ბოლო დროს მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ჩინეთის ეკონომიკურაქტივობას აფრიკაში. რას აკეთებენ ჩინური კომპანიები აფრიკის კონტინენტზე? აღნიშნული თემა ურთიერთსაწინააღმდეგომახასიათებლებით გამოირჩევა. ერთი მხრივ, ეს კომპანიები ფინანსურ და სხვა სახის მატერიალურ თუ არამატერიალურ დახმარებას უწევენ კონტინენტის არაერთ ქვეყანას, თუმცა მეორე მხრივ, რასაკვირველია ჩინეთი ამ ყველაფერს იმ დიდი ოდენობის სესხებზე დაყრდნობით აკეთებს, რასაც აფრიკული სახელმწიფოები მისგან იღებენ. არაერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ჩინური კომპანიების ქმედებებს აფრიკაში ნეოკოლონიალიზმის გამოვლინებაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეიძლება პეკინის ეროვნულ ინტერესებში შედიოდეს, ჩინეთის, როგორც გლობალური მოთამაშის გავლენის ზრდაა საკუთარი რეგიონის ფარგლებს მიღმა, მათ შორის ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და განსაკუთრებით აფრიკაში, სადაც რესურსები, თავისუფალი მიწები და იაფი მუშახელი გაცილებით მეტია.
დღეს, გლობალურ სამყაროში აქცენტი წარმოების ხარჯების მაქსიმალურ შემცირებაზე კეთდება. ყველა მსხვილი კომპანია საკუთარი საწარმოს ისეთ ქვეყანაში განთავსებას ცდილობს, სადაც პროდუქციის წარმოება შედარებით იაფი დაუჯდება. ამ ლოგიკით “აუთსორსინგს” თავის დროზე არაერთმა დასავლურმა კორპორაციამ მიმართა და მოგების გაზრდის მიზნით წარმოება ჩინეთში გადაიტანა. თავის მხრივ, ჩინური კომპანიები იგივე მეთოდს მიმართავენ, როდესაც აფრიკის უღარიბეს ქვეყნებში, რომლებშიც პროდუქციის წარომება კიდევ უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ჩინეთში, მასშტაბურ ინვესტიციებს დებენ, რითაც, ნაწილობრივ, ადგილობრივი მუშახელიც იღებს სარგებელს. გარდა იმისა, რომ მათი კვალიფიკაცია იზრდება, ასევე აქვთ შანსი მიიღონ ის აუცილებელი უნარები და ცოდნა, რასაც მათ ჩინეთი სთავაზობს სახვადასხვა სასწავლო პროგრამის ფარგლებში. მართალია, ჩინეთში მომზადებული კადრები ჩინურ კომპანიებში საქმდებიან, თუმცა აფრიკული ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ამით თანამედროვე ტექნოლოგიებისა და წარმოებითვის აუცილებელი უნარების იაფად ათვისების შანსი ეძლევათ. ჩინეთის ყოფნა აფრიკაში, რასაკვირველია პრაგმატული მიზნებითაა განპირობებული და ამოსავალი წერტილი ეკონომიკური სარგებლის მიღებასთან ერთად, ჩინეთის გლობალური როლის გაზრდაა, თუმცა ამით სარგებელს ღარიბი აფრიკული სახელმწიფოებიც იღებენ. ყოველ შემთხვევაში, ისინი ჩინური კომპანიების კონტინენტზე შესვლას მიესალმებიან. ძირითადი პრობლემა, რაც ამ ქვეყნების ჩინურ კომპანიებში დასაქმებულ მუშახელს აწუხებს დაბალი ანაზღაურება, მკაცრი რეჟიმი და გრძელი სამუშაო დღეა.
ცალკე საკითხია ჩინეთისა და ცალკეული აფრიკული სახელმწიფოების ურთიერთობები. რა სახით და რამდენად სამართლიანად ხდება მშპ-ის მაჩვენებლებით მსოფლიოში მეორე ქვეყნის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობა თუნდაც უგანდასთან, ან ტოგოსთან. რამდენად თანასწორი იქნება მათი ურთიერთობები ეკონომიკური თუ სხვა სახის მაჩვენებლების ფუნდამენტური სხვაობის ფონზე – რთული სათქმელია, რის გამოც ჩინეთს ხშირად აკრიტიკებენ, ხოლო მისი საგარეო პოლიტიკის აფრიკულ მიმართულებას ნეოკოლონიალიზმადაც აფასებენ.
მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი აფრიკული ქვეყნების ჩინეთზე ფინანსური დამოკიდებულების ეტაპობრივი ზრდაა. უკანასკნელ წლებში, აფრიკის არაერთ სახელმწიფოში იმატა ჩინეთიდან და ჩინური კომპანიებიდან სესხების აღების პროცენტულმა მაჩვენებლებმა. სხვადასხვა სახის გრანტების, განვითარების პროგრამების, აბრეშუმის გზის ინიციატივისა და ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, აფრიკულ სახელმწიფოებში მილიარდობით დოლარის ჩინური ინვესტიცია განხორციელდა. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კონტინენტი ეტაპობრივად ეფლობა ვალებში. დღესდღეობით, აფრიკის სახელმწიფოები, რომლებიც მზად არიან ჩინური კრედიტების მისაღებად, ეკონომიკური მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. მოახერხებენ თუ არა ისინი სამომავლოდ, თუნდაც გრძელვადიან პირობებში ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევას და ჩინური ვალის დაფარვას, ამ ეტაპზე რთული სათქმელია. პეკინის მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფინანსური ვალდებულება აქვს ანგოლას – დაახლოებით 25 მლრდ აშშ დოლარი, ეთიოპიას – 13,7 მილიარდი აშშ დოლარი და კენიას – 9,8 მლრდ აშშ დოლარი.
მაგალითად, ენტებე-კამპალას მაგისტრალი, რომელიც უგანდაში ივნისის თვეში გაიხსნა, ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტი იყო. 51-კილომეტრიანი, 4-ხაზიანი გზატკეცილი ქვეყნის დედაქალაქ კამპალას ენტებეს საერთაშორისო აეროპორტთან აკავშირებს. აღნიშნული აეროპორტი ჩინურმა კომპანიამ ააშენა და ჯამში მისი შექმნა 476 მლნ აშშ დოლარი დაჯდა, თანხა კი უგანდამ ჩინური ექსიმ ბანკისგან ისესხა. გარდა ამისა, უგანდამ დამატებით 3 მილიარდამდე აშშ დოლარის ჩინური სესხი აიღო ინფრასტრუქტურის და სხვა სახის ეკონომიკური პროექტების განხორციელების მიზნით.
აფრიკის რიგი სახელმწიფოების ინფრასტუქტურული მდგომარეობის გამუჯობესება ჩინეთის ინტერესებშიც შედის, რადგან აბრეშუმის გზის ერთ-ერთი, თუმცა არც თუ ისე მსხვილი მიმართულება აფრიკის კონტინენტს უკავშირდება. ჩინეთის სტანდარტ ბანკის ეკონომისტის, ჯერემი სტივენტის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ 2017 წელს, 76,5 აშშ დოლარის ჩინური კაპიტალი ჩაიდო აფრიკის კონტინენტზე დარეგისტრირებული, ჩინეთთან კონტრაქტის საფუძველზე შეთანხმებული პროექტების შესასრულებლად. რაც შეეხება ჩინურ სესხებს, „Johns Hopkins SAIS China-Africa Research Initiative“ – ის მიხედვით აფრიკულ მთავრობებზე გაცემული ფინანსური ვალდებულებების მაჩვენებლები 2006-დან 2016 წლამდე 5-დან 30 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ამ ეტაპზე რთულია ჩინურ-აფრიკული ეკონომიკური ურთიერთობების ცალსახად პოზიტიურ ან ნეგატიურ ჭრილში შეფასება, თუმცა ერთი რამ ცხადია, ჩინეთი კონტინენტზე მზარდი ეკონომიკური მოთამაშე ხდება და მისი გავლენა აფრიკაში მნიშვნელოვნად იზრდება.
გიორგი ფიფია
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი