ბელარუსი – პუტინის შემდეგი სამიზნე?

აგვისტოს ომი, ყირიმის ანექსია, სირიის სამოქალაქო ომში ჩაბმა – ეს ის საგარეო პოლიტიკური ავანტიურებია, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ბოლო ათი წლის განმავლობაში წავიდა. აშკარაა, რომ პუტინის პრეზიდენტობის ხანაში რუსეთი საგრძნობლად მოძლიერდა და საერთაშორისო პროცესებზე მეტი გავლენაც მოიპოვა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ფუნდამენტური მიზანი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება იყო. ჩეჩნეთის მეორე ომში გამარჯვების შემდეგ, მან ეს პრობლემა გადაჭრა. სეცესიონიზმთან ბრძოლის წარმატებულად დაგვირგვინების შემდეგ, მოსკოვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირითადი გამოწვევა საკუთარ საზღვრებთან ნატოს გაფართოების შეკავება გახდა. სწორედ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეკავება იყო 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის ძირითადი მიზანი. ომში დამარცხებამ საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება კარგა ხნით შეაფერხა. კრემლის შემდეგი ნაბიჯი უკრაინის „დასჯა“იყო. ამისთვის უპირველეს ყოვლისა, რუსეთს ყირიმის ანექსია სჭირდებოდა. ირედენტისტული კარტის გათამაშების შემდეგ, მოსკოვმა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ნახევარკუნძულზე რეფერენდუმი ჩაატარა და იგი უკანონოდ მიიერთა. გარდა ამისა, წამოიწყო ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. პუტინის საბოლოო ავანტიურა სირიის სამოქალაქო ომში ჩაბმა გახლდათ. რუსეთის ძირითადი მიზანი საკუთარი სამხედრო პრესტიჟის გაზრდა,  ახლო აღმოსავლურ პროცესებში ჩართვა და მსოფლიოსთვის იმის ჩვენება იყო, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ერთ-ერთ უძლიერეს „ძერჟავას“ წარმოადგენს.

ხელისუფლების სათავეში მოსვლის დღიდან მოყოლებული, პუტინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური გამოწვევა ყოფილ საბჭოთა სივრცეზე გავლენის აღდგენაა. ცენტრალურ აზიაში რუსული გავლენა ტრადიციულად, დღესაც ძლიერია. საქართველოსთან ომით მოსკოვმა უზრუნველყო ის, რომ კავკასია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს გარკვეული ხნით ჩამოაშორა. დასავლეთ ფრონტზე კი მოსკოვს უფრო სერიოზული პრობლემები აქვს – ვარშავის პაქტის ყოფილი წევრების – აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა დღეს ნატოს რიგებში ირიცხება. გარდა ამისა, უკრაინა და ბელარუსი სულ უფრო შორდებიან მოსკოვურ ორბიტას. თითოეულ საგარეო ავანტიურაში მიღწეული წარმატება მოსკოვს გაფართოების შემდეგი რაუნდისკენ უბიძგებს. საინტერესოა ვინ გახდება პუტინის შემდეგი მსხვერპლი? საერთაშორისო ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პუტინის შემდეგი სამიზნე ბელარუსია. უკანასკნელ ხანებამდე მინსკი მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მოკავშირედ მიიჩნეოდა. ბელარუსი, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის და ევრაზიული ეკონომიკური გაერთიანების წევრი სახელმწიფოა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია„იაფი“ გაზისა და ეკონომიკური დახმარებების მეშვეობით მინსკის მოსყიდვას ცდილობდა, რაც გარკვეული ხნის მანძილზე წარმატებით გამოსდიოდა. ვითარება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ შეცვალა, რამაც ბელარუსს რუსეთთან მისი შემდგომი ურთიერთობების გადახედვისკენ უბიძგა. შედეგად, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელსაც ხშირად ევროპის„უკანასკნელ დიქტატორადაც“ მოიხსენიებენ, „ლავირების პოლიტიკის“ გატარება და რუსული გავლენის დაბალანსება დაიწყო. საამისოდ მან რამდენიმე საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გადადგა:

  1. ყირიმის არაღიარება – ნახევარკუნძულის ანექსირების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი დიპლომატიურ ძალისხმევას არ იშურებდა, რომ მსოფლიოს ლიდერებთან ყირიმი ისტორიულ „რუსულ ტერიტორიად“ წარმოეჩინა. რუსეთის პრეზიდენტს ამ საკითხში განსაკუთრებით ლუკაშენკოსი ეიმედებოდა, რომელმაც საკმაოდ მოულოდნელად განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა. ეს ირიბად იმის აღიარებას ნიშნავდა, რომ რუსეთის მიერ ჩატარებული რეფერენდუმი უკანონო იყო.
  2. რუსული ავიაბაზის გახსნაზე უარის თქმა – მინსკის შემდეგი ანტირუსული ნაბიჯი პუტინისთვის ბელარუსში ავიაბაზის გახსნაზე უარის თქმა გახლდათ. ამ მოქმედებით ლუკაშენკომ მოსკოვს მკაფიო გზავნილით მიმართა – ბელარუსი კარგად ხვდება,რომ რუსული სამხედრო ბაზები მის შიდა და საგარეო სუვერენიტეტს მკვეთრად ამცირებს, რაც მინსკის ინტერესებში ნამდვილად არ შედის.
  3. დასავლეთთან „ფლირტი“ – ლუკაშენკოს არაერთხელ უთქვამს ,რომ მოსკოვზე სრული დამოკიდებულება აღიზიანებს, ამიტომ მის მიერ შემუშავებული „ლავირების“დოქტრინა გადარჩენის ერთადერთ გზად ესახება – დასავლეთთან ეკონომიკური კავშირი რუსეთზე მის გავლენას თანდათანობით შეასუსტებს. მეორე მხრივ, იგი დიპლომატიურ ძალისხმევას არ იშურებს, რომ მოსკოვი საკუთარ „კეთილ“ ზრახვებში დაარწმუნოს – იგი არ გეგმავს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც რუსეთისთვის განსაკუთრებით სენსიტიური საკითხია.
  4. ბელარუსის გახსნა საერთაშორისო ინვესტორებისთვის – უკანასკნელი წლების მანძილზე, ლუკაშენკომ ენერგია არ დაიშურა იმისათვის, რომ დასავლელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო პირობები შეექმნა. ბოლო წლებში ბელარუსში ბიზნესის კეთება საგრძნობლად გამარტივდა. მინსკის შემდეგი ნაბიჯი ამერიკელი და ევროპელი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება გახლდათ.

ზემოთქმული მაგალითები ცხადჰყოფს, რომ მინსკი რუსული ორბიტის ნელ-ნელა, მიზანმიმართულად დატოვებას ცდილობს. ამას მშვენივრად ხედავს რუსეთის პრეზიდენტი და ლუკაშენკოს გაფრთხილებას სხვადასხვა საშუალებით ცდილობს. ხშირ შემთხვევაში, პუტინი ამას მედიასთან საუბრისას დიდაქტიკური ტონით, ან ორი ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წვრთნების მეშვეობით ახერხებს. კრემლის „დაშინების პოლიტიკის“ საუკეთესო მაგალითი 2017 წლის სექტემბერში, ბელარუსში ჩატარებული სამხედრო წვრთნებია, სახელწოდებით „ზაპად“(დასავლეთი), რომელშიც 12 000-მა რუსმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. წვრთნების მეშვეობით, მოსკოვი შეეცადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის ეჩვენებინა,რომ რუსული გავლენა ბელარუსში ისევ ძლიერია და თავის მხრივ, გააფრთხილა ლუკაშენკო, რომ არ სცადოს რუსული ორბიტიდან გადახვევა, რაც წინააღმდეგ შემთხვევაში მას ძალიან ძვირად დაუჯდება. საყურადღებოა წვრთნების სახელწოდება – „დასავლეთი“. იგი არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის ინდიკატორია, არამედ მიანიშნებს რუსულ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე არა მხოლოდ ბელარუსში, არამედ ბალტიისპირეთსა და ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპაში.

მინსკი მოსკოვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამას ლუკაშენკო მშვენივრად ხვდება. თანამედროვე რუსული გეოპოლიტიკური სკოლა ზედმიწევნით მიჰყვება დუგინის დოქტრინას ევრაზიონიზმის შესახებ. შესაბამისად, პუტინის მთავარი საგარეო პოლიტიკური გამოწვევა პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის სრულად აღდგენაა. ამ გეგმაში განსაკუთრებული მნიშვნელობა უკრაინასა და ბელარუსს ენიჭება. როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გეოპოლიტიკოსი, ზბიგნიევ ბჟეჟინსკი საკუთარ წიგნში – „დიდი საჭადრაკო დაფა“ აღნიშნავს, უკრაინისა და ბელარუსის გარეშე რუსეთი საკუთარ ევროპულ საწყისებს კარგავს და ჩვეულებრივ, რიგით აზიურ სახელმწიფოდ გადაიქცევა. ამის შესახებ მოსკოვში ყველაზე უკეთ უწყიან, ამიტომ წავიდა პუტინი 2014 წელს უდიდეს საგარეო პოლიტიკურ ავანტიურაზე – ყირიმის ანექსიაზე. იგივე საზრისი მოქმედებს ბელარუსის შემთხვევაშიც – ბელარუსი მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იგი ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს. ბელარუსის მეზობელი სახელმწიფოები – ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი და პოლონეთი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ქვეყნებია და კრემლისთვის ბელარუსი ერთადერთ შემაკავებელ ფაქტორად რჩება. თუ ისიც ნატოს წევრი გახდება, რუსეთის დასავლეთ საზღვარი ალიანსის ალყაში მოექცევა. რუსული პარადიგმის გათვალისწინებით, ეს მოსკოვისთვის სრულიად დაუშვებელია. სწორედ ამ მიზეზების გამო არის მოსკოვისთვის ბელარუსი არა რიგითი, „ახლო საზღვარგარეთის“ სახელმწიფო, არამედ „პრივილეგირებული ინტერესის“ზონა. შესაბამისად, ცხადია, რომ რუსეთის ფედერაცია მინსკის ნებისმიერი მცდელობას, დაუახლოვდეს დასავლეთს,  საკმაოდ სენსიტიურად აღიქვამს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ცხადია, რომ კრემლი ბელარუსზე თავდასხმას ორი ძირითადი მიზეზის გამო მოერიდება: 1. ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არსებობს – მიუხედავად საგრძნობლად გაუარესებული ურთიერთობებისა, მოსკოვი ჯერაც მინსკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამხედრო და ეკონომიკურ პარტნიორად რჩება; 2. რუსეთი დღეს ორ ფრონტზე იბრძვის – უკანასკნელ ხანებში, რუსები აქტიურად იხევენ უკან აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე. რადას მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება ვითარების ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც მოსკოვის ყურადღებას ისევ კიევისკენ მიმართავს. მეორეს მხრივ, სირიის სამოქალაქო ომი ჯერაც არ დასრულებულა. ტერორისტთა ხელშია ქალაქი – იდლიბი, რომლის დაბრუნების გარეშე ასადი ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესს ვერ დაასრულებს. ორ კონფლიქტში აქტიური სამხედრო ჩართულობა რუსეთის მხრიდან მესამე კონფლიქტის პროვოცირების შანსებს ერთიორად ამცირებს. მიუხედავად ამისა, ბელარუსის საკითხი მოსკოვს, ასე ვთქვათ „ თაროზე აქვს შემოდებული“. ის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეცდება„დასაჯოს“ ურჩი მოკავშირე დაუმორჩილებლობისთვის. ამიტომ, მინსკის მიერ დასავლეთთან „ფლირტი“ მას კრემლის შურისძიების მთავარ სამიზნედ აქცევს.

 

გიგა ჯოხაძე 

 საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s