სერბეთი მესამე თვეა ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციებმა, სახელწოდებით „1 5 მილიონიდან“ (1od 5 Miliona), მოიცვა. ბელგრადში, სერბეთის სხვადასხვა ქალაქსა და კოსოვოს სერბულ ნაწილში ათიათასობით მოქალაქე და ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და მმართველი ძალის, სერბეთის პროგრესული პარტიის, პოლიტიკას აპროტესტებენ.
რატომ აპროტესტებს სერბი მოსახლეობა?
სერბებს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს, მიაჩნიათ, რომ ალექსანდრ ვუჩიჩსა და სერბეთის პროგრესული პარტიას ქვეყანა ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს, რაც მედიის შევიწროვებით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვითა და ამომრჩევლებზე რეპრესიული ქმედებებითაა გამოწვეული.
ამ შეხედულებას ამყარებს Freedom House-ს მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში თავისუფლების შესახებ. ანგარიშის თანახმად, სერბეთი თავისუფალიდან ნაწილობრივ თავისუფალ კატეგორიამდე ჩამოქვეითდა, რაც ვუჩიჩის მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით არის გამოწვეული.
აღსანიშნავია, რომ საპროტესტო ტალღის გენერატორი ოპოზიციური ფრთის ლიდერზე, ბორკო შტეფანოვიჩზე, თავდასხმა იქცა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიყვანა ხალხი ბელგრადის ქუჩებში, სადაც პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვენ.
ოპოზიციურმა ძალამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა
ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ალიანსი სერბეთისთვის“ შეთანხმდა, რომ მანამ, სანამ მომიტინგეების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს მთავრობა, პარტიები არ დაესწრებიან საპარლამენტო სხდომებს.
ალიანსში გაწევრიანებულია, როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფები.
როგორც „ალიანსი სერბეთისთვის“ – დეკლარაციაშია ნახსენები, შეთანხმება გულისხმობს ემსახურონ ხალხს და არა ვუჩიჩის მთავრობას.
„ჩვენ არ ვუცხადებთ პარლამენტს ბოიკოტს მხოლოდ იმის გამო, რომ უკმაყოფილოები ვართ სახელისუფლებო ძალის პოლიტიკით, ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ სერბ ხალხთან და მზად ვართ დავიცვათ მათი ხმები და უფლებები“ – ნათქვამია გაერთიანების განცხადებაში.
რა არის ვუჩიჩის პასუხი?
საპროტესტო ტალღის პარარელურად სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა ინსტაგრამზე ახალი კამპანია, სახელწოდებით -„მომავლის სერბეთი“ წამოიწყო. აღნიშნული კამპანიის მიზანია, ეწვიოს სერბეთის 29-ვე ოლქს და მოისმინოს ხალხის მოთხოვნები და ამავდროულად წარადგინოს მისი გეგმა.
მიუხედავად ათიათასობით სერბის უკმაყოფილებისა, ვუჩიჩი და მისი პარტია კვლავ ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სახალხო გამოკითხვების მიხედვით, ვუჩიჩის პარტია 54 პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობს, რაც საკმარისია პარლამენტში უმრავლესობის შესანარჩუნებლად. ამასთან, ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური ჯგუფი მხოლოდ 14%-იან მხარდაჭერას ფლობს
რა იქნება შემდეგ?
ექსპერტთა აზრით, შესაძლოა, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალექსანდრ ვუჩიჩი უპირატესობით სარგებლობს.
მეორე მხრივ, გაერთიანება სერბეთისთვის აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები არ არის საკმარისი ვითარების ნორმალიზებისთვის. საჭიროა თავისუფალი მედია, პოლიტიკური დებატებისთვის სათანადო გარემო, რაც ხელს შეუწყობს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს.
საპროტესტო აქციების ორგანიზატორი სამოქალაქო ჯგუფი „პროტესტი დიქტატურის წინააღმდეგაა“, რომელიც 2016 წლის აპრილში, ვუჩიჩის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, აქციებს ჩაუდგა სათავეში.
თორნიკე ცირამუა
საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი