აშშ-ს სამთავრობო კრიზისი – ინსტიტუციონალური კონკურენცია და ტრამპის მომავალი

აშშ-ს სამთავრობო კრიზისის დაწყებიდან ორი თვე იწურება. პრეზიდენტსა და კონგრესს შორის კედლის ბიუჯეტირების საკითხზე არსებული დაპირისპირება უკანასკნელი კვირების მანძილზე განსაკუთრებით გამწვავდა. დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა იყო. ის ამერიკელ მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ მისი I საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე კედლის გარკვეულ ნაწილს დაასრულებდა. პროექტის დასაფინანსებლად მას  5.7 მილიარდი აშშ დოლარი სჭირდება, ბიუჯეტირების უფლებამოსილება კი კონგრესის ხელშია. აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ 2018 წლის 6 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატებს გადაულოცეს.

22 დეკემბერს, ტრამპის გადაწყვეტილებით, ფედერალური მთავრობა ნაწილობრივ დაიხურა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებული სამთავრობო კრიზისი აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებაა. ფედერალურმა ხელისუფლებამ ფუნქციონირება 35 დღის განმავლობაში შეწყვიტა. შედეგად, სამთავრობო დონეზე მომუშავე 800 000 ადამიანი ხელფასის გარეშე დარჩა.

აშშ-ს შიდაპოლიტიკური სისტემისთვის პრეზიდენტისა და კონგრესის ინსტიტუციონალური დაპირისპირება უცხო არ არის. 1787 წელს დაფუძნებული ამერიკის კონსტიტუცია ეფექტურად აბალანსებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციონირებას. ნიშანდობლივია, რომ თეთრი სახლი (პრეზიდენტის რეზიდენცია) და კაპიტოლიუმი (კონგრესის მთავარი შენობა) ვაშინგტონში, პენსილვანია ავენიუს ორ სხვადასხვა ბოლოში მდებარეობს. ეს ავენიუ მათ აერთიანებს და ყოფს კიდეც. სწორედ ამიტომ, მეტაფორულად , პრეზიდენტსა და კონგრესს შორის კომპეტენციათა/უფლებამოსილებათა მიზანმიმართულ გადანაწილებას აშშ-ში „პენსილვანია ავენიუს დიპლომატიას“ უწოდებენ.

აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ბრუს ჯენტლესონი,  პრეზიდენტისა და კონგრესის ურთიერთობის 4 ძირითად მოდელს გამოჰყოფს:

  • თანამშრომლობა – მდგომარეობა, როდესაც გარკვეული საკითხის/საკითხების ირგვლივ პრეზიდენტსა და კონგრესს შორის არსებობს თანხმობა და ისინი ერთიან, კოორდინირებულ პოლიტიკას ატარებენ.
  • კონფრონტაცია – ვითარება, როდესაც კონგრესსა და პრეზიდენტს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ, შესაბამისად, ისინი ერთიანი პოლიტიკის გატარებაზე ვერ თანხმდებიან.
  • ინსტიტუციონალური კონკურენცია – ასეთ დროს კონგრესსა და პრეზიდენტს შორის კონფლიქტის ძირითადი მიზანი საკუთარი უფლებამოსილებების გაფართოება და ინსტიტუციონალური ბალანსის თავის სასარგებლოდ შეცვლაა.
  • კონსტრუქციული კომპრომისი – მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლების ორი შტო დაძლევს კონფლიქტს და შეიმუშავებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ორივე მხარის თავდაპირველ პოზიციაზე უკეთესია და შუალედურ მხარეს წარმოადგენს.

დღევანდელი ფედერალური კრიზისი ინსტიტუციონალური კონკურენციის ნათელი მაგალითია. ამ შემთხვევაში, ორივე მხარეს განსხვავებული ინტერესები ამოძრავებს. პრეზიდენტი ტრამპი მიგრაციას ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს  გამოწვევად აღიქვამს. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მექსიკასთან საერთო საზღვარია, რომელიც არალეგალი მიგრანტებისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ძირითადი მარშრუტია. გარდა ამისა, ტრამპის მოქმედებებს პრაქტიკული გათვლებიც ასაზრდოებს. საპრეზიდენტო არჩევნებში მან, ძირითადად, საშუალო კლასის თეთრკანიანი მოსახლეობის მხარდაჭერით  გაიმარჯვა, რომელთა უდიდეს ნაწილს პროტესტანტი ქრისტიანები, ე.წ. „Christian Right“ წარმოადგენენ. ამერიკული საზოგადოების ამ ნაწილის უმრავლესობა კი ლიბერალური საიმიგრაციო კანონების გამკაცრებას და მექსიკის საზღვართან კედლის აშენებას ემხრობა. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა ხმების ძალიან მცირე სხვაობით გაიმარჯვა (პირდაპირი ხმების რაოდენობით სულაც დამარცხდა), მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზემოხსენებულ სეგმენტში პოპულარობის შენარჩუნება, რასაც ვერ მოახერხებს, თუ ზურგს აქცევს მის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას. კედლის საკითხი ტრამპის სავიზიტო ბარათია – თუ იგი I საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე მოახერხებს კონგრესის დაყოლიებას კედლის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, იგი ერთგულ ამომრჩეველში რეიტინგის შენარჩუნებას შეძლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ერთგული ელექტორატის მხარდაჭერასაც დაკარგავს, რაც წინასაარჩევნოდ მის ისედაც მიზერულ შანსებს კიდევ უფრო შეამცირებს.

რაც შეეხება კონგრესს, საკანონმდებლო ორგანოს წინააღმდეგობას კედლის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი განსაზღვრავს:

  • ამერიკული ღირებულებები – დემოკრატები, რომლებიც აკონტროლებენ წარმომადგენელთა პალატას, მიიჩნევენ, რომ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება ამერიკული ღირებულებების ღალატი იქნება. მათი შეფასებით, ქვეყანა, რომელიც, ევროპიდან წამოსულმა მიგრანტებმა დაარსეს, თავშესაფრის მთხოვნელებს მიღებაზე უარს არ უნდა უცხადებდეს. დემოკრატების აზრით, ტრამპის რიტორიკა ხელს უწყობს სიძულვილის ენის ტირაჟირებას და ეჭვქვეშ აყენებს სამოქალაქო თავისუფლებებს;
  • ბალანსის შენარჩუნება – ტრამპის მსგავსად, წარმომადგენელთა პალატასაც პრაქტიკული გათვლები აქვს. მათი რწმენით, ამ საკითხში პრეზიდენტის გამარჯვება  ინსტიტუციონალურ ბალანსს შეასუსტებს და  „კონტროლისა და ბალანსის“ საფუძვლებს შეარყევს, რაც აშშ-ს შიდაპოლიტიკური სისტემის ფუნდამენტური პრინციპია.

მიუხედავად აბსოლუტურად განსხვავებული დღის წესრიგისა, აშშ-ს პრეზიდენტმა კომპრომისზე წასვლაზე მზადყოფნა გამოთქვა. ტრამპის გეგმა კედლის დაფინანსების სანაცვლოდ  ე.წ. ” მეოცნებეებისა” და დროებითი დაცვის სტატუსის – TPS მქონე ადამიანების უფლებების გაზრდას ეხებოდა. გეგმის მიხედვით, წარმომადგენელთა პალატის მიერ კედლის დაფინანსების შემთხვევაში, ამერიკული საზოგადოების ამ ორ უმნიშვნელოვანეს სეგმენტს ამერიკაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება 3 წლით გაუხანგრძლივდებოდათ. “მეოცნებეები” არიან ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად შევიდნენ, თუმცა, იქ ცხოვრების უფლება მიიღეს. რაც შეეხება დროებითი დაცვის სტატუსს – ის ომის/ ბუნებრივი კატასტროფების შედეგად განადგურებული ქვეყნების მოქალაქეებს ამერიკაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს. დღესდღეობით, აშშ-ში 700 000 “მეოცნებე” და 300 000-ზე მეტი დროებითი დაცვის სტატუსის მქონე ადამიანი ცხოვრობს. წარმომადგენელთა პალატამ გეგმა ჩააგდო. ერთი კვირის შემდეგ ტრამპი ახალი ინიციატივით გამოვიდა. მან ხელი მოაწერა იანვრის ბოლოს მთავრობის ფუნქციონირების აღდგენის ბრძანებაზე. შეთანხმების მიხედვით, ფედერალური ხელისუფლების ფუნქციონირება 3 კვირის მანძილზე აღდგება, რა დროშიც კონგრესმა კედლის ასაშენებლად საჭირო ფული უნდა გამოყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპი ფედერალურ მთავრობას კიდევ ერთხელ დაითხოვს,  ან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.

მოლაპარაკებების საწარმოებლად არსებული 3 კვირიანი ვადა სულ მალე იწურება, პოლიტიკური კრიზისი კი ისევ გრძელდება. კედლის ბიუჯეტირების საკითხმა რამდენიმე ეტაპი გაიარა: 1- ინსტიტუციონალური კონკურენცია – პრეზიდენტისა და კონგრესის განსხვავებული დღის წესრიგი კედლის საკითხთან დაკავშირებით; 2- კონფრონტაცია – აშშ-ს პრეზიდენტმა ფედერალური მთავრობა დაითხოვა, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 3-კონსტრუქციული კომპრომისი – აშშ-ს პრეზიდენტმა რამდენიმე ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც თავის თავში მნიშვნელოვან კომპრომისებს მოიცავდა. როგორ დასრულდება ზემოხსენებული პოლიტიკური კრიზისი ამას უახლოესი რამდენიმე თვე გვიჩვენებს. ერთი რამ ცხადია – ტრამპი დაფინანსების მოსაპოვებლად უკან არ დაიხევს, რადგან პროექტის ჩავარდნა მისთვის პოლიტიკური სუიციდი იქნება. თავის მხრივ, წარმომადგენელთა პალატა ყველა საშუალებით შეეცდება საკითხის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტას, რათა სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი არ დაირღვეს.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s