6 თებერვალს ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის 29 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა.
ხელმოწერის პროცესს ოფიციალური სკოპიეს პირველი დიპლომატი ნიკოლა დიმიტროვი ესწრებოდა. ჩრდილოეთ მაკედონიამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა ალიანსში გაწევრიანებისკენ, რის შედეგადაც იგი ნატოს 30-ე წევრი, სავარაუდოდ, ალიანსის 70 წლის იუბილესა და ლონდონში გასამართ სამიტზე გახდება.
ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება საბერძნეთთან სახელწოდებასთან დაკავშირებული მრავალწლიანი დავის მოგვარების შემდეგ ხდება შესაძლებელი. სწორედ ათენი ბლოკავდა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. შეგახსენებთ, რომ აქამდე ქვეყნის საერთაშორისო სახელწოდება ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია გახლდათ.
ამავდროულად, საბერძნეთის პარლამენტმა (153 მომხრე, 140 წინააღმდეგი) 8 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა.
გარდა ამისა, საბერძნეთის შემდეგ ბულგარეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც სკოპიეს ნატოში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიციფირებას მოახდენს.
„ჩვენ ამ მომენტს დიდხანს ველოდით, სულ მალე თქვენ ჩვენი ოჯახის წევრი გახდებით. დარწმუნებული ვარ, რატიფიცირების პროცესი შეუფერხებლად ჩაივლის და ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს 30-ე წევრი გახდება, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ.
ამასთან, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო მინისტრმა ნიკოლა დიმიტროვმა დასძინა, რომ სკოპიესთვის ნატო არის გზა ოჯახისკენ, რომელიც ემსახურება საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. „ნატოსკენ სვლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ამ გზას ჩვენ მარტო არ გავივლით. ჩვენ უკან 29 მეგობარი და მოკავშირე გვეყოლება“.
ნატომ, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ მაკედონიამ და საბერძნეთმა დაასრულეს დავა, გასულ წელს სკოპიე ალიანსში მოიწვია.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში ინტეგრაციის სრულყოფისთვის კვლავ რამდენიმე ეტაპია დარჩენილი, კერძოდ:
- პირველი ნაბიჯი არის ნატოს წევრ სახელმწიფოთა მიერ შეთანხმების რატიფიცირება
- მეორე ნაბიჯი- ალიანსში გაწევრიანების ინიცირება
- მესამე ნაბიჯი- ჩრდილოეთ მაკედონიამ ვაშინგტონის შეთანხმება უნდა მიიღოს, იგივე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, რომლითაც ოფიციალურად დაასრულებს ნატოში გაწევრიანების პროცესს.
აღსანიშნავია, რომ სახელწოდების შესახებ შეთანხმებამ სკოპიეს კვლავ გზა გაუხსნა ევროკავშირში, რომელიც 2005 წლიდან კანდიდატის სტატუსით სარგებლობს. ბრიუსელში იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წელს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება.
ექსპერტთა აზრით, ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს ლონდონის სამიტზე ივლისში გაწევრიანდება. ამასთან, გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ პროცესი დაახლოებით ერთ წელს გასტანს და მეტიც, შესაძლოა, პროცესი ნატოს გაფართოების მიმართ სკეპტიციზმის გამო შეფერხდეს. დიპლომატისა და მკვლევარის ვესკო გარჩევიჩის თქმით, ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში მიწვევა- ეს უფრო გავს წამახილესებელ ნაბიჯს, ვინაიდან ნატოში მყოფი ქვეყნებისთვის გაფართოების გულმხურვალე მხარდამჭერები არ არიან, რაც შესაძლოა ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან შეთანხმების რატიფიცირების შეფერხების მიზები გახდეს.
გარჩევიჩს მიაჩნია, რომ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც შესაძლოა პროცესი შეაფერხოს, ამერიკის შეერთებული შტატებია. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ტრამპი ალიანსის მიმართ სკეპტიციზმით გამოირჩევა და წევრ სახელმწიფოებს, ხშირად, არასაკმარისი კონტრიბუციის გამო აკრიტიკებს. მეორე მხრივ, აშშ-ს მიერ შეთანხმების რატიფიცირება ხელს შეუწყობს რუსეთის მორიგ მარცხს ბალკანეთის რეგიონში.
რუსეთი სკოპიეს დასავლური ოჯახში გაწევრიანებით კარგავს მორიგ სცენას მისი როლის შესასრულებლად და ნავარაუდევია, რომ მოსკოვი მაქსიმალურად ეცდება მისი გავლენებით შეაფერხოს რატიფიცირების პროცესი და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ მიღწეული წარმატება. თუმცა, თუკი გავიხსენებთ მონტენეგროს მაგალითს, პოდგორიცაში დესტაბილიზაციის მცდელობის მიუხედავად, ხელი არ შეუშლია 2017 წელს ალიანსში გაწევრიანებას.
ამრიგად, ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთს შორის მრავალწლიანი დავის დასრულების შემდეგ, სკოპიე სულ მალე გახდება ნატოს 30-ე წევრი ქვეყანა. ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ახალი ფურცელი, რომელიც მნიშვნელოვანი გზავნილია კონფლიქტურ ვითარებაში მყოფი ქვეყნებისთვის, თუ როგორ არის შესაძლებელი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონია სულ მალე გახდება ნატოს ახალი წევრი ქვეყანა და ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ ალიანსის კარი კვლავ ღიაა.
თორნიკე ცირამუა
საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი