ადამიანი, როგორც სამყაროს ეპიცენტრალური ფიგურა, ამის ტრანსცენდენტური და პრაგმატული გაგებით, ოდითგანვე ითვლებოდა სიახლის ფუძემდებლად. მიუხედავად ეკონომიკური პროგრესის უამრავი გაგებისა, ქვაკუთხედი, რომელზედაც დღევანდელი ეპოქა დგას, ადამიანის გონის ნაყოფია. თუმცა, არსებობს ფაქტორები და გარემო ფაქტორები (მართული, ნაწილობრივ მართული და უმართავი), რომლებიც ხელს უშლიან პიროვნების თვითრეალიზაციასა და სოციალიზაციას, რაც საბოლოო ჯამში, მთავრდება მძიმე ეკონომიკური კატასტროფებით.
მოკლედ განვიხილოთ, თუ რას გულისხმობს ეკონომიკური უსაფრთხოება. მკვლევრები გამოყოფენ უსაფრთხოების ორ გაგებას:
- პირველი გაგება პროგნოზული ბუნებისაა, კერძოდ, სოციუმისთვის მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებში არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის საფრთხე. ამგვარი მოლოდინები ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის საზიანოა, რადგან მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ გამოწვევები ეკონომიკური განვითარების აუცილებელი სტიმულია;
- მეორე გაგება ასოცირდება სახელმწიფოს სიძლიერესა და საზოგადოების დაცულობასთან. ეს უკანასკნელი ემყარება არა მარტო თანამედროვე ე.წ. „სოციალურ კონტრაქტს“, აგრეთვე სოციუმის უნარს, გადალახოს მომავალი საფრთხეები.
ეკონომიკური უსაფრთხოება წარმოადგენს ბაზისს, რომელზედაც ეროვნული უსაფრთხოების სხვა მიმართულებები სტრუქტუირდება. მის ძირათი ამოცანაა სიღარიბის აღმოფხვრა შიდა და გარე სტაბილურობის შექმნის გარანტიით. მარტივად რომ ვთქვათ, ეს მიმართულება კომპლექსური სტრატეგიების ერთობლიობაა, რომლის წარმატებულად შესრულება ქვეყნის როლს განაპირობებს რეგიონსა და საერთაშორისო ასპარეზზე. ეკონომიკური უსაფრთხოება, პერსპექტივების მხრივ, ცალსახად არ ხასიათდება, თუმცა, შეგვიძლია, ესკალაციის ორი ეტაპი გამოვყოთ – მოკლევადიანი და გრძელვადიანი. მოკლევადიანში მოიაზრება ეკონომიკური განვითარების თვალშისაცემი ღირებულებები – შენობები, გზები, ინფრასტრუქტურული ნიმუშები და ა.შ, ხოლო გრძელვადიანი უფრო სოციალურ-პოლიტიკური ხასიათისაა – ე.წ მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა (Evidence-based policy), ქვეყნის სამომავლო განვითარების სტრატეგია, კრიზისების მართვა ან/და პრევენცია და სხვა. ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფოს წილი ეკონომიკური უსაფრთხოების ფორმირებაში, ისევე როგორც მულტისექტორის უმაღლესი რგოლების წილი, კოლოსალური უნდა იყოს. ფუნქციების მიხედვით ეკონომიკური უსაფრთხოება შემდეგნაირად კლასიფიცირდება:
- დაცვითი ფუნქცია – იგულსიხმება ეკონომიკური სისტემის დაცვა შიდა და გარე საფრთხეებისგან. აგრეთვე, განვითარებისა და პროგრესის უნარი მტრულ პოლიტიკურ გარემოში;
- მარეგულირებელი ფუნქცია – რამდენადაა ეკონომიკის ყველა ქვემიმართულებაში დაცული უსაფრთხოება, აგრეთვე- მარეგულირებელი ფუნქციის მექანიზმის ხარისხი. ესაა ძირითადი მიზეზი, თუ რატომაც ებრძვის სახელმწიფო კორუფციას;
- გამაფრთხილებელი ფუნქცია (The Warning Function) – მოიაზრება პოტენციური კრიზისებისა და მუქარით გამოწვეული კოლაფსების პროგნოზირება;
- ინოვაციურობის ფუნქცია – ვერც ერთი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია ვერ იქნება გამართული, თუ იგი არაა მიმართული ტექნოლოგიური პროგრესის გზით ეკონომიკური ტემპების დაჩქარებისკენ; ამის საუკეთესო მაგალითია ისრაელის დაზვერვის სამსახური, რომელიც მისთვის საინტერესო ყველა ტექნოლოგიურ პროექტს აფინანსებს და ყიდულობს;
- სოციალური ფუნქცია – საზოგადოების ყველა ჯგუფის მოლოდინების ადეკვატური რეაგირება და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული.
მიუხედავად ამ ფართომასშტაბიანი მოცემულობებისა, ეკონომიკური უსაფრთხოება კიდევ უფრო ბევრ კომპონენტად იშლება. გავრცელებული მოსაზრებით, ამ უკანასკნელის დეფორმაციის გამომწვევი არის: ომი, შიდაპოლიტიკური არეულობა, კონფლიქტები ყველა სტადიაზე, კორუფცია, ინფლაცია, დევალვაცია, უსაფრთხოების სისტემების მოშლა. ეს ყველაფერი გახლავთ ზოგადი სახის პრობლემები და ამის საპირწონედ მიზეზები შეიძლება უფრო დეტალურ კატეგორიებში მოიძებნოს.
არსებობს პოლიტიკური დოგმა, ე.წ. „ბოულს-სიმპსონიზმი’’ (Bowles-Simpsonism), რომელიც ბარაკ ობამას დროს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დისკურსად იქცა. მისი ამომავალი წერტილი გახლავთ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მეორახისხოვნად ჩათვლა და განათლების დაფინანსების გაზრდა. ფილოსოფიური თვალსაზრისით, „ბოულს-სიმპსონიზმი“ ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად განათლებულ ადამიანს თვლის, რომელიც ყველა ეკონომიკურ პრობლემას ოპტიმალურ გამოსავალს მოუძებნის.
დისკურსის კრიტიკა პრაქტიკაში მარტივდება სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. განვიხილოთ, რამდენად კორელირებადია უმუშევრობის დონე, პატიმრობის დონე და პენსია განათლებასთან მიმართებით:
- განათლება და უმუშევრობა – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ჩაატარა კვლევა, რომელიც ითვალისწინებდა უმუშევრობისა და განათლების დონის კორელაციას. კვლევაში მონაწილეობდნენ 25-დან 64-წლამდე მოაქალაქეები. კვლევამ აჩვენა, რომ ევროპის რამდენიმე წამყვან ქვეყანაში ფორმალური განათლება არ განაპირობებს მუშაობას, მეტიც ამ ქვეყნებში კოლოსალური თანხა იხარჯება განათლების დაფინანსებისთვის;
- განათლება და პატიმრობა – არსებობს უამრავი თეორია, რომელიც განათლებას მიიჩნევს ინსტრუმენტად კრიმინალის შემცირებისთვის. ეს აზრი ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემის მიხედვით, პატიმართა მხოლოდ ერთ პროცენტს აქვს, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლება.
მაინც, რატომ წარმოადგენს ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მთავარ ამოცანას უმუშევარი, პატიმარი და პენსიონერი? რატომ რჩება ზოგადი შთაბეჭდილება, თითქოს, სახელმწიფოებს „არ უყვართ“ ეს უკანასკნელები? არის თუ არა რეალური ის მიზეზები, რომლებსაც მკვლევრები ასახელებენ?
უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოები ყოველთვის რთულად უყურებენ უმუშევრობას, პატიმრობასა და საპენსიო პოლიტიკას, რადგან ეს სამი ფოკუს ჯგუფი, ეკონომიკური დოვლათის შექმნის ნაცვლად, პირიქით, ინაწილებენ და სახელმწიფოზე არიან დამოკიდებულნი. სახელმწიფოზე დამოკიდებულება კი სსრკ-ს მართვის მექანიზმი იყო, დამანგრეველი შედეგით და ლოგიკას მოკლებული ეკონომიკური დაგეგმარებით, რაც კაპიტალისტური სამყაროსთვის თეორიულად, პრაქტიკულად მიუღებელია. ამიტომაც, მიუღებელია ეკონომიკური უსაფრთხოების არასპეციფიკური ფაქტორების გათვალისწინების გარეშე დანერგვა. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
უმუშევარი – შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას უმუშევრის ორი განმარტება აქვს – მკაცრი და შერბილებული. მკაცრი გაგებით უმუშევარი არის პირი, რომელიც არ ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და დიდი ალბათობით, არც აპირებს, ხოლო შერბილებული გაგებით ეს უკანასკნელი გახლავთ ინდივიდი, რომელიც ეძებს სამსახურს ან/და შანსის გამოჩენისთანავე მზად არის შეუდგეს მას. ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის უმუშევარი გახლავთ პირი, რომელიც „საფარის“ გარეთ დგას. რატომ? კაპიტალიზმის მთავარი ნიშა გახლავთ ინდივიდუალიზმი, ხოლო პიროვნების თვითგანვითარება წარმატების ყველაზე მაღალ ნიშნულამდე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის განმაპირობებელია. განსხვავებით საბჭოთა სისტემისგან, დღეს ინდივიდს უმუშევრობის უფლება რჩება, თუმცა, სახელმწიფო ყოველმხრივ ეცდება ეკონომიკაზე დაქვემდებარებულ ადამიანს მოუნახოს გამოსავალი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო ორი წლის მონაცემებით ჩანს, რომ ევროპის ქვეყნებში უმუშევრობის დონე უფრო დაბალია ვიდრე ლათინური ამერიკისა და აზიისა – მაგალითად, ესტონეთში დაბალია, პაკისტანში მაღალია. თუ ევროპის ქვეყანას შევადარებთ , დავინახავთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც სახელმწიფო ხარჯები კოლოსალურია, უმუშევრობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ესტონეთში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესტონეთის ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიაა, რომლის დიდი ნაწილი ტექნიკურ და ბიზნესინოვაციებზეა დამკვიდრებული. აქედან გამომდინარე, ვასკვნით, რომ მთავარი ის კი არაა თუ რამდენი იხარჯება უმუშევრობის დასაძლევად, არამედ- როგორ იხარჯება. წმინდა ეკონომიკური სპექტრიდან თუ შევხედავთ, სახელმწიფომ უნდა შექმნას სტიმულები ბიზნესის კეთების გამარტივებისთვის, რაც დასაქმების აპრობირებული მეთოდია; მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე ცალკე ჩამოყალიბებული სფეროა და დამოუკიდებელ, მტკიცებულებით ფორმაზე დაფუძნებულ პოლიტიკის გატარებას მოითხოვს, იგი სოციალური უსაფრთხოების განუყებული ნაწილია, თავად სოციალური უსაფრთხოება კი ეკონომიკური უსაფრთხოების კომპონენტია;
პენსიონერი – წარმოადგენს ადამიანს, რომელიც ასაკის გამო ჩამოშორდა სამსახურს და სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. პენსიონერი ეკონომიკაზე დაქვემდებარებულია და ამის შეცვლა, ბუნების კანონებიდან გამომდინარე, შეუძლებელია. ოპტიმალური მექანიზმები ამის შეცვლისა არ არსებობს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, გარდამავალ პერიოდში განსაკუთრებით, რთულდებოდა საპენსიო მოწესრიგების ნათელი ჩარჩოების შექმნა. ვინაიდან, საპენსიო ფონდების გამოცდილება არ ჰქონდათ, ქვეყნებს უწევდათ ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც სამ რამეზე აისახებოდა:
- გადასახადებზე – როცა საზოგადოების ისეთ ჯგუფზე გიწევს ფინანსური რესურსების გამოყოფა, რომელსაც არ ძალუძს რაიმე სახით უკან დაუბრუნოს ბიუჯეტს რესურსები, ამ ვალდებულების გადახდა უწევთ ეკონომიკური დოვლათის შემქმნელ მოქალაქეებს. გადასახადების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ ეს ზემოთქმულია;
- საპენსიო მოცულობაზე – ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსებობს გადასახადების ზღვარი, რომლის იქითაც სახელმწიფოს სამართლებრივად და პოლიტიკურად (მათ შორის მორალურადაც) არ უნდა შეეძლოს გადასახადების გაზრდა. უკვე მიღებული სახსხრებიდან, თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ყველა პენსიონერს ერგება თანაბარი დახმარება. მთავრობას უწევს ნაკლები დახმარება გაუწიოს პენსიონერებს და ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ეს უკანასკნელი მიზერულია;
- მოლოდინებზე – ამ რთული, კომპლექსური ჯაჭვის ბოლო რგოლი გახლავთ მოლოდინები, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, არ მართლდება. სახელმწიფოს არ შეუძლია ბოლომდე უზრუნველყოს პენსიონერი, რადგან ეკონომიკური კლიმატი არ იძლევა ამის საშუალებას. მოლოდინების მსხვრევა კი საბოლოოდ იწვევს უნდობლობას სახელმწიფოს მიმართ. პარადოქსული შემთხვევაა – სახელმწიფოს თანაბრად უნდა სურდეს გადასახადებით არ დააზარალოს საზოგადოება და თან პენსიონერები უზრუნველყოს.
ეკონომიკური უსაფრთხოების ფარგლებში ოპტიმალური მეთოდი გახლავთ საპენსიო ფონდის შექმნა, სადაც მუშაობის პერიოდში თანხის ნაწილი უნდა გადარიცხოს. დღევანდელი მოცემულობით, ზოგიერთ ქვეყანაში, ფონდები გახლავთ ცენტრალიზებული ან/და სახელმწიფო გადასახადი არანებაყოფლობითია. სხვა თანაბარ პირობებში, ფონდი დეცენტრალიზებული უნდა იყოს, არსებობდეს სხვა ალტერნატივები და გადასახადი ნებაყოფლობითობის პრინციპს დაექვემდებარება.
ეკონომიკური უსაფრთხოების ამოცანა გახლავთ საპენსიო ფონდების დაცვა, მათში კორუპციული რისკების აღმოფხვრა და გამჭვირვალობა. პრივატიზების შემთხვევაში რთულია, კერძო სექტორს მოთხოვო ყველა სტანდარტის გათვალისწინება. ამის საპირწონედ თუ სტრატეგია მოიცავს ფონდის ისეთი ჩარჩოების შექმნას, რომელიც საზოგადოების მხრიდან ნდობით იქნება აღჭურვილი, პოლიტიკური ნაბიჯი მზარდი და ეფექტური იქნება.
პატიმარი – გახლავთ პირი, რომელიც პენიტეციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს სამართალდარღვევის გამო. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც გლობალური სამყარო დგას, არის სამართლიანობის დაცვასა და ციხეებში პატიმრების სიმრავლეს შორის ბალანსის დაცვა. ამის გამო, ხშირად, გადახედვას ექვემდებარება დეკრიმინალიზაციის და ლეგალიზაციის პოლიტიკები. რატომ?
ეკონომიკაში არსებობს ახალგაზრდა მიმართულება- „დანაშაულისა და სასჯელის ეკონომიკა“, რომლის მიზანია შეისწავლოს დამნაშავის, როგორც ეკონომიკური სუბიექტის ქცევა, კერძოდ, დამნაშავისა და მეწარმის ქცევა იდენტურია – ორივე ცდილობს გათვალოს რისკები, მოიგოს ეკონომიკური სახსრები, შეარჩიოს სწორის ნიშა, სადაც იმოქმედებს და ა.შ. ამის პარალელურად, ეს მიმართულება, ალოგიკურად აღწერს სახელმწიფოს ქმედებას – დამნაშავე გადაყავს ციხეში და საზოგადოებას უწევს მისი ან მათი შენახვა.
ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიამ უნდა შეძლოს იმ მექანიზმების დანერგვა, რომლებიც პენიტეციურ დაწესებულებაში პატიმრებს ეკონომიკური დოვლათის შექმნის ალტერნატივებს შესთავაზებს. მექანიზმი სახელმწიფო ინტერვენციისაგან დაცული უნდა იყოს.
ზემოგანხილული სამი სუბიექტი ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მონაცემების სისტემების ან/და ზოგადი სტრატეგიების შეიქმნას, რომლებიც ქვეყნებს შორის გამოცდილების ღიაობის წინაპირობა იქნება. ამასთანავე, ფინანსური უსაფრთხოების საკითხები, რაც სტაბილურად ვითარდება საქართველოში, არა ინტეგრალურად, არამედ ცალკე მიმართულებად უნდა განიხილებოდეს ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემაში. ამრიგად, ჯანსაღი პოლიტიკით და ძალისხმევით შესაძლებელია უმუშევრობის დონის, საპენსიო სისტემისა და სასჯელაღსრულების პრობლემათა სისტემატიზაცია და ოპტიმალურ მდგომარეობაში გადაყვანა.
დავით შაქარიშვილი
აღნიშნულ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის საბჭოს ხედვებს.