რიგითი დიქტატორის გადასარჩენად

628133984საერთაშორისო ურთიერთობებში საკმაოდ პოპულარულია თეორია, რომლის მიხედვითაც ლიბერალური დემოკრატიები ერთმანეთს არ ებრძვნიან – ისინი ურთიერთობის დიპლომატიურ გზებს მიმართავენ, ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობის გამო კი მჭირდო თანამშრომლობის გზებს არჩევენ, რითაც კონფლიქტისაგან გამოწვეულ პოტენციურ ზარალს იცილებენ თავიდან. აღნიშნული თეორია იმ აზრსაც ავითარებს, რომ ომები ძირითადად ან ავტორიტარული რეჟიმების მქონე სახელმწიფოებს შორის უერთიერთობის ერთ-ერთი პოპულარული ფორმაა, ან/და დემოკრატიული და ავტორიტარული რეჟიმების დაძაბულობის შედეგი. ორივე შემთხვევის მაგალითი ხშირი და არაერთია. თუმცაღა მიმდინარე, სწრაფად ცვალებად მსოფლიო პოლიტიკურმა წესრიგმა ახალი ტენდენციების წარმოშობას შეუქმნა საფუძველი: ნაცვლად იმისა, რომ ავტორიტარულმა რეჟიმებმა ერთმანეთთან კონფლიქტზე იფიქრონ, დემოკრატიის შიშით ისინი ერთიანდებიან.

ლიბიისა და სირიის სამოქალაქო ომს, ისევე როგორც ვენესუელსა და ბელორუსში შექმნილ პოლიტიკურ რეალობას ერთი რამ აქვთ საერთო: რუსეთი და ჩინეთი – ორი კარგად გამოკეთილი ავტორიტარული რეჟიმი – ყოველ შემთხვევაში მხარს უჭერდა ან მხარს უჭერს დიქტატორს, რომელმაც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ უკვე გამოიყენა ძალა და არც მომავალში ფიქრობს დათმობებზე წასვლას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ: რუსეთი და ჩინეთი თანაუგრძნობენ ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ, ახშობდნენ ან უკვე ჩაახშეს სახალხო მოძრაობები.

მოცემული ტენდენციის ფონზე რუსეთის ავტორიტარი მმართველის, ვლადიმერ პუტინის მხრიდან თურქეთის არალიბრალ ლიდერთან დაახლოება სულაც აღარ არის უცნაური. მათ 2015 წელს სირიაში თურქეთის საჰაერო ძალების მხიდან ჩამოგებული რუსული სამხედრო თვითმფირანვის ამბავიც დაივიწყეს. ურთიერობების იგივე სურათი იკვეთება თურქეთსა და ვენესუელას ავტორიტარულ ლიდერს ნიკოლას მადუროს შორის. თუკი დასავლური ქვეყნების ყველა ქვეყანამ მადუროს მხრიდან ძალადობა დაგმო და იგი არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა, რუსეთმა, ჩინეთმა, თურქეთმა და ბელორუსმა ამ უკანასკნელს მხარდაჭერა აღუთქვა.

ტენდენცია ყველგან ერთია: რაც უფრო მეტად შორდებიან არსებული პოლიტიკური რეჟიმები ლიბერალურ-დემოკრატიებს მით უფრო მეტად უახლოვდებიან ისინი ერთმანეთს. რა ფასეულობები აერთიანებთ ავტორიტარულ ან მისკენ მიდრეკილ ლიდერებს ისეთი, რომ ერთმანეთთან დაახლოება ურჩევნიათ კონფლიქტს, რომელთა საფუძველიც არაერთი არსებობს?

მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვა, რომ დემოკრატიას ახასიათებს ტალღები – წლების განმავლობაში გვაქვს პოზიტიური დინამიკა ანუ დემოკრატიული რეჟიმების მომძლავრება და დამყარება მსოფლიოს მასშტაბით და გვაქვს უკუსვლაც, რა დროსაც ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიათა საერთო რიცხვი ან მისი პოზიციები კლებულობს. ავტორიტარული რეჟიმებისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ დემოკრატია წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, მანიფესტაციები, ხელისუფლების შეზღუდვის მოთხოვნა და კანონის უზენაესობა, ავტორიტარიზმის უეჭველ დასასრულს უდრის. ეს კი განსაკუთრებით ხშირად ხდება მაშინ, როდესაც დემოკრატიის ახალი, მზარდი ტალღა იწყება და ემხობა თუნდაც ერთი დიქტატურა, რასაც დომინოს ეფექტით მეორე დიქტატურის წინააღმდეგ გამოსვლები მოყვება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა დემოკრატია უფრო მეტად უკუსვლის პროცესშია ეს ავტორიტარულ რეჟიმებს ხელს დაახლოებაში არ უშლის: საერთო მტრის არსებობა, რომელიც “დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ ლიბერალურ-დემოკრატიაში” გამოიხატება, იდეალური მიზეზია ურთიერთთანამშრომლობისათვის. ამას ემატება ქვეყნის შიგნით ე.წ. “ჯადოქრებზე ნადირობა”, რაც არასამთავრობო ქსელისა და ლიბერალური-დემოკრატიის მხარდამჭერი ძალების მოსპობას გულისხმობს, რომლებზეც მუქარა, ძალადობა, დაკავება და მტრის ხატად წარმოჩნა ახალი სულაც არ არის ხოლმე.

კრიზისმა ვენესუალაში გამოაჩინა რუსეთის, ჩინეთის, ბელორუსიის, ირანის, სირიისა და კუბის ლიდერების განწყობები, რომელთაც ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნება სურთ კარაკასში. ისინი ფიქრობენ, რომ რეჟიმის დემოკრატიისაკენ ცვლილების პრეცედენტი ისეთი პრეცედენტია, რომელსაც შესაძლოა თავიანთ ქვეყანაშივე გამოუჩნდნენ მიმბაძველები. გარდა ამისა მათ ჰყავთ საერთო მტერი, რომელიც რამდენადაც სძულთ, იმდენადვე ეშინიათ, ეს კი დასავლეთის მიერ ზურგგამაგრებული ლიბერალური დემოკრატიაა. ამას ემატება კიდევ ერთიც: არადემოკრატიული რეჟიმები ერთმანეთთან თანამშომლობისას სულაც არ წუხან მასპინძელ ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე და მეტიც, გრძელვადიანად ურჩევნიათ კიდეც ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნებაც, რომელიც შედარებითი სტაბილურობის გარანტიაა, შესაბამისად არ მოუწევთ მათ სხვადასხვა შიდა პოლიტიკური ცვლილებებისათვის თვალყურის დევნება და ეცოდინებათ ის, ვისთანაც საქმის წარმოება იქნება შესაძლებელი. სწორედ ეს არის ის რამდენიმე ძირითად მიზეზი, რომელმაც ძველი მეტოქეები მოქმედ მოკავშირეებად აქცია.

რა თქმა უნდა საერთო მტრის – ლიბერალური დემოკრატიისა და დასავლეთის – წინააღმდეგ გაერთიანება ავტორიტარული ტენდენციების მქონე რეჟიმებს ძველ კონფლიქტებს საბოლოოდ ვერ დაავიწყებინებს და ადრე თუ გვაინ მთელი სიმწვავით მაინც იჩენს ისინი თავს, მაგრამ მოკლე ვადაში დემოკრატიული ცვლილებების შიში იმდენად ხელშესახებია, რომ რიგითი ავტორიტარის მხარდაჭერა თითქმის სასიცოცხლო აუცილებლობადაც კი იქცა.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s