ბოლო წლებში მიგრაცია გახდა ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი, რომელიც არაერთ ცივილიზებულ, განვითარებულ სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იყო და არის ევროკავშირისთვის, რადგან იქ ერთიანი მიდგომა დღემდე არ შეუმუშავებიათ. ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლები ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან მიემართებიან. თუმცა, წინამდებარე სტატიაში განხილული იქნება აშშ-ის შემთხვევა. რთული დასადგენია ზუსტად, ცენტრალური ლათინო-ამერიკის რომელი ქალაქიდან შეიძლება იწყებოდეს ლტოლვილთა ქარავანის მარშრუტი. სამაგიეროდ, ამ შემთხვევაში, დანამდვილებით ცნობილია ის პუნქტი საითკენაც ე.წ „ლათინური ქარავანი“ მიემართება. რასაკვირველია, დანიშნულების ადგილი არის ამერიკის შეერთებული შტატები. შტატების მთავრობა და საზოგადოება ბოლო დროს ძალიან შეაშფოთა იმ ტენდენციამ, რომელიც მის სამხრეთ საზღვრებთან იკვეთება. ტრადიციულ და უკვე ჩვეულებრივ საიმიგრაციო პრობლემას, რომელიც კონგრესის მონაცემებით წელიწადში დაახლოებით 45-60 ათასი არალეგალის მიერ შტატების საზღვრის გადაკვეთის მცდელობით ხასიათდებოდა (და ძირითადად ამერიკაში მოხვედრის მსურველები მეზობელი მექსიკის მოქალაქეები იყვნენ), ბოლო თვეებია ჩრდილოეთ კონტინენტის სხვა მცირე სახელმწიფოებიდან დაძრული ახალი ნაკადიც დაემატა. რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისგან შემდგარი ათასობით ადამიანი (ზოგი გაანგარიშებით 7-9 ათასი) ერთობლივად უკეთესი ცხოვრების საძიებლად გამდგარია მრავალ ასეულ კილომეტრიან გზას, რომელიც შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრებისაკენ მიდის.
„ლათინური ქარავანის“, როგორც მიგრანტთა ამ ჯგუფს უწოდეს, საკითხი მეტად საინტერესო და კომპლექსურია. ზემოაღნიშნული საკითხი ზოგადად გლობალურ სამყაროში უკვე დიდი თავის ტკივილია. ეს პრობლემა მწვავეა განსაკუთრებით ამერიკისთვის, ცხადია, თუნდაც მისი ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე და ა.შ.
შეიძლება ითქვას ამ სახელმწიფოსთვის ემიგრაციასთან დაკავშირებული თემა „დედის მუცლიდან“ გამოყოლილი პრობლემაა. თავად ემიგრანტების წყალობით შექმნილ ზესახელმწიფოს უკვე მე-18 საუკუნის ბოლოდან უწევს საიმიგრაციო პოლიტიკაში მკაცრი რეგულირების გატარება, რათა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, ეროვნული უსაფრთხოება და ა.შ. როგორც უმძლავრესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა შეერთებული შტატები განსაკუთრებით სასურველი და შეიძლება ითქვას სანუკვარი ადგილია ყველასთვის, ვინც თავისუფლებისკენ და კეთილდღეობისკენ ილტვის და ამ საშუალებებს საკუთარ ქვეყანაში მოკლებულია. ასეთების რიცხვი კი, როგორც ჩანს, დღითიდღე იზრდება ჩვენს პლანეტაზე.
გასულ საუკუნეებში ამერიკაში მოხვედრის ხერხები და საშუალებები სხვადასხვა იყო. ყველაზე გავრცელებული, გემით უკანონოდ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა გახლდათ, (განსაკუთრებით ევროპიდან) ასევე, საჰაერო სივრციდან ქვეყანაში არალეგალური შესვლის ფაქტებიც ხშირად ყოფილა. ადამიანები ექსტრემალურ ხერხებსაც არ ერიდებოდნენ. მაგალითად: ძალიან ცნობილი რამდენიმე ბეისბოლის მოთამაშე კუბიდან, ფლორიდის შტატში ტივითაც კი გადასულა თავის დროზე უკეთესი ცხოვრების საძიებლად
დღესაც, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ძალიან ბევრი ადამიანი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი მიდის „რიო გრანდეს გამოწვევაზე“. წლიდან წლამდე ლათინური ამერიკიდან შეერთებული შტატების მოსახლეობა, ცხადია, უმეტესწილად არალეგალური გზით, გადაპარულების ხარჯზე „ახალ შევსებას“ ღებულობს, თუმცა , აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანთა რიცხვში შემავალნი ნამდვილად იღბლიანები არიან, რადგან შტატებში მოხვედრის მსურველებთაგან მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას „უმართლებს“.
ობამას მმართველობის ბოლო წლებში ქვეყანაში გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხი: შტატების საშინაო პოლიტიკაში რუსეთის როლის ზრდის, Obamacare და სხვა ჯანდაცვის პოლიტიკის პრობლემების გარდა, მიგრანტთა და უკანონო მიგრანტთა საკითხები იყო ის ძირითადი პოლიტიკური გამოწვევები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოების წინაშე იდგა. მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, შეძლო და მოახერხა ამ საკითხებით შეწუხებული ამერიკელი მოსახლეობის ნაწილის მხარდაჭერა დაემსახურებინა და საკმაოდ ხისტი და რადიკალური საარჩევნო დაპირებების ფონზე გახდა კიდეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ტრამპმა დიდი უპირატესობით მოიგო ყველა სამხრეთ შტატების ოლქი, სადაც უმრავლესობას „ლათინური წარმოშობის მოსახლეობა არ წარმოადგენდა“. ხალხის იმპულსი უკონტროლო მიგრაციის შეჩერება იყო. „კედლის იდეა“ სწორედ მაშინ დაიბადა. ამჟამად კი, მმართველობის პირველი ვადის ნახევრის გადავლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა უფრო მეტად აკონტროლებს მის სამხრეთ საზღვარს და საგრძნობლად არის შემცირებული მის ტერიტორიაზე უკანონო შეღწევა , თუმცა, იდეალური წესრიგის მისაღწევად პრეზიდენტს მაინც კედლის მშენებლობა ესახება.
რთული სათქმელია, ზუსტად საიდან დაიწყო მიგრანტთა ჯგუფმა აკუმულირება, ზოგიერთი წყაროს მიხედვით ის ჰონდურასის რეგიონ ტაპაჩულადან 2018 წლის მაისში დაიწყო, 700 ადამიანი ჩრდილოეთისკენ დაიძრა იმ მიზნით, რომ შტატებში მოხვედრილიყვნენ. საინტერესოა, რომ ჰონდურასიდან აშშ-მდე სახმელეთო გზით მოსახვედრად გვატემალასა და მექსიკის გავლა არის საჭირო. მიგრანტებისთვის, აღნიშნულ გზაზე, პრობლემები, გარდა ჰონდურასის ხელისუფლებისა, არც გვატემალასა და მექსიკას შეუქმნიათ. მეტიც, ეს დაახლოებით 700 ადამიანისგან შემდგარი „ქარავანი“ გზაში დიდ შევსებას იღებდა და უკვე მექსიკის ცენტრალურ შტატებში გადაადგილებისას 7000 ადამიანს ითვლიდა. გარდა ზემოაღნიშნული ქვეყნების მოსახლეობისა, მასში ჩაერთნენ სხვა ცენტრალური ამერიკის კონტინენტალური ქვეყნები, როგორებიცაა- კოსტა რიკა და ძალიან მცირე მონაწილეობით ნიკარაგუა. ესე იგი, თამამად შეიძლება ითქვას, ეს ქარავანი ნამდვილად „ცენტრალური ამერიკულია“, ბოლო მონაცემებით მასში არ არიან ბელიზისა და პანამას მოქალაქეები, ესეც ლოგიკურად შეიძლება აიხსნას- ამ ორი ქვეყნის ეკონომიკა შედარებით „კარგ მდგომარეობაში“. განსაკუთრებით აქტიური მაინც გვატემალელები და ჰონდურასელები არიან, რომლებიც 90%-ზე მეტს შეადგენენ მთელს ქარავანში. საინტერესოა, რომ დაძრული ქარავანი უკვე ძალიან ახლოს არის შეერთებული შტატების საზღვრებთან, მექსიკის მთავრობის მიერ მიცემულმა „მწვანე შუქმა“ მიგრანტების გადაადგილების დაჩქარებაში დიდი როლი ითამაშა. თუმცა, ახლა საკითხი თავად მექსიკისთვის დგას მწვავედ, რადგან მას უწევს ათასობით ადამიანის შენახვა საკუთარი ბიუჯეტიდან, მათი ელემენტარულ დონეზე უზრუნველყოფა, ამასთან, შტატების ხელისუფლება არ აპირებს რაიმე სახის დაეხმაროს მათ, საუბარი ზედმეტია მათ საკუთარ ტერიტორიაზე შეშვებაზე. აღნიშნული ქარავნის აშშ-ის საზღვრებთან მიახლოებისთანავე პრეზიდენტმა ტრამპმა დამატებით 15 000 ჯარისკაცი გაგზავნა სამხრეთისაკენ საზღვრების დასაცავად. ამის პარალელულად, პირველი ნაკადის გაკვალულ გზაზე უკვე ახალი ქარავნების ჯგუფები მიემართებიან. მართალია, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა, თუმცა, არავის შეუძლია იწინასწარმეტყველოს თუ რამდენი ტალღა შეიძლება მოყვეს ამ პრეცედენტს. ამჟამად პირველი ნაკადისთვის კულმინაციური მომენტი დგას, ისინი საზღვართან ახლოს არიან, მექსიკის ხელისუფლებას უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა აქვს შტატების ხელისუფლებასთან და ამაში „დამნაშავე“ საკუთარი მოსახლეობა უფრო არის, ვიდრე უცხოელი მიგრანტები მეზობელი ქვეყნებიდან, თავად შტატებში კი გამოცხადებული shutdown პირობითად 15 თებერვლამდე არის გადავადებული პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, მაგრამ თუ კედლის მშენებლობის საკითხზე ვერ შეთანხმდებიან , რესპუბლიკელები და დემოკრატები shutdown კვლავ ძალაში შევა.
საინტერესოა თავად მიგრანტთა ამ „ქარავანის“ შექმნის მიზეზი. რასაკვირველია, ამაში გადამწყვეტი როლი ეკონომიკას უჭირავს. ცენტრალური ამერიკის აღნიშნულ ქვეყნებში ბოლო წლებში განსაკუთრებით იმატა უმუშევრობამ, კრიმინალმა და კორუფციამ, ამასთან, დამატებით აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოთა მშპ ძალიან უმნიშვნელო პუნქტებით იზრდება, რომელიც მოსახლეობაზე თანაბრად არ ისახება, შემცირდა ვაჭრობის მოცულობა ამ ქვეყნების მთავარ პარტნიორ შეერთებულ შტატებთან… ამ და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, გვატემალასა და ჰონდურასის მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ცხოვრება გაუარსედა, რამაც მათ მისცა იმპულსი შტატებისკენ დაძრულიყვნენ უკეთესი ცხოვრების საძიებლად. აშშ-ს სახელმწიფო სარეზერვო ფონდში ყოველთვის გათვალისწინებულია გარკვეული თანხები მსოფლიოს სხვადასდხვა რეგიონების დასახმარებლად, ბოლო წლებში შტატების ხელისუფლებას ამ ქვეყნებში დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის დონაცია აქვს განხორციელებული, რაც უნდა მოხმარებოდა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ა.შ. თუმცა, სახეზეა შედეგი, რომ ეს ფული არამიზნობრივად იხარჯება, რამაც შესაძლებელია მომდევნო წლებში შტატების მთავრობას უარი ათქმევინოს ამ ქვეყნებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის სათავეში ცნობილი ბიზნესმენი დონალდ ტრამპია, რომელმაც „ფულის ყადრი“ ყველაზე კარგად იცის ბოლო პერიოდის შტატების პრეზიდენტებისგან.
ზოგიერთი მოსაზრებით, რომელსაც დონალდ ტრამპიც ემხრობა, მექსიკას ჰქონდა შესაძლებლობა ეს მიგრანტთა ჯგუფი შეეჩერებინა, მით უმეტეს, რომ მას საკუთარი მიგრანტების პრობლემა აქვს შეერთებულ შტატებთან, თუმცა, მოიაზრებენ, რომ ამ ჯგუფისგან თვითონ სახელმწიფოები ელოდებიან ბენეფიტებს. შეერთებულ შტატებში, ლეგალურად და არალეგალურად, ჯამში დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყნებიდან, რომლებიც შტატებისთვის შექმნილ მშპ-ში გარკვეული მონაწილეობით შედიან და საკუთარი შემოსავლებით ეხმარებიან თავიანთ ქვეყნებში მყოფ მოქალაქეებს. შტატებში მცხოვრები ეთნიკური გვატემალელები და ჰონდურასელები და სხვები დიდი თანხის აკუმულირებას ახდენენ თავიანთ ქვეყნებში, შესაბამისად, თუ ამ ქვეყნების მთავრობებს ექნებოდათ გათვლა, რომ შტატები მათ მიიღებდა, ისინი თავიანთი ლეგალური დასაქმების გზით კვლავ დაეხმარებოდნენ საკუთარ სახელმწიფოებში მყოფ მოქალაქეებს. სახელმწიფოების ინტერესების განხივლისას არსებობს კიდევ რამდენიმე ვარიანტი.
საბოლოო ჯამში, ამერიკის პრინციპული პოზიცია არის, რომ ისინი არ აპირებენ მიგრანტთა მიღებას. ტრამპის იდეა კედლის აშენების შესახებ ძალაშია და დაახლოებით „კატონ უფროსის პათოსით“ სენატის ყველა სხდომაზე დაბეჯითებით ითხოვს 5,7 მილიარდ აშშ დოლარის გამოყოფას. ქარავანი საზღვრებთან უკვე ძალიან ახლოს არის, ისინი მზად არიან დიდ რისკზე წავიდნენ შეერთებულ შტატებში მოსახვედრად, განსხვავებით მექსიკელებისგან, მათ შეიძლება ნაკლები ჰქონდეთ დასაკარგი, რამეთუ 300 და 400 მილი აქვთ გავლილი შტატებში მოსახვედრად. ასე რომ, უახლოეს მომავალში და ამის პირველი ეტაპი 15 თებერვალი იქნება, როდესაც გავიგებთ დაბრუნდება თუ არა ძალაში shutdown რეჟიმი, მიგრანტთა ქარავანთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ საინტერესოდ უნდა განვითარდეს.
მამია ღურწკაია