პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 14 თებერვალს გამართულ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაღალჩინოსანი დაესწრო. განხილვის მთავარი თემები ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, დაეშის, სირიისა და იემენის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლები იყო. თუმცა, კონფერენციის წამყვანი თემა სწორედ ირანზე ზეწოლის გაძლიერება გახლდათ. ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინსიტრებმა გახსნეს.
სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში “თანამშრომლობის ახალი ერა“ სურს, რათა რეგიონის ქვეყნები წინ აღუდგნენ გამოწვევებს. „ჩვენი სურვილია შევაკავშიროთ სახელმწიფოები, რომლებსაც რეგიონში სტაბილურობის ინტერესი აქვთ, და რომლებმაც ერთმანეთს უნდა გაუზიარონ განსხვავებული ხედვები და ამავდროულად უარი უთხრან ტრადიციულ აზროვნებას“. მისი მთავარი მესიჯი გახლდათ: „რეგიონის გამოწვევები თვითონ არ მოგვარდება, „უსაფრთხოებისთვის ერთად უნდა ვიმუშაოთ“.
პომპეომ, რეგიონალურ გამოწვევებზე საუბრისას, ჩამოთვალა ამ მხრივ გამორჩეული ქვეყნები, როგორებიცაა ირანი, სირია და იემენი და მოიხსენია სამშვიდობო პროცესი ისრაელსა და პალესტინას შორის. მან განაცხადა, რომ დისკუსიის დროს არც ერთ ქვეყანას და არც ერთ საკითხს არ მიენიჭება უპირატესობა. უფრო ადრე პომპეომ აღნიშნა, რომ მსოფლიო „ვერ მიაღწევს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაპირისპირების გარეშე“.
კონფერენციაზე, რომელსაც თეირანი „ცირკად“ მიიჩნევს, აშშ და ისრაელი გამოვიდნენ მოწოდებით, რათა ახალი ზომები მიიღონ ირანზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით. 14 თებერვალს სიტყვით გამომსვლელებს შორის, მაიკ პომპეოს გარდა, არიან ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს დიდი სურვილი აქვს უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების არაბულ ქვეყნებთან, რომლებიც იზიარებენ რეგიონში ირანის საფრთხეს, კერძოდ კი, სირიაში ირანის მარიონეტული შეიარაღებული ძალების ყოფნას.
საუდის არაბეთის ელჩმა აშშ-ში, ჰალიდ ბინ სალმანმა, ტვიტერზე განაცხადა- “ჩვენ ვუერთდებით ვარშავის სამიტს, რათა მტკიცედ დავდგეთ იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კუთხით მსოფლიო ტერორიზმის წამყვანი სპონსორი: ირანის რეჟიმი, რომელიც განაგრძობს ჩვენი რეგიონის დესტაბილიზაციას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას”.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ფედერიკა მოღერინი არ დაესწრო ზემოთ აღნიშნულ კონფერენციას. ასევე, სამიტზე მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ირანის მთავარმა მოკავშირემ რუსეთმა, ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გებრან ბასილმა და პალესტინის წარმომადგენლებმა.
ელისო ფოფხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი