მას შემდეგ, რაც 2018 წლის მარტში პოლონეთმა არსებობის ისტორიაში ყველაზე მსხვილ სამხედრო სავაჭრო გარიგებას მოაწერა ხელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რითაც კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა ამ სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია. ეს მიდგომა ქვეყნის ისტორიული მეხსიერებით, გეოგრაფიული მდებარეობით ან გაზრდილი საგარეო საფრთხეებით შეიძლება აიხსნას, თუმცა, ფაქტია, პოლონეთი თავდაცვასა და სამხედრო სფეროს პერმანენტულ რეჟიმში აძლიერებს.
2018 წლის 28 მარტს პოლონეთსა და აშშ-ს შორის გაფორმდა 4,75 მილიარდიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, პოლონური მხარეამერიკული შორს მიმავალი რაკეტების საჰაერო თავდაცვის სისტემას (პეტრიოტი) 2022 წლიდან ეტაპობრივად მიიღებს.
იმავე წელს, მაისის ბოლოს, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკის მიმართ შეიმუშავა სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც ხაზგასმულია, რომ პოლონეთს სურს აშშ-ის სამხედრო ძალების მუდმივმოქმედი ნაწილები მის ტერიტორიაზე განთავსდეს. ამ პროექტის განსახორხიელებლად კი პოლონეთის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ორ მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავდა.
აშშ-სა და პოლონეთს შორის კიდევ ერთ გრძელვადიან, მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი ამა წლის 13 თებერვალს. ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა “HIRAMS”, რომელიც აშშ-დან სულ რამდენიმე სახელმწიფოშია ექსპორტირებული, 2023 წლიდან პოლონეთის შეიარაღებულ ძალებშიც გამოჩნდება. შეთანხმების მიხედვით,საარტილერიო სისტემის ღირებულება ჯამში 414 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და, როგორც უკვე აღინიშნა, ვარშავა მას 2023 წლიდან მიიღებს.
პოლონეთი სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანიკონტრიბუტორია ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრებს შორის. ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც NATO-ს სტანდარტების მიხედვითმშპ-ის 2%-ს თავდაცვაზე ხარჯავენ. ახლახან დამტკიცებული კანონმდებლობის შესაბამისად, თავდაცვისთვის გაღებული მშპ-ის პროცენტული მაჩვენებელი 2030 წლამდე 2,5% უნდა გახდეს. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ პოლონეთის თავდაცვის მთლიანი ბიუჯეტის 20% სამხედრო ინფრასტრუქტურისა და შეარაღებული ძალების აღჭურვილობის მოდერნიზაციას ხმარდება.
ნათელია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოლონეთმა სამხედრო და უსაფრთხოების სექტრორში მნიშვნელოვანი, მანამდე არნახული ინვესტიცია ჩადო. ეს შესაძლოა რამდენიმე ძირითადი მიზეზით იყოს განპირობებული.
რეგიონული ფაქტორი:
პოლონეთის ეროვნული უსაფრხოების დოკუმენტებში, მათ შორის „თეთრ წიგნში“, არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებამნიშვნელონად არის შერყეული და ამ მიმართულებით ვარშავა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, როგორც ეროვნული თავდაცვის გაძლერებით, ასევე ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებთან უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებში თანამშრონლობით.
რასაკვირველია, უმთავრესი საფრთხე რუსეთის ფედერაციის რევიზიონისტული პოლიტიკაა. პოლონელ ერს რუსეთთან ურთიერთობისმძიმე ისტორიული გამოცდილება აქვს. კომუნისტური ბლოკის ყოფილი ქვეყნების მისამართით კრემლის ყოველი ახალი მუქარა და მოსკოვის მიერ რეგიონში პროვოცირებული ნებისმიერი სახის სამხედრო ქმედება, ისე მწვავედ, ალბათ, არსად აღიქმება როგორც ვარშავაში. პოლონელებს აქვთსაფუძველიც და პოტენციალიც, რომ უფრო აქტიური საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა წარმართონ, გააძლიერონ თავდაცვა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მნიშვნელოვან სამხედრო მოთამაშედ მოგვევლინონ. წმინდა სამხედრო კომპონენტების გარდა,პოლონეთი რუსულ პროპაგანდათან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთიმოწინავეა ევროპაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მიმართულებით მის ეფექტურ მუშაობას.
გლობალური ფაქტორი:
საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში პოლონეთის სამხედრო ნაწილები აქტიურად იღებენ მონაწილეობას. ამ მხრივ, ვარშავა აშშ-ის ერთგული პარტნიორია. გასული წლის მარტში თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაჟჩაკმაავღანეთში, პოლონური კონტიგენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის სამხედროები მტკიცე მხარდაჭერის სამხედრო მისიაში მონაწილეობით უზრუნველყოფენ საერთაშორისო მშვიდობის შენარჩუნებას, როგორც სამშობლოსთვის, ასევე ევროპისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის. გარდა ამისა, ოფიციალურ ვარშავას აქვს ამბიცია, რომ იყოს მკტიცედ დაცული, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფო, რომელიც დიდი ოცეულის წევრი უნდა გახდეს, რასაც დაჟინებით ითხოვს ბოლო წლების განმავლობაში.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოსა და უკრაინის მიმართ, მისმა აგრესიულმა, მილიტარისტული მუქარების შემცველმა საგარეო პოლიტიკამ პოლონეთსუბიძგა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფერო გაეძლიერებინა. მიუხედავად იმისა, რომ ვარშავასა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს, პოლონეთი NATO-ს აქტიური და ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წევრია, გეოგრაფიული და ისტორიული ფაქტორებიდან გამომდინარე,როგორც ჩანს, ქვეყნის მოსახლეობას მაინც აქვს მეტი უსაფრთხოების მოთხოვნილება.
გიორგი ფიფია
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი