ბოლო 50 წლის განმავლობაში, ყველაზე მძაფრი და მწვავე საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში, პარიზისათვის დამანგრეველი ფორმები, შეტევები ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, ძარცვა, რბევა, ხელჩართული ბრძოლები პოლიციასთან, მანქანებისა და მაღაზიების ლეწვა, ბარიკადები, “მოლოტოვის კოქტეილები”, ცეცხლწაკიდებული მაქნანები და ა.შ., რომელმაც მინიმუმ 300 000 ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. ესაა მოვლენა, რომელიც „ყვითელი ჟილეტების“ მიერ თვითორგანიზებულ დემონსტრაციებს მოჰყვა.
თავდაპირველად, დემონსტრაციის საფუძველი გახდა მძღოლების უკმაყოფილება ბენზინსა და დიზელზე აწეული ფასების გამო (საფრანგეთში თითოეული მძღოლი ვალდებულია ავტომობილში თან იქონიოს ყვითელი ჟილეტი, რაც საავარიო სიტუაციებისას, მათი უსაფრთხოებისათვისაა აუცილებელი. აქედან წამოვიდა ამ აქციის სახელი: „ყვითელი ჟლეტები“). უკამასკნელი წლის განმავლობაში, საფრანგეთში დიზელზე ფასმა 23%-ით, ხოლო ბენზინზე 15%-ით მოიმატა, ეს ყველაფერი კი მაკრონის მთავრობის გეგმასთან არის კავშირში – აიწიოს წიაღისეულ საწვავზე გადასახადები, რათა უახლოესი დეკადების განმავლობაში, ქვეყანა აღნიშნულ ნავთობ პროდუქტზე თქვას უარი და ალტერნატიულ, „მწვანე“ ენერგორესურსების მოხმარებაზე გადავიდეს.
უკმაყოფილო მძღოლებმა თავდაპირველად, ბენზინგასამართი სადგურებისა და გზების ბლოკირება დაიწყეს, შემდგომ კი ამ საერთო-ეროვნულ მასშტაბურ აქციას მოსახლოების ძალიან დიდი ნაწილიც შუერთდა, რომელიც ბოლოს, როგორც აღინიშნა, ქუჩაში ნგრევა-რბევასა და საყოველთაო ურბანულ დესტრუქციაშია გადაიზარდა. მთავრობის მიმართ მოთხოვნათა რიგიც გაიზარდა – გარდა საწვავზე ფასების დაწევისა, საპროტესტოდ გამოსული მოსახლეობა გადასახადების შემცირებას, საპენსიო ასაკის 62 წლიდან 60 წელზე დაყვანას, საჯარო მოხელეებზე დანახარჯების შეკვეცას, მინიმალური ხელფასის ზღვარის აწევასა და ემიგრაციაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს. როგორც ვხედავთ მოთხოვნები, მათი დამაკმაყოფილებელი რესურსების არსიდან გამომდინარე, საკმაოდ ამბივალენტურია. ერთი მხრივ, საჯარო მოხელეების მიმართ დანახარჯების შემცირება და გადასახადების დაწევა, მეორე მხრივ – საჯარო-სოციალური უზრუნველოფის ხარჯების გაზრდა (საპენსიო ასაკის დაწევა და მინიმალური ხელფასის აწევა), რომელიც, როგორც წესი, მაღალი გადასახადებისა და სახელმწიფო სერვისებში მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯებით მიიღწევა. მაკრონმა თავის გამოსვლაში მიანიშნა კიდეც ამის შესახებ. მთავრობამ მძღოლებს 4000 ევრო შესთავაზა, ძველის, ახალი ენერგო-ეკონომიური ავტომობილით შეცვლაზე, ასევე სოციალურად ღარიბ ფენას – დოტაციები ელექტროენერგიის გადასახადზე, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობის 70% პროტესტს უჭერს მხარს.
50 წლის შემდეგ, ასეთი მასშტაბური და მწვავე პროტესტის საფუძველი ბუნებრივია მხოლოდ საწვავის ფასის მომატებასთან დაკავშირებული მძღოლების პროტესტი ვერ იქნებოდა. ეს იყო ერთგვარი ნაპერწკალი იმ უკმაყოფილებისა და პასიური პროტესტის შედეგად დაგროვილი დენთისა, რომელიც მაკრონის მთავრობის მიმართ აკუმულირდა. ეს ყველაფერი თავის მხრივ ნასაზრდოებია მაკრონის პროსაბაზრო, მკვეთრად ნეოლიბერალური (საფრანგეთის სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ფონზე) რეფორმებისა, რომელთა გატარებაც, მან და მისმა მთავრობამ განუხრელად დაიწყო. აქედან აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ცვლილებები შრომით კანონმდებლობაში. რეფორმების თანახმად, დამსაქმებელს მნიშვნელოვნად გაუადვილდა დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება და მასთან დაკავშირებული პროცედურები, პროფკავშირების როლი კი შეიზღუდა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის კონტრაქტის დადებისას. გამოცხადდა 5-წლიანი გეგმა 120 000 საჯარო მოხელის დათხოვნის, უმუშევრებისათვის სოციალური შემწეობის დაკლებისა და პენსიონერთათვის გადასახადების გაზრდის შესახებ. ამას მოჰყვა კიდეც 2018 წლის გაზაფხულზე რკინიგზაში დასაქმებულების მასობრივი გაფიცვა (რკინიგზაში დასაქმებულები ითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად, შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეების დათხოვნის პოლიტიკა მათაც შეეხეოთ). ასევე, ავიადისპეტჩერების გაფიცვა. უკვე მაშინ მიანიშნებდნენ ექსპერტები, რომ ეს საპრტოტესტო ტალღა იყო ერთგვარი მძლავრი, გამაფრთხილებელი სიგნალი მაკრონის მთავრობისა და მისი პოლიტიკისადმი, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა კიდევ უფრო მასშტაბური და მწვავე უკმაყოფილება, თუ მაკრონის მთავრობა კვლავ განუხრელად გააგრძელებდა „ქამრების მოჭერის“ პოლიტიკის მისეულ გეზს.
ეს ზეაგრესიული სახალხო პროტესტი ნათლად მეტყველებს მაკრონის რეიტინგის ძალიან დაბალ მაჩვენებელზეც და უმთავრესად იმაზე, რომ მან დაკარგა ის უმთავრესი კოზირი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. იგი იყო კანდიდატი, რომელიც არ ასოცირდებოდა არცერთ ტრადიციულ პოლიტიკურ ბანაკთან თუ ძალასთან, მემარცხენე-მემარჯვენეობის რომელიმე ნიშნულთან მკვეთრი იდენტიფიკაციისგან განზე იდგა, თუმცა ახლა მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხადად საუბრობს მის „ფლირტსა“ და მდიდარ ელიტებთან კავშირზე, რომ იგი არის ელიტების პოლიტიკის განმახორციელებელი და დაივიწყა ის, რითაც საფრანგეთი ყოველთვის გამოირჩეოდა.
ამ სახალხო, მძვინვარე პროტესტში, უაღრესად აღსანიშნავი და ნიშანდობლივია, რომ ის თვითორგანიზებულია და მას არ ჰყავს კონკრეტული პოლიტიკური ლიდერი თუ ჯგუფი, მასში თანაბრად მონაწილეობენ, როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე ძალები და შეხედულებების მატარებელი ხალხი, ასევე მათი რადიკალური განშტოებებიც, ეს ცალსახად მიანიშნებს, ქვეყანაში ზოგადად ტადიციული პოლიტ-ელიტების და ძალების კრიზისზე, ხალხის ცნობიერებაში, ტრადიციული მემარცხენე-მემარჯვენე პოლიტ-ჯგუფების და აქტორების დისკრედიტაციაზე და მათ მიმართ უნდობლობაზე, ხალხის მხრიდან, სახელმწიფოსა და ქვეყნის საქმმეებში უფრო მეტი თანამონაწილეობის სურვილსა და რაც მთავარია, სრულიად ახალი ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევების მიმართ ახლებური მიდგომის მოთხოვნაზე.
ამ შემთხვევით, ყველაზე მეტი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების შანსები უჩნდება ორ ძალას- რომლებიც თავიანთი კონცეპტუალური მიდგომებით, დისკურსითა თუ სტილით, ზუსტადაც რომ გამოირჩევიან და ერთგვარად განზე დგანან, საფრანგეთში ტრადიციული და ჩვეული პოლიტ-ისტებლიშმენტის, მათი დისკურსისა და მოქმედებების სისტემისაგან.
ესაა მკვეთრად მემარჯვენე-ნაციონალისტი მარი ლეპენი (რომელმაც აღნიშნული კრიზის ფონზე მოითხოვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები) და მისი „ნაციონალური გაერთიანება“ და მკვეთრად მემარცხენე ჟან-ლიუკ მენალნშონი და მისი „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“. ორივე მათგანმა, საერთო ჯამში – 41% მოაგროვა საპრეზიდენტო არჩევნებში. ორივე მათგანს აქვს ჩამოყალიბებული, ტრადიციულ პოლიტიკურ დისკურსთან შედარებით საკმაოდ მწვავე, თამამი ხედვა და სტრატეგია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანასა და ზოგადად მომავალთან მიმართებით, ორივე მათგანი არ ასოცირდება, ხალხში ნდობა დაკარგულ პოლიტიკურ მემარცხენე-მემარჯვენე ისტებლიშმენტთან. ორივე, ასე ვთქვათ, მწვავე სიახლეა, თავიანთი გაცხადებული ხედვებით-მკვეთრად ანტიელიტური, (ფრანგულ პოლიტიკურ სივრცეში), ორივეს პოზიციები, საკმაოდ ხისტი და ასე ვთქვათ, საპროტესტო ნოტითაა სავსე ევროკავშირთან და მისგან წამოსულ სოციალურ-ეკონომიკურ მითითებებთან.
ფაქტია, რომ საფრანგეთის კრიზისი, ესაა მორიგი რგოლი (თუმცა უაღრესად მკვეთრი და მწვავე გამოხატულებით), საერთო ევროპული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისისა, რომელიც ახალი გამოწვევების და მიმდინარე წინააღმდეგობრივი პროცესების ფონზე, იღებს მკვეთრად გამოხატულ ანტიელიტურ და მწვავე ხასიათს, რომელმაც სათანადო კალაპოტში ვერ ჩადგომის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოსავალი სხვადასხვა რადიკალურ დინებებად განშლაში ნახოს.
გიორგი მეძმარიაშვილი
საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი