დასრულება და ისეთი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შექმნა, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის კონტინენტურ ნაწილამდე მიღწევა შეეძლებათ. ბირთვული იარაღი ჩრდილოკორეული რეჟიმისთვის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი საშუალებაა; 2. კიმების დინასტიის შენარჩუნება – ეს მმართველ ოჯახს საშუალებას მისცემს, კიდევ დიდი ხნის მანძილზე მართოს ჩრდილოეთ კორეა; 3. საერთაშორისო იზოლაციისგან თავის დაღწევა და ეკონომიკური სანქციების დასრულება.
აშშ-ის ინტერესები სრულ წინააღმდეგობაში მოდის ფხენიანის მიზნებთან: 1. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის დასრულება – ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია გააუვნებელყოს ჩრდილოკორეული ბირთვული რაკეტები და ფხენიანს კონტინენტთაშორისი რაკეტების დამზადების შესაძლებლობა ჩანასახშივე მოუსპოს; 2. კიმების დინასტიის დამხობა – მიზანი მტრულად განწყობილი რეჟიმის შეცვლა და რეგიონში შედარებითი სტაბილურობის უზრუნველყოფაა; 3. ჩრდილოკორეული რეჟიმისთვის სანქციების გაგრძელება – ეკონომიკურმა სანქციებმა უნდა აიძულოს ფხენიანი, რომ დაასრულოს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა, დიპლომატიური სანქციების მიზანი კი საერთაშორისო საზოგადოებაში რეჟიმის დემონიზებაა. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ვაშინგტონი-ფხენიანის დაპირისპირება ნულოვანჯამიანი თამაშია, რომელშიც თითოეული მხარე მოწინააღმდეგის გამარჯვებას საკუთარ დამარცხებად აღიქვამს.
რაც შეეხება სამხრეთ კორეას, მასაც სამი ძირითადი ინტერესი გააჩნია: 1. დაასრულოს ფხენიანთან წლების მანძილზე არსებული დაპირისპირება და გააერთიანოს კორეა. მისთვის გაერთიანება ჩრდილოეთიდან მომდინარე ბირთვული და კონვენციური საფრთხეებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა; 2. ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის გაუმჯობესების პარალელურად სეულმა უნდა დაარწმუნოს ამერიკის შეერთებული შტატები, განაგრძოს საკუთარი სტრატეგიული პარტნიორის დაცვა. გაზრდილი საფრთხეების კვლადაკვალ, სამხრეთ კორეაში ამერიკული ჯარების ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია; 3. რაც შეეხება კიმების რეჟიმს, სამხრეთ კორეისთვის მათი ხელისუფლებაში ყოფნა არახელსაყრელია, ვინაიდან ტოტალიტარული მეზობელი ნაკლებად სანდო და მეტად სახიფათოა, ამიტომ სეულის ერთ-ერთი ინტერესი ჩრდილოეთ კორეაში დემოკრატიზაციის პროცესის დაწყებაა, რისი შანსიც არსებული რეჟიმის პირობებში ძალიან მცირეა.
ზემოხსენებულ სამ სახელმწიფოსგან განსხვავებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას კორეის საკითხთან დაკავშირებით ნაკლებად მწყობრივი საგარეო პოლიტიკა გააჩნია. პეკინის ინტერები შესაძლოა ასე ფორმულირდეს: 1. ქაოსის შენარჩუნება რეგიონში და კორეის გაერთიანებისთვის ხელის შეშლა – ბუნებრივია, გაერთიანება შეუძლებელია ბირთვული განიარაღების გარეშე. ჩინეთი მაქსიმალურად ეცდება, რომ ხელი შეუშალოს რეგიონში ვაშინგტონის ჰეგემონიის განმტკიცებას; 2. ერთი მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა ეხმარება ჩინეთს, შეზღუდოს ამერიკის გავლენა რეგიონში, რადგან აშშ ვერ იქნება მშვიდად, როდესაც ფხენიანი ყოველდღიურად ავითარებს ბირთვულ იარაღს. მეორე მხრივ, რეგიონში სიტუაციის ძირფესვიანად შეცვლის შემთხვევაში, პეკინს ხელთ შერჩება ბირთვული არსენალის მქონე მეზობელი. არც ერთი სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის გამანადგურებელი იარაღის მქონე მეზობლის ყოლა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მეგობრულადაა ის მის მიმართ განწყობილი; 3. მოკლევადიან პერსპექტივაში ჩინეთის მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება იქნება – კორეის გაერთიანება მას ხელიდან რეგიონზე კონტროლის კიდევ ერთ ბერკეტს გამოაცლის. ჩინეთს არც დაძაბულობა და ახალი ომი სურს, რადგან ჩრდილოეთ კორეაში დაწყებული არეულობის შემთხვევაში კორეელი ხალხი მის საზღვრებს მიაწყდება, რაც პეკინს კიდევ ერთ ახალ თავსატეხს გაუჩენს. სწორედ ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები განაპირობებს ჩინეთის მერყევ პოზიციას კორეის საკითხთან დაკავშირებით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ოთხივე აქტორის ინტერესები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. აშშ-ს სურს დაუყოვნებლივი ბირთვული განიარაღება, ჩინეთი ნაწილობრივ დაინტერესებულია ამ საკითხით, თუმცა, მაინც ფეხს ითრევს. ჩრდილოეთ კორეას, ბუნებრივია, არ სურს, ხელიდან გაუშვას საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი და წყალში ჩაყაროს უდიდეს პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ბირთვული შეიარაღების სფეროში უკანასკნელ ათწლეულში მიაღწია. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, მისი მთავარი მოტივაცია აშშ-ის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის შენარჩუნებაა.
სავარაუდოდ, ურთიერთგამომრიცხავი ინტერესები გახდა ვიეტნამის სამიტის ჩავარდნის მთავარი მიზეზი. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტებს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ. ერთ-ერთი შეფასებით, კიმ ჩენ-ინმა ტრამპს ბირთვული განიარაღების სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების გაუქმება მოსთხოვა, რაზეც ტრამპმა უარი განაცხადა. ბუნებრივია, ბირთვული საკითხი ჩრდილოეთ კორეისთვის აშშ-სთან მოლაპარაკებებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო ინსტრუმენტია. კიმ ჩენ-ინი ცდილობს, ბირთვული განიარაღების სანაცვლოდ შეერთებული შტატებისგან რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს. ის ხვდება, რომ ვაშინგტონში აქტიურად განიხილება ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული ომის შესაძლებლობა, ამიტომ მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი პროგრესის მიღწევა ბირთვული შეიარაღების საკითხში, თანაც რაც შეიძლება სწრაფად. მეორე მხრივ, აშშ რაციონალური აქტორია და ხვდება, რომ კორეასთან უპირობო დათმობებზე წასვლა მის, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს, იმიჯს მნიშვნელოვნად შელახავს. ვაშინგტონში ესმით, რომ უმჯობესია საკითხი მშვიდობიანად მანამ გადაიჭრას, ვიდრე ფხენიანს აშშ-ის კონტინენტურ ნაწილზე თავდასხმის ბირთვული პოტენციალი ექნება. შესაბამისად, აშშ კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრას ემხრობა, ხოლო ჩრდილოეთ კორეა პირიქით – პროცესის რაც შეიძლება მეტად გაწელვას ცდილობს, რათა მისი ბირთვული პროგრესი კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს. აშკარაა, რომ დრო აშშ-ის სასარგებლოდ არ მუშაობს.
სავარაუდოა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმებისთვის ემზადება, თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კონფლიქტის გადასაჭრელად დიპლომატიური რესურსი სრულად ამოიწურება და შექმნილი ვითარება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საგანგაშო იქნება. გარდა ამისა, 2020 წელს დონალდ ტრამპის I საპრეზიდენტო ვადა იწურება. პრეზიდენტის რეიტინგი საკმაოდ დაბალია, რაც მომავალ არჩევნებში მისი გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ტრამპი ყველა საშუალებით ეცდება, კორეული საკითხი დიპლომატიური გზებით 2020 წლის არჩევნებამდე გადაჭრას. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით გამარჯვება მას კორეის საკითხში მეტად ხისტი საგარეო პოლიტიკის გატარებისკენ ხელ-ფეხს გაუხსნის. აშკარაა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა, მხარეებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ეროვნული ინტერესები გააჩნიათ, რაც კონფლიქტის დაუყოვნებლივ გადაჭრას კიდევ უფრო ართულებს.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი