ვესტფალიის ზავმა 1648 წელს დაასრულა ევროპაში რელიგიური სარჩულით წარმოებული სამხედრო მოქმედებები. თუმცა აღნიშნული თარიღი და ზავი საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა დატვირთვასაც ატარებს – ვესტფალიის ზავის შემდეგ დამკვიდრდა სუვერენიტეტის ცნება, რომელსაც კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო წარმოადგენს. სუვერენიტეტი სახელმწიფოს მახასიათებელია, რომელიც მის კონტროლირებად და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში თავისუფლად მოქმედების უფლებას გულისხმობს. ასევე სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. სუვერენიტეტი, თავისი სრული გაგებით, სახელმწიფოს სრულ დამოუკიდებლობასთანაც შეგვიძლება გავაიგივოთ.
ვესტფალიის ზავამდე სახელმწიფოს სუვერენიტეტი შეზღუდული იყო. ამის მიზეზად სულ ცოტა რელიგიური მსოფლიო წესრიგი შეგვიძლია მოვიაზროთ, რაც პაპის უზენაესობას გულისხმობდა. იგი მიიჩნეოდა, როგორც ყველა მიწიერი ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო, შესაბამისად რაიმე გადახვევა შესაძლოა აღნიშნული სახელწმიფოსა და მმართველის წინააღმდეგ რელიგიური ომის მიზეზიც გამხდარიყო. ამ ყველაფერს ემატებოდა იდენტობების ბუნდოვანებაც: იშვიათად ამა თუ იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახალეობას საკუთარი თავისათვის ეწოდებინა ნაციონალური იდენტობის განმსაზღვრელი ტერმინი (მაგ. გერმანელი ან ესპანელი), არამედ მათი იდენტობის ძირითადი მახასიათებელი იყო რელიგიურ-კონფესიური მიკუვთვნებულობა (მაგ. კათოლიკე) და ის მმართველი, რომლის ტერიტორიაზეც ცხოვრობდა იგი.
ვესტფალიის ზავმა ყოველივე ეს შეცვალა. სუვერენიტეტი სახელმწიფოს უმთავრეს მახასიათებლად იქცა და შესაბამისად თანდათან ყველა სხვა იდენტობა ჩანაცვლდა ნაციონალური იდენტობით. 21-ე საუკუნიდან კი გამოჩნდა სუპრანაციონალური (ეროვნებათშორისი) იდენტობები (მაგ. ევროპელი), რომელიც დაფუძნებულია კონკრეტული სახელმწიფოების გაზიარებულ სუვერენიტეტზე – (მაგ. ევროკავშირი).
გავლენის სფეროების არსებობა საკმაოდ ძველი ისტორიული მოვლენაა. ესაა მდგომარეობა, როდესაც ერთი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს მუქარით, დაშინებითა და სარგებლის განაწილებით აიძულებს აწარმოოს მისთვის სასურველი საშინაო და განსაკურთებით კი საგარეო პოლიტიკა. ეს კი სუვერენიტეტის აშკარა ხელყოფას გულისხმობს.
ცივი ომის დროს მეტოქმე ძალებს შორის გავლენის სფეროები საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცაღა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა ახალმა მსოფლიო წესრიგმა, სახელმწიფოთა სუვერენიტეტს ხელახალი მნიშვნელობა შესძინა. სუვერენულ სახელმწიფოებს თავად უნდა გადაეწყვიტათ თავიანთი ბედი, როგორც შიდა ისე საგარეო საქმეებში. აღნიშნული შეიძლება გამოვლენილიყო, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის დამოუკიდებლად არჩევაში, ასევე სამხედრო ალიანსში გაწევრიანების უფლებაში ან სულაც სუვერენიტეტის ნებაყოფლობით დათმობა-გაზიარებაში, რაც ისეთ ინსტიტუციაში გაერთიანებას გულისხმობს, როგორიც ევროკავშირია.
მიუხედავად დიდი მოლოდინებისა 21-ე საუკუნე არც თუ იმედიანად გამოიყურება სუვერენიტეტის ცნებასთან მიმართებით. რუსეთი და ჩინეთი მაქსიმალურად ცდილობენს გავლენის სფეროების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბუნებას. რუსეთისათვის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპა განხილულია, როგორც ახლო საზღვრისპირა რაიონი, რომელთა გავლენის სფეროებში მოქცევა და შესაბამისად მათი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვა დასაშვები ქმედებაა.
რუსეთი სარგებლის გაზიარებითა და რეჟიმებზე ზეგვალენის მოპოვებით მაქსიმალურად ცდილობს ისეთ სახელმწიფოებზე ზეგავლენის მოპოვებას, როგორიც ბელორუსი და სომხეთია. განსხვავებული მიდგომაა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით სადაც რუსეთი თავდაპირველად ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მუქარას, შემდეგ კი სამხედრო აგრესიას იყენებს, რათა მათ არ მოახერხონ დამოუკიდებელი საგარეო კურსის წარმოება და მაქსიმალურად მიჰყონ თვითშეზღუდვას ხელი. ტაჯიკეთი, რომელსაც რუსეთი სტაბილურობას ჰპირდება 201-ე რუსულ სამხედრო ბაზას სიხარულით მასპინძლობს. სხვა გარემოებაა მოლდოვაში, რომლის ჩრდილოეთით, სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში ბაზირებული რუსული სამხედრო ძალები ოფიციალურ კიშინოვზე პოლიტიკური ბერკეტის მოპოვებას ცდილობენ. ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთი დესტაბილიზაციას კიბერთავდახმებით, საჰაერო და საზღვაო სივრცეში შეჭრითა და ადგილობრივი რუსული მოსახლეობის გამოყენების მუქარით ცდილობს. ყაზახეთთან მიმართებით კი შერეულ მიდგომას იყენებს: მუქარა, ადგილობრივი რუსული მოსახლეობის გამოყენება და ეკონომიკური სარგებლის გაზიარება ეფექტურ ტანდემშია მოქცეული. ფაქტების ყველა ეს არასრული ჩამონათვალი რუსეთის მხრიდან სუვერენიტეტის თანამედროვე გაგების ხელყოფასა და გავლენის სფეროების დამყარებას ემსახურება.
ჩინეთი, რომელიც თანდათან საკმაოდ ხისტ საგარეო პოლიტიკურ პოზიციას იჭერს, აგრესიულია ყველა იმ ურჩი მეზობლის მიმართ, რომელიც ან არ აღიარებს ჩინეთს, როგორც რეგიონალურ ლიდერს ან ცდილობს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას. 2015 წლიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მიერ აქტიური ტემპებით მიმდინარეობს ხელონული კუნძულების მშენებლობა, რათა მან უშუალოდ გაიფართოოს საზღვაო აკვატორია, რომელიც ქვეყნის უკანასკნელი სახმელეთო წერიტილიდან 12 საზღვაო მიზლე ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური კუნძულები საერთაშორისო საზღვაო სამართლით არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საზომი წერტილი, მაინც, ჩინეთი ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევს და უხეშად არღვევს ისეთი ქვეყნების სუვერენიტეტს, როგორიც მალაიზია, ფილიპინები, ვიეტნამი და ტაივანია.
არც ჩინეთის ტაქტიკაა მხოლოდ აგრესიული. პაკისტანთან და ყაზახეთთან მიმართებით იგი ეკონომიკურ ბერკეტებს მიმართავს. ეკონომიკური სარგებელი, რომელსაც ჩინეთის მეზობელი ქვეყნები პირდაპირი ინვესტიციების, ინფრასტრუქტურებისა და საგარეო ვალის აღების შემდეგ იძენენ, მათ პეკინზე დამოკიდებულებას მკვეთრად ზრდის. ნებისმიერი დაუბრუნებელი ვალის ჩანაცვლება სამხედრო ბაზების განთვასებით ან ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებით ხდება. ამის საშიშროება არაერთ, ჩინეთის დასავლეთით მყოფ სახელმწიფოებს უდგას.
სახელმწოთა სუვერენიტეტის დაცვა და მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფა როგორც ცალკეული ქვეყნის, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს ფუნქცია-მოვალეობაა. თუმცა ოცდამეერთე საუკუნემ დაგვანახა რომ სუვერენტეტის დაცვის საშუალება მცირე სახელმწიფოთა დიდ ნაწილს არ ან შეზღუდულად აქვთ. მეტიც, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ორი – ჩინეთი და რუსეთი – აქტიურად ცდილობს მთელი რიგი ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფას და გავლენის სფეროების ძალით, მუქარითა თუ ფინანსების გამოყენებით აღდგენას, რაც მეორე მსოფლიო ომისა და განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დამყარებული წესრიგის დანგრევას უწყობს ხელს.
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ პრეცედენტი საერთაშორისო ურთიერთობებში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული საერთაშორისო აქტორის მიერ განხორციელებული ქმედება როლური მოდელია სხვა ქვეყნებისა და დიდი კოალიციებისათვის. ჩინეთისა და რუსეთის მიერ შექმნილი მთელი რიგი პრეცედენტები, ისევე როგორც დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების პრეცედენტი საფრთხის შემცველია შემდგომი ურთიერთობების პროცესში და ხელს უწყობს როგორც სუვერენიტეტის კრიზისის გაძლიერებას, ასევე სახელმწიფოთაშორის კონფლიქტების გამწვავებას.
გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი
აღნიშნულ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის საბჭოს ხედვებს.